Facebook Twitter

№ას-923-2024

23 იანვარი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), ლევან მიქაბერიძე

განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „მ–ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ.კ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს „ტ.კ–ის“ სარჩელი მოპასუხე შპს „მ–ოს“ მიმართ, ზიანის ანაზღაურებისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნის ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ტ.კ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „ტ.კ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს „მ–ოს“ მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა - ხიდური ამწე; მისი არ ყოფნის შემთხვევაში კი დადგინდა, რომ შპს „მ–ო“ შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ გადაიხდის 45 000 ლარს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინებით შპს „მ–ოს“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

2024 წლის 30 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მომართეს შპს „მ–ოსა“ და შპს „ტ.კ–ის“ წარმომადგენლებმა, წარმოადგინეს მორიგების აქტი და ითხოვეს მისი დამტკიცება ზეპირი მოსმენის გარეშე. აღნიშნული განცხადებით შპს „ტ.კ–ი“ ასევე მიუთითებდა, რომ უარს ამბობდა სარჩელზე, ხოლო შპს „მ–ო“ უარს ამბობდა საკასაციო საჩივარზე.

2025 წლის 21 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ერთობლივი განცხადებით მომართეს შპს „მ–ოსა“ და შპს „ტ.კ–ის“ წარმომადგენლებმა, წარმოადგინეს სანოტარო წესით დამოწმებული დაზუსტებული მორიგების აქტი და ითხოვეს მისი დამტკიცება ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ 2025 წლის 21 იანვარს წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ).

ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.

სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

განსახილველ საქმეში 2025 წლის 21 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მომართეს შპს „მ–ოსა“ და შპს „ტ.კ–ის“ წარმომადგენლებმა, წარმოადგინეს სანოტარო წესით დამოწმებული მორიგების აქტი და ითხოვეს მისი დამტკიცება ზეპირი მოსმენის გარეშე. აღნიშნული მორიგების აქტის თანახმად:

ერთი მხრივ შპს „ტ.კ–ი“ (ს/ნ .......), წარმოდგენილი მ.ს–ძის პ/ნ ....... სახით და მეორე მხრივ შპს „მ–ო“ (ს/ნ ........), წარმოდგენილი ი.ც–ძის პ/ნ ......... სახით, თანხმდებიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მომხსენებელი მოსამართლე რევაზ ნადარაია) მიმდინარე დავა საქმეზე Nას-923-2024, სადაც კასატორია შპს „მ–ო“, მოწინააღმდეგე მხარე შპს „ტ.კ–ი“, გასაჩივრებული აქტი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება, საქმე N2ბ/2275-23, შეწყდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მორიგების შემდეგი პირობებით:

1. შპს „მ–ო“ შპს „ტ.კ–ს“ გადაუხდის 17 000 (ჩვიდმეტი ათასი) ლარს 45 000 ლარად ღირებული სადავო ხიდურა ამწის დაბრუნების/მისი ღირებულების სანაცვლოდ.

2. მხარეები მიმართავენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (მომხსენებელი მოსამართლე რევაზ ნადარაია) მორიგების აქტის დამტკიცების მოთხოვნით.

3. მხარეები თანხმდებიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შუამდგომლობა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განიხილოს და დაადასტუროს ზეპირი მოსმენის გარეშე. ამავე დროს გადაწყვიტოს გადახდილი სახლმწიფო ბაჟის საკითხი და გააუქმოს საქმეზე სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (განჩინება N2/25929-18 06.11.2020, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია).

ზემოაღნიშნულ მორიგების აქტს ხელს აწერენ შპს „ტ.კ–ის“ წარმომადგენელი მ.ს–ძე (იხ. მინდობილობა, ტ.4, ს.ფ. 84-85) და შპს „მ–ოს“ წარმომადგენელი ი.ც–ძე (იხ. მინდობილობა, ტ.4, ს.ფ. 75). ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებულია სანოტარო წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

განსახილველ შემთხვევაში, გარდა სსსკ-ის 1991 მუხლის მოთხოვნებისა, წარმოდგენილი მორიგების აქტით მხარეები თანხმდებიან გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 06 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შპს „მ–ოს“ (ს/ნ .....) აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისი, ........, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 4200 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N........., გასხვისება და იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. ზემოაღნიშნული მუხლების საფუძველზე, ვინაიდან, მხარეები მორიგდნენ საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 2024 წლის 03 ივლისს N1719995933 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2250 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ტ.კ–ისა“ და შპს „მ–ოს“ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

2. ერთი მხრივ შპს „ტ.კ–ი“ (ს/ნ .......), წარმოდგენილი მ.ს–ძის პ/ნ ........ სახით და მეორე მხრივ შპს „მ–ო“ (ს/ნ .........), წარმოდგენილი ი.ც–ძის პ/ნ ....... სახით, თანხმდებიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მომხსენებელი მოსამართლე რევაზ ნადარაია) მიმდინარე დავა საქმეზე Nას-923-2024, სადაც კასატორია შპს „მ–ო“, მოწინააღმდეგე მხარე შპს „ტ.კ–ი“, გასაჩივრებული აქტი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება, საქმე N2ბ/2275-23, შეწყდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მორიგების შემდეგი პირობებით:

2.1. შპს „მ–ო“ შპს „ტ.კ–ს“ გადაუხდის 17 000 (ჩვიდმეტი ათასი) ლარს 45 000 ლარად ღირებული სადავო ხიდურა ამწის დაბრუნების/მისი ღირებულების სანაცვლოდ.

2.2. მხარეები მიმართავენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (მომხსენებელი მოსამართლე რევაზ ნადარაია) მორიგების აქტის დამტკიცების მოთხოვნით.

2.3. მხარეები თანხმდებიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შუამდგომლობა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განიხილოს და დაადასტუროს ზეპირი მოსმენის გარეშე. ამავე დროს გადაწყვიტოს გადახდილი სახლმწიფო ბაჟის საკითხი და გააუქმოს საქმეზე სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ყონისძიება (განჩინება N2/25929-18 06.11.2020, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია).

2.4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 06 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შპს „მ–ოს“ (ს/ნ ......) აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისი, ..........., ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 4200 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N........ , გასხვისება და იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა.

3. შეწყდეს წინამდებარე საქმის წარმოება და გაუქმდეს საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

4. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

5. შს „მ–ოს“ (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 2024 წლის 03 ივლისს N1719995933 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2250 ლარი.

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

ლევან მიქაბერიძე