№ას-1063-2023
16 დეკემბერი, 2024 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – თ.გ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ–ი“ (მოპასუხე)
განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორება და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით, თ.გ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე სს „თ–ს“ მოსარჩელე თ.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად მისთვის დარიცხულ ხელფასსა და ანალოგიურ თანამდებობაზე დასაქმებული პირების დარიცხულ ხელფასებს შორის სხვაობის გადახდა, ყოველთვიურად 1174 ლარის ოდენობით (დარიცხული), 2017 წლის 04 აგვისტოდან - 2020 წლის 04 აგვისტომდე; მოპასუხე სს „თ–ს“ მოსარჩელე თ.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ინდივიდუალური მასტიმულირებული დანამატის გადახდა 3475 ლარის 25%-ის ოდენობით, ყოველთვიურად 868,75 ლარი (დარიცხული), 2017 წლის 04 აგვისტოდან - 2020 წლის 04 აგვისტომდე; მოსარჩელე თ.გ–ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე წელთა ნამსახურებისა (სამუშაო სტაჟისათვის) და საიუბილეო თარიღის შესრულებისათვის გათვალისწინებული გასაცემი თანხების ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით, მოსარჩელე თ.გ–ძემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, მოპასუხე სს „თ–მა“ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინებით, თ.გ–ძისა და სს „თ–ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი ორივე მხარემ წარადგინა. პირველმა კასატორმა/თ.გ–ძემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, მეორე კასატორმა/სს „თ–მა“ - სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ.გ–ძისა და სს „თ–ის“ საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ.გ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე სს „თ–ს“, მოსარჩელე თ.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ინდივიდუალური მასტიმულირებული დანამატის გადახდა ყოველთვიურად 2400 ლარის 25%-ის ოდენობით (დარიცხული), ნამუშევარი დროის პროპორციულად, 2016 წლის 26 ივლისიდან - 2019 წლის 26 ივლისამდე; 25.12.2014 წლიდან - 25.07.2016 წლამდე ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის მოთხოვნის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება; მოსარჩელე თ.გ–ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე მისთვის დარიცხულ ხელფასსა და „ტოლფას“ თანამდებობაზე დასაქმებული პირების დარიცხულ ხელფასებს შორის სხვაობის, წელთა ნამსახურების (სამუშაო სტაჟისათვის), საიუბილეო თარიღის შესრულებისათვის გათვალისწინებული გასაცემი თანხების ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში; სს „თ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა პირველი ინსტანციის სასამართლოში, მოსარჩელის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟიდან (3000 ლარი) - 648 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელე თ.გ–ძეს სს „თ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (980.52 ლარიდან) - 116,52 ლარის ანაზღაურება, ხოლო, სს „თ–ის“ მიერ გადახდილი დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი (864 ლარი), ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად; მოსარჩელე თ.გ–ძეს სს „თ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ, საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (3676.23 ლარიდან) - 2596.23 ლარის ანაზღაურება, ხოლო, „თ–ის“ მიერ გადახდილი დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი (1080 ლარი), ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
6. 2024 წლის 06 დეკემბერს საკასაციო პალატას მომართა თ.გ–ძის წარმომადგენელმა, აღნიშნა, რომ თ.გ–ძემ სარჩელი დააზუსტა 2020 წლის 04 აგვისტოს, თუმცა, საკასაციო პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „თ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის გადახდა ყოველთვიურად 2400 ლარის 25%-ის ოდენობით, ნამუშევარი დროის პროპორციულად, 2016 წლის 26 ივლისიდან 2019 წლის 26 ივლისამდე. განმცხადებელი ასევე მიუთითებს, საკასაციო პალატის მიერ განხილულ სხვა სამოქალაქო საქმეზე, სადაც უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება და სს „თ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის გადახდა სწორედ დაზუსტებული სარჩელის აღძვრის თარიღამდე.
6.1. განმცხადებელი ასევე მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, მას მოპასუხის სასარგებლოდ მაინც დაეკისრა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება.
6.2. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორებას ან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების ან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. მითითებული ნორმის შინაარსიდან დგინდება, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია რომელიმე მოთხოვნის, უფლების ან სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი, მას აქვს შესაძლებლობა, თავისი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე, დამატებითი გადაწყვეტილების მიღების გზით, აღმოფხვრას არსებითი გადაწყვეტილების ხარვეზი.
10. საკასაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია წინამდებარე განცხადების ზეპირი მოსმენით განხილვა.
11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 249-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადაწყვეტილება შედგება შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი შეიცავს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებასა და დავის გადაწყვეტის კონკრეტული შედეგის მართლზომიერების დასაბუთებას. სამართლებრივი შედეგი კი რომელიც ექვემდებარება აღსრულებას, აისახება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, რომლის დებულებები გაგებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამოტივაციო ნაწილში მითითებული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საკასაციო პალატამ იმსჯელა სასარჩელო მოთხოვნებზე, მათ შორის ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის მოპასუხისათვის დაკისრების პერიოდზე (იხ. გადაწყვეტილების 32-ე აბზაცი), ასევე საამართლო ხარჯების განაწილების საკითხზე (იხ. გადაწყვეტილების 39-40 აბზაცები) და მიღებულ იქნა ამ მსჯელობების შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც აისახა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შესაბამის პუნქტებში. ამდენად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი განმცხადებლის მიერ დაყენებულ საკითხებზე (ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენ საკითხზე), პასუხობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და სახეზე არ არის როგორც სსსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული უსწორობა, ასევე, სსსკ-ის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
12. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თვითონ განმცხადებელიც ვერ უთითებს კონკრეტულად რომელი მუხლის საფუძველზე იქნეს შეტანილი ცვლილება სარეზოლუციო ნაწილის 3.1. მე-5 და მე-6 პუნქტებში და ალტერნატივის სახით უთითებს განცხადების განხილვაზე სსსკ-ის 260-ე ან 261-ე მუხლების საფუძველზე, რაც თავის მხრივ მოწმობს განცხადებაში მითითებული მოთხოვნის უსაფუძვლობაზე.
13. პალატა აქვე მიუთითებს სსსკ-ის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ.გ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების ან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 260-ე, 261-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.გ–ძის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების ან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გიზო უბილავა