Facebook Twitter

№ას-1063-2023

21 ნოემბერი, 2024 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიზო უბილავა, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

პირველი კასატორი – თ.გ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ–ი“ (მოპასუხე)

მეორე კასატორი – სს „თ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.გ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინება

პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა

დავის საგანი – ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის, ხელფასებს შორის სხვაობის, წელთა ნამსახურებისა (სამუშაო სტაჟისათვის) და საიუბილეო თარიღის შესრულებისათვის გათვალისწინებული გასაცემი თანხების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ.გ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე, პირველი კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სს „თ–ის“ მიმართ (შემდეგში - მოპასუხე, მეორე კასატორი) შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

1.1.მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 25/12/2014 წლიდან - 25/07/2016 წლის ჩათვლით მოსარჩელისათვის მოპასუხის მიერ დანიშნულ ხელზე ასაღებ (1980 ლარი) ხელფასსა და მისი თანამდებობის ტოლფასს თანამდებობაზე დასაქმებული აბონენტთა მომსახურეობის ცენტრის ან/და ბიზნეს ცენტრის ხელმძღვანელების (3574 ლარი დარიცხული ხელფასი + 42.70% ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატი = 4080,08 ლარი) მიერ ხელზე (4080,08 ლარი) ასაღებ (ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის გათვალისწინებით) ხელფასებს (შრომის ანაზღაურების) შორის სხვაობის (თბილსის საქალაქო სასამართლოს მიერ 25/12/2014 წლიდან - 25/07/2016 წლის დროის მონაკვეთზე დაკისრებული ყოველთვიურად ხელზე ასაღები 480 ლარის გათვალისწინებით), ყოველთვიურად ხელზე (ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის გათვალისწინებით) ასაღები - 1680 ლარის გადახდა (3574 ლარი დარიცხული ხელფასი + 42.70 % ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატი = 4080,08 ლარი -1920 ლარი - 480 ლარი = 1680,08 X 19 თვეზე = 31921,52 ლარი).

1.2.მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 26/07/2016 წლიდან - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე - მოსარჩელისათვის მოპასუხის მიერ დანიშნულ ხელზე ასაღებ (1920 ლარი) ხელფასსა და მისი თანამდებობის ტოლფასს თანამდებობაზე დასაქმებულ აბონენტთა მომსახურეობის ცენტრის ან/და ბიზნეს ცენტის ხელმძღვანელების (3574 ლარი დარიცხული ხელფასი + 42.70 % ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატი = 4080,08 ლარი) მიერ ხელზე (4080,08 ლარი) ასაღებ (ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის გათვალისწინებით) ხელფასებს (შრომის ანაზღაურების) შორის სხვაობის, ყოველთვიურად ხელზე (ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის გათვალისწინებით) ასაღები - 2160, 08 ლარის გადახდა (4080 ლარს - 1920 ლარი =2160,08 ლარი).

1.3.მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის 26/07/2016 წლიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე - ანგარიშსწორების (ხელფასებს შორის სხვაობის ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის გათვალისწინებით, თვეში - 2160,08 ლარი ხელზე ასაღები) გადახდის დაყოვნების გამო (3574 ლარი დარიცხული ხელფასი + 42.70 % ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატი = 4080,08 ლარს - 1920 ლარი =2160,08 ლარი), მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს დაყოვნებული თანხის (ხელფასებს შორის სხვაობის ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის გათვალისწინებით), თვეში ხელზე ასაღები - 2160, 08 ლარის (3574 ლარი დარიცხული ხელფასი + 42.70 % ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატი = 4080,08 ლარს - 1920 ლარი =2160,08 ლარი) - 0,07 (ხელზე ასაღები) პირგასამტეხლოს თანხის ანაზღაურება.

1.4.მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სს „თ–ში“ მუშაობის 20-წლიანი სტაჟის გამო, მისი ტოლფასი თანამდებობის (აბონენტთა მომსახურეობის ცენტრის ან/და ბიზნეს ცენტის ხელმძღვანელების) ერთი თვის ხელზე ასაღები ხელფასის/შრომის ანაზღაურების (3574 ლარი დარიცხული ხელფასი + 42.70 % ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატი = 4080,08 ლარს) - 4080,08 ლარის (ხელზე ასაღები) გადახდა.

1.5.მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ საიუბილეო ასაკის (60 წლის) შესრულების გამო მისი ტოლფასი თანამდებობის (აბონენტთა მომსახურეობის ცენტრის ან/და ბიზნეს ცენტის ხელმძღვანელების) ერთი თვის ხელზე ასაღები ხელფასის/შრომის ანაზღაურების (3574 ლარი დარიცხული ხელფასი + 42.70 % ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატი = 4080,08 ლარს) - 4080,08 ლარის (ხელზე ასაღები) გადახდა.

2. მოპასუხე სს „თ–მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო; ამასთან, მოპასუხემ მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით, თ.გ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე სს „თ–ს“ მოსარჩელე თ.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად მისთვის დარიცხულ ხელფასსა და ანალოგიურ თანამდებობაზე დასაქმებული პირების დარიცხულ ხელფასებს შორის სხვაობის გადახდა, ყოველთვიურად 1174 ლარის ოდენობით (დარიცხული), 2017 წლის 04 აგვისტოდან - 2020 წლის 04 აგვისტომდე; მოპასუხე სს „თ–ს“ მოსარჩელე თ.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ინდივიდუალური მასტიმულირებული დანამატის გადახდა 3475 ლარის 25%-ის ოდენობით, ყოველთვიურად 868,75 ლარი (დარიცხული) 2017 წლის 04 აგვისტოდან - 2020 წლის 04 აგვისტომდე; მოსარჩელე თ.გ–ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე წელთა ნამსახურებისა (სამუშაო სტაჟისათვის) და საიუბილეო თარიღის შესრულებისათვის გათვალისწინებული გასაცემი თანხების ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოსარჩელე თ.გ–ძემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, სს „თ–მა“ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინებით, თ.გ–ძისა და სს „თ–ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1.სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1.1. თ.გ–ძე 1998 წლიდან დასაქმებულია სს „თ–ში“ სხვადასხვა თანამდებობებზე.

6.1.2. სს „თ–ის“ 2012 წლის 24 ივლისის Nკ-134 ბრძანებით, მოსარჩელე თ.გ–ძე გათავისუფლდა კომერციული საქმიანობის სამმართველოს ელექტროენერგიის ენერგოგასაღების დეპარტამენტის „ავჭალის“ აბონენტთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან.

6.1.3. თბილისის საქალაქო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26/11/2013 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი სს „თ–ის“ 2012 წლის 24 ივლისის Nკ-134 ბრძანება თ.გ–ძის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ელექტროენერგიის ენერგოგასაღების დეპარტამენტის „ავჭალის“ აბონენტთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და სს „თ–ს“ დაევალა თ.გ–ძის უზრუნველყოფა პირვანდელი სამუშაო ადგილის (კომერციული საქმიანობის სამმართველოს ელექტროენერგიის ენერგოგასაღების დეპარტამენტის „ავჭალის“ აბონენტთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელი) ტოლფასი სამუშაოთი.

6.1.4. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2014 წლის 25 დეკემბრიდან თ.გ–ძე აღდგენილ იქნა სს „თ–ის“ კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების სამსახურის კომერციული და ტექნიკური პრეტენზიების განყოფილებაში, განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, უვადოდ. შრომითი ხელშეკრულებით, მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 2400 ლარით (დარიცხული).

6.1.5. მოსარჩელის მოთხოვნა ტოლფას - ბიზნეს ცენტრების უფროსის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და სს „თ–ს“ დაევალა აღედგინა მოსარჩელე ტოლფას სამუშაოზე, რაც გაუქმებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამარლოს მიერ და უცვლელად იქნა დატოვებული უზენაესი სასამართლოს მიერ, მაგრამ მოსარჩელეს, ტოლფას ბიზნეს ცენტრების უფროსის თანამდებობაზე აღდგენაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ იგი არ იყო ვაკანტური.

6.1.6. ბიზნეს ცენტრების უფროსის ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 3574 ლარს.

6.2. სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვდა სამუშაოზე აღდგენის შემდეგ - 2014 წლის 25 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დროის მონაკვეთში, ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის მოპასუხისათვის დაკისრებას ხელფასის სხვაობის გათვალისწინებით, თანამდებობრივი სარგოს 25%-ის ოდენობით.

6.3. პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები 25.12.2014 წლიდან - 04.08.2017 წლამდე პერიოდში, დარიცხულ ხელფასსა და ანალოგიურ თანამდებობაზე დასაქმებული პირების დარიცხულ ხელფასს შორის სხვაობის, ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

6.4. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლ (სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა), ამავე კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლ (სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს), 130-ე მუხლის 1-ლ (ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ), 144-ე მუხლის 1-ლ (ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე) ნაწილებზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ მოსარჩელე დაზუსტებული სარჩელით მოითხოვდა 25.12.2014 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დარიცხულ ხელფასსა და ანალოგიურ თანამდებობაზე დასაქმებული პირების დარიცხულ ხელფასს შორის სხვაობის, ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატისა და პირგასამტეხლოს დაკისრებას. წინამდებარე დაზუსტებული სარჩელი აღძრული იყო 2020 წლის 4 აგვისტოს. პალატის მითითებით, კანონმდებელი ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების მომენტს უკავშირებდა მოთხოვნის უფლების წარმოშობას. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად ათვლისათვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელი იყო მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტის დადგენა.

6.5. პალატის მითითებით, სარჩელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით აღძრული იყო 2020 წლის 04 აგვისტოს. მოსარჩელეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით სსკ-ის 138-140-ე მუხლებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარუდგენია. შესაბამისად, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა 2017 წლის 4 აგვისტომდე ხანდაზმული იყო.

6.6. რაც შეეხება 04.08.2017 წლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში ხელფასს შორის სხვაობისა და ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის დაკისრების ნაწილში სარჩელს, პალატამ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე:

6.6.1. მხარეთა შორის, 22.12.2014 წელს გაფორმებული შრომის ხელშეკრულების 3.2. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, დასაქმებული ვალდებულია დაიცვას საზოგადოების შინაგანაწესი, რომელიც წარმოადგენს ამ ხელშეკრულების ნაწილს და ასევე საზოგადოებაში მოქმედი შიდანორმატიული აქტები. 2017 წლის 26 ივნისის ბრძანებით, დამტკიცებულია სს „თ–ის“ მუშაკთა შრომის ანაზღაურებისა და მატერიალური სტიმულირების შესახებ დებულება (ს.ფ. 245- 288; ტომი 1), რომლის თანახმად, შრომის ანაზღაურება განიმარტება, როგორც შრომის ანაზღაურება მუშაკის კვალიფიკაციიდან, შესასრულებელი სამუშაოს სირთულიდან, რაოდენობიდან, ხარისხიდან და პირობებიდან გამომდინარე, აგრეთვე საკომპენსაციო და მასტიმულირებელი გადახდები. ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატი (იმდ) წარმოადგენს მასტიმულირებელი ხასიათის გადახდას, რომელიც მუშაკისათვის დგინდება განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, თავისი შრომის შედეგებში დაინტერესებისა და პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით, შრომის ანაზღაურების დიფერენციაცია შესასრულებელი სამუშაოს შედეგებიდან და ინდივიდუალური პროფესიული მომზადებიდან გამომდინარე. 3.1 მუხლით, მუშაკის შრომის ანაზღაურების სისტემა შედგება შემდეგი ელემენტებისაგან: თანამდებობრივი სარგო, ინდ. მასტიმულირებელი დანამატი, წლიური პრემია, ერთჯერადი პრემია და სხვა. დებულების N2 დანართი (ს.ფ. 278; ტომი 1) განსაზღვრავს ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის სახეობებსა და ოდენობას, მათ შორის, სტანდარტი, თანამდებობრივი სარგოს 25% განესაზღვრება მუშაკებს, რომლებიც სრულად შეესაბამებიან თანამდებობის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს და მუდმივად ავითარებენ თავიანთ კომპეტენციას მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად, მუშაობის რეზულტატურობის თვალსაზრისით; ამგვარი მუშაკები შეიძლება დახასიათებულ იქნენ, როგორც მუშაკები, რომლებიც სტაბილურად აღწევენ გეგმიურ/მიზნობრივ შედეგებს.

6.6.2. 2018 წლის 30 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცებული სს „თ–ის“ მუშაკთა შრომის ანაზღაურებისა და მატერიალური სტიმულირების შესახებ დებულების 4.2 პუნქტით, თანამდებობრივი სარგოს, ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის და წლიური პრემიის სიდიდე დამოკიდებულია თანამდებობის გრეიდზე, მუშაკის შედეგიანობასა და პროფესიულ კომპეტენტურობაზე. 4.3. პუნქტით, თითოეული გრეიდისათვის დგინდება თანამდებობრივი სარგო, იმდ-ის მიზნობრივი მნიშვნელობა და პრემიის მიზნობრივი პროცენტი. შრომის ანაზღაურების ოდენობა და სტრუქტურა დაფიქსირებულია შრომითი ხელშეკრულებით და საზოგადოების ლოკალურ-ნორმატიული აქტით.

6.6.3. სს „თ–ის“ მუშაკთა შრომის ანაზღაურების და მატერიალური სტიმულირების შესახებ დებულების 5.5 მუხლის თანახმად (26.06.2017 წლის), იმდ შეიძლება დადგენილ იქნეს შეფასების შესაბამისად დადგენილ დონეზე დაბლა კადრების კომიტეტის რეკომენდაციით შემდეგ შემთხვევებში: ... მუშაკის მიერ საზოგადოების ნორმატიულ დოკუმენტებში მითითებული თანამდებობრივი მოვალეობების არასათანადო შესრულება (5.5.5).

6.6.4. 2018 წლის 30 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცებულ სს „თ–ის“ მუშაკთა შრომის ანაზღაურებისა და მატერიალური სტიმულირების შესახებ დებულების 6.3. პუნქტის მიხედვით, იმდ დარიცხული უნდა იქნეს ნამუშევარი დროის პროპორციულად. 6.7. პუნქტით, მუშაკთა იმდ-ს დადგენის წესი შემდეგია: 6.7.1. პმს ყოველწლიურად ინიცირებას უწევს იმდ-ის გადახედვის პროცესს, ჩატარებული მუშაკთა შეფასების საფუძველზე საზოგადოების მუშაკთა შეფასების შესახებ დებულების შესაბამისად; 6.7.2. ქვედანაყოფის ხელმძღვანელი (შემდგომ - ხელმძღვანელი), საზოგადოების მუშაკების შეფასების შესახებ დებულების შესაბამისად, ატარებს დაქვემდებარებულების საექსპერტო შეფასებას საანგარიშო პერიოდში კვალიფიკაციის, სამუშაოს რაოდენობის და ხარისხის მიხედვით. 6.7.3. ხელმძღვანელი აგზავნის პერსონალთან მუშაობის სამსახურში დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომელთა შეფასებების შედეგებს. 6.7.4. პერსონალთან მუშაობის სამსახური აკონტროლებს თანამშრომელთა შეფასების შესახებ დებულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას, უზრუნველყოფს იმდ-ს დამტკიცების პროცესს გენერალური დირექტორის ან უფლებამოსილი პირის ბრძანებით.

6.6.5. აპელანტი სს „თ–ის“ განმარტებით, ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის გაცემა დამოკიდებულია მუშაკის შედეგიანობასა და პროფესიულ კომპეტენტურობაზე. თითოეული გრეიდისთვის დგინდება თანამდებობრივი სარგო, იმდ-ის მიზნობრივი მნიშვნელობა და პრემიის მიზნობრივი პროცენტი. ვინაიდან შეფასების ცხრილით თ.გ–ძისათვის იმდ-ის პროცენტი არ დადგენილა, სს „თ–ს“ არც იმდ-ის ანაზღაურების ვალდებულება წარმოშობია. სს „თ–ის“ მუშაკთა შრომის ანაზღაურების და მატერიალური სტიმულირების შესახებ დებულებით, სს „თ–ის“ მიერ დადგენილი მუშაკის შრომის ანაზღაურების სისტემა მოიცავს თანამდებობრივ სარგოსა და ინდ. მასტიმულირებელი დანამატს, ასევე წლიურ პრემიასა და სხვა წამახალისებელ ერთჯერად პრემიას.

6.7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა სამუშაოზე აღდგენის შემდეგ, დამსაქმებელს მათზე არ გაუცია ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატი, რასაც მოპასუხე ასაბუთებდა ერთი მხრივ, დასაქმებულის არაკვალიფიციურობით და მეორე მხრივ, 2017 წლის 26 ივნისის N451 ბრძანებით დამტკიცებული სს „თ–ის“ მუშაკთა ანაზღაურების და სტიმულირების შესახებ მეთოდიკის დებულების 5.4.5. პუნქტზე მითითებით, რომლის მიხედვითაც, იმდ არ ერიცხება, როგორც მუშაკის ყოფნის პერიოდში: საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში საზოგადოების წინააღმდეგ შრომის დავების წარმოების შემთხვევაში, რაც ანალოგიურადაა ასახული 2018 წლის 30 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცებულ სს „თ–ის“ მუშაკთა შრომის ანაზღაურებისა და მატერიალური სტიმულირების შესახებ დებულების 6.4.5. პუნქტში.

6.8. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა დასაქმებულის მიერ თანამდებობრივი მოვალეობების არასათანადოდ შესრულება, რაც მიუთითებდა მის კომპეტენტურობაზე. აღნიშნული კი, თავის მხრივ, დაკავშირებული იყო მუშაკის შედეგიანობაზე. შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის/აპელანტის მითითება, რომ შეფასების ცხრილით თ.გ–ძისათვის იმდ-ის პროცენტი არ დადგენილა, რის საფუძველზეც არც იმდ-ის ანაზღაურების ვალდებულება წარმოშობია. პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი 2016, 2017 და 2018 წლების ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის ამონაწერით ირკვეოდა, რომ მითითებულ წლებში, თ.გ–ძე უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის მიერ არ შეფასებულა და მითითებულ გრაფაში აღნიშნული იყო 0. ასევე არ განსაზღვრულა იმდ-ის პროცენტი, მითითებულ გრაფაში დაფიქსირებული იყო 0. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხელმძღვანელების შეფასებების გარეშე იმდ-ის პროცენტი ვერ დადგინდებოდა, სასამართლოსათვის ბუნდოვანი იყო მოპასუხის პოზიცია თ.გ–ძისათვის იმდ-ის პროცენტის განსაზღვრასთან დაკავშირებით, რაც ვერ იქნებოდა გამართლებული იმ გარემოებით, რომ ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის გაცემა მოპასუხის კეთილი ნება (უფლება) იყო და არა ვალდებულება, რის შედეგადაც ინდივიდუალური მასტიმულირებელ დანამატი დაკარგავდა ფუნქცია/დანიშნულებას (წამახალისებელ, მასტიმულირებელ, დაკისრებულები ვალდებულების უკეთ შესრულების მოტივს, მიზანს, ინტერესს). სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი იყო კომერციული და ტექნიკური პრეტენზიების განყოფილების უფროსის 19.09.2018 წლის N0919/042/18 წერილი, რომელშიც კომერციული და ტექნიკური პრეტენზიების განყოფილების უფროსი თ.გ–ძესთან დაკავშირებით აღნიშნავდა, რომ იგი გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, გულმოდგინეობით და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით. აქვე აღნიშნავდა, რომ 2009 წელს, თ.გ–ძეს მიღებული ჰქონდა ინტერ-რაოს ჯილდო. პალატის მითითებით, აღსანიშნავი იყო ის გარემოებაც, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სასამართლოს მიერ არ დადგენილა მოსარჩელის მიერ დაკისრებული მოვალეობების არასათანადო შესრულების ფაქტი, რის შედეგადაც 22.12.2014 წლის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, იგი სს „თ–ის“ მიერ აღდგენილ იქნა სააქციო საზოგადოებაში კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების სამსახურის კომერციული და ტექნიკური პრეტენზიების განყოფილებაში, განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, უვადოდ. მოპასუხე მიუთითებდა „მუშაკთა ანაზღაურებისა და სტიმულირების შესახებ“ სს „თ–ის“ 2017 წლის 26 ივნისის მეთოდიკის 5.4.5 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატი მუშაკს არ ერიცხება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში საზოგადოების წინააღმდეგ შრომის დავების წარმოების შემთხვევაში. აღნიშნული მუხლი უცვლელად იყო გადმოტანილი 30.10.2018 წლის განახლებულ მეთოდიკაში სს „თ–ის“ მუშაკთა ანაზღაურებისა და სტიმულირების შესახებ. მისივე მითითებით, აღნიშნული მუხლით, სს „თ–ს“ არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა თ.გ–ძისათვის გადაეხადა იმდ, რისი გაცემაც კომპანიის კეთილი ნება იყო. აღნიშნული პირობა ეხებოდა მხოლოდ დანამატის დანიშვნა/გაცემის საკითხს, რაც არ ზღუდავდა მხარის უფლებას მიეღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურება და ნებისმიერ საკითხზე მიემართა სასამართლოსათვის. კომპანიის უფლება იყო განესაზღვრა საზოგადოების შიგნით მოქმედი დებულებით გათვალისწინებული დანამატების გაცემის კრიტერიუმები და პირობები და იგი არ გაევრცელებინა კომპანიისადმი არალოიალურ დამოკიდებულებაში მყოფ დასაქმებულებზე.

6.9. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ ხსენებული დებულებით გათვალისწინებულ და მისი მოქმედების ფარგლებში იმდ-ს დადგენისა და გაცემის გამომრიცხავი რომელიმე წინაპირობის არსებობა არ იკვეთებოდა. სადავო პერიოდში მოსარჩელეთა საქმიანობის შეფასებაც არ განხორციელებულა. ასეთი შეფასების შედეგებისა და ნულოვანი დონის დადგენის შესახებ რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ იყო. საქმის მასალებით არ დასტურდებოდა დებულებით განსაზღვრული რომელიმე ზემოხსენებული გარემოების არსებობა, რაც დამსაქმებელს უფლებას მისცემდა მითითებულ პერიოდში მოსარჩელეზე არ გაეცა ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატი. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა იმდ-ს ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა, მართებული იყო. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 2017 წლის 04 აგვისტოდან დაზუსტებული სარჩელის აღძვრამდე (2020 წლის 4 აგვისტომდე) პერიოდში ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის ანაზღაურება მოსარჩელის შესაბამის დროს არსებული თანამდებობრივი სარგოს (ხელფასის) 25%-ის ოდენობით, ნამუშევარი დროის პროპორციულად. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატი ანაზღაურდებოდა ნამუშევარი დროის პროპორციულად, ხოლო იმდ-ს დანიშვნისა და მისი ოდენობის დადგენის საფუძველს დასაქმებულის შეფასების შედეგები წარმოადგენდა, მუშაკის შეფასებამდე და მისი შედეგების გაუთვალისწინებლად, იმდ-ს სამომავლოდ გაცემაზე დამსაქმებლის დავალდებულება სასამართლოს გადაწყვეტილებით ვერ განხორციელდებოდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სამომავლო პერიოდზე (დაზუსტებული სარჩელის აღძვრიდან (2020 წლის 4 აგვისტომდე) გადაწვეტილების აღსრულებამდე პერიოდი) იმდ-ს ანაზღაურების ნაწილში, მართებული იყო და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.

6.10. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე განმარტავდა, რომ 2020 წლის მარტის თვეში, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი გათავისუფლების დღისათვის, მის ნაცვლად იგივე პოზიციაზე მომუშავე აბონენტთა მომსახურების ცენტრის ან/და ბიზნეს ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციებზე დასაქმებული პირების ყოველთვიური ხელფასი დარიცხულ 3574 ლარს შეადგენდა, ხოლო მოსარჩელეს სამსახურში აღდგენის შემდეგ (25.12.2014 წლიდან) ყოველთვიურად ხელფასის სახით ერიცხებოდა 1920 ლარი ხელზე ასაღები ოდენობით (დარიცხული 2400 ლარი). მოსარჩელე სარჩელით მოითხოვდა ხელფასებს შორის სხვაობის (3574-2400) ანაზღაურებას, რასაც მოპასუხე არ ეთანხმებოდა. მოპასუხის მითითებით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა ბიზნეს ცენტრის უფროსის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც სადავო ვერ გახდებოდა მოსარჩელის მიერ. ამასთან, ზემოაღნიშნული ორი სტრუქტურული ერთეული არსებითად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან როგორც შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობებით, ისე ანაზღაურებით. ბიზნეს ცენტრი ბევრად მსხვილი სტრუქტურული ერთეული იყო, რომლის ხელმძღვანელ პოზიციაზე თ.გ–ძე არ იყო დასაქმებული. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად დადგენილ გარემოებას წარმოადგენდა, რომ თ.გ–ძე აღდგენილ იქნა აბონენტთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის ტოლფას პოზიციაზე და დაენიშნა ამ ტოლფასი სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურება და არა ბიზნეს ცენტრის ხელმძღვანელის ტოლფას პოზიციაზე, რის შესახებაც, მოსარჩელეს პრეტენზია არ განუცხადებია. ამ მიმართებით, პალატამ მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ტოლფას - ბიზნეს ცენტრების უფროსის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და სს „თ–ს“ დაევალა აღედგინა მოსარჩელე ტოლფას სამუშაოზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სს „თ–ის“ მიერ. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან აბონენტთა მომსახურების ცენტრები, რომლის ხელმძღვანელის პოზიციასაც ის იკავებდა, კომპანიაში აღარ არსებობდა და აბონენტთა მომსახურების ცენტრების ფუნქცია-მოვალეობები შეითავსა უფრო მსხვილმა სტრუქტურულმა ერთეულმა ბიზნეს ცენტრმა, ხოლო კომპანიაში კი, ბიზნეს ცენტრების ხელმძღვანელის ვაკანტური თანამდებობა არ არსებობდა, თ.გ–ძე აღდგენილად ჩაითვალა პირვანდელი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით (28/5992-19, 2016 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება) გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და უარი უთხრა თ.გ–ძეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. ამდენად, პალატის მითითებით, კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ აბონენტთა მომსახურების ცენტრების ფუნქცია-მოვალეობები, რომლის ხელმძღვანელის პოზიციასაც მოსარჩელე იკავებდა, მისი გაუქმების შემდეგ, შეითავსა უფრო მსხვილმა სტრუქტურულმა ერთეულმა - ბიზნეს ცენტრმა. თ.გ–ძე აღდგენილად ჩაითვალა პირვანდელი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე იმ საფუძვლით, რომ ბიზნეს ცენტრების ხელმძღვანელის ვაკანტური თანამდებობა არ არსებობდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ არ გაიზიარა აპელანტ სს „თ–ის“ პოზიცია და დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მოსარჩელის პირვანდელი სამუშაოს ტოლფას თანამდებობად აბონენტთა მომსახურების ცენტრის ან/და ბიზნეს ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციის მიჩნევის თაობაზე.

6.11. პალატის განმარტებით, ბიზნეს ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციებზე დასაქმებული პირების ყოველთვიური ხელფასი დარიცხულ 3574 ლარს შეადგენდა. უდავო იყო, რომ მოსარჩელეს სამსახურში აღდგენიდან ყოველთვიურად ერიცხებოდა 2400 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ხელფასებს შორის სხვაობის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანი იყო 2017 წლის 04 აგვისტოდან დაზუსტებული სარჩელის აღძვრამდე (2020 წლის 4 აგვისტომდე) პერიოდში. რაც შეეხება აღნიშნულ მოთხოვნას 04.08.2020 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში, პალატამ განმარტა, რომ დამსაქმებელს შრომის ანაზღაურების გაცემის ვალდებულება წარმოეშვებოდა სამუშაოს შესრულების შემდეგ, რაც გამორიცხავდა სამომავლო პერიოდზე (2020 წლის 4 აგვისტოდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდი) ხელფასებს შორის სხვაობის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

6.12. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ასევე, სამუშაო სტაჟისა და საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებული ჯილდოს გაცემა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, რომ თანხის გადახდის ვალდებულება გამომდინარეობდა სს „თ–სა“ და „პროფკავშირს“ შორის დადებული ხელშეკრულებით. მოსარჩელე/აპელანტი ასევე მიუთითებდა განსხვავებულ მოპყრობაზე. მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი შედავება და აღნიშნა, რომ თ.გ–ძე პროფკავშირის წევრი არ იყო, ხოლო კოლექტიური ხელშეკრულების პირობები ეხებოდა მხოლოდ პროფესიული გაერთიანების წევრებს. ვინაიდან, თ.გ–ძე არ იყო პროფკავშირის წევრი, მისი დაჯილდოვების მიზნით პროფკავშირებს რეკომენდაცია არ გაუცია, რაც მოსარჩელისათვის საიუბილეო და წელთა ნამსახურეობის (სტაჟის) გამო ერთჯერადი ფულადი პრემიის გადახდის გამომრიცხავი გარემოება იყო. თ.გ–ძის უშუალო ხელმძღვანელის მიერ წარდგენილი ზოგადი დახასიათება პრემირებისათვის საკმარის საფუძვლად ჩათვლილი არ იქნა, რადგან მოკლებული იყო კონკრეტიკას.

6.13. ამ მიმართებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა განმარტებით დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე სს „თ–ში“ დასაქმებული იყო 1998 წლიდან. მას შეუსრულდა მუშაობის 20 წელი, ასევე, დაბადებიდან 60 წლის იუბილე. უდავო ფაქტობრივი გარემოება იყო ისიც, რომ მის მიმართ დამსაქმებლის მხრიდან საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით თანხა არ გაცემულა. თანხის გაცემის წესი დადგენილი იყო სს „თ–ის“ ადმინისტრაციასა და საქართველოს მომსახურების სფეროს, ადგილობრივი და კომუნალური მეურნეობის მუშაკთა პროფესიულ კავშირს შორის 2008 წელს გაფორმებული კოლექტიური შეთანხმების 7.8 პუნქტით, რომლის თანახმად, ადმინისტრაცია პროფკავშირის რეკომენდაციის საფუძველზე: ა) მუშაკებს, რომლებიც გამოირჩევიან ნაყოფიერი და ეფექტური მუშაობით და შეუსრულდათ სააქციო საზოგადოებაში მუშაობის 10, 15, 20 და ა.შ. წელი, ასევე, მუშაკებს, რომლებმაც ხანგრძლივად და ნაყოფიერად იმუშავეს სააქციო საზოგადოებაში, დაბადებიდან 50, 60 და 70 წლის შესრულებისას აჯილდოვებს ერთი თვის ხელფასით. საიუბილეო ჯილდოს გაცემისათვის კოლექტიური ხელშეკრულებით, დადგენილი იყო შემდეგი კუმულაციური წინაპირობების არსებობა: 1) მუშაკი საზოგადოებაში უნდა მუშაობდეს კონკრეტული პერიოდის განმავლობაში (10, 15, 20 და ა.შ.) ან/და მუშაკს, უნდა შეუსრულდეს დაბადებიდან 50, 60 და 70 წელი 2) მისი მუშაობა უნდა შეფასდეს როგორც ეფექტური და ნაყოფიერი და 3) აღნიშნულის ანაზღაურებაზე რეკომენდაცია უნდა გასცეს პროფკავშირმა. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ/აპელანტმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულება - პროფკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაცია მოსარჩელის 20-წლიანი სამუშაო სტაჟის გათვალისწინებით, ასევე, 60 წლის იუბილეს შესრულებასთან დაკავშირებით საიუბილეო ჯილდოს გაცემის შესახებ, რის გამოც სს „თ–ისათვის“ აღნიშნული თანხის დაკისრების მესამე სავალდებულო წინაპირობა სახეზე არ იყო.

6.14. რაც შეეხება პირგასამტეხლოს დაკისრებას, პალატამ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტზე (დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) და დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ არ არსებობდა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. სააპელაციო პალატის მითითებით, პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძველს მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წარმოადგენდა. გადახდის ვალდებულების არსებობა კი, სახეზე იყო საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობის დროს - ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენდა. ნებისმიერ ანაზღაურებაში თუ ანგარიშსწორებაში, რომლის დაყოვნებასაც კანონი უკავშირებდა დაყოვნებული დღისათვის გადახდის ვალდებულებას, არ შეიძლებოდა მოაზრებულიყო განაცდური, ვინაიდან განაცდური წარმოადგენდა არა სახელშეკრულებო შეთანხმებას, არამედ დასაქმებულისათვის დამდგარი ზიანის ანაზღაურების სახეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თ.გ–ძის სააპელაციო პრეტენზია დაუსაბუთებელი იყო.

6.15. ამდენად, პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეაფასა მტკიცებულებები და სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, ხოლო, აპელანტებმა ვერ წარმოადგინეს დასაშვები და დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზიები, რის გამოც არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

7. სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით, პირველმა კასატორმა - თ.გ–ძემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, მეორე კასატორმა - სს „თ–მა“ – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრისა და 06 ოქტომბრის განჩინებებით, თ.გ–ძისა და სს „თ–ის“ საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

9. პირველი კასატორის - თ.გ–ძის საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

9.1. კასატორის მითითებით, საფუძველს მოკლებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების განმარტება მოსარჩელის მოთხოვნების თითქოსდა 2017 წლის 4 აგვისტომდე ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. ამ მიმართებით, კასატორი აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, ხანდაზმულობაზე მსჯელობისას, არ შეაფასეს ისეთი უმნიშვნელოვანესი გარემოება, როგორიცაა მოსარჩელის მხრიდან 25.07.2016 წელს, სასამართლოსადმი სარჩელით მიმართვა, რომლითაც მოთხოვნილ იქნა 25.12.2014 წლიდან - 25.07.2016 წლის ჩათვლით (სარჩელის შეტანის დღის ჩათვლით) გადაუხდელი ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის ანაზღაურება. აღნიშნულ საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 03.08.2018წ. N2/20462-16 გადაწყვეტილებით, თ.გ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე სს „თ–ს“, თ.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 25.12.2014 წლიდან - 25.07.2016 წლამდე (სარჩელის შეტანის დღის ჩათვლით) პერიოდის მიუღებელი ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის ანაზღაურება, ჯამში - 11400 ლარის ოდენობით (დარიცხული). აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა და საბოლოოდ წარმოება დასრულდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07/07/2022 წლის განჩინებით (საქმე Nას-9-2021). მოცემულ საქმეზე კი, მოსარჩელემ სასამართლოს თავდაპირველი სარჩელით 2019 წლის ივნისის თვეში მიმართა, რომლითაც შეწყდა ხანდაზმულობის ვადა; შემდგომში სარჩელი დაზუსტდა 12/11/2019 წელს, 31/03/2020 წელს და 04/08/2020 წელს. მოცემული დავის ფარგლებში, მოპასუხისაგან სასამართლოს 07/07/2020 წლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაციის შედეგად, „მოსარჩელისათვის გახდა ცნობილი“ ბიზნეს ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციებზე დასაქმებული პირების ყოველთვიური ხელფასის ზუსტი ოდენობა, რომელიც შეადგენდა - 3574 ლარს დამატებული 42.70%-ის ოდენობის შრომის ანაზღაურების შემადგენელი ელემენტი ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატი, რაც ჯამში შეადგენდა - 4080.08 ლარს (ხელზე ასაღები). მოსარჩელემ მართალია მიმართა მოპასუხეს: ა) არსებული აბონენტთა მომსახურების ცენტრებისა და ბიზნესცენტრების შესახებ; ბ) აბონენტთა მომსახურების ცენტრებისა და ბიზნესცენტრების შერწყმის/გაერთიანების შესახებ - წლების, თვეებისა და თარიღების მითითებით; გ) აბონენტთა მომსახურების ცენტრებისა და ბიზნესცენტრების ხელმძღვანელების და მათი მოადგილეების სახელფასო სარგოების (ინდივიდუალური, მასტიმულირებელი დანამატის გათვალისწინებით) ოდენობის შესახებ - წლების, თვეების და თარიღების მითითებით მოწოდებასთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც მხოლოდ სასამართლოს 07/07/2020 წლის განჩინების საფუძველზე, მოპასუხისაგან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე სარწმუნოდ ცნობილი გახდა ბიზნეს ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციებზე დასაქმებული პირების ყოველთვიური ხელფასის ზუსტი ოდენობის შესახებ, რასაც შედეგად მოჰყვა მოსარჩელის მხრიდან 04/08/2020 წლის სარჩელისა და სასარჩელო მოთხოვნების არსებული წარმოების ფარგლებში დაზუსტება.

9.2. ასევე, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ ხელფასებს შორის სხვაობა, ნაცვლად 1680,08 ლარისა (4080,08-2400 =1680,08 ლარი) არასწორად განსაზღვრა 1174 ლარის ოდენობით; ამასთან, ინდივიდუალური მასტიმულირებული დანამატის გადახდა, ნაცვლად 4080,08 ლარის 42.70%-ისა, არასწორად განსაზღვრა 3475 ლარის - 25%-ის ოდენობით. აღნიშნული იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს 07/07/2020 წლის განჩინების საფუძველზე, მოპასუხისაგან გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ ბიზნეს ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციებზე დასაქმებული პირების ყოველთვიური ხელფასის ზუსტი ოდენობა შეადგენს - 3574 ლარს დამატებული 42.70%-ის ოდენობით შრომის ანაზღაურების შემადგენელი ელემენტი ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატი, რაც ჯამში არის - 4080.08 ლარი.

9.3. ასევე, კასატორი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ განჩინებას „საიუბილეო ასაკის შესრულებისა“ და „კომპანიაში მუშაობის სტაჟიდან“ გამომდინარე ჯილდოს არ დაკისრების ნაწილში და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში, გასაჩივრებული განჩინების უსაფუძვლობას ადასტურებს თავად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაცია, რომელიც განვითრებულია შრომის ანაზღაურების შემადგენელი ელემენტის - ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის ნაწილში, რამეთუ, როგორც ჯილდოს, ასევე ინდივიდუალირი მასტიმულირებელი დანამატის გაუცემლობა განპირობებულია სწორედ მეთოდიკის 5.4.5. (6.4.5.) პუნქტის საფუძველზე, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით განსაზღვრული უფლების მართლზომიერად განხორციელების პრინციპთან, ასევე, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილთან, რომლის უპირველესი მიზანია უზრუნველყოს პირთა მიერ, სამართლებრივი დაცვის საშუალებების გარანტირებულად გამოყენება და მოხდეს პირთა ვიქტიმიზაციისგან დაცვა. ამ მიმართებით, კასატორი ასევე მიუთითებს სსკ-ის 54-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნების გამოვლენა, რომელიც კანონით დადგენილ წესს ეწინააღმდეგება, ბათილია და არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს.

9.4. გარდა ამისა, კასატორი მიიჩნევს, რომ მოპასუხემ არსებული შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, დააყოვნა მოსარჩელისათვის სახელფასო სხვაობის, ასევე შრომის ანაზღაურების შემადგენელი ელემენტის - იმდ-ს გადახდა, რის გამოც მას ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის უნდა დაკისრებოდა დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდა. ამ მიმართებით, კასატორი აღნიშნავს, რომ სს „თ–ის“ მუშაკთა შრომის ანაზღაურებისა და მატერიალური სტიმულირების შესახებ“ დებულების თანახმად, მუშაკის შრომის ანაზღაურების სისტემა შედგება შემდეგი ელემენტებისაგან: თანამდებობრივი სარგო, ინდ. მასტიმულირებელი დანამატი, წლიური პრემია, ერთჯერადი პრემია და სხვა. სშკ-ის 41.1-ე მუხლის თანახმად, შრომის ანაზღაურება არის ძირითადი ან მინიმალური ანაზღაურება ან ხელფასი ან ნებისმიერი სხვა ანაზღაურება, რომელიც გადახდილია ფულადი ფორმით ან ნატურით და რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ იღებს დასაქმებული დამსაქმებლისგან სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ, ხოლო სშკ-ის 41.4-ე მუხლის თანახმად კი, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურებისა, თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის - 0.07 პროცენტი. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ მისი მისი მოსაზრება არსებული შრომითი ურთიერთობის ფარგლებში, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის - 0.07 პროცენტის გადახდასთან დაკავშირებით, გამყარებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი გადაწყვეტილებებით/განჩინებებით: Nას-648-2022,2022-07–13; Nას-1132-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი; Nას-1274–2018, 25 დეკემბერი, 2018 წელი; Nას–370-370-2018, 2 აგვისტო, 2018 წელი; Nას–45-45-2018, 18 მაისი, 2018 წელი; Nას-138-138–2018, 17 აპრილი, 2018 წელი.

10. მეორე კასატორის - სს „თ–ის“ საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

10.1. კასატორის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა განიხილეს ისეთი სადავო საკითხი, რომელზეც უკვე არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. კერძოდ, სს „თ–ს“ დააკისრეს თ.გ–ძის სასარგებლოდ ყოველთვიურად მისთვის დარიცხულ ხელფასსა და „ანალოგიურ“ თანამდებობაზე დასაქმებული პირების დარიცხულ ხელფასებს შორის სხვაობის გადახდა 2017 წლის 04 აგვისტოდან 2020 წლის 04 აგვისტომდე, აგრეთვე, ამავე პერიოდზე მასტიმულირებელი დანამატის გადახდა „ანალოგიურ“ თანამდებობაზე დასაქმებული პირების დარიცხული ხელფასის 25%-ის ოდენობით, მიუხედავად იმისა, რომ თ.გ–ძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 2016 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე N2ბ/5992-15), უარი ეთქვა ბიზნეს ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე აღდგენაზე და მიჩნეული იქნა, რომ იგი უკვე დასაქმებული იყო განთავისუფლებამდე დაკავებული პოზიციის ტოლფას თანამდებობაზე, რაც სამართლებრივ საფუძველს აცლიდა მის მოთხოვნას როგორც ბიზნეს ცენტრის ხელმძღვანელისა და კომერციული და ტექნიკური პრეტენზიების განყოფილების უფროსის მოადგილის ხელფასებს შორის სხვაობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ისე ბიზნეს ცენტრის ხელმძღვანელის უფროსის ანაზღაურებიდან 25%-ის ოდენობით ინდ. მასტიმულირებელი დანამატის განსაზღვრასთან დაკავშირებით (2017 წლის 04 აგვისტოდან 2020 წლის 04 აგვისტომდე პერიოდში). ამასთან, კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია, თუ რაზე დაამყარა სასამართლომ მისი მოსაზრება აბონენტთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელისა და ბიზნეს ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციების ანალოგიურობასთან მიმართებით. კასატორის მითითებით, აბონენტთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის პოზიცია არასდროს ყოფილა ბიზნეს ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციის ანალოგიური, რამეთუ, რომც აღარაფერი ითქვას ფუნქციებსა და მოვალეობებს შორის სხვაობაზე, სახეზეა სახელფასო ანაზღაურებათა შორის სხვაობა, რაც პოზიციათა ტოლფასობის განსაზღვრისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. თეორიულადაც რომ იქნეს დაშვებული, რომ რომ ეს ორი პოზიცია ერთმანეთის ტოლფასია, კასატორის მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს მაინც არ უნდა ემსჯელათ ხელფასებს შორის სხვაობის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, ვინაიდან 2016 წლის გადაწყვეტილებით (საქმე N2ბ/5992-15), დადგენილ იქნა, რომ თ.გ–ძის პრეტენზიების განყოფილების უფროსის მოადგილის პოზიციაზე აღდგენა სამართლიანია და მიჩნეული იქნა, რომ გადაწყვეტილება აღსრულებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი დავით, სასამართლო შედის ძველი, უკვე გადაწყვეტილი დავის ფარგლებში და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს განსხვავებულად აფასებს, რაც არღვევს სამართლებრივი სტაბილურობისა და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სანდოობის პრინციპს.

10.2. კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებლია აგრეთვე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან, ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის ბიზნეს ცენტრის ხელმძღვანელის ანაზღაურების 25%-ის ოდენობით განსაზღვრა, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი დებულებით, დანამატი გაიცემა ფაქტობრივად ნამუშევარი დროის პროპორციულად, რაც გაგებული უნდა იქნეს, როგორც თ.გ–ძის მიერ, კომერციული და ტექნიკური პრეტენზიების განყოფილების უფროსის მოადგილის პოზიციაზე დასაქმების პერიოდში „გაცემულ/გასაცემ“ დანამატად და არა ბიზნეს ცენტრის უფროსის პოზიციის შესაბამისი თანხიდან გამოსათვლელ დანამატად. რამდენადაც დებულება ხაზს უსვამს - „ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოს“, ხოლო თ.გ–ძეს არ შეუსრულებია ბიზნეს ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობები, კასატორისათვის გაურკვეველია, თუ რატომ უნდა განესაზღვროს მოსარჩელეს პროცენტული მაჩვენებელი ბიზნეს ცენტრის უფროსის ანაზღაურებიდან.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინებით, თ.გ–ძისა და სს „თ–ის“ საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებმა წარმოადგინეს ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების ფარგლებში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის შემდეგ - 2014 წლის 25 დეკემბრიდან სარჩელის აღძვრამდე დროის მონაკვეთში, მოსარჩელისათვის დარიცხულ და ანალოგიურ თანამდებობაზე დასაქმებული პირების დარიცხულ ხელფასებს შორის სხვაობისა და ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის შესაბამისი ოდენობით ანაზღაურებაზე მოპასუხის ვალდებულების არსებობის საკითხი; ასევე, წელთა ნამსახურებისა (სამუშაო სტაჟისათვის) და საიუბილეო თარიღის შესრულებისათვის გათვალისწინებული გასაცემი თანხების ანაზღაურებასა და პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

15. კერძოდ, მოსარჩელე თ.გ–ძე (პირველი კასატორი) მიიჩნევს, რომ 2017 წლის 04 აგვისტოდან - 2020 წლის 04 აგვისტომდე პერიოდის გარდა, 25/12/2014 - 04/08/2017 წლებშიც არსებობს ხელფასებს შორის სხვაობის, მოთხოვნილი ოდენობით ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატისა (42.70%) და პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. კასატორის მოსაზრებით, ამ ნაწილში (25/12/2014 - 04/08/2017 პერიოდზე), ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი. გარდა ამისა, მოსარჩელე თ.გ–ძე მიიჩნევს, რომ არსებობს წელთა ნამსახურებისა (სამუშაო სტაჟისათვის) და საიუბილეო თარიღის შესრულებისათვის გათვალისწინებული თანხების ანაზღაურებისა და ანგარიშსწორების დაყოვნების გამო, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები. მოპასუხე სს „თ–ი“ (მეორე კასატორი) კი, მოსარჩელისაგან განსხვავებით მიიჩნევს, რომ არც 2017 წლის 04 აგვისტოდან - 2020 წლის 04 აგვისტომდე პერიოდში იკვეთება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები და ამ ნაწილში, მოთხოვნას სამართლებრივ საფუძველს აცლის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 06 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (საქმე N2ბ/5992-15), რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ბიზნეს ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე აღდგენაზე იმ მოტივით, რომ იგი უკვე დასაქმებული იყო განთავისუფლებამდე დაკავებული პოზიციის ტოლფას თანამდებობაზე.

16. სადავო საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შრომის უფლება ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც სოციალური სახელმწიფოს არსს, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ადამიანის ღირსეული ყოფის უზრუნველყოფა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №2/2-389).

17. შრომის უფლება არის ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება. შრომა, სოციალური გარემო არის ადამიანის ყოფიერების უმთავრესი ელემენტი, ხოლო ანაზღაურება ღირსეული არსებობის მთავარი პირობა. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით.

18. ევროპის სოციალური ქარტიით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 01.07.2005 წლის დადგენილებით; საქართველოსთან მიმართებით ძალაშია 01.10.2005 წლიდან), შრომის უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ დაიცვან მუშაკის უფლება, გამოიმუშაოს საარსებო სახსრები მის მიერ თავისუფლად არჩეული საქმიანობით (II ნაწილი, პირველი მუხლის მე-2 პუნქტი); მაშასადამე, ქარტია განამტკიცებს დასაქმებულის უფლებას მიიღოს ანაზღაურება შრომითი მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ, რაც უზრუნველყოფილია ეროვნული კანონმდებლობითაც (შდრ. სუსგ Nას-597-2020, 10.12.2020წ.). საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-2 მუხლის პირველი ნაწილის (ცვლილებებამდე არსებული და მოქმედი რედაქციითაც) თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

19. შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას (ცვლილებებამდე არსებული და მოქმედი რედაქციის სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი). შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას (შდრ. სუსგ №ას-368-2019, 31.07.2019წ.). ამასთან, შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია, გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ უფლების ბოროტად გამოყენება. სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა (შდრ. სუსგ №ას-1350-2019, 27.11.2019წ.).

20. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას საჭიროა დამსაქმებლის და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში.

21. რაც შეეხება უშუალოდ სადავო საკითხებს, საკასაციო პალატა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებისაგან განსხვავებით, იზიარებს მოპასუხის (მეორე კასატორის“/სს „თ–ის“) შედავებას მასზედ, რომ სასარჩელო მოთხოვნას, მოსარჩელის დარიცხულ ხელფასსა და „ტოლფას“ (აბონენტთა მომსახურეობის ცენტრის ან/და ბიზნეს ცენტრის ხელმძღვანელების) თანამდებობაზე დასაქმებული პირების დარიცხულ ხელფასებს შორის სხვაობის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, არც 2014 წლის 25 დეკემბრიდან - 2017 წლის 04 აგვისტომდე და არც მას შემდგომ, 2017 წლის 04 აგვისტოდან - 2020 წლის 04 აგვისტომდე პერიოდში, არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი და აღნიშნულ ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის წარუმატებლობა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, განპირობებულია არა რომელიმე სადავო პერიოდთან მიმართებით სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძვლით, როგორც ამას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები მიუთითებენ, არამედ იმ გარემოებით, რომ მოსარჩელე პრაქტიკულად ითხოვს მისთვის დარიცხული ხელფასის გათანაბრებას იმ თანამდებობაზე დასაქმებულ პირთა დარიცხული ხელფასის ოდენობამდე, რომელ თანამდებობაზეც, წარუმატებელი აღმოჩნდა მოსარჩელის მოთხოვნა აღდგენასთან მიმართებით. ეს უკანასკნელი კი, მითითებულ ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების გამომრიცხავი გარემოებაა.

22. კერძოდ, ამ მიმართებით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების სამსახურის კომერციული და ტექნიკური პრეტენზიების განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დასაქმებული მოსარჩელე ითხოვს მისთვის დარიცხულ ხელფასსა და მისი შეფასებით „ტოლფას“ - აბონენტთა მომსახურეობის ცენტრის ან/და ბიზნეს ცენტრის ხელმძღვანელების თანამდებობაზე დასაქმებული პირების დარიცხულ ხელფასებს შორის სხვაობის ანაზღაურებას, თუმცა, განსახილველი სარჩელის წარმოდგენას წინ უსწრებდა მოსარჩელის მიერვე, პირვანდელი სამუშაო ადგილის (სს „თ–ის“ კომერციული საქმიანობის სამმართველოს ელექტროენერგიის ენერგოგასაღების დეპარტამენტის „ავჭალის“ აბონენტთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის) ტოლფას (სარჩელის წარდგენის დროისათვის ბიზნეს ცენტრის ხელმძღვანელის) თანამდებობაზე აღდგენის შესახებ სარჩელის წარდგენა. მოსარჩელე მოთხოვნას იმ ფაქტობრივ გარემოებებს ამყარებდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2/4283-13), დამსაქმებელ სს „თ–ს“ დაევალა მოსარჩელის უზრუნველყოფა პირვანდელი სამუშაო ადგილის ტოლფასი სამუშაოთი, მაგრამ 2014 წლის 22 დეკემბრის ბრძანებით, მოსარჩელე აღდგენილ იქნა საზოგადოების კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების სამსახურის კომერციული და ტექნიკური პრეტენზიების განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მუშაობას აგრძელებდა ახალ თანამდებობაზე, მიიჩნევდა, რომ დასაქმებულისათვის შეთავაზებული სამუშაო ადგილი არ შეესაბამებოდა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რის გამოც, მოითხოვა სს „თ–ის“ დავალდებულება, გამოეცა ახალი ბრძანება მისი ბიზნეს ცენტრის უფროსის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ „თ–ში“ აბონენტთა მომსახურების ცენტრები აღარ არსებობდა; რეორგანიზაციის შედეგად ყველა მათგანი გაუქმებული იყო და მათი ფუნქციები შეითავსეს უფრო მსხვილმა ერთეულებმა - „ბიზნეს ცენტრებმა“, რომელთა რაოდენობა შეადგენს ათს, თუმცა, ათივე ბიზნეს ცენტრში დაკავებული იყო როგორც უფროსის, ისე, მოადგილის საშტატო ერთეულები, რის გამოც, რომელიმე ბიზნეს ცენტრის უფროსის (ან მოადგილის) თანამდებობაზე თ.გ–ძის აღდგენა შეუძლებელი იყო. დადგენილია ისიც, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ივნისის განჩინებით, თ.გ–ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო და სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. მითითებულ განჩინებაში, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი იყო, ხოლო კასატორი (თ.გ–ძე) არ შედავებია იმ გარემოებას, რომ რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული სამსახურის - სერვისცენტრის უფროსის ვაკანტური თანამდებობა მოპასუხეს არ ჰქონდა, გარდა ამისა, საგულისხმო იყო, რომ კასატორი აღდგენილ იქნა თანამდებობაზე დამსაქმებლის ცალმხრივი აქტით - ბრძანებით, რაც შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ შრომით ხელშეკრულებას უთანაბრდებოდა, ხოლო ის ფაქტი, რომ მოსარჩელე დღემდე ამ თანამდებობაზე მუშაობდა, წარმოადგენდა მის აქცეპტს შეთავაზებულ პირობაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 24 ივნისის განჩინებით, თ.გ–ძის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ერთ-ერთი საფუძველი ის გარემოება გახდა, რომ თ.გ–ძე კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების სამსახურის კომერციული და ტექნიკური პრეტენზიების განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნით, აღდგენილ იქნა თანამდებობაზე, თ.გ–ძის სასარჩელო მოთხოვნას ხელფასებს შორის სხვაობის ანაზღაურების ნაწილში, ვარგისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

23. გარდა იმისა, რომ თ.გ–ძის აქცეპტი შეთავაზებულ პირობაზე და მისი აღდგენა თანამდებობაზე, თავის მხრივ, საფუძველს აცლის მის მოთხოვნას ხელფასებს შორის სხვაობის ანაზღაურებაზე, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ამ ნაწილში სარჩელის დაუკმაყოფილებობის სამართლებრივ შედეგებზე. კერძოდ, რადგანაც თ.გ–ძის მოთხოვნა იმ თანამდებობაზე (ბიზნეს ცენტრის ხელმძღვანელის) აღდგენასთან მიმართებით, რომელ თანამდებობაზე დასაქმებულ პირთა დარიცხული ხელფასის ოდენობამდეც ითხოვს ის მისი ანაზღაურების გათანაბრებას, წარუმატებელი აღმოჩნდა, შესაბამისად, „ტოლფას“ თანამდებობაზე აღდგენასთან კავშირში მყოფი და მისი თანმდევი სამართლებრივი შედეგი - ხელფასებს შორის სხვაობის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნაც, თავისთავად წარუმატებელია.

24. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 32-ე მუხლზე (თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დასაქმებულს დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს შრომის ანაზღაურება სრულად მიეცემა) და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს განაცდურის ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ იძულებითი მოცდენა გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალით.

25. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 2020 წლის 29 სექტემბრის ცვლილებებამდე არსებული რედაქციით, იძულებითი განაცდურის შესახებ დასაქმებულის მოთხოვნა კმაყოფილდებოდა მხოლოდ პირის პირვანდელ სამუშაო ადგილზე ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენის შემთხვევაში, ხოლო თუ წარუმატებელი იყო სასარჩელო მოთხოვნა აღდგენასთან მიმართებით, აღნიშნული გამორიცხავდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესაძლებლობასაც.

26. გამომდინარე იქიდან, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო პერიოდი მოიცავს „საქართველოს შრომის კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებამდე არსებულ პერიოდს, სადავო საკითხის მიმართ, უნდა გავრცელდეს „საქართველოს შრომის კოდექსის“ სწორედ 2020 წლის 29 სექტემბრის ცვლილებებამდე არსებული რედაქცია, რომლის თანახმად, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება რეალიზდება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო უკანონოდ ცნობს დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებას და მას პირვანდელ ან ტოლფას სამუშაოზე აღადგენს.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან სახეზეა ფაქტობრივი მოცემულობა იმის შესახებ, რომ თ.გ–ძემ ერთხელ უკვე მიმართა სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნით პირვანდელი თანამდებობის „ტოლფას“ (ბიზნეს ცენტრის ხელმძღვანელის) თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე, რისი თანმდევი სამართლებრივი შედეგიც იძულებითი განაცდურის ანაზღაურება უნდა ყოფილიყო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხოლო, სარჩელი წარუმატებელი აღმოჩნდა, ასეთ პირობებში, ხელფასებს შორის სხვაობის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იძულებითი განაცდურის კონტექსტში, არ გამომდინარეობს „საქართველოს შრომის კოდექსიდან“ და უფლებრივი რესტიტუციის სახით, დამსაქმებლისთვის იმაზე მეტი ქონებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება იქნება, ვიდრე ამას უფლებრივი რესტიტუციის მიზანი ითვალისწინებს.

28. იმავდროულად, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მისთვის დარიცხულ ხელფასსა და „ანალოგიურ/ტოლფას“ თანამდებობაზე დასაქმებული პირების დარიცხულ ხელფასებს შორის სხვაობის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, ვერც სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ჭრილში მიიჩნევა წარმატებულად, რამეთუ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სადავო პერიოდში მოქმედი „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-2 (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ; შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით) და 31-ე (1.შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ) მუხლებიდან გამომდინარეობს, რისთვისაც სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით უნდა დასტურდებოდეს მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები - შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის, ხელფასის ოდენობის თაობაზე ფაქტობრივი გარემოება და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მოსარჩელე 2014 წლის 25 დეკემბრიდან აღდგენილ იქნა კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების სამსახურის კომერციული და ტექნიკური პრეტენზიების განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე უვადოდ. შრომითი ხელშეკრულებით მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 2400 (დარიცხული) ლარით. მოსარჩელე 25.12.2014 წლიდან დღემდე აგრძელებს მუშაობას და ფაქტობრივად ასრულებს არა ბიზნეს ცენტრის უფროსის ფუნქცია-მოვალეოებების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს, რომლისთვისაც ხელფასის სახით განსაზღვრულია 3574 ლარი (დარიცხული), არამედ იმ თანამდებობის ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებას, რომლისთვისაც ხელფასის სახით განსაზღვრულია სწორედ 2400 ლარი (დარიცხული) ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ხელფასებს შორის სხვაობის ანაზღაურების ნაწილში, უსაფუძვლოა მათ შორის, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ჭრილშიც, რადგან მოსარჩელეს მისი ფაქტობრივი საქმიანობის შედეგად არ შეუტანია წვლილი იმ თანამდებობაზე (ბიზნეს ცენტრის ხელმძღვანელის) განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეოებების შესრულებაში, რომელ თანამდებობაზე დასაქმებულ პირთა დარიცხული ხელფასის ოდენობამდეც ითხოვს ანაზღაურების გათანაბრებას.

29. მაშასადამე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნას მოსარჩელის დარიცხულ ხელფასსა და „ანალოგიურ/ტოლფას“ თანამდებობაზე დასაქმებული პირების დარიცხულ ხელფასებს შორის სხვაობის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არსებითად გამოეცალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 06 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (რომელიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 24 ივნისის განჩინებით). შესაბამისად, აღარ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი და რომელიმე პერიოდთან მიმართებით ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობის წინაპირობები.

30. რაც შეეხება სს „თ–ისათვის“ ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის დაკისრების თაობაზე წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნას, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია და მოპასუხეს/მეორე კასატორს - სს „თ–ს“ საკასაციო შედავების წარმოდგენის გზით, სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა დებულებით განსაზღვრული რომელიმე გარემოების არსებობა, რაც დამსაქმებელს უფლებას მისცემდა მოსარჩელეზე არ გაეცა ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატი. მოპასუხე/მეორე კასატორი - სს „თ–ი“ მარტოოდენ იმ გარემოებას ხდის სადავოდ, რომ მოსარჩელეს არასწორად განესაზღვრა პროცენტული მაჩვენებელი ბიზნეს ცენტრის უფროსის ანაზღაურებიდან.

31. გამომდინარე იქიდან, რომ საკასაციო პალატამ უკვე იმსჯელა და უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ხელფასებს შორის სხვაობის ანაზღაურების თაობაზე, უარყოფილი უნდა იქნეს როგორც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის ბიზნეს ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციებზე დასაქმებული პირებისათვის განსაზღვრული ხელფასიდან (დარიცხული 3574 ლარის) დაანგარიშების თაობაზე, ისე მოსარჩელის/პირველი კასატორის მოთხოვნა ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის 42.70%-ის ოდენობით განსაზღვრის ნაწილში. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს მოპასუხის მითითებას მასზედ, რომ მოსარჩელეს ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატი უნდა აუნაზღაურდეს მის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის (კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების სამსახურის კომერციული და ტექნიკური პრეტენზიების განყოფილების უფროსის მოადგილის) განკუთნილი სარგოს (ხელფასის) - დარიცხული 2400 ლარის 25%-ის ოდენობით.

32. რაც შეეხება ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის ანაზღაურების პერიოდს, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას მოსარჩელის მოთხოვნების თითქოსდა 2017 წლის 4 აგვისტომდე ხანდაზმულად მიჩნევის თაობაზე, რამეთუ დადგენილია, რომ მოსარჩელემ ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოში არა 2020 წლის 04 აგვისტოს, არამედ 2019 წლის 26 ივლისს (ტ.1, ს.ფ. 2-18) წარადგინა. შესაბამისად, ამ ნაწილში, საკასაციო პალატა იზიარებს მოსარჩელის/პირველი კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ სასარჩელო მოთხოვნა 2016 წლის 26 ივლისიდან ანაზღაურების ნაწილში, ხანდაზმული არ არის, რადგან მოთხოვნა წარდგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სამ წლიან ვადაში, რის გამოც, მოპასუხეს ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატი უნდა დაეკისროს არა 2017 წლის 04 აგვისტოდან დაზუსტებული სარჩელის აღძვრამდე პერიოდში, როგორც ამას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები მიუთითებენ, არამედ 2016 წლის 26 ივლისიდან 2019 წლის 26 ივლისამდე პერიოდში.

33. რაც შეეხება 25.12.2014 წლიდან - 25.07.2016 წლის ჩათვლით (სარჩელის შეტანის დღის ჩათვლით) ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის ანაზღაურებას, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის სახით, აბონენტთა მომსახურეობის ცენტრის ან/და ბიზნეს ცენტრის ხელმძღვანელების მიერ ყოველთვიურად ხელზე ასაღები ხელფასის 42.70%-ის დაკისრებას, თუმცა, საკასაციო პალატამ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანად მიიჩნია მხოლოდ მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის განკუთნილი სარგოს (დარიცხული 2400 ლარის) 25%-ის ანაზღაურების ნაწილში. ამ გარემოების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა 25.12.2014 წლიდან - 25.07.2016 წლის ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის მოთხოვნის ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ პუნქტის (სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით) საფუძველზე, შეწყვეტს საქმის წარმოებას, რამეთუ თბილისის საქალაქო სასამართლოს 03.08.2018 წლის N2/20462-16 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თ.გ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე სს „თ–ს“ თ.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 25.12.2014 წლიდან - 25.07.2016 წლამდე (სარჩელის შეტანის დღის ჩათვლით) პერიოდის მიუღებელი ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის ანაზღაურება, ჯამში - 11400 ლარის (დარიცხული) ოდენობით (2400 ლარის 25% x 19 თვე).

34. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2016 წლის 26 ივლისიდან 2019 წლის 26 ივლისამდე პერიოდში ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის ანაზღაურება მოსარჩელის თანამდებობრივი (იმ თანამდებობის, რომელზედაც ამავე პერიოდში იყო დასაქმებული) სარგოს (2400 ლარის) 25%-ის ოდენობით, ნამუშევარი დროის პროპორციულად.

35. ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის ანაზღაურების გადახდის დაყოვნების გამო, კანონისმიერი პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ, მოსარჩელის/პირველი კასატორის მიერ წარმოდგენილ საკასაციო შედავებასთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს სახით, ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის გადახდის დაყოვნების ყოველი დღისათვის, ამ თანხის 0.07 პროცენტის გადახდის დაკისრებაზე მოსარჩელის მოთხოვნას, სამართლებრივად ვარგისი საფუძველი არ გააჩნია და ამ ნაწილში, გასაჩივრებული განჩინება სრულ შესაბამისობაშია დადგენილ სასამართლო პრაქტიკასთან (იხ. სუსგ-ები საქმეებზე №ას-1275-2021, 01/06/2022 წ.; №ას-996-2019, 20/09/2019 წ.; №ას-1033-2023, 25/04/2024 წ.). ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საქართველოს შრომის კოდექსის“ 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებლს დასაქმებულისთვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ნებისმიერი ანაზღაურების დაყოვნებისთვის, თუმცა, უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ანაზღაურება გულისხმობს ფულადი ერთეულით გამოხატული თანამდებობრივი სარგოს ოდენობას, რომელიც უნდა გაიცეს თვეში ერთხელ მაინც და არა პრემიას, ჯილდოს, ბონუსს და ა.შ. შესაბამისად, ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატები, არ განეკუთვნება „საქართველოს შრომის კოდექსით“ გათვალისწინებულ 0.07%-ის ოდენობით პირგასამტეხლოთი დასაბეგრ თანხას.

36. რაც შეეხება სს „თ–ისათვის“ 20-წლიანი სამუშაო სტაჟისა და საიუბილეო ასაკის (60 წლის) შესრულების გამო 4080,08 - 4080,08 ლარის (ხელზე ასაღები) დაკისრებაზე უარის თქმის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელის/პირველი კასატორის მიერ წარმოდგენილ საკასაციო შედავებას, იმ პირობებში, როდესაც კოლექტიური ხელშეკრულების 7.8. პუნქტი ადგენს ადმინისტრაციის მხრიდან სამუშაო სტაჟისა და საიუბილეო ასაკის შესრულებისათვის ჯილდოს გაცემის წინაპირობებს პროფკავშირის რეკომენდაციის საფუძველზე, ხოლო, ეს უკანასკნელი საქმეში წარმოდგენილი არ არის, აღნიშნული თანხების ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი სასამართლოს აღარ გააჩნია, რაც გამორიცხავს ჯილდოს გაუცემლობის მიზეზად, მოსარჩელის/პირველი კასატორის მიერ მითითებული დისკრიმინაციული მოტივების არსებობას.

37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

38. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

40. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საბოლოოდ, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დასაკისრებელი თანხის ოდენობა განისაზღვრა ყოველთვიურად 2400 ლარის 25%-ის ოდენობით, ნამუშევარი დროის პროპორციულად. შესაბამისად, სს „თ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში, მოსარჩელის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟიდან (3000 ლარი) - 648 ლარის (2400-ის 25% x 36 თვე=21600-ის 3%) ანაზღაურება, ხოლო, დარჩენილი 2352 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდისაგან უნდა გათავისუფლდეს მოსარჩელე; მოსარჩელე თ.გ–ძეს სს „თ–ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (980.52 ლარიდან) - 116,52 ლარის ანაზღაურება, ხოლო, სს „თ–ის“ მიერ გადახდილი დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი - 864 ლარი (21600-ის 4%) უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად; მოსარჩელე თ.გ–ძეს სს „თ–ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ, საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (3676.23 ლარიდან) - 2596,23 ლარის ანაზღაურება, ხოლო, „თ–ის“ მიერ გადახდილი დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი - 1080 ლარი (21600-ის 5%), უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. თ.გ–ძისა და სს „თ–ის“ საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. თ.გ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3.1. მოპასუხე სს „თ–ს“, მოსარჩელე თ.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს ინდივიდუალური მასტიმულირებული დანამატის გადახდა ყოველთვიურად 2400 ლარის 25%-ის ოდენობით (დარიცხული), ნამუშევარი დროის პროპორციულად, 2016 წლის 26 ივლისიდან - 2019 წლის 26 ივლისამდე;

3.2. 25.12.2014 წლიდან - 25.07.2016 წლამდე ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის მოთხოვნის ნაწილში, შეწყდეს საქმის წარმოება;

3.3. მოსარჩელე თ.გ–ძეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე მისთვის დარიცხულ ხელფასსა და „ტოლფას“ თანამდებობაზე დასაქმებული პირების დარიცხულ ხელფასებს შორის სხვაობის, წელთა ნამსახურების (სამუშაო სტაჟისათვის), საიუბილეო თარიღის შესრულებისათვის გათვალისწინებული გასაცემი თანხების ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში;

4. სს „თ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში, მოსარჩელის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟიდან (3000 ლარი) - 648 ლარის ანაზღაურება;

5. მოსარჩელე თ.გ–ძეს სს „თ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (980.52 ლარიდან) - 116,52 ლარის ანაზღაურება, ხოლო, სს „თ–ის“ მიერ გადახდილი დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი (864 ლარი), ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

6. მოსარჩელე თ.გ–ძეს სს „თ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ, საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (3676.23 ლარიდან) - 2596,23 ლარის ანაზღაურება, ხოლო, „თ–ის“ მიერ გადახდილი დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი (1080 ლარი), ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: გიზო უბილავა

ლაშა ქოჩიაშვილი