Facebook Twitter

№ას-1277-2024

24 იანვარი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს.კ.უ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ს.კ.უ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 4363 ლარის დაკირება (იხ. სარჩელი: ს.ფ. 2-17).

1.1. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 4363 ლარის ოდენობით.

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მოსარჩელე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და მოპასუხე სს „ს.კ.უ–ს“ შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგანია შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის სადაზღვევო (თანდართული დაზღვევის პირობების შესაბამისად) მომსახურების გაწევა სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ტენდერის CON210000473 სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებითა და ტარიფებით.

3.2. ხელშეკრულების 3.1. მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 44 097.35 ლარს, ხოლო მე-13 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2023 წლის 30 აპრილის ჩათვლით. ხელშეკრულების ზოგადი პირობების პირველი მუხლით განსაზღვრულია სადაზღვევო რისკები, მათ შორის ერთ-ერთი სადაზღვევო რისკია (1) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მიუხედავად იმისა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა თუ იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში. ამავე პირობების პირველი მუხლით ერთი-ერთი სადაზღვევო რისკია ასევე (ვ) სატრანსპორტო საშუალების დაზიანება დაუდგენელი მიზეზით. დანართის პირობების მე-2 მუხლით გათვალისწინებულია საერთო გამონაკლისები, რომელთა შემთხვევაში, მზღვეველი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს ზიანი. საერთო გამონაკლისების „ო“ პუნქტით გათვალისწინებულია შემთხვევა, როდესაც მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა დადგა უხეში გაუფრთხილებლობით.

3.3. სადაზღვევო კომპანიამ გასცა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის პოლისი.

3.4. დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, 2022 წლის 17 ივნისს მომხდარი შემთხვევის დროს დაზიანდა სააგენტოს კუთვნილი ავტომანქანა MITSUBISHI L200 (სახელმწიფო ნომრით ……). 2022 წლის 17 ივნისის გასაუბრების ოქმში აღნიშნულია, რომ მძღოლმა ვერ შენიშნა ძირს დაყრილი ხის ტოტები, რომლებიც წამოედო სატრანსპორტო საშუალების წინა ნაწილს და დააზიანა გაგრილების სისტემა.

3.5. 2022 წლის 17 ივნისს, სააგენტოს კუთვნილ ავტომანქანას (MITSUBISHI L200, სახელმწიფო ნომრით ……) მართავდა უფლებამოსილი თანამშრომელი - ბ.გ–ძე, რომელმაც 2022 წლის 17 ივნისს გააკეთა განაცხადი და სადაზღვევო კომპანიას აცნობა მომხდარის შესახებ.

3.6. შპს „კ.მ–ის“ 2022 წლის 24 ივნისის ინვოისის თანახმად, 2022 წლის 17 ივნისს მომხდარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ავტომობილზე მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 4363 ლარს.

3.7. 2022 წლის 25 ოქტომბრის მიმართვის თანახმად, სააგენტოსათვის ცნობილი გახდა, რომ სს „ს.კ.უ–ი“ უარს აცხადებდა ზარალის ანაზღაურებაზე, რადგან საპატრულო პოლიციის მიერ მიწოდებული დოკუმენტებიდან დგინდება, რომ ადგილი არ ჰქონია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას და არც სხვა სადაზღვევო რისკით არ დამდგარა აღნიშნული ფაქტი, რის გამოც შემთხვევა ვერ დაკვალიფიცირდა სადაზღვევო შემთხვევად.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინებით სს „ს.კ.უ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფატობრივი გარემოებები და მიუთითა, რომ ვერ დაეთანხმებოდა აპელანტი მხარის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ დაზღვევის პირობების თანახმად, მხოლოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა დაზღვეული, რაც შესაძლებელია განხორციელდეს ავტომობილის სავალ ნაწილზე ექსპლუატაციის დროს... და რომ ხის ტოტებზე გადავლა კი არა, მასზე დაჯახების რისკია დაზღვეული. პალატამ ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულების მიზანზე, დამზღვევის საქმიანობის სპეციფიკაზე და მხარეთა მიერ შეთანხმებული დაზღვევის ზოგადი პირობების მუხლი 1-ის „ვ“ ("დაუდგენელი მიზეზით სატრანსპორტო საშუალების დაზიანება") და „დ“ ქვეპუნქტში („რაიმე საგნის მოხვედრა“) ფორმულირებულ სადაზღვევო რისკებზე და მათი ლოგიკური განმარტების საფუძველზე, მართებულად მიიჩნია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პოზიცია - გზაზე დაყრილი ხის ტოტებზე გადავლის შედეგად დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანებით სადაზღვევო რისკის რეალიზების თაობაზე, რომლის დადგომის შედეგად მზღვევლს წარმოეშვება ვალდებულება, გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება, იმ პირობით რომ სახეზე არ იქნება საგამონაკლისო შემთხვევა, რომლის არსებობა გამორიცხავს სადაზღვევო შემთხვევის კვალიფიკაციისა და სადაზღვევო კომპანიის მხრიდან თანხის გადახდის საფუძვლიანობას.

5.2. პალატამ არ გაიზიარა აპელანტი მხარის მტკიცება, უფლებამოსილი მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედების შესახებ და მიიჩნია, რომ მოპასუხემ მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ შეძლო აღნიშნული ფაქტის დადასტურება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 ნოემბრის განჩინებით, სს „ს.კ.უ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

8. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

8.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არათანაბრად გაანაწილა მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი და მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს ეკისრებოდა იმის მტკიცების ვალდებულება, რომ სახეზე იყო ობიექტური გარემოება, რის გამოც თავიდან ვერ აიცილა ავტოსაგზაო შემთხვევა.

8.2. კასატორის მოსაზრებით, ავტომანქანის მძღოლი სიფრთხილის ნორმების მაღალი ხარისხით დარღვევით მოქმედებდა და ყოველგვარი ხელისშემშლელი გარემოების გარეშე ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო ექსპლუატაცია, რაც მიუთითებს უხეშ გაუფრთხილებლობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

14. სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილი (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), ამავე კოდექსის 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) და 821-ე (მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში) მუხლები.

15. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა (სუსგ Nას-1165-1110-2014, 23.01.2015წ.).

16. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულია დაზღვევის ხელშეკრულება; დამზღვევის მიერ შესრულებულია ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკით სადაზღვევო პრემიის გადახდის თაობაზე; დადგა სადაზღვევო შემთხვევა და დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა.

17. სს „ს.კ.უ–მა“ უარი განაცხადა ზარალის ანაზღაურებაზე და მიუთითა, რომ ადგილი არ ჰქონია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას, რის გამოც შემთხვევა ვერ დაკვალიფიცირდებოდა სადაზღვევო შემთხვევად. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხე ასევე მიუთითებდა, რომ მძღოლის მხრიდან ადგილი ჰქონდა უხეშ გაუფრთხილებლობას. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის პოზიცია იმის შესახებ, რომ ადგილი არ ჰქონია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას, რის გამოც შემთხვევა ვერ დაკვალიფიცირდებოდა სადაზღვევო შემთხვევად და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, განსახილველ საქმეში არსებული შემთხვევის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევად კვალიფიკაციის შესახებ, ამავდროულად მიიჩნია, რომ მძღოლის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედება არ დგინდებოდა, რის გამოც, მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლის არსებობის შესახებ. სს „ს.კ.უ–ს“ შემთხვევის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევად კვალიფიკაციის საკითხზე სააპელაციო სასამართლოს შეფასება სადავოდ არ გაუხდია, რადგან ამ კუთხით შედავებას საკასაციო საჩივარი არ შეიცავს. საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის საფუძვლად მზღვეველი მხოლოდ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებაზე მიუთითებს, რაც მოპასუხეს აძლევს უფლებას უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურებაზე. შესაბამისად, საკასაციო პალატის შეფასების საგანს სწორედ მძღოლის მართლსაწინააღმდეგო ქმედების „უხეშ გაუფრთხილებლობად“ კვალიფიკაციის საფუძვლის არსებობა წარმოადგენს.

18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება საკუთარი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ამდენად, განსახილველ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, მართებულად შეფასდეს მძღოლის ბრალეულობა, კერძოდ, მისი მხრიდან ვლინდებოდა უხეში გაუფრთხილებლობა თუ მარტივი გაუფრთხილებლობისთვის დამახასიათებელ ნიშნებს ჰქონდა ადგილი. აღნიშნული განაპირობებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა დამზღვევმა უნდა ამტკიცოს, მზღვეველმა კი უნდა დაასაბუთოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისია და მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ.: №ას-1091-2022, 23.02.2023წ.).

19. სამოქალაქო კანონმდებლობა არ ქმნის უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (იხ.: სუსგ №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-865-2023, 29.09.2023წ.; №ას-422-2023, 9.11.2023წ.). უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას (იხ.: სუსგ №ას-654-2019, 26.06.2020წ.; №ას-499-2023, 7.06.2023წ.). გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანხვდენილი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე, სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის დაუთმობლობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე ან არაფხიზელი მესამე პირისათვის და ა.შ. (იხ.: სუსგ №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-1091-2022, 23.02.2023წ.).

20. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა: ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი, დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება, ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო დაზღვევის ხელშეკრულებით ანაზღაურებას ექვემდებარება მძღოლის ბრალით (ავარიისას) გამოწვეული ნებისმიერი ის ზიანი, რომელიც მხარეთა შეთანხმებით საგამონაკლისო შემთხვევების ნუსხის განსაზღვრისას დაუშვებლად არ არის მიჩნეული (სუსგ №ას--1147-1067-2017, 29 .12.2017წ). ამდენად, დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევები ვიწროდ უნდა განიმარტოს, იმგვარად, რომ მზღვეველთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება არ წახალისდეს და ამით საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის სამართლებრივ დანიშნულებასა და მიზანს.

21. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია დაზღვევის მომსახურების სატენდერო დოკუმენტაცია, რომლის 1-ლი ნაწილის 1-ლი მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, კონსოლიდირებული ტენდერით განსაზღვრული ერთ-ერთი სადაზღვევო რისკია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მიუხედავად იმისა, მოძრაობდა, თუ იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება. მითითებული სატენდერო დოკუმენტაციის მეორე მუხლი შეეხება საერთო გამონაკლისებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მზღვეველი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანი. აღნიშნული მუხლის „ო“ ქვეპუნქტი განმარტავს, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზიანი არ ანაზღაურდება უხეში გაუფრთხილებლობისას. „უხეში გაუფრთხილებლობის“ ლეგალურ დეფინიციას კი, როგორც უკვე აღნიშნა სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა და მისი წინაპირობები ხელშეკრულებით არც მხარეებს განუსაზღვრავთ. შესაბამისად, საკასაციო პალატამ დაზღვევის ნორმების სამართლებრივი ანალიზისა და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, კონკრეტულ შემთხვევაში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით უნდა შეაფასოს აღნიშნული საკითხი.

22. კასატორი მხარე მიუთითებს, შემთხვევის დადგომის დროს მძღოლის მიერ ავტომანქანის მართვისას სიფრთხილის ნორმების მაღალი ხარისხით დარღვევით მოქმედებაზე და მიიჩნევს, რომ მძღოლმა ყოველგვარი ხელისშემშლელი გარემოების გარეშე ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო ექსპლუატაცია, რაც ადასტურებს უხეშ გაუფრთხილებლობას. აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულობის ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, გამორიცხვის მეთოდით უნდა შეფასდეს მარტივ გაუფრთხილებლობად. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება მძღოლის მიერ წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევად მიჩნევის საფუძველი. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხე მხარე ერთი მხრივ მიუთითებდა, რომ დაზღვეული ავტომობილი „არის მაღალი გამავლობის ავტომობილი, გათვლილია, კონსტრუირებულია რთულ საგზაო პირობებში, მათ შორის დიდთოვლობისა და რთულ საგზაო პირობებში გამოყენებისათვის, მისი შემადგენელი ნაწილები ისეა დამონტაჟებული, რომ საგნების ზემოქმედებით არ დაზიანდეს. მითუმეტეს, ფოტოზე ნაჩვენები პატარა ტოტები მას ვერ დააზიანებდა“, მეორე მხრივ კი, აღნიშნავდა, რომ ხის ტოტების დანახვა შორიდანაც შესაძლებელი იყო და შესაბამისი წინდახედულობის გამოჩენის შემთხვევაში, მძღოლს შეეძლო შემთხვევის თანიდან აცილება. პალატის მოსაზრებით, მოპასუხის აღნიშნული მითითებები არ შეესაბამება ერთმანეთს და როდესაც სადაზღვევო კომპანია თვითონაც უშვებს იმის ალბათობას, რომ მაღალი გამავლობის ავტომანქანით მოძრაობისას, ისეთ ტოტებზე გადავლამ, რაც სადაზღვევო შემთხვევის შემდგომ გადაღებულ ფოტოზეა ასახული, არ უნდა დააზიანოს ავტომანქანა, მძღოლის მხრიდან უჩვეულოდ მაღალი ხარისხის უყურადღებობაზე მოპასუხის მითითებას დაუსაბუთებელს ხდის. სხვა რაიმე დამატებითი ფაქტორების არსებობა, რაც მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების მკვეთრად დარღვევას და თავისი მოქმედებით აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნების უჩვეულოდ მაღალი ხარისხით დაუმორჩილებლობას დაადასტურებდა, საქმის მასალებით არ დასტურდება და ასეთზე არც მოპასუხეს მიუთითებია. ასეთ პირობებში კი, მძღოლის მოქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად მიჩნევა, ნორმით დადგენილი საგამონაკლისო შემთხვევის ვრცლად განმარტება იქნება.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ერთობლიობა და ის გარემოება, რომ მოპასუხის პოზიცია თავადაც არ არის ცალსახა სადავო საკითხზე, იძლევა მძღოლის მოქმედების მარტივ და არა უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას და არამართლზომიერია ამ მოტივით სადაზღვევო კომპანიის უარი ზიანის ანაზღაურებაზე.

24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

25. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

26. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

27. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

29. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 219 ლარიდან ზედმეტად გადახილი 69 ლარი და დარჩენილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს.კ.უ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. სს „ს.კ.უ–ს“ (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 219 ლარიდან (საგადახდო დავალება N6471542, გადახდის თარიღი 10.28.2024) ზედმეტად გადახილი 69 ლარი და დარჩენილი 150 ლარის 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე