№ას-1341-2024
23 იანვარი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ნ.დ–ძე, ნ.გ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.პ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის საოქმო განჩინება მტკიცებულებების დართვაზე უარის თქმის შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თ.პ–მა (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნ.დ–ძისა და ნ.გ–ძის (შემდეგში - მოპასუხეები, კასატორები) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან, უძრავი ნივთის: მდებარე ქ. თბილისში, ........., ფართი: 172.65 კვ.მ. (ს/კ N........) გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემა (იხ. სარჩელი: ს.ფ. 2-14).
1.1. მოპასუხეებმა სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ.პ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ.დ–ძისა და ნ.გ–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისში, ........, ფართი: 172.65 კვ.მ. (ს/კ N.......) და დადგინდა მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინებით ნ.დ–ძისა და ნ.გ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. თ.პ–ის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისში, ........, ფართი: 172.65 კვ.მ. (ს/კ N......).
5.2. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი იმყოფება მოპასუხეების არამართლზომიერ მფლობელობაში.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი დასაბუთება:
5.3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტ ნ.გ–ძის შედავება, რომ იგი არ წარმოადგენს უძრავი ნივთის მფლობელს. პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხეების მიერ სასამართლოში წარდგენილი შესაგებელი ნ.გ–ძის მფლობელობაზე პრეტენზიას არ შეიცავდა და შესაბამისად, სადავო უძრავი ნივთის მფლობელობის ფაქტი პირველი ინსტანციის მიერ მართებულად იყო დადგენილი.
5.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლზე, რომლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
5.5. პალატის მითითებით, მოსარჩელის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტი არ წარმოადგენდა სადავო გარემოებას, ასევე მოპასუხეების მიერ მოსარჩელის კუთვნილი ქონების ფლობის ფაქტი პალატამ დადგენილად მიიჩნია. მოპასუხეების მიერ აღნიშნული ქონებით მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულება კი, საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი.
6. სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 ივლისის საოქმო განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა მტკიცებულებათა საქმეზე დართვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
6.1. სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 ივლისის საოქმო განჩინება მტკიცებულებების დართვაზე უარის თქმის შესახებ და განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, ნ.დ–ძისა და ნ.გ–ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
8. კასატორების მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორები მიუთითებენ, რომ ვინდიკაციური სარჩელის აღძვრისათვის საჭიროა არსებობდეს მესამე პირის მხრიდან მესაკუთრის კუთვნილი ქონების უკანონო მფლობელობის ფაქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ნ.გ–ძის მხრიდან ადგილი არ აქვს. ნ.გ–ძე 2008 წლიდან, ოჯახის შექმნის შემდგომ, აღარ ცხოვრობს სადავო უძრავ ქონებაში და იქ განთავსებული არ არის ნ.გ–ძის კუთვნილი ნივთები.
8.2. კასატორები შუამდგომლობენ მტკიცებულებების საქმეზე დართვაზე და მიჩნევენ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ის გარემოება, რომ ნ.გ–ძე არ არის სადავო უძრავი ნივთის მფლობელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების გამოთხოვის საფუძვლის არსებობა.
14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).
15. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“(მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
17. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
18. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
19. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ 03.02.2021წ. საქმე №ას-136-2019, 29.01.2021წ. საქმე №ას-1437-2020, 12.12.2016წ. №ას-1043-1004-2016).
20. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადაო უძრავი ნივთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ირიცხება მოსარჩელე, თუმცა ფაქტობრივად ქონება მოპასუხეების მფლობელობაშია.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს.
22. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
23. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორების შედავების საფუძვლიანობა.
25. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურა მისი საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე. მოპასუხეებს ეკისრებოდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისი მფლობელობა მართლზომიერია. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი მოპასუხეების მიერ სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელობის დადასტურების მიზნით შედავებას არ შეიცავს. საკასაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი მხოლოდ მოპასუხე ნ.გ–ძის მიერ სადავო უძრავი ნივთის მფლობელობის ფაქტი.
26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში. მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი, ასევე, დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპის ერთგვარი გამოხატულებაა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას.
27. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია, მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას, ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად მიიჩნევა. მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენით გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე Nას-664-635-2016, 02.03.2017წ.; სუსგ Nას-132-2019, 30.06.2021წ.).
28. სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები შეზღუდული არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით ვერ განაცხადეს. ზემოაღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ მოპასუხე შეზღუდულია შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით და მას არ აქვს უფლება შემდგომში, საქმის არსებითად (მთავარ სხდომაზე) განხილვის დროს ან სააპელაციო და საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას სადავოდ გახადოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა თაობაზეც შესაგებელში მითითებული არ ჰქონია.
29. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეებს შესაგებლით სადავოდ არ გაუხდიათ ნ.გ–ძის მიერ სადავო უძრავი ნივთის ფლობის ფაქტი. ასეთ გარემოებაზე მითითებას არ შეიცავს არც სააპელაციო საჩივარი. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხეები მიუთითებდნენ, რომ მოსარჩელის მიერ უძრავი ნივთის აუქციონზე შეძენის დროს დარღვეულ იქნა კანონის მოთხოვნები, რის გამოც შეტანილი ჰქონდათ ადმინისტრაციული სარჩელი. სააპელაციო საჩივარში კი აღნიშნავდნენ, რომ ვინაიდან, ადმინისტრაციული დავის ფარგლებში შედავებული იყო მოსარჩელის საკუთრების უფლება, სადავო საკითხის გადაწყვეტამდე შეუძლებელი იყო მოპასუხეების მფლობელობის არამართლზომიერების დადასტურება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინებით ნ.დ–ძის საკასაციო საჩივარი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 27 ნოემბრის განკარგულებისა და „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, დაუშვებლად იქნა ცნობილი). ამდენად, მოპასუხეები თავადაც ადასტურებდნენ მათ მიერ სადავო უძრავი ნივთის მფლობელობის ფაქტს და მოკლებული არიან შესაძლებლობას აღნიშნული საკითხი სადავოდ გახადონ სააპელაციო საჩივრის განხილვის ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, თანახმად ზემოთ მითითებული სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 206-ე და 219-ე მუხლის პირველი ნაწილისა.
30. რაც შეეხება კასატორების შედავებას 2024 წლის 16 ივლისის საოქმო განჩინების (საქმეზე მტკიცებულებათა დართვაზე უარის თქმის შესახებ) კანონიერებასთან მიმართებით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძვლად, აპელანტების მიერ მითითებულ იმ გარემოებაზე, რომ მტკიცებულებების დართვით მოპასუხე ნ.გ–ძე დაადასტურებდა მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ არ ფლობს სადავო უძრავ ნივთს. პალატის მოსაზრებით, ვინაიდან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გარემოება მოპასუხეებს შესაგებლის ეტაპზე სადავოდ არ გაუხდიათ და მხოლოდ სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე მიუთითეს აღნიშნულის შესახებ, სააპელაციო სასამართლომ მართებულად უთხა უარი აპელანტებს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და არ არსებობს გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
31. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებათა მიღება და ფაქტების დადგენა არ ხდება. აღნიშნული განპირობებულია საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებით და ახალი მტკიცებულების საქმისათვის დართვის ამკრძალავ საკანონმდებლო დანაწესს წარმოადგენს საპროცესო ნორმა, 407-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამდენად, კასატორების შუამდგომლობა მტკიცებულებების საქმეზე დართვის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს და კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე დართული დოკუმენტები (19 ფურცლად).
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად მოპასუხეების მიერ სადავო უძრავი ქონების არამართლზომიერი მფლობელობის ფაქტი, გამოკვლეული და დადგენილია საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობის არსებობა.
33. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
34. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
35. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
36. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
38. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ნ.დ–ძე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ხოლო ნ.გ–ძეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.დ–ძისა და ნ.გ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. კასატორების მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
3. ნ.გ–ძეს (........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის (საგადახდო დავალება N51401557, გადახდის თარიღი 16.12.2024) 70% – 105 ლარი;
4. ნ.დ–ძესა და ნ.გ–ძეს დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე დართული დოკუმენტები 19 (ცხრამეტ) ფურცლად.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე