ას-1387-2024
23 იანვარი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ვ.გ–ი, შპს „კ–ი-..“ (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „ს.ბ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს ვ.გ–ის, ზ.გ–ისა და შპს „კ-ის“ (შემდეგში - მოპასუხეები, კერძო საჩივრის ავტორები) მიმართ, თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით (იხ. სარჩელი: ს.ფ. 1-24).
1.1. მოპასუხეებმა წარმოდენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ სარჩელი ვ.გ–ის, ზ.გ–ისა და შპს „კ-ის“ მიმართ დაკმაყოფილდა.
2.1. ვ.გ–ს, ზ.გ–ს და შპს „კ-ს“ სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2021 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებული №GჩLჩA000537758-7731446-12473507 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 128 487.59 აშშ დოლარი;
2.2. მოპასუხეებს: ვ.გ–ს, ზ.გ–ს და შპს „კ-ს“ სოლიდარულად დაეკისრათ მიუღებელი შემოსავლის სახით 2023 წლის 26 აგვისტოდან არაუმეტეს ერთი წლისა ყოველდღიურად დასარიცხი პროცენტი 38.9 აშშ დოლარი;
2.3. მოპასუხეებს: ვ.გ–ს, ზ.გ–ს და შპს „კ-ს“ სოლიდარულად დაეკისრათ პირგასამტეხლოს სახით 2023 წლის 26 აგვისტოდან არაუმეტეს ერთი წლისა ყოველდღიურად დასარიცხი პროცენტი 306.65 აშშ დოლარი;
2.4. სასამართლოს მიერ მოპასუხეებზე დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონება: საკადასტრო კოდი ........; მისამართი ქალაქი თბილისი, ქუჩა .........., არასაცხოვრებელი ფართი N4-16, სართული 4 მესაკუთრე - ზ.გ–ი (პ/ნ: ........); საკადასტრო კოდი - ...........; მისამართი - ქალაქი ჭიათურა, ..........; მესაკუთრე - ვ.გ–ი (პ/ნ: .........);
2.5. დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნების რეალიზაციის (მათ შორის, კრედიტორის მიერ დასაკუთრების ან/და მხარეთა შეთანხმებით მესამე პირზე რეალიზაციის გზით, ან/და თანხის გადახდის სანაცვლოდ იპოთეკის საგნის გამონთავისუფლების, ან/და კერძო სპეციალისტის მეშვეობით, ან/და იძულებითი აღსრულების ფარგლებში, ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით რეალიზაციის) შედეგად ამოღებული თანხა, საკმარისი არ იქნება ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება გაგრძელდება/მიექცევა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე;
2.6. შპს კ-ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 122 000 აშშ დოლარით ან ექვივალენტით სხვა ვალუტაში ბანკში დადგენილი კომერციული კურსით.
3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
4. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 თებერვლის განჩინებით მოპასუხეების საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
5. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ვ.გ–მა, ზ.გ–მა და შპს „კ-მა“ და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის განჩინებით ვ.გ–ს, ზ.გ–სა და შპს „კ-ს“ დაუდგინდათ ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და აპელანტებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად, სრულყოფილად შევსებული და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა სააპელაციო სასამართლოში, იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც არის საქმეში, ასევე 7000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის განჩინებით ვ.გ–ის, ზ.გ–ისა და შპს „კ-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
7.1. პალატამ მიუთითა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ 2024 წლის 15 მარტის განჩინების ასლი აპელანტებს გაეგზავნათ ორჯერ მათ მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ჭიათურა, სოფელი ..........., თუმცა გზავნილები აპელანტებს არ ჩაბარდათ იმ საფუძვლით, რომ ადრესატი მისამართზე არ იმყოფებოდა.
7.2. პალატამ მიუთითა, რომ მართალია საქმეში წარმოდგენილი იყო მოპასუხეთა სხვა მისამართებიც, თუმცა, სააპელაციო საჩივარი წარმოადგენდა მოპასუხეთა მიერ წარდგენილ ბოლო საპროცესო დოკუმენტს და მასზე მითითებულ მისამართზე, როგორც სასამართლოსთვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე გზავნილის გაგზავნა, ადრესატებისთვის ჩაუბარებლობის მიუხედავად, საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის მიხედვით, ჩაბარებად უნდა მიჩნეულიყო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტებს სასამართლოს გზავნილი ჩაჰბარდათ კანონით დადგენილი წესით 2024 წლის 27 ივნისს და მათ განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა. 8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ვ.გ–მა და შპს „კ-მა“ და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
8.1. კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ყველა შესაძლო მექანიზმი აპელანტებისთვის განჩინების ჩასაბარებლად, რაც არ გამოუყენებია. აღნიშნული კი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ვ.გ–ისა და შპს „კ-ის“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს ვ.გ–ისა და შპს „კ-ის“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს; სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
12. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის შეფასების საგანია ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერების საკითხი. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა ჩაბარების ალტერნატიული საშუალებები აპელანტებისათვის გზავნილის ჩასაბარებლად. შესაბამისად, არ არსებობდა ხარვეზის შეუვსებლობის საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით რეგლამენტირებულია სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესი. აღნიშნული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს იმ საპროცესო საშუალებათა ჩამონათვალს, თუ რა ფორმით შეუძლია სასამართლოს მხარისათვის შეტყობინების გაგზავნა. კერძოდ, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
16. დასახელებული საპროცესო ნორმა არ შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რომ სასამართლომ მხოლოდ ფორმალურად უნდა დაიცვას უწყების გაგზავნის პროცედურა. სასამართლომ უნდა გამოიყენოს ყველა ის საპროცესო საშუალება, რომელიც გონივრულობის დაცვით იძლევა პირის ინფორმირების შესაძლებლობას. ზემოხსენებული ჩამონათვალი, ასევე, ნორმის დანაწესი, რომ შეტყობინება უნდა გაიგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც, მიანიშნებს სასამართლოს ვალდებულებაზე, შეისწავლოს პირველი გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზი და ეცადოს, რომ განმეორებითი შეტყობინება მეტად უზრუნველყოფდეს მხარის დაბარებას. ამგვარ წესს, გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოადგენს იმავე ნორმის მე-7 ნაწილით განსაზღვრული - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებისათვის (უბნის ინსპექტორებისათვის) შეტყობინების ჩაბარების დავალდებულება და სწორედ ამგვარი ქმედითი საშუალებების უშედეგოდ განკარგვის შემდგომ შეიძლება ისარგებლოს სასამართლომ ამავე კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით (იხ. სუსგ საქმე №ას-666-622-2017, 14 ივლისი, 2017 წელი).
17. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხარვეზის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის განჩინება აპელანტებს გაეგზავნათ ორჯერ, ფოსტის მეშვეობით, მათ მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე: ჭიათურა, სოფელი ............ პირველად გაგზავნილი გზავნილის შეტყობინების ბარათში (იხ. ს.ფ. 306) ჩაუბარებლობის მიზეზი მითითებული არ არის, აღნიშნული შეტყობინების ბარათით ფოსტის თანამშრომელი ითხოვს პირადი ნომრის ან ტელეფონის ნომრის მითითებას. მეორედ გაგზავნილ გზავნილზე მითითებულია ადრესატების მხოლოდ პირადი ნომრები და საიდენტიფიკაციო კოდი, თუმცა გზავნილის შეტყობინების ბარათში (იხ. ს.ფ. 309) ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია, რომ ადრესატები მისამართზე არ დახვდნენ და დატოვა შეტყობინება. ამდენად, ასეთ შემთხვევაში, ზოგადად, მიიჩნევა, რომ დაცულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ფორმალური წინაპირობა - აპელანტებს განჩინება გაეგზავნათ ორჯერ მით მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, თუმცა წინამდებარე საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ეს ფორმალური წინაპირობა შესრულებულად ვერ ჩაითვლება.
18. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილ სარჩელში ვ.გ–ის მისამართად მითითებულია: 1). ჭიათურა, სოფელი ...........; 2). ჭიათურა, ......... ზ.გ–ის მისამართად მითითებულია: 1). თბილისი, ............; 2). ქ. თბილისი, ........., არასაცხოვრებელი ფართი N4-16, სართული 4. 3). ქ. თბილისი, .......... შპს „კ-ის“ მისამართად მითითებულია ჭიათურა, ...... აღნიშნული მისამართები მითითებულია ასევე მოპასუხეების მიერ წარმოდგენილ შესაგებელშიც. მართალია სააპელაციო საჩივარში აპელანტების მისამართად მითითებულია მხოლოდ ჭიათურა, სოფელი ..........., თუმცა საქმის მასალებით ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისას, აღნიშნულ მისამართზე გზავნილები ადრესატებს არ ბარდებოდათ. ზ.გ–ს, რომელიც ამავე დროს შპს „კ-ის“ დირექტორია, სასამართლოს გზავნილი ბარდებოდა როგორც სარჩელში მითითებულ, ასევე შესაგებელში მის მიერ მითითებულ მისამართზე (ქ თბილისი, ............, კორპ. 7, ბ. 13). ამასთან, შესაგებელში მითითებულია ტელეფონის ნომერი და სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტით დასტურდება, რომ მოპასუხე ზ.გ–ს სატელეფონო შეტყობინებით ჩაბარდა სასამართლო გზავნილი. რაც შეეხება ვ.გ–ისთვის გზავნილის ჩაბარებას, საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ ჭიათურა, სოფ. ........ გზავნილები ადრესატს ვერ ჩაბარდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გამოქვეყნებული აქვს საჯარო შეტყობინება.
19. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, რათა უზრუნველეყო აპელანტებისათვის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარება; საქმეში არსებული ალტერნატიული მისამართებისა და იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო პალატას აპელანტებისათვის გზავნილის გაგზავნის დროს შესაძლებლობა ჰქონდა მიეთითებინა პირად ნომრებთან ერთად ტელეფონის ნომერიც, რაც არ განუხორციელებია, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების მხოლოდ ფორმალური დაცვა, რაც არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ სასამართლოს მხარის ინფორმირებისათვის მის ხელთ არსებული საპროცესო საშუალებები ამოწურულად მიეჩნია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა გზავნილი (ხარვეზის დადგენის შესახებ 2024 წლის 15 მარტის განჩინება) აპელანტებისათვის ჩაბარებულად 2024 წლის 27 ივნისს (მეორედ გაგზავნილი გზავნილის ჩაუბარებლობის თარიღი).
20. საკასაციო პალატის განმარტებები და ზემოაღნიშნული დასკვნა, ასევე, ემყარება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის განზოგადებას. ერთ-ერთ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროკონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად განიხილა სასამართლოს მხრიდან იმ დროს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის გამოყენება და შემდგომში გამოუცხადებელი მხარის განცხადებაზე უარის თქმა, რომლითაც იგი საქმის წარმოების განახლებას მოითხოვდა, იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ მართლზომიერად არ განკარგა საპროცესო შეტყობინების წესები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №30459/13). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებებს, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხილეთ „აჟდაჯიჩი სლოვენიის წინააღმდეგ“ (Aždajić v. Slovenia), no. 71872/12, §49, 08/10/2015 და „განკინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ (Gankin and Others v. Russia), nos. 2430/06, 1454/08, 11670/10 და 12938/12, § 26, 31/05/2016). თუმცა, აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე (ibid.; ასევე იხილეთ mutatis mutandis, ზემოთ ციტირებული საქმე - „ზადოვნიკი“ (Zavodnik), §72).
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ვ.გ–მა და შპს „კ-მა“, სახეზეა გასაჩივრებული განჩინების ვ.გ–ისა და შპს „კ-ის“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში გაუქმებისა და ამ ნაწილში საქმის იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.გ–ისა და შპს „კ-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინება ვ.გ–ისა და შპს „კ-ის“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე