Facebook Twitter

ას-1527-2024

23 იანვარი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – მ.ი–ვა, ე.ი–ვი (მესამე პირები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები - რ.ი–ვი, გ.ი–ვი, ე.ი–ვა, ვ.ი–ვი

მესამე პირები - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ს.ბ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელემ) ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა რ.ი–ვის, გ.ი–ვის, ე.ი–ვასა და ვ.ი–ვის (შემდეგში: მოპასუხეები) მიმართ, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: მარნეული, .......... (ს/კ .........) გამოთხოვისა და აღნიშნული უძრავი ქონების მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით.

1.1. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლებით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის საოქმო განჩინებით ვ.ი–ვისა და გ.ი–ვას შუამდგომლობა არასრულწლოვნების - მ.ი–ვასა და ე.ი–ვის საქმეში მესამე პირებად ჩაბმის თაობაზე დაკმაყოფილდა. აღნიშნული პირები საქმეში ჩაებნენ მესამე პირებად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეს და დაენიშნათ ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. ამავე განჩინებით დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად მოპასუხის მხარეს საქმეში ჩაება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია. დაინტერესებულ პირად საქმეში საბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის, მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.

2.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვნილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: მარნეულში, ......... (ს/კ .........) და დადგინდა აღნიშნული უძეავი ნივთის მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მესამე პირებმა - მ.ი–ვამ და ე.ი–ვმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მ.ი–ვასა და ე.ი–ვის სააპელაციო საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.

4.1. პალატამ მიუთითა სსსკ-ის 364-ე მუხლზე, რომელიც ადგენს, რომ სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში მ.ი–ვა და ე.ი–ვი საქმეში ჩართულ იყვნენ მესამე პირებად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე და მათ მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენა იყო დაუშვებელი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მ.ი–ვამ და ე.ი–ვმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

5.1. კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრობენ მოპასუხეების ოჯახის წევრები და გადაწყვეტილება გავლენას ახდენს მათ უფლებებზე. კერძო საჩივრის ავტორები ასევე მიუთითებენ, რომ მართალია სადავო გადაწყვეტილებაში მითითებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, მაგრამ მოცემულ საქმეზე სასამართლომ კერძო საჩივრის ავტორების მიმართ დაარღვია კანონი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

9. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება. გასაჩივრებული განჩინებით მ.ი–ვსა და ე.ი–ვის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტები საქმეში ჩაბმული იყვნენ, როგორც მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე, რომლებიც არ არიან უფლებამოსილი გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.

10. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. მითითებული ნორმა ადგენს რა, სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე პირთა წრეს, სხვა პირთა მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანას არ ითვალისწინებს, კერძოდ, გადაწყვეტილების საპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვთ, მხარეებს (მოსარჩელეს, მოპასუხეს), მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მათ უფლებამონაცვლეებს, თანამონაწილეებს (თანამოსარჩელეებს, თანამოპასუხეებს) მათი თანამონაწილეობის საფუძვლებით განსაზღვრულ ფარგლებში, პირებს, რომლებიც, მართალია, არ არიან საქმეში როგორც მხარეები, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მათი უფლებები და მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ. ამასთან, დასახელებული ნორმა არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ მხარეს უფლება აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება. კანონმდებლის მიზანს წარმოადგენს მხოლოდ იმ მხარის უფლების დაცვა, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია გადაწყვეტილება. ამდენად, სააპელაციო საჩივრის ობიექტს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აპელანტის წინააღმდეგ არის გამოტანილი. სააპელაციო საჩივრით აპელანტი მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და ეს შედეგი, მისი საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიღწევადი და მისთვის სასარგებლო უნდა იყოს (იხ. სუსგ №ას-246-246-2018, 20.03.2018).

11. პალატა ყურადღებას გაამახვილებს კერძო საჩივრის ავტორის სამართლებრივ სტატუსზე და მესამე პირის ცნებასთან კავშირში მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე-89-ე მუხლებზე. აღნიშნული ნორმები ერთმანეთისგან განასხვავებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირებს ასეთი უფლების არმქონე მესამე პირებისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირი პრაქტიკულად გაიგივებულია მოსარჩელესთან, რადგან მას დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა გააჩნია. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება შესაძლოა მისი უფლებების წინააღმდეგ იყოს მიმართული და შესაბამისად, ის სარგებლობს მოსარჩელის ყველანაირი უფლება-მოვალეობით, მათ შორის ეძლევა გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების შესაძლებლობა. რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსს, ამ შემთხვევაში დაინტერესებული პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა არ აქვს და მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩამბული არის იმ მოტივით, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი უფლებამოსილია, სასამართლოს განცხადებით, სარჩელით ან საჩივრით მიმართოს მხოლოდ თავისი უფლების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, კერძო საჩივრის ავტორები სააპელაციო საჩივრით, ფაქტობრივად ასაჩივრებენ სხვა პირის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რაც დაუშვებელია (შდრ. სუსგ №ას-1075-1033-2016, 03.02.17).

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე - ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლით უზრუნველყოფილი სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება არ წარმოადგენს აბსტრაქტულ ცნებას სამართალში და ამ უფლების სუბიექტს წარმოადგენს უფლებადარღვეული პირი. სასამართლო ხელმისაწვდომობის ფართო უფლების კონკრეტულ დეფინიციას იძლევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესის დასაცავად. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ უფლებით სარგებლობის სავალდებულო წინაპირობა სხვა უფლების დარღვევა ან სადავოობაა, რაც, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს, ვინაიდან, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა რ.ი–ვის, გ.ი–ვის, ე.ი–ვასა და ვ.ი–ვის მიმართ, ხოლო, მ.ი–ვა და ე.ი–ვი მოპასუხეებად მოსარჩელეს არ მიუთითებია. შესაბამისად, სს „ს.ბ–ს“ მ.ი–ვასა და ე.ი–ვის (რომლებიც საქმეში ჩაბმულ იქნენ მესამე პირებად) გამოსახლება არ მოუთხოვია და არც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილა მათ მიმართ შედეგი. შესაბამისად, მხარის პრეტენზიები არ არის დასაბუთებული (ანალოგიურ საკითხზე პრაქტიკის თვალსაზრისით იხ. სუსგ: ას-102-2021, 31.03.2021 წელი).

14. პალატა დამატებით განმარტავს, რომ ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა ორიენტირებულია რა უფლებადარღვეული პირის უფლებრივ რესტიტუციაზე, არაერთხელ წამოჭრილა საკითხი, როდესაც მხარე ფორმალური თვალსაზრისით დავაში უფლების არმქონე პირადაა ჩაბმული, თუმცა გადაწყვეტილება შეეხება მის უფლებრივ მდგომარეობასაც, ასეთ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყოველთვის ამოწმებს უფლების დარღვევის ნამდვილობას და, მიუხედავად პირის სტატუსისა, თუკი გადაწყვეტილება მის ინტერესებს შეეხება, განსახილველად იღებს საჩივარს (პრაქტიკის თვალსაზრისით იხ. სუსგ-ებები: ას-210-200-2016, 22 აპრილი, 2016 წელი; ას-798-798-2018, 13 ივლისი, 2018 წელი). ამგვარი შემთხვევა, როგორც უკვე აღინიშნა, არ გამოვლენილა.

15. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან, კერძო საჩივრის ავტორები საქმეში ჩაბმული არიან დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირებად და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მათ წინააღმდეგ არ არის გამოტანილი, ისინი არ არიან უფლებამოსილი გაასაჩივრონ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ი–ვასა და ე.ი–ვის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე