Facebook Twitter

ას-1497-2024

23 იანვარი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე(თავმჯდომარე)

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – დ.წ–ია

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 სექტემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2024 წლის 02 სექტემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა სს „თ.ბ–მა“ (შემდეგში: საარბიტრაჟო მოსარჩელემ) და მოითხოვა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

2. განმცხადებლის განმარტებით, 2022 წლის 26 აპრილს მსესხებლებთან - შპს „ნ.ლ–თან“, ნ.ხ–ან და დ.წ–თან გაფორმდა N0004.2243975.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში 2022 წლის 26 აპრილს გაფორმდა N 7458641-11967106 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, კრედიტის თანხა 55000 - ლარი, წლიური 16% დარიცხვით, რომელიც განისაზღვრა 2022 წლის 26 აპრილიდან ფიქსირებული 16%-ით, 2025 წლის 26 აპრილიდან საბაზისო (ბანკის) განაკვეთს 11%-ს დამატებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების (მონეტარული პოლიტიკის) განაკვეთით, რომელიც ცვალებადია და განისაზღვრება 1 თვეში ერთხელ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის შესაბამისად. განმცხადებელმა მიუთითა, რომ სარჩელის წარდგენის მდგომარეობით ხელშეკრულების საპროცენტო სარგებელი შეადგენს ფიქსირებულ 16%-ს. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად საპროცენტო სარგებელი ერიცხება კლიენტის ფაქტობრივ დავალიანებას ბანკის მიმართ და იანგარიშება პროდუქტით ფაქტობრივად სარგებლობის დღეების შესაბამისად 365 დღეზე გაანგარიშებით. საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი, კერძოდ, პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ერთეულის ოდენობით და შემდეგ, დავალიანების 0.5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხი ვადაგადაცილებაშია 2022 წლის 21 ოქტომბრიდან. შესაბამისად, ამავე თარიღიდან სესხს ერიცხება პირგასამტეხლო. განცხადების წარდგენის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 1391.89 ლარს. 2024 წლის 15 აგვისტოს, ბანკმა შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულება ცალმხრივად და მიმართა არბიტრაჟს მოვალისთვის საკრედიტო დავალიანების დაკისრებაზე შემდეგი მოთხოვნებით: 1). მოპასუხეებს, შპს „ნ.ლ–ს“, ნ.ხ–ს და დ.წ–იას სოლიდარულად დაეკისროთ, სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ, N7458641-11967106 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 67454.51 ლარის გადახდა: მათ შორის ძირი - 50647.22 ლარი, დარიცხული სარგებელი -15415.40 ლარი, პირგასამტეხლო - 1391.89 ლარი. 2). მოპასუხეებს, შპს „ნ.ლ–ს“, ნ.ხ–ს და დ.წ–იას, სოლიდარულად დაეკისროთ, სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ N 7458641-11967106 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავალი სესხის ძირითადი თანხის 50647.22 ლარის წლიური 16 პროცენტი, 29.08.2024 წლიდან - ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 8103.56 ლარისა. 3). მოპასუხეებს, შპს „ნ.ლ–ს“, ნ.ხ–ს და დ.წ–იას, სოლიდარულად დაეკისროთ, სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ N 7458641-11967106 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 50647.22 ლარის წლიური 0.1 პროცენტი, ყოველდღიურად 29.08.2024 წლიდან - ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3672.83 ლარისა.

3. სს „თ.ბ–მა“ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა: 1). საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში, გარდა სს „თ.ბ–ისა“, მოპასუხეების, დ.წ– (პ/ნ ........), ნ.ხ–ის (პ/ნ .........) და შპს „ნ.ლ–ის“ (ს/კ ........) კუთვნილი/არსებული სახსრების 50%-ზე, მაგრამ არაუმეტეს 79230.90 ლარზე ყადაღის დადება. 2). პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, თუ ანგარიშზე არსებული თანხის 50% ვერ უზრუნველყოფს დაყადაღებული თანხის სრულად შევსებას, აეკრძალოს დ.წ– (პ/ნ ........), ნ.ხ–ს (პ/ნ ........) და შპს „ნ.ლ–ს“ (ს/კ ..........), კუთვნილ ანგარიშებზე ყადაღის დადების შემდგომ, ყოველთვიურად ჩარიცხული თანხიდან 1555.28 ლარის (გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი თანხის) განკარგვა, მაგრამ არაუმეტეს ყოველთვიურად ჩარიცხული თანხის 50%-ისა, ჯამურად - 79230.90 ლარის (სარჩელის ფასის) შევსებამდე.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 სექტემბრის განჩინებით სს თ.ბ–ის“ შუამდგომლობა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა: სს „თ.ბ–ის“ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში, გარდა სს „თ.ბ–სა“, ყადაღა დაედო მოპასუხე დ.წ. (პ.ნ. .......), ნ.ხ–ისა (პ/ნ ......) და შპს „ნ.ლ–ის“ (ს/კ .......) კუთვნილი/არსებული სახსრების 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 79230.90 ლარისა. დადგინდა, რომ თუ ყადაღის დადების დროისათვის, ანგარიშზე არსებული თანხის 50% ვერ უზრუნველყოფს დაყადაღებული თანხის სრულად შევსებას, დ.წ. (პ.ნ. ........), ნ.ხ–სა (პ/ნ .......), შპს „ნ.ლ–ს“ (ს/კ.......) უნდა აეკრძალოთ, ყადაღის დადების შემდგომ, კუთვნილ ანგარიშებზე ყოველთვიურად ჩარიცხული თანხიდან 1555.28 ლარის (გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი თანხის) განკარგვა, მაგრამ არაუმეტეს ყოველთვიურად ჩარიცხული თანხის 50%-ისა, ჯამურად - 79230.90 ლარის (სარჩელის ფასის) შევსებამდე.

4.1. პალატა დაეთანხმა განმცხდებლის მითითებას, რომ ვინაიდან, საჯარო რეესტრის წერილის თანახმად, მოპასუხეების საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობა არ ირკვეოდა, თუ მათი საბანკო ანგარიშების მიმართ გამოყენებული არ იქნებოდა ყადაღა, მოპასუხეები განკარგავდნენ ანგარიშზე არსებულ თანხას ისე, რომ საფრთხე შეექმნებოდა სამომავლოდ მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 სექტემბრის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა დ.წ–იამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი და არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, რის გამოც გამოყენებული უზრუნველყოფის ღონიძიების ძალაში დატოვებით, ვერ შეძლებს ოჯახის რჩენას და მისი დასაქმებაც შეუძლებელი იქნება.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

6.1. სააპელაციო პალატის მითითებით, სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისიძიება მართებულად გამოიყენა, ხოლო დ.წ–იამ ვერ შეძლო იმის დადასტურება, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზანშეუწონელია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლო მოსარჩელის საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

8. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

9. არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.

10. სსსკ-ის 35618 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები.

11. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებით უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება სააპელაციო სასამართლოები.

12. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ დავის არსებობის შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ კერძო არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვაზე. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ სს „თ.ბ–ის“ მიერ წარდგენილია საარბიტრაჟო სარჩელი შპს „ნ.ლ–ის“, ნ.ხ–ისა და დ.წ– მიმართ.

13. სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსსკ-ის 1971 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვას სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად (სუსგ Nას-970-2019, 19.07.2019წ.).

14. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

15. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება.

16. აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია, ვინაიდან მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

17. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

18. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.

19. მოცემული საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2022 წლის 26 აპრილს მსესხებლებთან - შპს „ნ.ლ–თან“, ნ.ხ–ან და დ.წ–თან გაფორმდა N0004.2243975.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში 2022 წლის 26 აპრილს გაფორმდა N 7458641-11967106 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, კრედიტის თანხა 55000 - ლარი, წლიური 16% დარიცხვით, რომელიც განისაზღვრა 2022 წლის 26 აპრილიდან ფიქსირებული 16%-ით, 2025 წლის 26 აპრილიდან საბაზისო (ბანკის) განაკვეთს 11%-ს დამატებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების (მონეტარული პოლიტიკის) განაკვეთით, რომელიც ცვალებადია და განისაზღვრება 1 თვეში ერთხელ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის შესაბამისად. განმცხადებელი მიუთითებს, რომ სესხი ვადაგადაცილებულია 2022 წლის 21 ოქტომბრიდან, შესაბამისად, ამ თარიღიდან სესხს ერიცხება პირგასამტეხლოც. სწორედ აღიშნული შეუსრულებელი ვალდებულების უზრუნველსაყოფად სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მართლზომიერია. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა, რომ არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც ყადაღის გამოყენების უკანონობას დაადასტურებს.

21. საკასაციო სასამართლო, საჩივრის ავტორის მითითება, რომ ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი და არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, რის გამოც გამოყენებული უზრუნველყოფის ღონიძიების ძალაში დატოვებით, ვერ შეძლებს ოჯახის რჩენას, ვერ გაიზიარებს და მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის მითითებული არგუმენტი არ წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონიძიების გაუქმების საფუძველს. პალატა განმარტავს, რომ საბანკო ანგარიშების დაყადაღება უზრუნველყოფის უკიდურესი სახეა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, გამოიყენოს სასამართლომ, როდესაც მოპასუხის სახელზე რაიმე ქონების მოძიება ვერ ხერხდება. მოსარჩელისა და მოპასუხის უფლებების თანაზომიერად დაცვის მიზნით, მოსარჩელემ ყველა ზომა უნდა მიიღოს მოპასუხის ქონების მოსაძიებლად, მხოლოდ მისი არარსებობის შემთხვევაში დგება საკითხი სუბიექტის ანგარიშზე არსებულ თანხაზე ყადაღის სახით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელმა წარმოადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაცია, ასევე ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რითაც დაადასტურა, რომ მოპასუხეების საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული არ არის.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საბანკო ანგარიშების სრული დაყადაღება, უდავოდ სავალალო შედეგის მომტანი იქნებოდა მოპასუხისათვის, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, გათვალისწინებულია მოპასუხის ინტერესები, ვინაიდან, იმ შემთხვევაში, თუ გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი თანხა - 1555.28 ლარი აღემატება ყოველთვიურად ჩარიცხული თანხის 50%-ს მოპასუხეს აეკრძალა ყოველთვიური შემოსავლის მხოლოდ 50%-ის განკარგვა. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობის დროს სასამართლო ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნით, რომ შესაძლოა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დავის საგანია თანხის დაკისრება. ასეთი სარჩელი კი არის მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი. ეს ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაკისრებული თანხის გადახდა მოპასუხეს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე მოუწევს, შესაბამისად, სადავო უზრუნველყოფის ღონისძიება მხარეს რაიმე დამატებით შეზღუდვას არ უწესებს. ამიტომ, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საჩივარში განვითარებულ მსჯელობას.

23. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნებისა და ამ ინსტიტუტის დანიშნულებაზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს, რაც ასახულია წინამდებარე განჩინებაში, სავსებით იზიარებს საკასაციო სასამართლო და დამატებით აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი მსჯელობა უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას შეესაბამება (იხ. სუსგ: #ას-475-2024, 26.042024 წ.).

24. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.წ–იას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე