Facebook Twitter

№ას-1378-2024

7 თებერვალი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „მ.ბ.გ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ს.გ.დ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით შპს "მ.ბ.გ–ის" სარჩელი ს.ს.გ.დ–ის მიმართ დაკმაყოფილდა:

1. ს.ს.გ.დ–ს შპს "მ.ბ.გ–ის" სასარგებლოდ დაეკისრა 43 955,20 ლარის ანაზღაურება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ს.ს.გ.დ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;

2. შპს „მ.ბ.გ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

3. ს.ს.გ.დ–ს, შპს „მ.ბ.გ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 21 977.65 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინებით შპს „მ.ბ.გ–ს“ დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზები) მითითებით და 1 098,88 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორის ადვოკატის თანამშრომელს ჩაბარდა 2024 წლის 21 ნოემბერს.

2024 წლის 26 ნოემბერს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) საკასაციო პალატას განცხადებით მომართა შპს „მ.ბ.გ–ის“ ადვოკატმა და განმარტა, რომ კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი იმყოფება საზღვარგარეთ, შესაბამისად, რწმუნებულმა ვერ შეძლო მასთან დაკავშირება და იმის გარკვევა აპირებს თუ არა კასატორი დავის გაგრძელებას საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ასევე სურს თუ არა კასატორს ისარგებლოს მისი მომსახურებით, თუ სურს საქმე აწარმოოს სხვა ადვოკატის მონაწილეობით. ღნიშნულიდან გამომდინარე წარმომადგენელმა იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის 5 დღით გაგრძელების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 დეკემბრის განჩინებით შპს „მ.ბ.გ–ს“ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით და დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზები) მითითებით და 1 098,88 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ი.კ–ძეს ჩაბარდა 2024 წლის 20 დეკემბერს. კასატორს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „მ.ბ.გ–ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლება განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება და უზრუნველყონ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება – უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე, თუმცა სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია შეიზღუდოს. ამდენად, სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 დეკემბრის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო ბარათით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება 2024 წლის 20 დეკემბერს ჩაბარდა კასატორის წარმომადგენელს ი.კ–ძეს პ/ნ ........ (იხ.: საფოსტო ბარათი - ტ.I ს.ფ. 251; მინდობილობა, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ტ.I, ს.ფ 47-49), რომლის მინდობილობა ძალაშია, ასევე საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორს არ წარმოუდგენია განცხადება ი.კ–ძისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

სსსკ–ის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კასატორისთვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2024 წლის 21 დეკემბრიდან და ამოიწურა ამავე წლის 25 დეკემბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე - ოთხშაბათი. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2024 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

სსსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ–ის 396–ე მუხლის თანახმად, ვინაიდან, კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო მისთვის დადგენილი ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284–ე, 285–ე მუხლებით, 396–ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „მ.ბ.გ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე რევაზ ნადარაია