Facebook Twitter

ას-1536-2024

23 იანვარი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ.დ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.ს.კ–ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ს.ს.კ–ამ“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს რ.დ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, მოპასუხისათვის 11107.40 ლარის დაკისრების მოთხოვნით (იხ. სარჩელი: ს.ფ. 1-18).

1.1. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ს.ს.კ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 11 107.40 ლარის გადახდა.

3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა რ.დ–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ივნისის განჩინებით რ.დ–ძის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. ამავე განჩინებით დადგინდა სააპელაციო საჩივრის განხილვა მთავარ სხდომაზე, 2024 წლის 18 ივლისს, 15:00 საათზე.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ივლისის განჩინებით შპს „ს.ს.კ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. რ.დ–ძის სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

5.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი მხარე, რომელის კანონით დადგენილი წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ. მას არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. პალატამ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საფუძვლიანი იყო და დააკმაყოფილა იგი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა რ.დ–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

6.1. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლო უწყება არც აპელანტს და არც მის წარმომადგენელს არ ჩაბარებიათ. ლ.ბ–ძე კი, რომელსაც ჩაბარდა უწყება, როგორც აპელანტის მეუღლეს, ცხოვრობდა რ.დ–ძის მეზობლად და გზავნილის ჩაბარების დროისათვის (2024 წლის 04 ივლისი) არ იყო აპელანტის ოჯახის წევრი. ლ.ბ–ძე რ.დ–ძის მეუღლე გახდა 2024 წლის 16 ოქტომბერს და ის ამ დღიდან ითვლება აპელანტის ოჯახის წევრად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 დეკემბრის განჩინებით რ.დ–ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს; სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

10. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია აპელანტის გამოუცხადებლობის საფუძვლით გამოტანილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

12. სსსკ-ის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. ანალოგიური შინაარსისაა სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

13. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით (სუსგ №ას-1668-2019, 28.02.2020წ.) მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ (შდრ. სუსგ-ებები: Nას-1274-2019, 31.07.2020წ., Nას-1265-2019, 27.12.2019წ.).

15. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. სსსკ-ის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

16. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება წარმოადგენს მხარის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის პროცესუალურ შედეგს და მისი გამოყენების მართლზომიერება პირდაპირ უკავშირდება საკითხს, იყო თუ არა მხარე ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის მიხედვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის შესახებ და უწყება ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა ერთ-ერთ მათგანს ან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

17. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ივნისის განჩინება, რ.დ–ძის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და მისი მთავარ სხდომაზე განსახილველად 2024 წლის 18 ივლისს, 15:00 საათზე დანიშვნის შესახებ, გაეგზავნა აპელანტ რ.დ–ძეს, საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე - ხელვაჩაური, სოფ. ........... სასამართლო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ გზავნილი ჩაჰბარდა მეუღლეს - ლ.ბ–ძეს (იხ.: ს.ფ. 236).

18. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ გზავნილის ჩაბარების დროისათვის (2024 წლის 04 ივლისი) ლ.ბ–ძე იყო აპელანტის მეზობელი და არა ოჯახის წევრი. ლ.ბ–ძე რ.დ–ძის მეუღლე გახდა 2024 წლის 16 ოქტომბერს და ის ამ დღიდან ითვლება აპელანტის ოჯახის წევრად.

19. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაბარდა მეზობელს და არა მისი ოჯახის წევრს, ვერ გაიზიარებს და მიუთითებს გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი. ამ დოკუმენტით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და სასამართლო ხდომის დანიშვნის შესახებ განჩინება აპელანტის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე ადრესატისათვის გადასაცემად ჩაბარდა ლ.ბ–ძეს, რომელიც არის სრულწლოვანი და მანვე მიუთითა, რომ წარმოადგენს ადრესატის მეუღლეს. შესაბამისი აღნიშვნა მითითებულია სასამართლო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ სადავო სასამართლო უწყება აპელანტს ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით, იმ მისამართზე, რომელიც თავად დაასახელა. შესაბამისად, აპელანტი მხარე ვალდებული იყო დანიშნულ დროს გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე ან დაედასტურებია გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. თუმცა, საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ კერძო საჩივარი პრეტენზიას არ შეიცავს.

20. პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.დ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე