ას-1647-2023
31 ივლისი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.უ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ს.კ.უ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად, დამზღვევის მიმართ დამდგარი ზიანის 8283 ლარის ანაზღაურება (იხ.: სარჩელი, ტ.1, ს.ფ. 2-21).
1.2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარჩელი სს „ს.კ.უ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 8283 ლარის გადახდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „ს.კ.უ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სს „ს.კ.უ–ს“ შორის, 2022 წლის 7 ივნისს გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება, რომლითაც დაზღვეულ იქნა საჯარო რეესტრის კუთვნილი MITSUBISHI-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით .......
5.2. სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების 2022 წლის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის ტერმინთა განმარტებების ნაწილის თანახმად, შემთხვევად განისაზღვრება შემთხვევა, როდესაც ზიანი მიადგა დაზღვეულ სატრანსპორტო საშუალებას, დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების უფლებამოსილი მძღოლისა და მგზავრების ჯანმრთელობას ან დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების უფლებამოსილი მძღოლის მიერ ექსპლუატაციისას დამზღვევს წარმოეშვა პასუხისმგებლობა მესამე პირის მიმართ. იმავე დოკუმენტის 1-ლი ნაწილის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისგან, თუ დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა დადგა უხეში გაუფრთხილებლობით.
5.3. 2022 წლის 30 ივნისს 13:54 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ......... დაზიანდა დაზღვეული ავტომობილი. ადგილზე გამოწერილი საჯარო ქვითრის მიხედვით, სამართალდამრღვევად ცნობილ იქნა ჯ.ე–ძე, ხოლო სამართალდარღვევის საფუძვლად მითითებულ იქნა, რომ მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის სწორი მართვა, რა დროსაც შეეჯახა ელექტრო ბოძს. ადგილზე შედგენილი გამოკითხის ოქმის თანახმად, ჯ.ე–ძემ განმარტა, რომ ავტომობილის დაქოქვის შემდეგ, ჩააგდო უკანა სვლის სიჩქარეში, უნდოდა უკან მოძრაობა, მაგრამ ავტომანქანა წავიდა წინ და შეეჯახა ბეტონის ელექტრო ბოძს, რასაც შედეგად მოჰყვა ავტომობილის დაზიანება. მოძრაობის დაწყების დროს ავტომანქანა ელექტრო ბოძიდან დაშორებული იყო დაახლოებით ერთი მეტრით.
5.4. დაზღვეული ავტომობილის მძღოლმა, ჯ.ე–ძემ სადაზღვევო კომპანიას განუცხადა შემდეგი - „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მანქანა მეყენა ელექტრო გადამცემ ბოძთან ახლოს, როდესაც მანქანაში დავჯექი და გადავრთე უკუსვლის რეჟიმში, უცებ წინ გამიქნია და დაზიანდა მანქანის ფრთები, ე.წ. კაპოტი, ბუფერი და ფარები“.
5.5. სადაზღვევო კომპანიის 2022 წლის 15 სექტემბრის წერილით (საჯარო რეესტრის კანცელარიაში რეგისტრაციის თარიღი: 19.09.2022; ნომერი: 253748/17) საჯარო რეესტრს უარი ეთქვა ზარალის ანაზღაურებაზე. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია, რომ შემთხვევა დადგა უხეში გაუფრთხილებლობით.
5.6. სადავო სადაზღვევო შემთხვევით დამდგარმა ზიანმა შეადგინა 8283 ლარი, შპს „კ.მ–ის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი ..........) 2022 წლის 16 ივლისის ინვოისი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
5.7 პალატამ ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულების პირობებსა და სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის მოთხოვნებზე ერთობლივად და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტებით შეთანხმდა გამონაკლისი შემთხვევები, რომლებიც დამზღვევს ათავისუფლებდა სადაზღვევო ანაზღაურებისგან. მათ შორისა იყო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების 2022 წლის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 1-ლი ნაწილის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისგან, თუ დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა დადგა უხეში გაუფრთხილებლობით. შესაბამისად, მხარეებმა, სახელშეკრულებო პირობით დაადასტურეს სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებული პირობა და თავად გამორიცხეს მზღვეველის ვალდებულება ისეთი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, როდესაც შედეგი გამოწვეული იქნებოდა დაზღვეულის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.
5.8. პალატამ მიუთითა, რომ პირველ რიგში შესაფასებელი იყო დაზღვეული და დაზიანებული ავტომობილის მძღოლისა და მოსარჩელის მიერ სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით გაკეთებული განმარტებების საფუძვლიანობა. მოსარჩელის განმარტებით, ავტომობილის დაძვრისას მძღოლმა გადაცემათა კოლოფი მომართა უკუ სვლის რეჟიმში, თუმცა შემთხვევის ადგილის რელიეფური მდგომარეობის გათვალისწინებით ავტომობილი წინ დაგორდა და შეეჯახა ელექტრო ბოძს. პალატამ აღნიშნა, რომ საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად მოსარჩელეს რაიმე მყარი მტკიცებულება, გარდა შემთხვევის ადგილის ფოტოსურათებისა, საქმეში არ წარმოუდგენია. თავის მხრივ მოპასუხე მხარემ, რომელიც უთითებდა უფლებამოსილი მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე, წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეფასებული არ ყოფილა. აღნიშნული დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილის დახრის, ზედაპირის მდგომარეობის და სხვა პირობების (ქვები, ჩაღრმავება, ბალახი და სხვა) გათვალისწინებით, ავტომანქანა ვერ გაგორდებოდა ვერც გადაცემათა ცვლის კოლოფის მართვის ბერკეტის ნეიტრალურ პოზიციაში ყოფნისას და ვერც გამორთული გადაბმულობის პირობებში; გადაცემათა მექანიკურად ცვლის კოლოფის მექანიზმების, სისტემების და მოწყობის გათვალისწინებით, ტექნიკურად გამართული ავტომობილის კოლოფის მართვის ბერკეტის უკუსვლის პოზიციაში გადართვის შემთხვევაში შეუძლებელია გადაბმულობის ჩართვის შემდგომ ავტომობილი წავიდეს წინ. პალატამ მითითებული დასკვნის შინაარსისა და იმის გათვალისწინებით, რომ ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო რაიმე წონადი არგუმენტი ან მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, დადგენილად მიიჩნია, რომ დაზღვეული ავტომობილის მძღოლმა ავტომობილის დაძვრისას გადაცემათა კოლოფი მომართა წინა სვლის რეჟიმში და გაზის საფეხურზე პედალირების შედეგად ავტომობილი შეეჯახა ბეტონის ბოძს. პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ფოტოსურათებზე აღბეჭდილ ავტომობილის დაზიანებებზე და მიიჩნია, რომ შეუძლებელია ავტომობილმა ერთი მეტრის მანძილზე მხოლოდ დაგორებით ისეთი სიჩქარე განავითაროს, მით უფრო სწორ რელიეფზე, რომ ასეთი დაზიანება მიიღოს. პალატამ ემპირიული ცოდნის საფუძველზე მიიჩნია, რომ მძღოლმა ავტომობილი მხოლოდ წინსვლის რეჟიმში კი არ მომართა, არამედ საკმაოდ მძლავრად დაძრა, ერთ მეტრში მდგომ ელექტრო ბოძს შეეჯახა მთელი ძალით, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად დაზიანდა ავტომობილი.
5.9. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო საამართლომ მიიჩნია, რომ მძღოლის მიერ საჭირო იყო უმარტივესი მანევრის განხორციელება, რა დროსაც მძღოლს მის წინ დაახლოებით ერთ მეტრში მდგარი ერთადერთი ბეტონის ბოძისათვის უნდა აერიდებინა მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი. მძღოლის მიერ მანევრის შესრულების დროს რაიმე გარე ფაქტორებს, რასაც შეიძლებოდა ობიექტურად შეეშალა ხელი მძღოლის ყურადღების კონცენტრირებისათვის, ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, ბეტონის ბოძთან დაჯახება, პალატის მოსაზრებით, მეტყველებს ავტომობილის მართვის საბაზისო წესების უხეშ დარღვევაზე, რაც ვერანაირად ვერ იქნებოდა შეფასებული მარტივ გაუფრთხილებლობად სსკ-ის 829-ე მუხლის მიზნებისთვის და გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნულ საკითხზე საკასაციო პალატის მიერ დადგენილი პრაქტიკა, არასწორად დაადგინა საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი შეფასება მისცა მათ. არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შემთხვევის დროს ავტომანქანას სიჩქარე განვითარებული არ ჰქონია, აღნიშნული კი, საკასაციო სასამართლოს არაერთ საქმეში მითითებული განმარტების მიხედვით, მარტივ გაუფრთხილებლობად ფასდება. მძღოლის მიმართ გამოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა აქტითაც (საჯარიმო ქვითარი) დასტურდება, რომ მძღოლი არ იყო ალკოჰოლური თუ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, ავტომანქანაში იმყოფებოდა მარტო, შესაბამისად, ავტომანქანაში არ იყო მგზავრთა გადაჭარბებული რაოდენობა, მოძრაობის დაწყებამდე მძღოლმა მანქანა ჩააგდო უკანა სვლის გადაცემათა კოლოფში ყველა ნორმის დაცვით, მაგრამ გზის საფარის უსწორმასწორობისა და დამრეცი ტერიტორიის გამო, მძღოლის განზრახვის გარეშე, მანქანა დაგორდა წინა მიმართულებით. კასატორის მოსაზრებით, შესაძლოა სახეზე იყოს გაუფრთხილებლობა, მაგრამ მარტივი და არა უხეში.
8.2. კასატორს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ მძღოლი ავტომანქანის გადაცემათა კოლოფს შეცდომით მომართვდა წინა მიმართულებით სვლისათვის, ნაცვლად, უკანა მიმართულებით სვლისა, სახეზე იქნებოდა მარტივი გაუფრთხილებლობა, მძღოლის მარტივი უყურადღებობა, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მზღვეველის მიერ ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად.
8.3. საკასაციო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე, რომლის თანახმად, მძღოლმა ავტომანქანა საკმაოდ მძლავრად დაძრა, რის შედეგადაც ერთ მეტრში მდგომ ბოძს შეეჯახა მთელი ძალით. საპელაციო პალატის აღნიშნულ მსჯელობას კასატორი არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ ავტომანქანას ძლიერი დაზიანება არ აღენიშნება. ამასთან, აღნიშნული შემთხვევა მაღალი სიჩქარით დაჯახებისგან რომ იყოს გამოწვეული, ეს პირველ რიგში აღნიშნული იქნებოდა პატრულის მიერ შედგენილი ოქმში. ასევე, ძლიერი დაჯახების შედეგად გაიხსნებოდა უსაფრთოების ბალიში, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი. ფოტოებიდან ნათლად ირკვევა, რომ მძღოლმა ყველანაირად სცადა თავიდან აერიდებინა ავტოსაგზაო შემთხვევა, საჭე უკიდურეს მარჯვენა მხარეს მომართა, რათა არიდებოდა მის წინ განთავსებულ ბოძს, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ბოძი განთავსებული იყო ძალიან ახლოს და ავტომანქანა იყო დიდი გაბარიტების მქონე, დროის სიმცირის გამო ვერ მოასწრო ბოძისათვის მანქანის სრულად არიდება. ფოტოებიდან დგინდება, რომ ავტომანქანა უკიდურესი მარცხენა ნაწილით არის ბოძზე დაჯახებული, ხოლო საბურავები მიმართულია უკიდურეს მარჯვენა მხარეს.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილი (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), ამავე კოდექსის 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) და 821-ე (მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში) მუხლები.
13. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულია დაზღვევის ხელშეკრულება; სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა. მზღვეველი სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს იმ საფუძვლით, რომ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის მოპასუხის მიერ ანაზღაურების საფუძვლის არსებობა.
14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება საკუთარი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ამდენად, განსახილველ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, მართებულად შეფასდეს მძღოლის ბრალეულობა, კერძოდ, მისი მხრიდან ვლინდებოდა უხეში გაუფრთხილებლობა თუ მარტივი გაუფრთხილებლობისთვის დამახასიათებელ ნიშნებს ჰქონდა ადგილი. აღნიშნული განაპირობებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა დამზღვევმა უნდა ამტკიცოს, მზღვეველმა კი უნდა დაასაბუთოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისია და მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ.: №ას-1091-2022, 23.02.2023წ.).
15. სამოქალაქო კანონმდებლობა არ ქმნის უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (იხ.: სუსგ №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-865-2023, 29.09.2023წ.; №ას-422-2023, 9.11.2023წ.). უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას (იხ.: სუსგ №ას-654-2019, 26.06.2020წ.; №ას-499-2023, 7.06.2023წ.). გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანხვდენილი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე, სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის დაუთმობლობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე ან არაფხიზელი მესამე პირისათვის და ა.შ. (იხ.: სუსგ №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-1091-2022, 23.02.2023წ.). სადაზღვევო ხელშეკრულებაში/პოლისში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი, დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება, ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ ხელშეკრულებას და თვითონვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს (შეად. სუსგ-ებს: N ას-1147-1067-2017, 29.12.2017წ; N ას-618-618-2018, 16.11.2020წ.). ამდენად, დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევები ვიწროდ უნდა განიმარტოს, იმგვარად, რომ მზღვეველთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება არ წახალისდეს და ამით საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის სამართლებრივ დანიშნულებასა და მიზანს.
16. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არ არის ზიანის არსებობის ფაქტი და ზიანის გამომწვევი სუბიექტი, ასევე სადაზღვევო შემთხვევასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა, მხარეთა შორის სადავოა მხოლოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მძღოლის მართლსაწინააღმდეგო ქმედების „უხეშ გაუფრთხილებლობად“ კვალიფიკაცია. შესაბამისად, სადავო შემთხვევის სწორად გადაწყვეტისათვის უნდა შეფასდეს მძღოლის (მოსარჩელე) ქმედება, კერძოდ, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა „უხეშ გაუფრთხილებლობას“, თუ ვლინდება მარტივი გაუფრთხილებლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები, ვინაიდან, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება უხეში გაუფრთხილებლობა, ეს გამორიცხავს მზღვეველის პასუხისმგებლობას (სსკ-ის 829-ე მუხლი) კანონისა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
17. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია დაზღვევის მომსახურების სატენდერო დოკუმენტაცია, რომლის 1-ლი ნაწილის 1-ლი მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, კონსოლიდირებული ტენდერით განსაზღვრული ერთ-ერთი სადაზღვევო რისკია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ( არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მიუხედავად იმისა, მოძრაობდა, თუ იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება. მითითებული სატენდერო დოკუმენტაციის მეორე მუხლი შეეხება საერთო გამონაკლისებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მზღვეველი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანი. აღნიშნული მუხლის „ო“ ქვეპუნქტი განმარტავს, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზიანი არ ანაზღაურდება უხეში გაუფრთხილებლობისას. „უხეში გაუფრთხილებლობის“ ლეგალურ დეფინიციას კი, როგორც უკვე აღნიშნა სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა და მისი წინაპირობები ხელშეკრულებით არც მხარეებს განუსაზღვრავთ. შესაბამისად, საკასაციო პალატამ დაზღვევის ნორმების სამართლებრივი ანალიზისა და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, კონკრეტულ შემთხვევაში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით უნდა შეაფასოს აღნიშნული საკითხი.
18. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ შემთხვევის დადგომის დროს მძღოლის მიერ ავტომანქანის სიჩქარის განვითარება, არ დასტურდება. შესაბამისად, სიჩქარის იმ ხარისხის გადაჭარბებას, რაც მძღოლის მხრიდან აუცილებელი წინდახედულობის ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევად შეფასდება, ადგილი არ ჰქონია. მძღოლის მიმართ შედგენილი საჯარიმო ქვითრით დგინდება, რომ მძღოლი არ იყო ალკოჰოლური თუ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ და ავტომანქანაში იმყოფებოდა მარტო, ანუ მანქანაში არ იყო მგზავრთა გადაჭარბებული რაოდენობა. ასევე დადგენილია, რომ ავტომანქანა იდგა განათების ბოძთან დაახლოებით ერთ მეტრში. ფაქტია, რომ მძღოლს ავტომანქანის ბოძისათვის ასაცილებლად უკუსვლა უნდა განეხორციელებინა, თუმცა, ავტომანქანა წინ დაძრა და შეეჯახა განათების ბოძს. სააპელაციო სასამართლომ მძღოლის ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაციისათვის ყურადღება გაამახვილა შემდეგზე: საექსპერტო კვლევის შედეგების მხედველობაში მიღებით, კერძოდ იმის გათვალისწინებით, რომ დაღმართის არარსებობის გამო ავტომობილი თავისით ვერ დაგორდებოდა (მითუმეტეს ერთი მეტრის მონაკვეთში ასეთი ძალით ვერ დაგორდებოდა) და ასევე იმის მხედველობაში მიღებით, რომ უკუსვლის რეჟიმში მომართვის შემთხვევაში ავტომობილი წინ ვერანაირად ვერ შეძლებდა გადაადგილებას, მიიჩნია, რომ დაზღვეული ავტომობილის მძღოლმა ავტომობილის დაძვრისას გადაცემათა კოლოფი მომართა წინა სვლის რეჟიმში და გაზის საფეხურზე პედალირების შედეგად ავტომობილი შეეჯახა ბეტონის ბოძს. პალატამ ასევე მიიჩნია, რომ მძღოლმა ავტომობილი მხოლოდ წინსვლის რეჟიმში კი არ მომართა, არამედ საკმაოდ მძლავრად დაძრა, რის შედეგადაც ერთ მეტრში მდგომ ელექტრო ბოძს შეეჯახა მთელი ძალით, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად დაზიანდა ავტომობილი. იმ პირობებში, როდესაც ავტომობილს ერთ მეტრში ჰქონდა დაბრკოლება, მძღოლმა მინიმალური ყურადღების მოთხოვნის დარღვევით, არასწორად მომართა გადაცემათა კოლოფი და კვლავ მინიმალურ მოთხოვნათა დარღვევით მძლავრად დაძრა ავტომობილი. ავტომობილის მძლავრ აქსელერაციას რომ არ ჰქონოდა ადგილი, გადაცემათა კოლოფის არასწორად მომართვის პირობებშიც კი შესაძლოა, რომ მძღოლს მოესწრო რეაგირება და თავიდან აერიდებინა ავტომობილის დაზიანება. შესაბამისად, ასეთ უწყინარ ვითარებაში (ზაფხულის მშრალ ამინდში, დღისით), იმ უმარტივესი მანევრის განხორციელებისას, რა დროსაც მძღოლს მისგან წინ დაახლოებით ერთ მეტრში მდგარი ერთადერთი ბეტონის ბოძისათვის უნდა აერიდებინა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი, ასეთი დარღვევების დაშვების შედეგად, მთელი ძალით ბეტონის ბოძთან დაჯახება, პალატის მოსაზრებით, მეტყველებს ავტომობილის მართვის საბაზისო წესების უხეშ დარღვევაზე, რაც ვერანაირად ვერ იქნება შეფასებული მარტივ გაუფრთხილებლობად სსკ-ის 829-ე მუხლის მიზნებისთვის. საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს ამ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ძირითადად დაკავშირებულია მძღოლის მხრიდან გარკვეულ უყურადღებობასთან/შეცდომასთან. მოცემულ შემთხვევაში, მანქანა არ იდგა დაღმართზე, თუმცა ის უკუსვლის ნაცვლად, წინ დაიძრა, რაც ერთმნიშვნელოვნად მძღოლის შეცდომის შედეგია (საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა გამორიცხავს, ტექნიკურად გამართული ავტომობილის კოლოფის მართვის ბერკეტის უკუსვლის პოზიციაში გადართვის შემთხვევაში, გადაბმულობის ჩართვის შემდგომ, ავტომანქანის წინ წასვლას). დადგენილია, რომ ავტომანქანა გაჩერებული იყო განათების ბოძთან ახლოს. ავტომანქანის უკუსვლის ნაცვლად წინ დაძვრა, მძღოლისათვის, თავისთავად გამოიწვევდა მოულოდნელობას და სწორედ განათების ბოძთან ახლოს მდებარეობა უმცირებდა მას შემთხვევის თავიდან აცილების შესაძლებლობას, თუნდაც მინიმალური უყურადღებობის პირობებში. ამდენად, ასეთი გარემოებების ერთობლიობა, იძლევა იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მოცემული ავტოსაგზაო შემთხვევა არ გამოუწვევია მძღოლის მიერ წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, მითუმეტეს იმ პირობებში, რომ შემთხვევის დადგომისას მძღოლი არ იყო ნასვამი. რაც შეეხება სააპელაციო პალატის მითითებას მასზედ, რომ მძღოლმა მძლავრად დაძრა ავტომანქანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოძს არ დაეჯახებოდა, პალატა ასევე ვერ გაიზიარებს, რადგან სააპელაციო პალატის მიერ მითითებული სიმძლავრით ავტომანქანის დაძვრის შემთხვევაში, ავტომანქანის საბურავები დატოვებდა შესაბამის კვალს, ავტომანქანის მიერ ასეთი კვალის დატოვების ფაქტი კი სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი არ არის. ამასთან, ასეთი კვალის დატოვების ალბათობა მაღალია იმ დროს, როდესაც მანქანა დგას შერეული გრუნტის მქონე ზედაპირზე, რომელიც ნაწილობრივ დაფარულია მიწით, ხოლო ნაწილობრივ ხრეშით, რასაც ამ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომისას მძღოლის მხრიდან ადგილი არ ჰქონია იმ ხარისხის უყურადღებობას, რომელიც შეიძლება შეფასდეს უჩვეულოდ მაღალი ხარისხის უყურადღებობად, რაც თავის მხრივ, ქმედების უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილად მიჩნევის შესაძლებლობას იძლევა.
19. საკასაციო პალატა ითვალისწინებს მყარად დადგენილ პრაქტიკას, რომლის თანახმად, ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულობის ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, გამორიცხვის მეთოდით უნდა შეფასდეს მარტივ გაუფრთხილებლობად და მიიჩნევს, რომ არ იკვეთება მძღოლის მიერ წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევად მიჩნევის საფუძველი. მძღოლის მიერ უხეში გაუფრთხილებლობლობით მოქმედებას ვერ ადასტურებს ასევე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან, მასში მითითებული არ არის რაიმე ისეთი გარემოების შესახებ, რაც მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების მკვეთრად დარღვევას და თავისი მოქმედებით აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნების უჩვეულოდ მაღალი ხარისხით დაუმორჩილებლობას დაადასტურებდა. შესაბამისად, აღნიშნული დასკვნის გაზიარების შემთხვევაშიც, დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევის არსებობა არ დასტურდება, ხოლო მხარეებმა სადაზღვევო რისკად მიიჩნიეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ისე, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით მოხდება იგი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მზღვეველის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი არ იკვეთება.
20. რაც შეეხება სააპელაციო პალატის მითითებას, მოსარჩელის მიერ სათანადო მტკიცებულებების წარუდგენლობაზე, საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ერთობლიობა იძლევა მძღოლის მოქმედების მარტივ და არა უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას და არამართლზომიერია ამ მოტივით სადაზღვევო კომპანიის უარი ზიანის ანაზღაურებაზე.
21. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ უმნიშვნელოვანესია სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებული დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევის ვიწრო განმარტება, იმგვარად, რომ მზღვეველები პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლებაზე არაკეთილსინდისიერად არ წახალისდნენ და ამით, საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის სამართლებრივ დანიშნულებასა და მიზანს (იხ.: სუსგ №ას-1479-2019, 21.01.2020წ.; №ას-595-2022, 28.04.2023წ.). განსახილველ შემთხვევაში კი, აუცილებელი წინდახედულების ნორმის ფარგლების განსაკუთრებით მძიმედ დარღვევის დამადასტურებელი დამატებითი ფაქტორების გარეშე, ავტომანქანის განათების ბოძზე შეჯახების უხეშ გაუფრთხილებლობად მიჩნევა, ნორმით დადგენილი საგამონაკლისო შემთხვევის ვრცლად განმარტება იქნებოდა.
22. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი დაკმაყოფილდეს. სს „სადაზღვრვო კომპანია უ–ს“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 8283 ლარის ანაზღაურება.
23. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
24. განსახილველ შემთხვევაში, სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელსა და საკასაციო საჩივაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 662.64 (248.49+414.15) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარჩელი სს „ს.კ.უ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდეს;
4. სს „ს.კ.უ–ს“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს 8283 ლარის გადახდა;
5. სს „ს.კ.უ–ს“ (........) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (2.....) სასარგებლოდ დაეკისროს პირველი და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 662.64 (248.49+414.15) ლარის ანაზღაურება.
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ლაშა ქოჩიაშვილი