Facebook Twitter

საქმე №ას-1093-2024

04 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „თ.ბ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ლ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეკრულების პუნქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თ.ლ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „თ.ბ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „ბანკი“ ან „აპელანტი“) მიმართ და მოითხოვა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 14.01.2021წ. გაფორმებული, სატარიფო პაკეტში მითითებული „ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ“ ხელშეკრულების 8.3.2 პუნქტის ბათილად ცნობა.

2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2.1. მოსარჩელემ 2023 წლის ივლისში ხაზინაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის მიზნით მიმართა მოპასუხე ბანკს. თანხის გადახდისას ბანკის თანამშრომელმა მომსახურებისათვის 1 ლარის ნაცვლად 4 ლარი მოითხოვა, ხოლო მოსარჩელის კითხვაზე - თუ რატომ გახდა მომსახურება ასე ძვირი, განმარტა, რომ 2023 წლის ივნისიდან მოხდა მომსახურების ტარიფების ბანკის მიერ ცალმხრივად შეცვლა;

2.2. მოსარჩელემ ბანკიდან გამოითხოვა მის მიერ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულება და ხელშეკრულების ცვლილებების თაობაზე ინფორმაცია. მოსარჩელეს გადასცეს პასუხი მის კითხვებზე და განაცხადი სატარიფო პაკეტის რეგისტრაციაზე ერთ ფურცლად, სადაც ერთ-ერთ პუნქტში მითითებულია, რომ ხელშეკრულების პირობების ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე და თუ მოსარჩელე ხელს აწერს ამ ფურცელს, ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ვებგვერდზე არსებულ ხელშეკრულების პირობებსაც;

2.3. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელემ წერილობითი საჩივარი წარადგინა ბანკში, სადაც განმარტა, რომ ორმხრივ ხელშეკრულებაში ცალმხრივად პირობების ცვლილება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება ნების ავტონომიის არსს. შესაბამისად, კეთილსინდისიერების პრინციპს და ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შედგენის წესს, რის გამოც ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პუნქტი ბათილია ან არ არის ხელშეკრულების ნაწილი. თუმცა, ბანკმა მოსარჩელის პოზიცია არ გაიზიარა;

2.4. სახელმწიფო ბაჟის გადახდისას მოსარჩელეს მოუწია ზედმეტი თანხის - 12 ლარის იძულებით გადახდა (სამ საქმეზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟზე ზედმეტად გადახდილი 3 ლარი), რაც უსაფუძვლოდ იყო მოთხოვნილი;

2.5. მოპასუხეს მოსარჩელესთან ხელშეკრულების გაფორმების დროს მისთვის ძირითადი ხელშეკრულება არ გადაუცია. ამასთან, ფორმულარში მხოლოდ და მხოლოდ მითითებულია, რომ ვერბგვერდზე არის ძირითადი ხელშეკრულება, რომლის ჩამოტვირთვაც შესაძლებელია. მოპასუხეს ცალკე არ მიუთითებია, რომ ხელშეკრულების ძირითად ნაწილში არსებობს განსაკუთრებული და უჩვეულო რეგულაცია - 8.3.2 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მოპასუხეს ეძლევა ხელშეკრულების ცალმხრივად შეცვლის უფლება.

3. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მოსარჩელესა და ბანკს შორის ურთიერთობა რეგულირდება „ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ“ ხელშეკრულებით, რომელიც განთავსებულია ბანკის ვეგვერდზე, ხოლო მოსარჩელემ სატარიფო რეგისტრაციის განაცხადზე ხელმოწერით დაადასტურა, რომ დეტალურად იცნობდა აღნიშნული ხელშეკრულების პირობებს; ბანკმა მოსარჩელეს მოკლეტექსტური შეტყობინების სახით გაუგზავნა ინფორმაცია მომსახურების ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავდა, რომ იგი წინასწარ იყო გაფრთხილებული აღნიშნულთან დაკავშირებით და უნდა გაეთვალისწინებინა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ხელშეკრულების 8.3.2 პუნქტის ბათილად ცნობის ნაწილში და დადებისთანავე ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 14.01.2021წ. გაფორმებული, სატარიფო პაკეტებში მითითებული „ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ“ ხელშეკრულების 8.3.2 პუნქტი; იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრების ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. მოსარჩელესა და ბანკს შორის 2021 წლის 14 იანვარს გაფორმდა განაცხადი სატარიფო პაკეტის რეგისტრაციაზე - „ნაკრები 2“. ამავე თარიღიდან მოსარჩელე ბანკში ფლობს ბარათს - „VISA GOLD“ (ბოლო ოთხი ციფრი - 0558);

7.2. სატარიფო პაკეტის რეგისტრაციაზე N 13IN74627 განაცხადის თანახმად, განმცხადებელმა - მოსარჩელემ მოითხოვა, გააქტიურებოდა სატარიფო პაკეტი - „ნაკრები 2“, ასევე, მოითხოვა ბარათის („VISA GOLD“) დამზადება. აღნიშნულ განაცხადს ხელს აწერს მოსარჩელე და მისი ხელმოწერა დამოწმებულია ბანკის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ;

7.3. განაცხადის მიხედვით, განაცხადზე ხელმოწერით კლიენტი ადასტურებს, რომ: დეტალურად იცნობს ბანკის ინტერნეტ გვერდზე - www.tbcbank.ge განთავსებულ, საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებასა და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითაც უერთდება ხსენებულ ხელშეკრულებას;

7.4. „ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ“ ხელშეკრულების 8.3.2 პუნქტის თანახმად, ბანკს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს შეცვალოს ამ ხელშეკრულებაში აღწერილი მომსახურების პირობები, მახასიათებლები ან/და საფასური (ბანკის მიერ დადგენილ ტარიფებში ცვლილების შემთხვევაში), კლიენტს შესთავაზოს ან შეწყვიტოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ან რამდენიმე მომსახურება;

7.5. მოსარჩელეს 2023 წლის 25 აპრილს, 18:51 საათზე ტელეფონის ნომერზე - 571339333 ბანკიდან მიუვიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომლითაც ეცნობა საკომისიოს ტარიფის ცვლილების შესახებ;

7.6. მოსარჩელემ 2023 წლის 30 ივნისს, 2023 წლის 17 ივლისსა და 2023 წლის 21 ივლისს ბანკის მეშვეობით გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საქმეებზე, რა დროსაც მომსახურების საკომისიომ თითოეულ გადახდაზე შეადგინა 4 ლარი. აღნიშნული მომსახურების საკომისიო მანამდე შეადგენდა 1 ლარს.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა ხელშეკრულების სტანდარტული პირობის ნამდვილობა.

9. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 8.3, 10.2, 115-ე, 319.1, 342.1, 346-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ სტანდარტული პირობები მისმა შემთავაზებელმა უნდა განსაზღვროს კეთილსინდისიერად, სამართლიანად, მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით, ბოროტად არ უნდა იქნეს გამოყენებული კონტრაჰენტის ნდობა და არამართლზომიერად არ უნდა შეიზღუდოს მისი უფლება. თუკი ხელშეკრულებით, ჩამოთვლილი პრინციპების საწინააღმდეგოდ, გათვალისწინებული იქნება სტანდარტული პირობა, ასეთი პირობა ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ამასთან, პირობის ნამდვილობას ვერ გამოიწვევს შემთავაზებლის მითითება, რომ სტანდარტული პირობა ხელშეკრულების ნაწილია და მეორე მხარემ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.

10. სააპელაციო პალატის განმარტებით, „ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ“ ხელშეკრულების სადავო, 8.3.2 პუნქტში ჩამოთვლილი პირობები წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობებს, რომელთა მიმართაც კონტრაჰენტს გააჩნია დაცვის ღირსი განსაკუთრებული ინტერესი, რათა მხარეთა შეთანხმებით მოხდეს ხელშეკრულების ასეთი არსებითი პირობების ცვლილება. კონკრეტულ შემთხვევაში კი, ხელშეკრულების სტანდარტული პირობით ისე იქნა განსაზღვრული არსებითი პირობების ცალმხრივად შეცვლის შესაძლებლობა, რომ ასეთი ცვლილება დროში არ არის შეზღუდული, არ ეფუძნება რაიმე პატივსადები მიზეზის არსებობას, საფასურის ცვლილებისთვის არ არის განსაზღვრული ზედა ზღვარიც კი, ასევე, ცვლილება არ ეფუძნება ეკვივალენტურობას - კონტრაჰენტისთვის სანაცვლო მომსახურების ან სხვა ფორმის სარგებლის შეთავაზებას. შესაბამისად, საბანკო დაწესებულება აღიჭურვა საკუთარი სურვილით ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების შეცვლის განუსაზღვრელი შესაძლებლობით, მათ შორის, თუნდაც, მოახდინოს საფასურის ისეთი ცვლილება, რაც ხელშეკრულებას „გამყვლეფ“ გარიგებადაც კი აქცევს.

11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო შემთხვევაში საბანკო დაწესებულებამ ისარგებლა კიდეც ხელშეკრულების სადავო პუნქტით და ისე გაზარდა მომსახურების საფასური 300%-ით, რომ ასეთი ცვლილება არ შეუთანხმებია მოსარჩელესთან, ასევე, კონტრაჰენტისთვის, საფასურის ზრდის სანაცვლოდ, დამატებითი მომსახურებაც არ შეუთავაზებია. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოსამართლის შეკითხვაზე - რამ გამოიწვია ასეთი ცვლილება, მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ფასების ზოგადმა ზრდამ. ამდენად, მოპასუხეს არა მხოლოდ არ დაუდასტურებია, არამედ არც კი მიუთითებია ცვლილების გამომწვევი ობიექტური გარემოების, პატივსადები მიზეზის თაობაზე.

12. სააპელაციო პალატამ დამატებით ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ საფასურის ცვლილების შედეგად, თავდაპირველ საფასურთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის მომსახურების საფასური. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს კონსტიტუციის 31.1 მუხლი და განმარტა, რომ, მართალია, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის და შესაძლებელია, კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდეს მასში ჩარევა, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაწესებით, თუმცა სახელშეკრულებო დათქმით, სახელმწიფო ბაჟის გადახდაზე საკომისიოს ოდენობის განსაზღვრაზე საბანკო დაწესებულებისთვის სრული და შეუზღუდავი უფლებამოსილების მინიჭება ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, საფრთხის ქვეშ აყენებს სასამართლოსადმი პირის მიმართვის უფლების რეალურად რეალიზაციის შესაძლებლობას და, შედეგად, წარმოადგენს ადამიანის ძირითადი უფლებებით დაცულ სფეროში გაუმართლებელ ჩარევას. მით უფრო, როდესაც სადავო სახელშეკრულებო დანაწესით, კონტრაჰენტის გავლენის სფეროში არ ექცევა როგორც საფასურის ოდენობის გაზრდის, ისე - ასეთი ცვლილების მომენტის განსაზღვრის საკითხები.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო მხარეთა შორის 14.01.2021წ. გაფორმებული, სატარიფო პაკეტში მითითებული „ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ“ ხელშეკრულების 8.3.2 პუნქტი დადებისთანავე ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული პუნქტი არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს.

14. სადავო პუნქტის ბათილად ცნობის პირობებში, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია, დამატებით ემსჯელა ხელშეკრულების მოსარჩელისთვის გაცნობის წესების დაცვაზე, მით უფრო, როდესაც თავად მოსარჩელემ ხელმოწერით დაადასტურა ხელშეკრულების გაცნობის ფაქტი და წარდგენილი სარჩელის ფარგლებში ის მიუთითებს არა საბანკო დაწესებულების მიერ მისთვის ხელშეკრულების გადაცემაზე უარის თქმაზე ან ხელშეკრულების შინაარსზე ინტერნეტწვდომის არარსებობაზე, რაც ბანკმა არ აღმოფხვრა, არამედ - მხოლოდ იმ ფაქტზე, რომ ბანკმა მატერიალური სახით არ გადასცა ხელშეკრულება, ხოლო ელექტრონულ ვერსიას თავად არ გაეცნო.

15. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლით გათვალისწინებულია მოგებული მხარის მიერ იმ ხარჯების ანაზღაურების შესაძლებლობა, რომელიც მან გასწია სხვა პირის მიმართ, წარმომადგენლობითი/იურიდიული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ. მითითებული მუხლის მიზანია გარკვეულწილად მაინც აღადგინოს იმ პირის ქონებრივი უფლებები, რომელიც იძულებული გახდა, სასამართლო წესით დაეცვა საკუთარი ინტერესები ხელმყოფისგან, ხოლო საკუთარი უფლებების სათანადო და სრულყოფილი დაცვის მიზნით, ისარგებლა წარმომადგენლის მომსახურებით. მაშასადამე, ნორმა პირდაპირ და უშუალოდ შეეხება გაწეულ ხარჯებს, რომელთა გადახდაც სათანადო მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს, ან მხარემ უნდა დაადასტუროს ასეთი ხარჯების გაწევის გარდაუვალობა - იურიდიული მომსახურების სასყიდლიანობა, რა დროსაც სასამართლო გონივრულ ფარგლებში დააკისრებს წაგებულ მხარეს ხარჯის ანაზღაურებას. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე საკუთარ უფლებებს თავად იცავდა. იგი 2 000 ლარის ოდენობით საადვოკატო ხარჯის ანაზღაურებას ითხოვს საკუთარი თავის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების გაწევისთვის, თუმცა მსგავს შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამასთან, მოსარჩელეს არ წარუდგენია სათანადო დასაბუთება და მტკიცებულებები, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, ემსჯელა მოთხოვნილი თანხის დაკისრებაზე მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, ზიანის ანაზღაურების დაკისრების ჭრილში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

16. მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

17. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

17.1. მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით საქართველოში 2022 წლის 01 ივნისიდან მოქმედებს სპეციალური კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობას ეფუძნება და მომხმარებელთა დაცვის უფრო მაღალ სტანდარტებს გვთავაზობს ვიდრე სამოქალაქო კოდექსი. კანონი ასევე არეგულირებს სტანდარტული პირობების ბათილობის წესებსაც. შესაბამისად, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსთან მიმართებით „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონს უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება, კასატორის მოსაზრებით, სადავო შემთხვევა სწორედ ამ კანონის ნორმათა საფუძველზე უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილი. თუმცა, გადაწყვეტილება მთლიანად სამოქალაქო კოდექსის ნორმებს ეფუძნება, სადაც საერთოდ არ არის ნახსენები სტანდარტული პირობების სპეციალური რეგულაციები. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასრულია, არ არის საკმარისად დასაბუთებული და არ ეფუძნება სათანადო ნორმებს;

17.2. ხელშეკრულების თავისუფლებისა და კერძო ავტონომიის პრინციპების ფარგლებში უდავოა, რომ მოსარჩელემ 2021 წლის 14 იანვარს ხელი მოაწერა სატარიფოს პაკეტის რეგისტრაციაზე განაცხადს, რომელზე ხელმოწერითაც მომხმარებელმა დაადასტურა, რომ დეტალურად იცნობდა ბანკის ვებგვერდზე - www.tbcbank.ge განთავსებულ საბანკო ოპერაციების შესახებ ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებასა და დამატებას). მოსარჩელემ, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის საფუძველზე, რომელიც თავის თავში მოიაზრებს ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლებასა და კონტრაჰენტების თავისუფლად არჩევის შესაძლებლობას, საქართველოში შემოთავაზებული მრავალი კომერციული ბანკიდან არჩევანი მოპასუხე ბანკზე გააკეთა, შესაბამისად, ივარაუდება, რომ მომხმარებელი გაეცნო ამ მიმართულებით ბაზარზე არსებულ ტარიფებსა და არჩევანი არა ბრმად, არამედ ბაზარზე არსებული სიტუაციის შესწავლის შემდეგ, მისთვის ყველაზე მიმზიდველ პირობებზე გააკეთა. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელშიც აღინიშნა, ბანკი ყოველდღიურად კოლოსალური რაოდენობის მომხმარებელს ემსახურება, ხოლო დროის რესურსის დაზოგვის მიზნით, ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ვებგვერდზე განთავსება ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს წარმოადგენს. აღნიშნული ნებისმიერი ქვეყნის საფინანსო სექტორისთვის აპრობირებული მეთოდია და ემსახურება იმ მიზანსაც, რომ კლიენტს გაუადვილოს არჩევანი და ქვეყანაში არსებულ კომერციულ ბანკებს შორის მისთვის ყველაზე ოპტიმალური აირჩიოს. ვებგვერდზე სტანდარტული პირობების განთავსება კი მიზნად ისახავს კლიენტის ინფორმირებულობის დონის ამაღლებას და არა პირიქით, როგორც მოსარჩელე მიუთითებს;

17.3. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ ტარიფების ცვლილებასთან დაკავშირებულ პირობებზეც, შესაბამისად, ამგვარი შეთანხმების პირობებში ბანკს სრული უფლება ჰქონდა, შეეცვალა ტარიფი და ამის შესახებ ეცნობებინა მომხმარებლისათვის, რაც ბანკის მიერ დაცულია, მოსარჩელეს გაეგზავნა შესაბამისი შეტყობინება. თავის მხრივ, მომხმარებელს პირობების გაცნობის შემდეგ ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა, უარი განაცხადოს განახლებული პირობებით ხელშეკრულების გაგრძელებაზე, რაც გამოიწვევს მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობის შეწყვეტას. აღნიშნული მოსარჩელის მხრიდან არ დაფიქსირებულა, რაც ბანკისთვის იმის ინდიკატორია, რომ მომხმარებელი გაეცნო და დაეთანხმა მისთვის გაგზავნილ ცვლილებებს;

17.4. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ 8.3.2 პუნქტში ჩამოთვლილი პირობები წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობებს და აღნიშნული ხელშეკრულების სტანდარტული პირობით შესაძლებელი გახდა ამ პირობების ცალმხრივად შეცვლის შესაძლებლობა. ხელშეკრულების სტანდარტული პირობების სამართლებრივი დანიშნულება „ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრაა“. სწორედ აღნიშნულ თვისებაში ჰპოვებს ასახვას შემთავაზებლის სახელშეკრულებო თავისუფლება და კერძო ავტონომია. სამოქალაქო კოდექსი სტანდარტულ პირობებს მრავალჯერადი გამოყენებისთვის გამიზნულ პირობებად მოიხსენიებს. მოცემულ საკითხზე მსჯელობისას უნდა აღინიშნოს, რომ სტანდარტული პირობების გამოყენებისას მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს პირის საქმიანობის სტილსა და ხასიათზე. მაგალითად, როდესაც პირი ეწევა გარკვეულ კომერციულ საქმიანობას, ნათელია, რომ იგი მის მიერ ჩამოყალიბებულ თუ უკვე არსებულ სტანდარტულ პირობებს მრავალჯერადი გამოყენებისთვის მიმართავს, იმდენად, რამდენადაც იგი კომერციულ საქმიანობას ახორციელებს და აქვს ხშირი სახელშეკრულებო ურთიერთობები;

17.5. „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი ადგენს სტანდარტული პირობების ბათილობასთან დაკავშირებულ გამონაკლისებს, რომლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ფინანსური მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში ბათილად არ მიიჩნევა ისეთი სტანდარტული პირობა, რომლის მიხედვით, საფუძვლიანი მიზეზის არსებობის შემთხვევაში მოვაჭრე ინარჩუნებს უფლებას, მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გაგზავნის გარეშე შეცვალოს ფინანსურ მომსახურებასთან დაკავშირებული საპროცენტო განაკვეთი ან საკომისიოს ოდენობა, თუ იგი მომხმარებელს პირველი შესაძლებლობისთანავე აცნობებს ამის შესახებ, ხოლო მომხმარებელს უფლება ექნება, დაუყოვნებლივ თქვას უარი ხელშეკრულებაზე. როგორც აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში დასახებული ნორმის მოთხოვნები დაცულია. მომხმარებლებს პირველივე შესაძლებლობისთანავე ეცნობათ და ჰქონდათ შესაძლებლობა, გასცნობოდნენ ნებისმიერ დროს შეცვლილი საკომისიო მომსახურების საფასურებს, რის შემდეგაც შეეძლოთ დაუყოვნებლივ ეთქვათ ხელშეკრულებაზე უარი, რაც სადავო შემთხვევაში მომხმარებლის მხრიდან არ განხორციელებულა. ამასთან, კანონი ადგენს, რომ საფინანსო სექტორის სტაბილურობიდან და მისი ფუნქციონირების სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია მოვაჭრემ დაადგინოს საკომისიოს ოდენობა შეთანხმების გარეშე, ცალმხრივად. საბანკო სექტორის განსაკუთრებული თავისებურებებიდან გამომდინარე, ცალმხრივად გარკვეული პირობების შეცვლის შესაძლებლობა ბუნებრივია, ვინაიდან ბანკისთვის, იმის გათვალისწინებით თუ რა რაოდენობით კლიენტსაც ემსახურება, შეუძლებელია თითოეულ კლიენტს ცალ-ცალკე შეუთანხმოს საკომისიოს ოდენობა. ეს შეუძლებელიცაა და ბანკის ფუნქციონირების ასპექტებსაც ეწინააღმდეგება. ამდენად, ბუნებრივი და სრულიად ლეგიტიმურია, რომ ბანკი ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სტანდარტების საფუძველზე ადგენს საკომისიოს მომსახურების გაწევისათვის;

17.6. მოპასუხე არის კომერციული ბანკი, რომელსაც ზედამხედველობას უწევს ეროვნული ბანკი, რომელიც უზრუნველყოფს საფინანსო სისტემის სტაბილურობასა და გამჭვირვალობას მომხმარებელთა უფლებების დასაცავად. აღნიშნული რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 09.03.2021წ. N32/04 ბრძანებით („ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლების დაცვის წესი“), რომელიც სავალდებულოდ დასაცავია საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული საბანკო დაწესებულებისათვის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილია მომხმარებლის მიერ გადასახდელი საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა დისტანციურად, ელექტრონული ფორმით ინიციირებულ გადახდის ოპერაციებზე, რომელთა შესრულება ხდება ბანკთაშორის საგადახდო სისტემით (RTGS). აღნიშნულ გადახდის ოპერაციებზე გადასახადი განისაზღვრება შესაბამისი ფინანსური ორგანიზაციების სათანადო შიდა პოლიტიკა-პროცედურების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მაქსიმალური ოდენობის საკომისიოს ფარგლებში. შესაბამისად, კომერციული ბანკის მიერ განსაზღვრული საკომისიო ვერ გადააჭარბებს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას, იქიდან გამომდინარე, რომ კომერციული ბანკების საქმიანობა შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ეროვნული ბანკის რეგულაციებთან. ამდენად, არარელევანტურია სააპელაციო სასამართლოს მიერ იმაზე ხაზგასმა, რომ ასეთი პირობების ცალმხრივად შეცვლის შესაძლებლობა არ არის შეზღუდული დროში და არ ეფუძნება რაიმე პატივსადები მიზეზის არსებობას. ამასთან, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ არ არის განსაზღვრული ზედა ზღვარიც, რაც ასევე არ შეესაბამება რეალურ მოცემულობას. შესაბამისად, სრული აბსურდია რომ ბანკი თვითნებურად და ზედა ზღვრების გარეშე აქცევს ხელშეკრულებას „გამყვლეფ“ გარიგებად. აღნიშნულს მოიცავდა ბანკის შეპასუხება პირველი ინსტანციის სასამართლოშიც;

17.7. ხელშეკრულების პირობების ცალმხრივად ცვლილებას ასევე ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 09.03.2021წ. N32/04 ბრძანების მე-3 მუხლის მე-20 პუნქტი, რაც ასევე კომერციულ ბანკებს ავალდებულებს პროდუქტის ფასის ცვლილებამდე შეატყობინოს კლიენტს აღნიშნულის შესახებ. როგორც ვხედავთ, საბანკო პროდუქტების შემთხვევაში ხელშეკრულების პირობების ცალმხრივად ცვლილებაზე საუბრობს და მითითებებს აკეთებს ეროვნული ბანკი. აღნიშნული განპირობებულია საბანკო პროდუქტის სპეციფიკურობიდან გამომდინარე;

17.8. ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, ბანკის მიერ შეთავაზებული სტანდარტული პირობები ნამდვილია და არ არსებობს მისი სამოქალაქო კოდექსის 344-348 მუხლებითა და „მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ბათილობის საფუძვლები.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

19. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

20. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მხარეთა შორის 14.01.2021წ. გაფორმებული „ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ“ ხელშეკრულების 8.3.2 პუნქტის, როგორც ხელშეკრულების სტანდარტული პირობის, ნამდვილობა.

21. კასატორი დავობს, რომ ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პუნქტი არის ნამდვილი, ვინაიდან მასზე შეთანხმება მხარეთა ნების ავტონომიის საფუძველზე მოხდა, ხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 09.03.2021წ. N32/04 ბრძანების შესაბამისად, მოსარჩელის წინასწარი ინფორმირების პირობებში განხორციელდა. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს კასატორის აღნიშნულ შედავებას.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილი და დაცულია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება კანონს. ამდენად, ხელშეკრულების თავისუფლება მოიცავს ისეთ ორ ძირითად პრინციპს, როგორიცაა ხელშეკრულების დადების თავისუფლება და ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ამასთან, ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლების ფარგლებში შეთანხმებული პირობები იქცევა შესასრულებლად სავალდებულო ქცევის წესების ერთობლიობად და მბოჭავია ურთიერთობის მხარეთათვის. ხელშეკრულების ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, კონტრაჰენტები ვალდებულნი არიან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები განუხრელად დაიცვან და მათ შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად იმოქმედონ. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

23. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კერძო ავტონომია და სახელშეკრულებო თავისუფლება შეუზღუდავ უფლებას არ წარმოადგენს. ის ყოველთვის განსაზღვრულ ფარგლებში ხორციელდება. კერძო ავტონომიის ფარგლები, რომლებიც, როგორც წესი, კანონით განისაზღვრება, ან გარიგების ფორმას ეხება ან გარიგების შინაარსს ან სხვა გარემოებები უდევს საფუძვლად (იხ. ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2011წ., გვ. 94). უმთავრესი მოტივი კი არის ის, რომ ხელშეკრულება უზრუნველყოფს მატერიალური სიკეთის არა უბრალოდ განაწილებას, არამედ ამ განაწილების სამართლიანობასაც. სწორედ ამიტომ, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისა და კონსტიტუციური მნიშვნელობის პრინციპების დაცვის მიზნით, ხელშეკრულების თავისუფლება გარკვეულ შეზღუდვებს განიცდის. სახელშეკრულებო თავისუფლება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარეები ერთმანეთთან თანასწორ მდგომარეობაში იმყოფებიან.

24. თანასწორობის პრაქტიკულ გამოვლინებას სახელშეკრულებო წონასწორობა წარმოადგენს. იგი მხარეთა შორის უფლება-მოვალეობების სამართლიან გადანაწილებაზე მიუთითებს და წარმოიშობა მაშინ, როდესაც კონტრაჰენტები თანაბარი უფლებებისა და მოვალეობების მატარებელნი არიან. როგორც კი ირღვევა უფლება-მოვალეობათა ეკვივალენტურობა, სახელშეკრულებო წონასწორობას საფრთხე ექმნება.

25. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კერძო სამართლის ფარგლებში სახელშეკრულებო თანასწორობის დაცვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რაც უნდა გამოიხატოს როგორც ცალკეული სახელშეკრულებო ურთიერთობების შემთხვევაში საკითხის გადაწყვეტისას, ისე საკანონმდებლო მოწესრიგების ასპექტში. სამართლიანობა ბოჭავს კანონმდებელს. კერძოსამართლებრივი ურთიერთობისას კანონმდებლის მიზანს კერძო სამართლისთვის დამახასიათებელი და მნიშვნელოვანი პრინციპების დაცვა წარმოადგენს. სახელშეკრულებო ურთიერთობებში კი ასეთია სახელშეკრულებო თანასწორობა და სახელშეკრულებო სამართლიანობა, რომელიც ერთიანობაში უნდა იქნეს განხილული. ამდენად, შეიძლება იმის თქმა, რომ სახელშეკრულებო თანასწორობის დარღვევა გამოიწვევს სახელშეკრულებო სამართლიანობის დარღვევას. სწორედ ასეთი შედეგის თავიდან აცილების მიზნით, სამოქალაქო კანონმდებლობა ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვით გონივრულ ფარგლებს უწესებს მის მონაწილე მხარეებს და ამით სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის აღდგენისკენ დგამს ნაბიჯს (მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ სტანდარტული პირობებით შედგენილი ხელშეკრულება) (შდრ: Di Fabio U., Form und Freiheit, DNotZ, Heft 5, Verlag C.H. Beck, München, 2006, S. 346.). თავისუფლება და სამართლიანობა - ეს ორი პრინციპი ქმნის ლოგიკურ ჯაჭვს, რომლის საფუძველზეც, თავისუფალი რეალიზების ფარგლებში სამართლებრივი ურთიერთობის დამყარებაა შესაძლებელი (იხ. სუსგ საქმე Nას-812-2022, 05 ოქტომბერი, 2022 წელი).

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვის ასპექტში ერთ-ერთ გამოვლინებად სტანდარტული პირობები განისაზღვრა. სტანდარტული პირობების მთელ არსს კონკრეტული ხელშეკრულების ხშირი გამოყენება წარმოადგენს. უმეტეს შემთხვევაში ერთ-ერთ მხარეს გააჩნია ე.წ. ფორმულარი ხელშეკრულება, რომელსაც სტანდარტული პირობებით იყენებს. სამეცნიერო ლიტერატურაში ამგვარი დოკუმენტი „ტიპობრივ სახელშეკრულებო ფორმულარადაცაა“ მოხსენიებული. მისი გამოყენება აიოლებს და ორმაგად აჩქარებს თანამედროვე ეპოქაში არსებულ ტენდენციას - ხელშეკრულება შედგენილ იქნეს სწრაფად და მისმა მონაწილე პირებმა დრო არ დაკარგონ ცალკე ხელშეკრულების პირობების ჩამოყალიბებისთვის. სწორედ ასეთი პრაქტიკული დანიშნულება და საჭიროება წარმოადგენს ხელშეკრულების თავისუფლებისთვის სსკ-ში ცალკე მომწესრიგებელი ნორმების აუცილებლობას.

27. საქართველოში ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ევროპული კერძო სამართლის რეცეფციის შედეგს წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისთვის დამახასიათებელია შემდეგი წინაპირობები: ა) იგი უნდა იყოს წინასწარ ჩამოყალიბებული; ბ) გამიზნული უნდა იყოს მრავალჯერადი გამოყენებისთვის; გ) ერთი მხარე უნდა ადგენდეს კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობისთვის და დ) აღნიშნულის მეშვეობით კანონით დადგენილი ნორმებისგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა უნდა მოხდეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება იმის თქმა, რომ ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მრავალჯერადად დასადებ ხელშეკრულებებთან მიმართებით გამოიყენება.

28. სტანდარტული პირობები არის სახელშეკრულებო პირობები. ეს დებულება გულისხმობს, რომ სტანდარტული პირობები ყოველთვის წარმოადგენს სახელშეკრულებო პირობებს, ანუ ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად მიიჩნევა და ხელშეკრულების მონაწილე მხარეების უფლებრივ მდგომარეობას აწესრიგებს. სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული პირობები. რომლებსაც შემთავაზებელი აყალიბებს ხელშეკრულების დადებამდე და მათი შეთავაზება ხდება ყველა მომხმარებლისათვის სტანდარტული ფორმით და არ დგინდება ინდივიდუალურად. სტანდარტული პირობები არის მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები. მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნულობა კი გულისხმობს სტანდარტული პირობების არაერთჯერად ხასიათს, ანუ შემთავაზებლის მიერ ჩამოყალიბებული პირობები არ არის გამიზნული მხოლოდ ერთ ან რამდენიმე კონკრეტულ პირთან დასადები ხელშეკრულებისათვის და ისინი აბსოლუტურად ყველა მომხმარებლისთვის საერთოა. ეს დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს, თუ შემთავაზებელმა ჩამოაყალიბა სტანდარტული პირობა, მისი მრავალჯერადი გამოყენება არის სავალდებულო და სხვა შემთხვევაში არ შეიძლება პირობა ჩავთვალოთ სტანდარტულად. აღნიშნული დათქმა გულისხმობს არა პირობის მრავალჯერადად გამოყენების ვალდებულებას, არამედ მრავალჯერადი გამოყენებადობის შესაძლებლობას, ანუ პირობა ისეთი ფორმით უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ მისი გამოყენება შესაძლებელი იყოს არაერთჯერადად, ნებისმიერი მომხმარებლის მიმართ.

29. სტანდარტულ პირობებს ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს ანუ სტანდარტული პირობის შინაარსი ფორმულირებული და დადგენილია მხოლოდ შემთავაზებლის მიერ და სამართალურთიერთობის მონაწილე მეორე მხარეს არ აქვს შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს მისი შინაარსის ფორმულირებაზე. სწორედ ამ გარემოებით არის განპირობებული, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 345-ე მუხლის თანახმად, სტანდარტული პირობების ტექსტის ბუნდოვანებისას მისი განმარტება ხდება მეორე მხარის სასარგებლოდ. სტანდარტული პირობებით უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. სტანდარტული პირობების კიდევ ერთ სპეციფიკურ მახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ამ პირობებით უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. ამ პირობაში, რა თქმა უნდა, მოიაზრება კანონის დისპოზიციური ნორმები და ნებისმიერი სტანდარტული პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება კანონის იმპერატიულ ნორმას, არის ბათილი.

30. ხელშეკრულების სტანდარტული პირობების გამოყენება თანამედროვე ბაზრის განვითარების ერთ-ერთ სამართლებრივ შედეგს წარმოადგენს. იგი გამოიყენება უამრავ სამართლებრივ ურთიერთობებში, მაგალითად, საბანკო სახელშეკრულებო ურთიერთობებისას. ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ხელშეკრულების თავისუფლების ბუნებაში ჩარევის ერთ-ერთი გავრცელებული მაგალითია (იხ: Schmidt H., Einbeziehung von AGB im unternehmerischen Geschäftsverkehr, NJW, Heft 46, Verlag C.H. Beck, München, 2011, 3330). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სტანდარტული პირობები ყოველდღიურად ვითარდება. აღნიშნულის დასტურია ელექტრონული ხელშეკრულება, რომელსაც მეწარმე სუბიექტები ერთმანეთთან საქმიანი ურთიერთობიდან გამომდინარე დებენ. ამგვარი საშუალებით უფრო მარტივია ხელშეკრულების დადება, შეკვეთის გაკეთება და სხვ. ელექტრონული საშუალებით დადებული სტანდარტული პირობის მქონე ხელშეკრულების უმთავრეს მომწესრიგებლად სამოქალაქო სამართალში არსებული დათქმები უნდა იქნეს გამოყენებული, რომლის ფარგლებშიც ხელშეკრულების მეორე მხარის უფლებები მაქსიმალურად იქნება დაცული (შდრ: Paal P.B., Internetrecht – Zivilrechtliche Grundlagen, JuS, Heft 11, Verlag C.H. Beck, München, 2010, 956). ელექტრონული ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ქართულ კანონმდებლობაში ცალკეული მუხლებით არ წესრიგდება და გამოიყენება სსკ-ის სტანდარტული პირობების წესები (იხ. სუსგ საქმე Nას-812-2022, 05 ოქტომბერი, 2022 წელი; Nას-372-2023, 06 ოქტომბერი, 2023 წელი).

31. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2021 წლის 14 იანვარს გაფორმდა „ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ“ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელეს ბანკმა გაუხსნა ანგარიში (სატარიფო პაკეტი - „ნაკრები 2“) და გადასცა ბარათი - „VISA GOLD“. აღნიშნული ხელშეკრულების 8.3.2 პუნქტის თანახმად, ბანკს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს შეცვალოს ამ ხელშეკრულებაში აღწერილი მომსახურების პირობები, მახასიათებლები ან/და საფასური (ბანკის მიერ დადგენილ ტარიფებში ცვლილების შემთხვევაში), კლიენტს შესთავაზოს ან შეწყვიტოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ან რამდენიმე მომსახურება. სადავო არ არის, რომ ხელშეკრულების აღნიშნული დათქმა ხელშეკრულების სტანდარტულ პირობას წარმოადგენს. როგორც ზემოთ აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში სადავოა სწორედ ხელშეკრულების მითითებული პირობის ნამდვილობა.

32. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად განმარტავს, რომ ხელშეკრულების დადების ინოვაციურმა საშუალებებმა, დისტანციური და ელექტრონული კომერციის განვითარებამ, ელექტრონული მედიისა და ინტერნეტის არნახულმა პროგრესმა აუცილებელი გახადა ეკონომიკური და სამართლებრივი ინსტიტუტების ადაპტირება ახალ ტექნოლოგიებთან და ვაჭრობის წესებთან. ტექნოლოგიურმა პროგრესმა გავლენა მოახდინა მომხმარებელთა მონაწილეობით დადებულ ხელშეკრულებებზეც. შეიძლება ითქვას, რომ ვირტუალურმა კომუნიკაციამ შეცვალა არა მხოლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობათა ფორმატი, არამედ მომხმარებელთა ნდობისა და მოლოდინის დონეც (იხ. თამარ ლაკერბაია, „ხელშეკრულების უარყოფის უფლება: ქართული და ევროპული სახელშეკრულებო სამართლის შედარებითი ანალიზი“, სადისერტაციო ნაშრომი სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი, 2016, გვ. 94, https://press.tsu.ge/data/image_db_innova/disertaciebi_samartali/tamar_lakerbaia.pdf).

33. ბოლო პერიოდში სამართლებრივ სივრცეში სულ უფრო მზარდია ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით ხელშეკრულებების დადება. ამ ტიპის ხელშეკრულებაში კონტრაჰირება შესაძლებელია როგორც წინასწარ შედგენილი ხელშეკრულების ფორმულარზე თანხმობის ფანჯრის მონიშვნით, ისე, ელექტრონული მიმოწერის ფარგლებში ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმებითა და თანხმობის გამომხატველი ნების გამოვლენის მეორე მხარისათვის შეტყობინებით. ასეთი აქცეპტის დროს განმსაზღვრელია, რომ აქცეპტი, როგორც მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა, მოექცეს მეორე მხარის ძალაუფლების სფეროში, და ამავდროულად, მეორე მხარისათვის აქცეპტანტის ნება იყოს აღქმადი, ანუ აქცეპტის ფორმა მეორე მხარეს უნდა აძლევდეს აქცეპტანტის პასუხის იდენტიფიცირების საშუალებას (იხ. სუსგ საქმე Nას-1160-2023, 16 ნოემბერი, 2023 წელი).

34. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების პირობებში საბანკო პროდუქტით ელექტრონული საშუალების გამოყენების გზით სარგებლობა, მათ შორის, საფინანსო პროდუქტების პირობებზე დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებით შეთანხმება, საკრედიტო ხელშეკრულებების დისტანციურად დადება და მათში ცვლილებების შეტანა, ასევე, საბანკო პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიღება ცხოვრების ჩვეულ წესად არის ქცეული. არსებულ რეალობაში საბანკო სექტორი უმეტესწილად მომხმარებლებთან ურთიერთობას ელექტრონული საშუალებებით ახორციელებს და აღნიშნული ურთიერთობები საკანონმდებლო დონეზეა რეგულირებული. ბანკსა და მომხმარებელს შორის ამგვარი ურთიერთობა დღეისათვის ყველასთვის კარგად ნაცნობი და მოსახერხებელი გზაა სხვადასხვა სახის პროდუქტით სარგებლობისა თუ მომსახურების მისაღებად.

35. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2021 წელს მიმართა ბანკს და მოითხოვა სატარიფო პაკეტის - „ნაკრები 2”-ის გააქტიურება და „VISA GOLD” ბარათის დამზადება; მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად, 14.01.2021 წელს მასსა და ბანკს შორის გაფორმდა განაცხადი სატარიფო პაკეტის რეგისტრაციაზე - „ნაკრები 2“ და ამავე თარიღიდან მოსარჩელე ბანკში ფლობს „VISA GOLD” ბარათს; განაცხადს ხელს აწერს მოსარჩელე და მისი ხელმოწერა დამოწმებულია ბანკის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ; აღნიშნული განაცხადის თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით კლიენტმა დაადასტურა, რომ „დეტალურად იცნობს ბანკის ინტერნეტ გვერდზე www.tbcbank.ge განთავსებულ საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებასა და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითაც უერთდება ზემოხსენებულ ხელშეკრულებას“.

36. ამდენად, ზემოაღნიშნული განაცხადით მოსარჩელეს მიეწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის მიერ მოთხოვნილი ბარათით სარგებლობის პირობები და შესაბამისი ხელშეკრულება განთავსებული იყო ბანკის ვებგვერდზე, რომელსაც ელექტრონულად უნდა გაცნობოდა. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის/მოსარჩელის მითითებას ბანკის ვალდებულებაზე „ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ“ ხელშეკრულების მოსარჩელისათვის მატერიალური სახით გადაცემის თაობაზე და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარებისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პროგრესის პირობებში საბანკო ხელშეკრულებების მომხმარებლისათვის ელექტრონული სახით გადაცემა და გაცნობა უკვე დამკვიდრებული და დროში გამოცდილი პრაქტიკაა, ხოლო მოსარჩელეს არ მიუთითებია იმ გარემოებაზე, რომ მას შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალების ან/და ინტერნეტზე წვდომის არქონის გამო არ ჰქონდა აღნიშნული ხელშეკრულების ელექტრონულად გაცნობის შესაძლებლობა ან/და ბანკის შესაბამისმა თანამშრომელმა, მისი მოთხოვნის მიუხედავად, არ მისცა მისი გაცნობის საშუალება. ამდენად, მას შემდეგ რაც მოსარჩელემ 14.01.2021წ. განაცხადზე ხელმოწერით დაადასტურა „ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების“ პირობების გაცნობა და დაეთანხმა მათ, მასსა და ბანკს შორის წარმოიშვა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები, მათ შორის, ამოქმედდა ხელშეკრულების 8.3.2 პუნქტი, რომლის თანახმად, ბანკს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს შეცვალოს ამ ხელშეკრულებაში აღწერილი მომსახურების პირობები, მახასიათებლები ან/და საფასური (ბანკის მიერ დადგენილ ტარიფებში ცვლილების შემთხვევაში), კლიენტს შესთავაზოს ან შეწყვიტოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ან რამდენიმე მომსახურება.

37. დადგენილია ასევე, რომ ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პუნქტის შესაბამისად, ბანკმა 2023 წელს შეცვალა ბანკის მიერ დადგენილი ბანკის ანგარიშიდან თანხის გადარიცხვის ტარიფი (კერძოდ, საუბარია 1000 ლარამდე თანხის ბანკის გარეთ გადარიცხვაზე ფილიალის არხით) 1 ლარიდან 4 ლარამდე, რის შესახებაც 2023 წლის 25 აპრილს 18:51 საათზე მოსარჩელეს მის ტელეფონის ნომერზე მიუვიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება. აღსანიშნავია, რომ მხარეთა შორის 14.01.2021წ. გაფორმებული განაცხადით მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა ბანკს შეტყობინებისათვის გამოეყენებინა კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალება, მათ შორის ელექტრონული, ციფრული და სხვა.

38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 09.03.2021წ. N32/04 ბრძანებით დამტკიცდა „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი”, რომელიც არეგულირებს საფინანსო პროდუქტების შეთავაზებისა და მიწოდებისას, ასევე, საფინანსო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესებსა და პრინციპებს, რაც მოიცავს ასევე, სრული, აუცილებელი, გასაგები, უტყუარი და თავისდროული ინფორმაციის თანმიმდევრული მიწოდების საკითხებს (1.1 მუხლი). აღნიშნული წესის 4.1 მუხლის შესაბამისად, დასაშვებია ფინანსურ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის საფინანსო პროდუქტის პირობებზე დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებით შეთანხმება და ხელშეკრულების დადება, ასევე, მოქმედ ხელშეკრულებაში ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით ცვლილებების შეტანა. იმავე წესის მე-2 მუხლის „ხ” ქვეპუნქტის თანახმად, დისტანციური საკომუნიკაციო საშუალება არის ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომხმარებლისათვის საფინანსო პროდუქტის შეთავაზებისა და მიწოდებისათვის გამოყენებული კომუნიკაციის საშუალება, რომელიც არ საჭიროებს ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენლისა და მომხმარებლის ერთდროულ ფიზიკურ თანდასწრებას.

39. იმავე წესის მე-3 მუხლით რეგლამენტირებულია მომხმარებლებისათვის საფინანსო პროდუქტზე ინფორმაციის მიწოდებისას ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებები, კერძოდ აღნიშნული მუხლის მე-20 პუნქტის მიხედვით, თუ ხელშეკრულებაში მოცემული პირობების შესაბამისად მოსალოდნელია სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცალმხრივი ცვლილება ან/და სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდა, გარდა ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრული და მომხმარებლის ქმედებით გამოწვეული გარემოებების დადგომის გამო ცვლილებისა/ფასის ზრდისა, ამ წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტით დარეგულირებული შემთხვევებისა, ასევე, როდესაც ამ მუხლის 21-ე პუნქტის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდებიან წინასწარი შეტყობინების ვალდებულების გაუქმებაზე, ფინანსურმა ორგანიზაციამ აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს, ასევე, კრედიტის უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრეს, თავდებს/სოლიდარულ თავდებს, თუ მომხმარებელი და მასზე გაცემული/გასაცემი კრედიტის უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრე სხვადასხვა პირია ან/და ვალდებულება უზრუნველყოფილია თავდებობით/სოლიდარული თავდებობით, სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შესახებ უნდა აცნობოს ცვლილების განხორციელებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში – არანაკლებ ერთი თვით ადრე, ხოლო ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრული და მომხმარებლის ქმედებით გამოწვეული გარემოებების დადგომის გამო ცვლილების/ფასის ზრდის შემდეგ ხუთი სამუშაო დღის ვადაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასწარი შეტყობინების ფორმით ყოველგვარი დამატებითი გადასახდელის გარეშე. ამ პუნქტის მიზნებისათვის მხოლოდ საჯარო სივრცეში განთავსებული განცხადება ხელშეკრულების პირობების ცვლილების შესახებ არ ჩაითვლება მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებად. ფინანსური ორგანიზაცია არ აგებს პასუხს ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის, თუ მომხმარებელთან, უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრესთან, თავდებთან/სოლიდარულ თავდებთან დაკავშირება/მისთვის ინფორმაციის მიწოდება ვერ ხერხდება ადრესატის მიერ საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილების გამო და/ან შეიცვალა უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრე და აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს და/ან ადრესატს არ უცნობებია ფინანსური ორგანიზაციისთვის.

40. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში დაცულია საკომისიოს ცვლილების შესახებ მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება - ბანკმა აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელეს მის მიერ განაცხადში მითითებულ ტელეფონის ნომერზე აცნობა მოკლეტექსტური შეტყობინების გზით. შესაბამისად, დაცულია საქართველოს ეროვნული ბანკის ბრძანებით დადგენილი ბანკის (ფინანსური ორგანიზაციის) ვალდებულება მომხმარებლისათვის საფინანსო პროდუქტზე ინფორმაციის მიწოდების თაობაზე.

41. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ „ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ“ ხელშეკრულების 8.3.2 პუნქტით საბანკო დაწესებულება აღიჭურვა საკუთარი სურვილით ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების შეცვლის განუსაზღვრელი შესაძლებლობით, მათ შორის, თუნდაც მოახდინოს საფასურის ისეთი ცვლილება, რაც ხელშეკრულებას „გამყვლეფ“ გარიგებადაც კი აქცევს. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის 18.07.2023წ. წერილის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილია მომხმარებლის მიერ გადასახდელი საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა დისტანციურად ელექტრონული ფორმით ინიციირებულ გადახდის ოპერაციებზე, რომელთა შესრულება ხდება ბანკთაშორისი საგადახდო სისტემით („RTGS”). აღნიშნულ გადახდის ოპერაციებზე გადასახდის განისაზღვრება შესაბამისი ფინანსური ორგანიზაციების სათანადო შიდა პოლიტიკა-პროცედურების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მაქსიმალური ოდენობის საკომისიოს ფარგლებში. ხოლო, დისტანციურად ელექტრონული ფორმისაგან განსხვავებული, სხვა ფორმით ინიციირებულ გადახდის ოპერაციებზე გადასახადი განსაზღვრულია ასევე შესაბამისი ფინანსური ორგანიზაციების სათანადო შიდა პოლიტიკა-პროცედურებით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 40).

42. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

43. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს; შესაბამისად, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ხელშეკრულების 8.3.2 პუნქტის ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება ხელშეკრულების 8.3.2 პუნქტის ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

44. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან, იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

45. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოში დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 300 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. სს „თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება ხელშეკრულების 8.3.2 პუნქტის ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. თ.ლ–ძის სარჩელი ხელშეკრულების 8.3.2 პუნქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. თ.ლ–ძეს სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 300 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

5. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე