საქმე №ას-1359-2024
05 თებერვალი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ვ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ.ვ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დასაქმებული“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „თ.ბ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „ბანკი“ ან „დამსაქმებელი“) მიმართ და მოითხოვა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბანკის გორის სერვის-ცენტრი N2-ის ხელმძღვანელის 16.06.2023წ. N06.16-759.00 განკარგულების ბათილად ცნობა; პირვანდელ სამუშაო ადგილზე - გორის სერვის-ცენტრი N2-ში დაკრედიტების ექსპერტის (მიკრო სესხები) პოზიციაზე აღდგენა და ბანკისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება - ყოველთვიური დარიცხული ხელფასის სახით 1 800 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) და ყოველთვიური დარიცხული დანამატის სახით 3 559,96 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით), სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - 2023 წლის 16 ივნისიდან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე .
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. მოსარჩელემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. მოსარჩელე 2017 წლის მარტიდან დასაქმებული იყო ბანკში სხვადასხვა პოზიციებზე. ამ წლების განმავლობაში ის იყო ერთ-ერთი წარმატებული თანამშრომელი, რომელიც პოზიციურად წლებთან ერთად წინაურდებოდა. გამოცხადებული აქვს არაერთი მადლობა მოპასუხის მხრიდან და მიღებული აქვს არაერთი სიგელი. მას სამუშაო წლების განმავლობაში არ ჰქონია არცერთი დისციპლინური გადაცდომა და, შესაბამისად, რაიმე დისციპლინური სახდელი არ დაკისრებია;
6.2. მხარეთა შორის წერილობითი შრომითი ხელშეკრულება უვადოდ გაფორმდა 01.03.2018 წელს. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დასაქმებულის ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება შეადგენდა 867,35 ლარს (გადასახადების ჩათვლით), ხოლო მისი პოზიცია იყო საოპერაციო განყოფილების მრჩეველი. ის წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს, ხოლო 2022 წლიდან დასაქმებული იყო ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის (მიკრო სესხები) პოზიციაზე. მოსარჩელის ანაზაღაურება ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გათავისუფლებამდე შეადგენდა: ხელფასის სახით ხელზე ასაღებ 1 800 ლარს (გადასახადების ჩათვლით) და ყოველთვიურ დანამატს 3 559,96 ლარის (გადასახადების ჩათვლით) ოდენობით;
6.3. მოსარჩელე 2023 წლის 16 ივნისს გათავისუფლდა სამსახურიდან. მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე;
6.4. მოსარჩელის მიერ შედგენილი პროექტების საფუძველზე, 2021-2022 წლებში 12 მსესხებელზე გაიცა შეღავათიანი აგროკრედიტი და მიკრობიზნეს სესხი, რომელთა საერთო ოდენობამ შეადგინა 875 000 ლარი. კერძოდ:
- 2021 წლის 26 ივლისს ი.ბ–ზე გაიცა N3266159-11518909 მიკრობიზნეს სესხი. კრედიტის თანხამ შეადგინა 10 000 ლარი. მონიტორინგის ფარგლებში ვიზიტი შედგა გორის რაიონის სოფელ ........ მსესხებელი ი.ბ–ი ამუშავებს სურსათის მაღაზიას. სესხის გაცემისას შემოსავლის ნაწილში მითითებულია 60 525 ლარი და ფასნამატი 30%. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა,რომ მაღაზიის საშუალო მარჟა 10-12%-ია. სესხის გაცემისას სესხის კოეფიციენტი შეადგენდა 2.71-ს, ხოლო რეალური მონაცემებით კოეფიციენტი იქნებოდა 0.48, რის გამოც სესხი აღარ გაიცემოდა;
- 2022 წლის 13 დეკემბერს ი.მ. ნ.ხ–ზე გაიცა N3784684-12328485 შეღავათიანი აგროკრედიტი. კრედიტის თანხამ შეადგინა 80 000 ლარი. მონიტორინგის სამსახურის მიერ ვიზიტი შედგა გორის რაიონის სოფელ ....... მსესხებელ ნ.ხ–თან. დაფინანსებულია აგრომეურნეობა, ხელფასი და იჯარა. სესხის გაცემისას სხვა აქტივებთან ერთად გათვალისწინებულია 3.1 ჰექტარზე პომიდორი. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მსესხებელს პროდუქტი მოჰყავს 51*10 მ-ზე. სესხის გაცემისას კოეფიციენტი მითითებულია 1.22, ხოლო რეალური მონაცემებით კოეფიციენტი 0.25 იქნებოდა და სესხი აღარ გაიცემოდა;
- 2022 წლის 17 მაისს ზ.ც–ძეზე გაიცა N3220954-12007102 შეღავათიანი აგროკრედიტი. კრედიტის თანხამ შეადგინა 30 000 ლარი. აღნიშნული სესხი გადაიფარა 2023 წლის 18 აპრილს გაცემული შეღავათიანი N3220954-12517678 აგროკრედიტით, რომელიც ასევე მოსარჩელის მიერ გაიცა. მონიტორინგის სამსახურის მიერ ვიზიტი შედგა გორის რაიონის სოფელ ........ მსესხებელ ზ.ც–ძესთან. შემოსავლის ნაწილში გათვალისწინებულია აგრომეურნეობა და გზავნილები. სესხის გაცემისას სხვა აქტივებთან ერთად გათვალისწინებულია 20 მოზარდიდან შემოსავალი, თუმცა ადგილზე ვიზიტით დადგინდა, რომ მსესხებელს რეალურად ჰყავს 10 სული საქონელი. ბოლო სესხი გაცემულია 18.04.2023-ში, ხოლო მონიტორინგი ჩატარდა 25.04.2023-ში, შესაბამისად, ნათელია, რომ შემოსავალი 2-ჯერ არის გაზრდილი. სესხის გაცემისას კოეფიციენტი იყო 1.22, ხოლო რეალური მონაცემებით კოეფიციენტი 0.92 იქნებოდა და სესხი აღარ გაიცემოდა;
- 2021 წლის 03 სექტემბერს თ.მ–ზე გაიცა N1948997-11571955 მიკრობიზნეს სესხი. კრედიტის თანხამ შეადგინა 30 000 ლარი. ამავე კლიენტზე 2022 წლის 09 სექტემბერს გაცემულია შეღავათიანი აგროკრედიტი 8 000 ლარის ოდენობით, ხოლო 2022 წლის 16 დეკემბერს მიკრობიზნეს სესხი 20 000 ლარი. მონიტორინგის სამსახურის მიერ ვიზიტი ჩატარდა მსესხებლის ბიზნეს საქმიანობის ადგილზე. მსესხებელს ბანკში აქვს სამი პარალელური სესხი. ბოლო პროექტში სხვა კულტურებთან ერთად გათვალისწინებულია 1.8 ჰექტარზე პომიდვრის მოყვანა, რაც შემოწმების შედეგად არ დადასტურდა. აღმოჩნდა, რომ მსესხებელს აქვს 0.5 ჰა მიწის ნაკვეთი. რეალური შემოსავლის მითითების შემთხვევაში სესხი არ გაიცემოდა;
- 2021 წლის 01 ნოემბერს ე.ე–ზე გაიცა N3450446-11660933 მიკრობიზნეს სესხი. კრედიტის თანხამ შეადგინა 80 000 ლარი. სასესხო პროექტის მიხედვით, მსესხებლის საქმიანობას წარმოადგენს მომსახურება, აქვს ჰოსტელი უფლისციხეში, 2 ოთახი 6 საწოლით. სასესხო პროექტში გათვალისწინებულია შემოსავალი თვეში 5 405 ლარი. ვიზიტის დროს აღმოჩნდა, რომ ფინანსური ანალიზი ჩატარებულია არასრულყოფილად, შემოსავლის ნაწილი დაფიქსირებულია გაზრდილი სახით. მსესხებლის შემოსავლების გათვალისწინებით, სესხი არ გაიცემოდა;
- 2022 წლის 16 ნოემბერს ე.მ–ზე გაიცა N3085829-12279119 მიკრობიზნეს სესხი. კრედიტის თანხამ შეადგინა 85 000 ლარი. მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებით გამოვლინდა შემდეგი: სასესხო პროექტის მიხედვით, მსესხებლის საქმიანობას წარმოადგენდა აგრომეურნეობა და მომსახურეობა. აღნიშნულია, რომ მსესხებელს მოჰყავს პომიდორი გრუნტზე 1.8 ჰექტარზე, თუმცა, რეალურად, მსესხებელს პომიდორი არ მოჰყავს. ასევე, აღნიშნულია, რომ მსესხებელი ფლობს ბლის ბაღს 1.2 ჰექტარს, რეალურად კი, ის ფლობს 0.2 ჰექტარ ბლის ბაღს. ფინანსური ანალიზი ჩატარებულია არასრულყოფილად, გაზრდილია შემოსავლები. სესხი შეთავაზებულ პირობებში არ გაიცემოდა;
- 2021 წლის 17 აგვისტოს ო.გ–ზე გაიცა N7514188- 11551167 მიკრობიზნეს სესხი. კრედიტის თანხამ შეადგინა 25 000 ლარი. მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შემდეგი: სესხი გაცემულია თონიდან მიღებული შემოსავლების საფუძველზე. სესხის გაცემამდე ცოტა ხნით ადრე, 10.08.2021 წელს ოჯახის წევრზე (დედამთილზე), ნ.რ–ზე, იგივე შემოსავლის გათვალისწინებით, მოხდა სესხის დაუარება. მსესხებელი ო.გ–ი იყო აღნიშნულ სესხზე თანამსესხებელი. უარის შემდგომ, 13.08.2021 წელს მოსარჩელის მიერ მოხდა ო.გ–ზე სესხის დამტკიცება (იგივე თანხა), თუმცა თანამსესხებლად დედამთილი, რომელსაც ჰქონდა პარალელური კრედიტები, აღარ არის წარდგენილი. დედამთილის სესხის განხილვისას გათვალისწინებულია შვილის ბიზნესი (წვრილმანი საქონლის დისტრიბუცია), ხოლო მსესხებლის სესხის დაფინანსებისას გათვალისწინებულია თონიდან მიღებული შემოსავლები (რეალურად, ბიზნესი არ ეკუთვნის მსესხებელს). რეალური შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, მომსახურების კოეფიციენტი ირღვევა და შეადგენს 0.13. ამ მონაცემებით სესხი არ გაიცემოდა;
- 2022 წლის 31 დეკემბერს ც.მ–ზე გაიცა N3790318-12359593 შეღავათიანი აგროკრედიტი. კრედიტის თანხამ შეადგინა 55 000 ლარი. მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებით დადგინდა შემდეგი: პროექტში მითითებულია 1.3 ჰა ვაშლის ნარგავი, რეალურად კი არსებობს მხოლოდ 0.5 ჰა. მითითებულია 1.5 ჰა ნივრის ნათესი, რეალურად არის 0.6 ჰა. პომიდორი მოცემულია 2.6 ჰა-ზე, რეალურად არის 0.8 ჰა. პროექტში გათვალისწინებულია 7 ძროხა და 7 მოზარდი საქონელი, თუმცა რეალურად არის 5 ძროხა და 5 ხბო. სესხის გაცემისას, ფულის მოძრაობის უწყისში რეალური აქტივების გათვალისწინებით, სესხის მომსახურების კოეფიციენტი ირღვევა და სესხი ამ ოდენობით არ გაიცემოდა;
- 2022 წლის 28 ნოემბერს გ.კ–ზე გაიცა N3625554-12307457 შეღავათიანი აგროკრედიტი. კრედიტის თანხამ შეადგინა 130 000 ლარი. პროექტში გათვალისწინებულია 3 ჰა-ზე პომიდვრის მოყვანა, რომელიც რეალობას არ შეესაბამება და მსესხებელი ამ მოცულობის მიწის ნაკვეთზე არ აწარმოებს პომიდვრის მოყვანას. არასწორი მონაცემების მითითების გამო, სესხის კოეფიციენტი დარღვეულია;
- 2022 წლის 01 აგვისტოს რ.თ–ზე გაიცა N2373643- 12136421 შეღავათიანი აგროკრედიტი. კრედიტის თანხამ შეადგინა 160 000 ლარი. მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ ექსპერტს გაზრდილი აქვს აქტივები. კერძოდ, პროექტი დათვლილია 25 ტონა კალმახსა და 7 ტონა ტბის სხვადასხვა თევზზე, თუმცა რეალურად მსესხებელი 15 ტონა კალმახს აწარმოებს და 3-4 ტონამდე ტბორის თევზი ჰყავს. პროექტში ასევე გათვალისწინებულია 0.33 ჰა პომიდვრის და 1 ჰა საშემოდგომო ქერის შემოსავლები, თუმცა კლიენტს არცერთი კულტურა არ მოუყვანია. რეალური აქტივების გათვალისწინებით, სესხის მომსახურების კოეფიციენტი ირღვევა და სესხი არ გაიცემოდა;
- 2022 წლის 25 აგვისტოს ლეილა სააკაშვილის სახელზე გაიცა N3081967-12144089 მიკრობიზნეს სესხი. კრედიტის თანხამ შეადგინა 110 000 ლარი. მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ მსესხებელი არის ნევროლოგი, სახლში უწევს პაციენტების მომსახურება და აწარმოებს ჩანაწერებს. ჩანაწერების, კლიენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და ადგილზე ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დარღვეულია სესხის მომსახურების კოეფიციენტი;
- 2022 წლის 23 დეკემბერს უშანგი შერაზადიშვილზე გაიცა N7247346- 12341740 მიკრობიზნეს სესხი. კრედიტის თანხამ შეადგინა 80 000 დოლარი. მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ მსესხებელს ჰყავს 60 სული საქონელი, მაშინ, როდესაც, მოსარჩელეს მითითებული აქვს 800 სული ღორის არსებობა ბალანსისა და ფულის მოძრაობის ნაწილში, რაც არარეალური მონაცემია. თავად მსესხებელმა გასაუბრებისას განმარტა, რომ 800 ღორი არასდროს ჰყოლია;
6.5. მოსარჩელეს 2023 წლის 15 ივლისს ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, სადაც აღიარა და დააფიქსირა გაზრდილი, არარეალური ბიზნესის საფუძველზე სესხების განზრახ გაცემის ფაქტები, ასევე, დაადასტურა, რომ სესხის ელექტრონულ პროგრამაში არ ტვირთავდა სათანადო დოკუმენტაციას და მონაცემებს უთითებდა არასწორად, რათა სესხი დამტკიცებულიყო. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ქმედებები განახორციელა გეგმების შესრულებისა და ბონუსის მიღების მიზნით. 2021-2022 წლებში მოსარჩელის მიერ მიღებულმა ბონუსმა შეადგინა 73 040,37 ლარი;
6.6. „მიკროპორტფელის საკრედიტო სახელმძღვანელოს” 2.4 პუნქტის თანახმად, კრედიტების ექსპერტი სასესხო პროექტს ამუშავებს მსესხებლის საქმიანობის დეტალური შესწავლისა და ფინანსური ანალიზის საფუძველზე; ამავე სახელმძღვანელოს 4.4 პუნქტის მიხედვით, ფინანსური ანალიზის ჩატარებისა და ფინანსური უწყისების შედგენისას, სხვა მარეგულირებელ წესებთან ერთად, გაითვალისწინება შემდეგი გარემოებები: დაკრედიტების ექსპერტი მსესხებლის საქმიანობის ადგილის მონახულებისას ვიზუალურად ამოწმებს არანაკლებ შემდეგს: ბიზნესის აქტივებს: ფულად სახსრებს; სასაქონლო-მატერიალურ მარაგებს (ოდენობა, ასორტიმენტი, ლიკვიდურობა და ხარისხი (ვარგისიანობა სარეალიზაციოდ); ძირითადი საშუალებების მდგომარეობას. სავალდებულოა ვიზიტისას ნანახის ფოტოსურათებით დაფიქსირება. მიუხედავად ზემოაღნიშნული სავალდებულო მოთხოვნებისა, მოსარჩელემ განზრახ მცდარი, არარეალური, გაზრდილი ფინანსური ინფორმაცია დააფიქსირა სესხების განაცხადებსა და პროექტებში, რითაც ბანკი შეიყვანა შეცდომაში და გაცემული სესხების პროპორციულად მიიღო წახალისება (ბონუსი);
6.7. მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 14.2-14.3 პუნქტების თანახმად, ბანკის შინაგანაწესი წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. შრომით ხელშეკრულებაზე ხელმოწერა გულისხმობს, რომ დასაქმებული გაეცნო და ეთანხმება შინაგანაწესით გათვალისწინებულ პირობებს. შინაგანაწესის დარღვევა ავტომატურად ითვლება ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების დარღვევად;
6.8. შინაგანაწესის 3.8 პუნქტის მიხედვით, ბანკის ყველა თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას ბანკის ინტერესები და ბიზნეს ეთიკის ნორმები როგორც ბანკში, ისე მის გარეთ; 2.11 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია თანამშრომელმა ბანკში დაკავებული პოზიციიდან და თავისი უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე, ხელთ არსებული ინფორმაცია გამოიყენოს ბოროტად, როგორც პირადი მიზნებისათვის, ასევე, მესამე პირების სასარგებლოდ; 6.5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ბანკში დაკავებული ნებისმიერი პოზიციის გამოყენება პირდაპირ ან ირიბად საკუთარი სარგებლის მიზნით; 11.3 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება პირადი ინტერესების დაცვის მიზნით. ასეთი შემთხვევა შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც „ინტერესთა კონფლიქტი“ ან როგორც „ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენება“, რაც დაუშვებელია ბიზნეს-ეთიკის ნორმებით და აკრძალულია კანონმდებლობით. ზემოაღნიშნულ მუხლებს აქვთ შესაბამისი მითითება - შინაგანაწესის მიხედვით, წინამდებარე დოკუმენტში განსაზღვრულ ზოგიერთ პუნქტს მინიჭებული აქვს მანიშნებელი, რაც ნიშნავს, რომ ამ პუნქტის დარღვევამ შესაძლებელია გამოიწვიოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა;
6.9. ვინაიდან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ განხორციელებულ ქმედებებში იკვეთებოდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ბანკმა განცხადებით მიმართა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამართალწარმოება.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ ჩაატარა მოსარჩელის საქმიანობის მონიტორინგი, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდა რიგი დარღვევები. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე სასესხო პროდუქტების ინსტრუქციისა და საკრედიტო სახელმძღვანელოთი დადგენილი წესის დარღვევით მიდიოდა მომხმარებლის ბიზნეს-საქმიანობის ადგილზე და ახდენდა შემოსავლის შეფასებას, თუმცა, ნაცვლად არსებული მდგომარეობისა, უთითებდა არარეალურ მონაცემებს, რომელიც ხელოვნურად ზრდიდა მსესხებლის ფინანსურ მდგომარეობას და სესხის კოეფიციენტს; მოსარჩელე, მისი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, ფლობდა საბანკო/კონფიდენციალურ ინფორმაციას სესხის დამტკიცების სტანდარტის შესახებ, შესაბამისად, აცნობიერებდა, რომ რეალური მონაცემების მითითების შემთხვევაში, სესხები არ გაიცემოდა. სწორედ ამ მიზეზით აწვდიდა ბანკს არარსებულ ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც ხდებოდა სესხის დამტკიცება და გაცემა.
8. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ დამსაქმებელმა ვერ შეძლო მის მიერ მითითებული ფაქტების დადასტურება და მოსარჩელის მიერ უხეში დარღვევის ჩადენის ფაქტის დამტკიცება. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმეში მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს მთელ რიგ სესხებთან მიმართებით მითითებული აქვს არასწორი, კერძოდ, გაუმჯობესებული მონაცემები, რამაც გაზარდა განმცხადებლებისთვის სესხების დამტკიცების შესაძლებლობა. ეს ფაქტობრივი გარემოებები დეტალურადაა ჩამოთვლილი და აღწერილი მოპასუხის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებში და წინამდებარე განჩინებაში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დარღვევების დადასტურების კუთხით მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით მოახდინა მისი მტკიცების ტვირთის რეალიზება. საპირისპიროს მტკიცების ტვირთი მოსარჩელე ეკისრებოდა, თუმცა მას, გარდა ზეპირი ახსნა-განმარტებისა და ფაქტების ზოგადი უარყოფისა, მოპასუხის მტკიცებულებების გასაბათილებლად არაფერი წარუდგენია.
9. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ საქმეში წარდგენილია მოსარჩელის მიერ 2023 წლის 15 ივლისს შედგენილი ახსნა-განმარტება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 100-105), სადაც იგი აღიარებს მონაცემების განზრახ არასწორად მითითებას და აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედებები განახორციელა გეგმების შესრულებისა და ბონუსის მიღების მიზნით. მოსარჩელეს მის მიერ დაწერილი ახსნა-განმარტების (აღიარების) გასაქარწყლებლად რაიმე ვალიდური არგუმენტი ან მტკიცებულება არ წარუდგენია. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა შრომითსამართლებრივი ურთიერთობა და სუბორდინაციული დამოკიდებულება, რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა დასაქმებულის თავისუფალი ნების ფორმირებაზე, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის ახსნა-განმარტებაში მოყვანილი დარღვევები ასევე დადასტურებული იყო სხვა ობიექტური მტკიცებულებებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოებები კუმულაციურად შეაფასა და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ჩადენილი აქვს მოპასუხის მიერ მითითებული გადაცდომები, რისი საწინააღმდეგოს დადასტურებაც მან ვერ მოახერხა.
10. მოსარჩელის ქმედების შეფასების მიზნით, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ბანკის „მიკროპორტფელის საკრედიტო სახელმძღვანელოს” 2.4 და 4.4 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად დასახელებულ პუნქტებში მითითებული სავალდებულო მოთხოვნებისა, მოსარჩელემ განზრახ მცდარი, არარეალური, გაზრდილი ფინანსური ინფორმაცია დააფიქსირა სესხების განაცხადებსა და პროექტებში, რითა ბანკი შეცდომაში შეიყვანა და გაცემული სესხების პროპორციულად მიიღო წახალისება (ბონუსი).
11. აპელანტის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ იგი შესაძლებლობის ფარგლებში ახორციელებდა პროექტების შედგენას და ბანკს ყოველთვის შეეძლო მის მიერ შესრულებული სამუშაოს გადამოწმება და ცდომილებების აღმოჩენა, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ პროექტების შედგენისას მითითებული არასწორი მონაცემები შეეხებოდა ისეთ ობიექტურ გარემოებებს, რომელთა გადამოწმებას და სწორად მითითებას რაიმე განსაკუთრებული უნარი, ხელსაწყო ან დამატებითი საშუალება არ სჭირდებოდა. მაგალითად: ზ.ც–ძესთან მიმართებით დადგენილია, რომ სესხის გაცემისას სხვა აქტივებთან ერთად გათვალისწინებულია 20 მოზარდიდან შემოსავალი, თუმცა ადგილზე ვიზიტით დადგინდა, რომ მსესხებელს რეალურად ჰყავდა 10 სული საქონელი. ბოლო სესხი გაცემულია 18.04.2023-ში და მონიტორინგი ჩატარდა 25.04.2023-ში, შესაბამისად, ნათელია, რომ შემოსავალი ხელოვნურადაა 2-ჯერ გაზრდილი; ე.მ–ის შემთხვევაში, სასესხო პროექტის მიხედვით, მსესხებლის საქმიანობას წარმოადგენდა აგრომეურნეობა და მომსახურეობა. აღნიშნულია, რომ მსესხებელს მოჰყავს პომიდორი გრუნტზე 1.8 ჰექტარზე, თუმცა, რეალურად მსესხებელს პომიდორი არ მოყავს. ასევე, აღნიშნულია რომ პროექტის მიხედვით, მსესხებელი ფლობს ბლის ბაღს 1.2 ჰექტარს, რეალურად კი ფლობს 0.2 ჰექტარ ბლის ბაღს და ა.შ. თითოეული აღნიშნული მონაცემის გადამოწმება და მათი სისწორის დადგენა წარმოადგენდა მოსარჩელის, როგორც ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის, მოვალეობას და მისგან რაიმე არაპროპორციულ ძალისხმევას არ მოითხოვდა.
12. რაც შეეხება ბანკის შესაძლებლობას, გადაემოწმებინა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო და გამოევლინა ხარვეზები, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შრომითი სამართალი დაფუძნებულია გარკვეული ნდობის ხარისხზე დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის. დამსაქმებელს ლეგიტიმურად აქვს მოლოდინი იმისა, რომ დასაქმებული მასზე ნაკისრ ვალდებულებებს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულებს. შესაბამისად, დამსაქმებელს ვერ მოეთხოვება, რომ მუდმივად „ჩასაფრებულ“ მდგომარეობაში იყოს და აწარმოოს დასაქმებულის ყველა მოქმედების მონიტორინგი. ამასთან, ის ფაქტი, რომ დამსაქმებელს ხელეწიფება შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი, არ ათავისუფლებს დასაქმებულს არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს შედეგებისგან. მოსარჩელის, როგორც ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის, ვალდებულებას წარმოადგენდა სესხის პროექტების შედგენა და მასში ასახული მონაცემების შეძლებისდაგვარად გადამოწმება, რასაც იგი არაჯეროვნად ასრულებდა და ბანკის შეცდომაში შეყვანით გაიცემოდა სესხები ისეთ სუბიექტებზე, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ ბანკის მიერ წინასწარ დადგენილ კრიტერიუმებს. ასეთი მოცემულობის პირობებში, აპელანტის მითითება, რომ ბანკს შეეძლო მონაცემების გადამოწმება, ვერც შეამსუბუქებს და ვერც გამორიცხავს მოსარჩელის მიერ ჩადენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობას.
13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და მოპასუხის მიერ მითითებული და დადასტურებული გადაცდომების ანალიზის საფუძველზე, დაასკვნა, რომ მოსარჩელეს დარღვეული აქვს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი არსებითი ვალდებულებები. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვანია გადაცდომის ხარისხის შეფასებისას, კერძოდ, მაშინ, როდესაც დასაქმებული არღვევს გარკვეულ წესს, თუმცა ამას გავლენა არ აქვს შესასრულებელ სამუშაოზე, არსებობს ალბათობის მაღალი ხარისხი, რომ გადაცდომა უხეშად არ ჩაითვლება და არ დადგინდება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წინაპირობა. თუმცა, მაშინ, როდესაც დასაქმებული არაჯეროვნად ასრულებს მის ძირითად ვალდებულებას და ამასთან დარღვევას აქვს მრავალჯერადი ხასიათი, დასაქმებულის შრომითი უფლებების დაცვა ვერ გადაწონის დამსაქმებლის კანონიერ ინტერესს, რომ მიიღოს კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულებული სამუშაო.
14. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელის ზემოაღნიშნული ქმედებების საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის ჭრილში შეფასებისთვის, შრომითი ვალდებულების დარღვევის ჩადენის სიმძიმის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი შეფასება შედეგობრივი თვალსაზრისით, რათა დადგინდეს იყო თუ არა თანაზომიერი დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა. თუმცა, დარღვევა, რომლის შედეგი ნდობის დაკარგვაა, არანაკლები მნიშვნელობისაა, ვიდრე მატერიალური ზიანი. დასაქმებულის მიერ ჩადენილი დარღვევის ხარისხის შეფასებისას, მნიშვნელოვანია ის მაღალი პოტენციური საფრთხე, რომელიც შესაძლებელია პროფესიულ ვალდებულებათა მიმართ გულგრილ დამოკიდებულებასა და პასუხისმგებლობის გაუცნობიერებლობას უკავშირდებოდეს (იხ. სუსგ საქმე Nას-1156-2022, 24 ნოემბერი, 2022 წელი).
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი დარღვევის ხასიათის, სიმძიმისა და შედეგის გათვალისწინებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლება დასაშვებ, აუცილებელ და პროპორციულ ღონისძიებას წარმოადგენდა. მოსარჩელის ასეთი გადაცდომები დამსაქმებელს მუშაკის მიმართ ნდობას უკარგავდა. ამასთან, შესაფასებელი ქმედება ისეთ დარღვევას არ წარმოადგენდა, რომელიც დამსაქმებლის მიერ გამაფრთხილებელი ზომის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია, იმგვარად გამოსწორებულიყო, რომ დამსაქმებელს მუშაკთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების ინტერესი არ დაეკარგა. აღნიშნული გარემოება კი, დასაქმებულის მიმართ ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენებას გამორიცხავდა და სშკ-ის 47.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს ქმნიდა. მოსარჩელის ქმედება სწორედ უხეში დარღვევის კვალიფიკაციას ესადაგება, რაც გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.
16. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა მისი სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. ხსენებული მოთხოვნების დაკმაყოფილების წინაპირობას წარმოადგენს დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დადგინდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
17. ბონუსის დაკისრებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დამსაქმებლის ნებაზე დამოკიდებული გასაცემი საალბათო გასაცემია. ეს იმას ნიშნავს, რომ დამსაქმებელს არც მომავალში არ გააჩნია საალბათო გასაცემის გაცემის ვალდებულება, ანუ წარსულში ამ უკანასკნელის მიერ დასაქმებულისათვის ბონუსის გაცემა არ გამორიცხავს, რომ მომავალში დამსაქმებელმა აღნიშნული ანაზღაურება არ გასცეს (შდრ. იხ. სუსგ საქმე Nას-787-736-2017, 10.11.2017; Nას-1304-2020, 11 ივნისი, 2021 წელი). განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ ბანკის შრომის შინაგანაწესის 13.16 პუნქტის შესაბამისად, ბანკი უფლებამოსილია და არა ვალდებული გასცეს ბონუსი, მიუხედავად დასაქმებულის მიერ შესრულებული შედეგისა. ბანკის მიერ რაიმე სპეციალური ანაზღაურების (პრემია/ბონუსი და/ან სხვა ნებისმიერი სახის ანაზღაურება გარდა ხელფასისა) გაცემის შემთხვევაში, იმ შემთხვევაშიც კი თუ დასაქმებული ასეთ ანაზღაურებას რეგულარულად იღებდა ნებისმიერი პერიოდის მანძილზე, დასაქმებულს არ წარმოეშვება ბანკისგან ასეთი სპეციალური ანაზღაურების მოთხოვნის უფლება თუ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის სხვა რაიმე წერილობითი შეთანხმება არ არსებობს. ზემოაღნიშნული შრომის შინაგანაწესიდან ცალსახად გამომდინარეობს დასკვნა, რომ ბონუსის გაცემა დამოკიდებული იყო დასაქმებულის მხრიდან სამუშაოს გარკვეული ხარისხით შესრულებაზე და, ამავდროულად, მთლიანად დამსაქმებლის ნებაზე. ბონუსის გაცემა არ შედიოდა დამსაქმებლის ვალდებულებაში, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის პერიოდზე მისი გათვალისწინება არ იყო გამართლებული. შესაბამისად, არ არსებობდა ამ ნაწილში სარჩელისა და სააპელაციო პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.
18. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
19. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
19.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელემ 12 სესხის პროექტი პროცედურის დარღვევით შეადგინა. უდავოა ის ფაქტი (დადასტურდა თავად მოწინააღმდეგე მხარის მოწმეეების მიერაც), რომ მოსარჩელე, რომელიც შეღავათიანი აგროსესხების პროექტს ადგენდა, ეყრდნობოდა მხოლოდ და მხოლოდ პოტენციური მსესხებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას იმ შემთხვევაში, თუ: არ არსებობდა საკუთრების ან/და მართლზომიერი მფლობელობის (იჯარის, ქირავნობის ხელშეკრულება) დამადასტურებელი დოკუმენტები უძრავ ქონებასთან (მიწა, შენობა-ნაგებობანი) დაკავშირებით. მოსარჩელე ასევე ეყრდნობოდა სესხის მიღების მსურველის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას პირუტყვის ოდენობისა და მოსაყვანი სოფლის მეურნეობის პროდუქციის სავარაუდო ჯიშისა და ოდენობის შესახებ. შეღავათიანი აგროსესხის შინაარსი და იდეა იყო სწორედ აღნიშნული - გამარტივებული პროცედურით, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე (ასეთის არარსებობის შემთხვევაში) ბანკი უნდა დაყრდნობოდა პოტენციური მსესხებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელსაც მოსარჩელე და მის პოზიციაზე მყოფი დასაქმებულები ამოწმებდნენ ადამიანური შესაძლებლობის ფარგლებში, რაც მოხდა სწორედ იმ 12 სესხთან დაკავშირებით. ვერც მოპასუხემ და ვერ სასამართლომ დაასაბუთა, თითოეული სესხის პროექტის შემთხვევაში რომელი კონკრეტული პროცედურა დაირღვა ან/და საერთოდ რა დარღვევას ჰქონდა მოსარჩელის მხრიდან ადგილი (თითოეულ სადავო სესხთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზიების გასაცნობად იხ. საკასაციო საჩივარი, ტ. 6, საკასაციო საჩივრის გვ. 4-14);
19.2. სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა, თუმცა არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლად მიუთითა 5 სესხი და აღნიშნულ სესხებზე დასაქმებულს ჩამოართვა ახსნა-განმარტება, ხოლო დანარჩენ სესხებთან დაკავშირებით მოსარჩელემ შეიტყო მხოლოდ მას შემდგომ, რაც მოპასუხემ შესაგებელი წარადგინა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევა და დადგენა მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი უნდა იყოს კონკრეტული;
19.3. სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა და არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომლის მიხედვითაც უნდა განსაზღვრულიყო შეღავათიანი აგრობიზნეს სესხის გაცემის პროცედურა. აღნიშნულის დაუდგენლობამ გამოიწვია ის, რომ მოსარჩელის მიერ ყველა პროცედურის სათანადო დაცვით შედგენილი პროექტების შედეგად გაცემული სესხები ყოველგვარი კვლევის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ დამსაქმებლის ზეპირი განმარტების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ „პროცედურების დარღვევით გაცემულად“ მიიჩნია;
19.4. სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა და არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ სესხები, რომელზეც მოსარჩელემ პროექტები შეადგინა, ემსახურებოდა რეალურად არსებულ ბიზნესებს და ბიზნესიდან შემოსავლებით სრულდებოდა და დღემდე სრულდება ფინანსური ვალდებულებები ბანკის კლიენტების მიერ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენა მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც სწორედ მითითებული ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევა-დადგენა მისცემდა სასამართლოს შესაძლებლობას ეთქვა, რომ ბანკს ფინანსური ან/და რაიმე ტიპის ზარალი არ მისდგომია და მისგან გასული თანხით დაწყებული ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი ისევ სესხების დაფარვას ხმარდება. დამსაქმებელმა ზეპირსიტყვიერად მიუთითა, რომ ბანკს მოსარჩელის მიერ პროცედურის დარღვევით „გაცემული“ სესხების გამო მიადგა დიდი ოდენობით ფინანსური და რეპუტაციული ზარალი, თუმცა საქმეში წარადგინა საპირისპირო მტკიცებულება. კერძოდ, მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულების მიხედვით, წარდგენის პერიოდისთვის მხოლოდ 2 სესხია ვადაგადაცილებაში და ორივე უზრუნველყოფილია ქონებით. ე.ი. ის სესხები, რომელთა გაცემითაც ბანკს „მიადგა ფინანსური ზიანი“ დღემდე იფარება, იხდება, ყველა დაფინანსებული ბიზნესი დღემდე არსებობს, მოსარჩელის მონაწილეობით გაცემული სესხებით ადამიანებმა წამოიწყეს მცირე აგრომეურნეობა, მცირე ბიზნესი, იხდიან სესხს, უხდიან სახელმწიფოს გადასახადებს, კვებავენ ოჯახებს. შეიძლება პროექტში მითითებული 1 ჰექტარის ნაცვლად კლიენტმა კიტრი ნახევარ ჰექტარზე მოიყვანა, მაგრამ ეს რატომ უნდა გახდეს თანამშრომლის გათავისუფლების საფუძველი? რანაირად უნდა იწინასწარმეტყველოს მოსარჩელის პოზიციაზე მყოფმა ადამიანმა დეკემბერში, რომ კიტრის მოსავალი გაზაფხულზე დაითესება არა ერთ, არამედ ნახევარ ჰექტარზე?;
19.5. რაც შეეხება ვადაგადაცილებას, რა თქმა უნდა, აღნიშნული რისკი არამხოლოდ შეღავათიან აგროსესხს, არამედ ნებისმიერ სესხს, თუნდაც განვადებას ახლავს თან და ეს დასაქმებულის პასუხისმგებლობა ვერ იქნება;
19.6. სასამართლოს უნდა დაედგინა და არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ შედგენილ სესხის პროექტებში აღმოჩენილი „დარღვევები“, სხვა, თითქმის ყველა იმავე პოზიციაზე მომუშავე პირებთან აღმოჩნდა, თუმცა მოსარჩელისგან განსხვავებით, ისინი არ გათავისუფლდნენ სამსახურიდან, მათ მიიღეს გაფრთხილება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენით გამოიკვეთებოდა დამსაქმებლის უსამართლო და არაკეთილსინდისიერი ქცევა დასაქმებულის მიმართ;
19.7. მოსარჩელე უთითებდა, რომ მის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება იყო დამსაქმებლის მიერ მისი შეცდომაში შეყვანის შედეგი და ორგანიზაციის გავლენის ძალით მოპოვებული. კერძოდ, როდესაც დამსაქმებელმა მიუთითა, რომ მოსარჩელეს უნდა დაეწერა ახსნა-განმარტება, იქვე განუმარტა, რომ მიიღებდა გაფრთხილებას ისე, როგორც სხვა თანამშრომლები და არ ემუქრებოდა გათავისუფლება; ეს უბრალოდ აგროსესხებთან და მათში ნაგულისხმევ რისკებთან დაკავშირებული პრობლემები იყო და ახსნა-განმარტება ყველაფერს მოაგვარებდა. მოპასუხის მიერ მოწვეულმა მოწმემ - თ.გ–ძემ (მონიტორინგის განმახორციელებელი) დაადასტურა, რომ მსგავსი ტიპის „დარღვევები“ აღმოჩნდა დანარჩენ თანამშრომლებთანაც და ოთხმა თანამშრომელმა მიიღო საბოლოო გაფრთხილება;
19.8. ის ფაქტი რომ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა ინფორმაცია და დაიწყო ძიება, თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელემ, როგორც დასაქმებულმა, რაიმე დაარღვია ან/და დანაშაული ჩაიდინა.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
25. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
26. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის მართლზომიერება. კასატორი დავობს, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია შრომითი ხელშეკრულებით ან/და შინაგანაწესით ნაკისრი ვალდებულებების უხეშ დარღვევას.
27. საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.
28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების თანახმად, უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს ზემოაღნიშნული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების შეფასებისას, არის პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იგივე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება (იხ. სუსგ საქმე Nას-106-101-2014, 02 ოქტომბერი, 2014 წელი; Nას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი).
29. საქართველოს სასამართლოების მიერ შრომით დავებთან დაკავშირებულ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ სამსახურიდან პირის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რომელიც გულისხმობს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებული უნდა იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ დარღვევის ჩადენისას დამსაქმებლის მიერ გამოყენებული უნდა იქნას ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს (იხ. სუსგ საქმე Nას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი; Nას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი; Nას-127-123-2016, 13 ივნისი, 2016 წელი).
30. ამრიგად, მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე Nას-1391-1312-2012, 10 იანვარი, 2014 წელი; Nას-483-457-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი; Nას-127-123-2016, 13 ივნისი, 2016 წელი).
31. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (იხ. სუსგ საქმე Nას-1056-996-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი; Nას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; Nას-539-539-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი).
32. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელემ უხეშად დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით/შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებები და იგი მართლზომიერად გათავისუფლდა სამსახურიდან, ეკისრებოდა მოპასუხეს/დამსაქმებელს.
33. საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომითი ხელშეკრულებით/შინაგანაწესით ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტს.
34. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2021-2022 წლებში მოსარჩელის მიერ შედგენილი პროექტების საფუძველზე სხვადასხვა მსესხებლებზე გაიცა შეღავათიანი აგროკრედიტები და მიკრობიზნეს სესხები, რომელთა რაოდენობამ შეადგინა 875 000 ლარი; აღნიშნულ სესხებთან მიმართებით, მათი დამტკიცების მიზნით, მოსარჩელემ განზრახ მცდარი/არარეალური, კერძოდ, პოტენციური მსესხებლების გაუმჯობესებული ფინანსური ინფორმაცია მიუთითა სესხების განაცხადებსა და პროექტებში, რითაც ბანკი შეცდომაში შეიყვანა და გაცემული სესხების პროპორციულად მიიღო წახალისება (ბონუსი). რეალური ინფორმაციის მითითების შემთხვევაში სესხები არ გაიცემოდა; საქმეში წარდგენილია მოსარჩელის 15.07.2023წ. წერილობითი ახსნა-განმარტება, სადაც იგი აღიარებს ამ გარემოებას და მიუთითებს, რომ მან აღნიშნული ქმედებები გეგმების შესრულებისა და ბონუსის მიღების მიზნით განახორციელა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 100-105); დადგენილია, რომ 2021-2022 წლებში მოსარჩელის მიერ მიღებულმა ბონუსმა შეადგინა 73 040,37 ლარი. კასატორს აღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგო, სამართლებრივად ვარგისი შედავება არ წარმოუდგენია. მისი საკასაციო საჩივარი მხოლოდ ზეპირ ახსნა-განმარტებას ეფუძნება და მტკიცებულებებზე არ არის დამყარებული, რასაც საკასაციო სასამართლო არასაკმარისად მიიჩნევს და ვერ გაიზიარებს.
35. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის მითითებას, რომ მოსარჩელის 15.07.2023წ. წერილობითი ახსნა-განმარტება იყო დამსაქმებლის მიერ მისი შეცდომაში შეყვანის შედეგი და ორგანიზაციის გავლენის ძალით მოპოვებული, ვინაიდან გარდა იმისა, რომ მოსარჩელეს აღნიშნულის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება არ წარუდგენია, დასახელებულ ახსნა-განმარტებაში მითითებული დარღვევების ჩადენის ფაქტი ასევე დადასტურებულია საქმეში მოპასუხის მიერ წარდგენილი სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ, მონიტორინგის შემოწმების დასკვნითა და მოწმეთა ჩვენებებით (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს 15.02.2024წ. გადაწყვეტილება, გვ. 21-23).
36. კასატორის განმარტებასთან დაკავშირებით, რომ სესხის პროექტის შედგენისას იგი ეყრდნობოდა პოტენციური მსესხებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარდგენილი „საკრედიტო სახელმძღვანელოს“ 2.4 პუნქტზე, რომლის თანახმად, დაკრედიტების ექსპერტი სასესხო პროექტს ამუშავებს მსესხებლის საქმიანობის დეტალური შესწავლისა და ფინანსური ანალიზის საფუძველზე, ასევე, იმავე სახელმძღვანელოს 4.4 პუნქტზე, რომლის მიხედვით, ფინანსური ანალიზის ჩატარებისა და ფინანსური უწყისების შედგენისას, სხვა მარეგულირებელ წესებთან ერთად, გაითვალისწინება შემდეგი გარემოებები: დაკრედიტების ექსპერტი მსესხებლის საქმიანობის ადგილის მონახულებისას ვიზუალურად ამოწმებს არანაკლებ შემდეგს: ბიზნესის აქტივები: ფულადი სახსრები; სასაქონლო-მატერიალური მარაგები (ოდენობა, ასორტიმენტი, ლიკვიდურობა და ხარისხი (ვარგისიანობა სარეალიზაციოდ); ძირითადი საშუალებების მდგომარეობა. ამდენად, დაკრედიტების ექსპერტის მოვალეობაში შედიოდა არა მხოლოდ პოტენციური მსესხებლისგან მიღებული ინფორმაციის დაფიქსირება, არამედ ამ ინფორმაციის დეტალური შესწავლა და ფინანსური ანალიზი, რაც, სადავო სესხებთან მიმართებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს ჯეროვნად არ განუხორციელებია. შედეგად, სესხები გაიცა ისეთ სუბიექტებზე, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ ბანკის მიერ წინასწარ დადგენილ კრიტერიუმებს.
37. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ დასაქმებულის მიერ ჩადენილი დარღვევის შედეგობრივი თვალსაზრისით შეფასებისას, მატერიალური ზიანის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მხრიდან ნდობის დაკარგვის ფაქტორი. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულის მიერ ისეთი ქმედების ჩადენა, რაც ერთმნიშვნელოვნად იწვევს მხარეთა შორის ნდობის დაკარგვას, დამსაქმებელს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერ საფუძველს წარმოუშობს, რაც დასაქმებულის აღდგენას თავისთავად გამორიცხავს (იხ. სუსგ საქმე Nას-132-2021, 31 ოქტომბერი, 2022 წელი). მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი გადაცდომები, მათი ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ბანკის მხრიდან ნდობის დაკარგვის ობიექტურ საფუძველს ქმნიდა.
38. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოთ მითითებული გარემოებები იძლევა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემადგენლობას, რაც მოსარჩელის გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს წარმოადგენდა.
39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
40. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
41. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.ვ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ნ.ვ–ს (პ.ნ. ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2024 წლის 12 ნოემბერს №77397250 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე