Facebook Twitter

საქმე №ას-1382-2024

29 იანვარი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ფ.პ–ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „ი.ქ.ე–ი“ (მოპასუხე),

შპს „მ.უ.ს.მ.გ.“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - სს „ბ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება (ძირითადი სარჩელით), თანხის დაკისრება (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ფ.პ–მა“ (შემდგომში – „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ი.ქ.ე–ისა“ (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) და შპს „მ.უ.ს.მ.გ.“-ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“ ან „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“) მიმართ მოპასუხეთა შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.

3. მეორე მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა მისთვის საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრება.

4. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მაისის საოქმო განჩინებით წინამდებარე საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაება სს „ბ–ი“.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 178 552, 76 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მეორე მოპასუხის შეგებებული სარჩელი ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს მეორე მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 159 802,27 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა წარედგინა: დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსია. აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 მარტის განჩინება მოსარჩელეს და მოსარჩელის წარმომადგენელს - თ.გ–ვას 2024 წლის 21 და 28 მარტს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნათ საქმეში მითითებულ მისამართზე (თბილისი, .........), თუმცა მათ გზავნილი ვერ ჩაბარდათ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 აპრილის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის - თ.გ–ვასთვის ჩაბარება დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოსთვის ცნობილ მისამართებზე: მოსარჩელეს - თბილისი, ........., ოფისი N.., ხოლო თ.გ–ვას - თბილისი, .........; თუმცა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის VII სამმართველოს 2024 წლის 05 ივლისის და 08 აგვისტოს მიმართვებით დგინდება, რომ მოსარჩელეს სასამართლო გზავნილი ვერ ჩაბარდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აგვისტოს განჩინებით აპელანტს და აპელანტის წარმომადგენელს - თ.გ–ვას ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 მარტის განჩინება ჩაბარდათ საჯარო შეტყობინების გზით. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ განთავსდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებგვერდზე (www.ecd.court.ge), აღნიშნული განჩინება გამოქვეყნდა 2024 წლის 13 აგვისტოს. ამდენად, სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 27 აგვისტოდან და ამოიწურა 2024 წლის 05 სექტემბერს, თუმცა აპელანტს და მის წარმომადგენელს განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების შესახებ სააპელაციო სასამართლოსთვის არ მიუმართავთ.

11. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2, 61.2, 61.3, 63-ე, 368.5, 374-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა.

13. კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

13.1. სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო საკმარისი და ქმედითი ღონისძიებები აპელანტისათვის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 20.03.2024წ. განჩინების ჩასაბარებლად. შესაბამისად, აპელანტს წაერთვა მისი საპროცესო უფლების განხორციელებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა;

13.2. აპელანტმა 2024 წლის 16 თებერვალს წარადგინა ფორმალური სააპელაციო საჩივარი იმ მიზეზით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში არ ჩაბარდა. შესაბამისად, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან გასაჩივრებისთვის დადგენილ ვადაში აპელანტი მოკლებული იყო შესაძლებლობას დასაბუთებული საჩივარი შეედგინა. ასევე, რთული იყო ბაჟის დაანგარიშებაც, ვინაიდან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიც კი საკმაოდ გვიან აისახა საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში. ამასთან, სააპელაციო საჩივრის ჩაბარების შემდგომ აპელანტის წარმომადგენელი რამდენჯერმე დაუკავშირდა სასამართლოს, რათა გაეგო რომელ მოსამართლეს დაეწერა მათი სააპელაციო საჩივარი, თუმცა მიიღო პასუხი, რომ აღნიშნული ჯერ არ იყო ცნობილი. ამის შემდგომ იგი იმედოვნებდა, რომ საქმის კონკრეტულ მოსამართლეზე განაწილების შემდეგ მოსამართლის თანაშემწის მხრიდან სულ მცირე ერთი ზარი მაინც განხორციელდებოდა;

13.3. საკმაოდ უცნაური და არადამაჯერებელია ის ფაქტი, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებულ ვერცერთ მისამართზე ვერ მოხერხდა აპელანტისათვის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარება. ...... ქუჩა N2-ში განთავსებულია მრავალფუნქციური კომპლექსი, რომლის პირველ და მეორე სართულებზე არის .. ოფისი. კომპლექსს გააჩნია დაცვის სამსახურის მომსახურე პერსონალი, რომლებიც მუდმივად კომპლექსის გარეთ იმყოფებიან და ზრუნავენ იქ განთავსებულ კომპანიებთან მიმსვლელების კონტროლსა და დაკვალიანებაზე. გარდა იმისა, რომ ამ მისამართზე განთავსებულია მოსარჩელის ოფისი, იქ, ასევე, განთავსებულია თ.გ–ვას, როგორც მოქმედი ადვოკატის, პირადი ოფისი. თ.გ–ვა იმავდროულად წარმოადგენს ამ კომპლექსის მფლობელი კომპანიის მთავარ იურისტს 2007 წლიდან. შესაბამისად, ამ გარემოებებიდან გამომდინარე, დაუჯერებელი და გამორიცხულია, რომ ამ ადგილას მისულ ფოსტის კურიერს აპელანტისათვის, რომლის წარმომადგენელი - ი.ხ–ძე მუდმივად სამსახურში იმყოფება, ვერ მიეკვლია ან ვინმეს ეთქვა, რომ თ.გ–ვა იმ ადგილას არ იმყოფებოდა. საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება თ.გ–ვამ სწორედ ამ მისამართზე ჩაიბარა კურიერის მეშვეობით, რომელმაც დარეკა მის პირად ტელეფონის ნომერზე და ჩააბარა სასამართლო გზავნილი;

13.4. ასევე, უცნაურია, რომ გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა ვერც თ.გ–ვას საცხოვრებელ მისამართზე. ამასთან, გზავნილის ჩაბარების წარუმატებლობის ფონზე თანაშემწე არცერთხელ არ შეეცადა (თუ ვერ მოახერხა) თ.გ–ვას პირად ტელეფონზე დაკავშირებას;

13.5. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ზუსტად იმავე პერიოდში, 2024 წლის 18 მარტს აპელანტის დამფუძნებელს, ი.ხ–ძეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე: ....... ქუჩა N2, ოფისი N.., ჩაბარდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ამიტომ, საკმაოდ საეჭვო და უცნაურია, რომ ზუსტად სამი დღის შემდგომ, 2024 წლის 21 მარტს და განმეორებით 28 მარტს იმავე მისამართზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარება აპელანტისათვის ვერ მოხერხდა;

13.6. დავის შინაარსიდან გამომდინარე, რაც საკმაოდ დიდი ოდენობის თანხაზე მიმდინარე ბიზნეს დავას წარმოადგენს, სასამართლოსათვის სავარაუდო უნდა ყოფილიყო, რომ აპელანტი მისი გაგრძელებით მნიშვნელოვნად დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს და, შესაბამისად, მასთან კომუნიკაციის დამყარების ქმედითი მცდელობა უნდა განეხორციელებინა.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 06 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

17. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ მან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სწორედ აღნიშნული განჩინების მართლზომიერება წარმოადგენს.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს დასახელებულ ნორმაში მითითებულ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად [სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა], დარჩება განუხილველი დაუშვებლობის გამო.

19. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა წარედგინა: დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსია. აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადა; აღნიშნული განჩინება ფოსტის მეშვეობით ორჯერ გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს - თ.გ–ვას სააპელაციო საჩივარში მითითებულ შემდეგ მისამართზე: თბილისი, ......, ბინა N54, გზავნილზე ასევე მითითებული იყო ადრესატის ტელეფონის ნომერიც, თუმცა გზავნილის მისთვის ჩაბარება ვერ მოხერხდა (იხ. ტ. 7, ს.ფ. 7-10). პირველად გაგზავნის შემთხვევაში უკუგზავნილში კომენტარის ველში მითითებულია, რომ ადრესატი „იქნება ორშაბათს“ (იხ. ტ. 7, ს.ფ. 8), ხოლო მეორე შემთხვევაში მითითებულია, რომ ადრესატი „ტელ არ პასუხობს“ (იხ. ტ. 7, ს.ფ. 10); თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 აპრილის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 მარტის განჩინების აპელანტისა და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარება დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდეგ მისამართებზე: აპელანტს - თბილისი, ..........., ოფისი N23; აპელანტის წარმომადგენელს - თბილისი, ....../6, ბინა N54; თუმცა, საქართველოს შსს-ს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის VII სამმართველოს 19.06.2024წ. მიმართვის თანახმად, აპელანტისათვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა (იხ. ტ. 7, ს.ფ. 18-19); აპელანტს ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 მარტის განჩინების თაობაზე ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით - 2024 წლის 26 აგვისტოს (შეტყობინების გამოქვეყნების თარიღი: 19.08.2024წ.) (სსსკ-ის 78.2 მუხლი) (იხ. ტ. 7, ს.ფ. 24-27).

20. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო აპელანტისათვის განჩინების ჩაბარებიდან მეორე დღეს - 2024 წლის 27 აგვისტოს (სსსკ-ის 60.2 მუხლი) და ამოიწურა იმავე წლის 05 სექტემბერს, თუმცა სადავო არ არის, რომ აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

21. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ქმედითი ღონისძიებები აპელანტისათვის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩასაბარებლად და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით; იმავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით; თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში; ამასთან, 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

22. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ აპელანტს (აპელანტის წარმომადგენელს) ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ფოსტის მეშვეობით არაერთხელ გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, მისი აპელანტისათვის ჩაბარება აგრეთვე დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს. ამასთან, მიუხედავად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჩაბარების წესისა, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა იმავე კოდექსის 78-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ და აპელანტს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების თაობაზე ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას.

23. საკასაციო სასამართლო აგრეთვე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება მიღებულია 2024 წლის 20 მარტს, ხოლო ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა 5 თვის შემდგომ, 2024 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, თუმცა არც საქმის მასალებიდან დგინდება და არც თავად კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ამ დროის განმავლობაში აპელანტმა გამოხატა დაინტერესება სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხთან დაკავშირებით (კერძო საჩივარში იგი მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის ჩაბარების შემდგომ აპელანტის წარმომადგენელი რამდენჯერმე დაუკავშირდა სასამართლოს იმის გასაგებად თუ რომელ მოსამართლეზე განაწილდა მისი სააპელაციო საჩივარი). მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტს ჰყავს უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომლისთვისაც ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ ფორმალური, დაუსაბუთებელი სააპელაციო საჩივრის წარდგენა და სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის საფუძველია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადვოკატი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები, რაც, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ადვოკატის ვალდებულებას კლიენტის წინაშე მის მიერ ნაკისრ მოვალეობებს მოეკიდოს სათანადო გულისხმიერებით, კერძოდ, კლიენტის უფლებების დაცვისა და რეალიზებისათვის იზრუნოს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ პირობებში მყოფი მისი პროფესიის მქონე ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და იმოქმედოს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია კლიენტისათვის (იხ. სუსგ საქმე Nას-835-801-2016, 30 ნოემბერი, 2016 წელი).

24. გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარდა 2024 წლის 18 მარტს, თუმცა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი არც აღნიშნულის შემდგომ წარუდგენია, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თავად აღნიშნავს, ფორმალური სააპელაციო საჩივრის წარდგენის საფუძველს სწორედ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვადაში მოუმზადებლობა და ჩაუბარებლობა წარმოადგენდა.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს“, აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, N8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57).

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისთვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).

27. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ფ.პ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე