საქმე №ას-19-2025 17 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქოსაქმეთაპალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი - სს „ს.კ.ა–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „თ.ს–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრისა და იმავე სასამართლოს 2024 წლის 08 ნოემბრის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – საპროცესო უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,თ.ს–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი სს ,,ს.კ.ა–ის“ (შემდეგში: მოპასუხე ან საჩივრის ავტორი) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 392 889.66 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. სარჩელი დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა ორივე მხარის მიერ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - სარჩელის უარყოფა.
2. 2024 წლის 28 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ, რომელმაც საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით, მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წილზე, მდებარე: თბილისი, ......., საკადასტრო კოდი: ........, I სართული ფართით 28.78კვ.მ. და მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 სართულები ჯამური ფართით 526.83კვ.მ, ყადაღის დადება მოითხოვა.
3. შუამდგომლობის ავტორმა განმარტა შემდეგი: მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განმარტა, რომ მოპასუხე კომპანიის სახელის ცვლილებასთან ერთად, სს „ა.დ–ვა“ ორი დამოუკიდებელი სუბიექტით გეგმავს ბაზარზე ოპერირებას. კომპანიამ, გარდა სახელის ცვლილებისა გააფორმა საწარმოს მიწოდების მსგავსი ხელშეკრულება ახალ კომპანიასთან, რომლითაც ახალ კომპანიას გადასცა აქტივები. ამასთან, მოპასუხე კომპანიის სახელზე ფიქსირდება არაერთი შეზღუდვა (უზრუნველყოფები/აკრძალვა). ფაქტიურად, კომპანიის მთელი ქონება უფლებრივი შეზღუდვითაა დატვირთული. მოპასუხე კომპანიას - სს „ს.კ.ა–ს“, უტოვებენ რა პასივებს, ხოლო თავისუფალი აქტივები გადაეცა ახალ კომპანიას, ამასთან, კომპანიის მიმართ არაერთი სასამართლო დავის პირობებში, საფრთხის ქვეშ დგება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (ს.ფ. 95-100. ტ.3).
4. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წილის, მდებარე: ქალაქი თბილისი, ......., საკადასტრო კოდი: ......., I სართული ფართით 28.78კვ.მ. და მე-2, მე-3, მე- 4, მე-5 და მე-6 სართულები ჯამური ფართით 526.83კვ.მ., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. აღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა და მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
4.1 მოპასუხე წარმოადგენს სადაზღვევო კომპანიას და არის ლიცენზირებული, სპეციალურ საფინანსო-სარეზერვო და საოპერაციო მოთხოვნებს დაქვემდებარებული, სახელმწიფოს მხრიდან უწყვეტად კონტროლირებადი, საფინანსო ინსტიტუტს და არ არსებობს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ მის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება. სადაზღვევო კომპანიათა მიმართ სახელმწიფოს მიერ დადგენილია სადაზღვევო საფინანსო-სარეზერვო რესურსების მკაცრი მოთხოვნები, რომელიც სავალდებულოდ შესასრულებელია სადაზღვევო კომპანიის მიერ და რომლის დაცვა მუდმივად და უწყვეტ რეჟიმში კონტროლდება სპეციალური სახელმწიფო უწყების - სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ. სადაზღვევო კომპანიის ვალდებულებები, მათ შორის, მის მიმართ წაყენებული მოთხოვნები ისედაც უზრუნველყოფილია კანონმდებლობით განსაზღვრული და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი საფინანსო-სარეზერვო რესურსით. შესაბამისად, არ არსებობს იმის საფრთხე, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის ელექტრონულ მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში გარემოება, რომელზეც განმცხადებელი გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის თვალსაზრისით ამყარებდა ვარაუდს, მდგომარეობს შემდეგში:
5.1.მხარეთა შორის დავის საგანს საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს, რაც თავისი არსით მიკუთვნებითი მოთხოვნაა.
5.2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 392 889.66 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
5.3.მოსარჩელე, წარდგენილი სააპელაციო საჩივრით მოპასუხისთვის ზიანის - 36 980.16 აშშ დოლარისა და საპროცენტო სარგებლის სახით, ყოველდღიურად, 114.86 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას მოითხოვს (სარჩელის სრულად დაკმაყოფილება).
5.4.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ან/და მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს მოპასუხე კომპანიის ქონებიდან.
5.5.მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო კომპანია კონტროლირებადი საფინანსო ინსტიტუტია, აღნიშნული ვერ გახდება გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი.
5.6.მოპასუხე კომპანიის მიმართ გამოყენებულია არაერთი შეზღუდვა/აკრძალვები, რაც მოპასუხე კომპანიის სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც სააპელაციო სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ უზრუნველყოფის გამოყენების გარეშე, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არ გართულდება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების კანონიერება.
12. სსსკ-ის 271-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე მსჯელობისას სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელის უზრუნველყოფის მარეგულირებელი საპროცესო ნორმებით.
13. სსსკ-ის XXIII თავით გათვალისწინებული ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას.
14. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.
15. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება, ასევე, უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
16. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც, კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (სუსგ -ები №ას-706-2023,19.06.2023წ.; №ას-315-2023, 31.03.2023წ.).
17. სსსკ-ის მეორე მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან მოსარჩელის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები შექმნას.
18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, თავის არაერთ გადაწყვეტილებაში, ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. მისი განმარტებით, ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს, კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე შპს „იზა” და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ” (განაცხადი №28537/02), 2005 წლის 27 სექტემბერი). შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენს გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, მოპასუხისათვის თავისი ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვის თუ კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა საშუალებების გამოყენების გზით
19. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხე კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 392 889.66 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წილის, მდებარე: ქალაქი თბილისი, ........, საკადასტრო კოდი: ......., I სართული ფართით 28.78კვ.მ. და მე-2, მე-3, მე- 4, მე-5 და მე-6 სართულები ჯამური ფართით 526.83კვ.მ., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
20. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მოთხოვნილი ღონისძიების გამოყენება, განსახილველ შემთხვევაში, გამართლებული იყო.
21. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს შუამდგომლობის ავტორის/მოსარჩელე პოზიციაზე, რომ როგორც ეს მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე განმარტა, მოპასუხე კომპანიის სახელის ცვლილებასთან ერთად, სს „ა.დ–ვა“ ორი დამოუკიდებელი სუბიექტით გეგმავს ბაზარზე ოპერირებას. მოპასუხე კომპანიამ, გარდა სახელის ცვლილებისა გააფორმა საწარმოს მიწოდების მსგავსი ხელშეკრულება ახალ კომპანიასთან, რომლითაც ახალ კომპანიას გადასცა აქტივები. ამასთან, მოპასუხე კომპანიის სახელზე ფიქსირდება არაერთი შეზღუდვა (უზრუნველყოფები/აკრძალვა). ფაქტიურად, კომპანიის მთელი ქონება უფლებრივი შეზღუდვითაა დატვირთული. მოპასუხე კომპანიას - სს „ს.კ.ა–ს“, უტოვებენ რა პასივებს, ხოლო თავისუფალი აქტივები გადაეცა ახალ კომპანიას, ამასთან, კომპანიის მიმართ არაერთი სასამართლო დავის პირობებში, საფრთხის ქვეშ დგება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (იხ., ს.ფ. 95-100. ტ.3).
22. შუამდგომლობის ავტორის/მოსარჩელის ზემოთმითითებულ პოზიციას ვერ გააქარწყლებს საჩივრის ავტორის არგუმენტი მასზე, რომ სადავო უზრუნველყოფის გამოყენების საჭიროება არ არსებობს(იხ., საჩივარი, ს.ფ. 365-375). მომჩივანის მითითება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნის მოცულობის უკან არსებობს შესაბამისი რეზერვები და რეზერვირებული თანხის გარდა, საბანკო ანგარიშზე განთავსებულია სხვა ფულადი რესურსებიც, რომელიც ემსახურება მიმდინარე სადაზღვევო და საგარანტიო ანაზღაურების გადახდას, რის გამოც, მოსარჩელის მიერ გაცხადებული შიში დაკისრებული თანხის გადახდის შეუძლებლობის შესახებ, გამორიცხულია სადაზღვევო რეზერვებისა და სავალდებულო ფინანსური რესურსების გარანტიების გამო საფუძვლად ვერ დაედება უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას. მოპასუხის/მომჩივანის ამგვარი პოზიცია, მართალია, პატივსაცემია, თუმცა, შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში, არსებობს შუამდგომლობის ავტორის/მოსარჩელის დასაბუთებული ვარაუდის გაზიარების საფუძველი ლეგიტიმურ საფუძველზე და გონივრულ ფარგლებში გამოყენებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში (შდრ: სუსგ №ას-450-422-2017, 11.04.2017წ.; №ას-1833-2019, 17.06.2020წ.).
23. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, თუმცა მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, დაცული უნდა იქნეს მოპასუხის ინტერესებიც. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოს სასამართლო წესით სამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორ მოპასუხის უფლებები) შორის. უფლების დროებით შეზღუდვის დროს მნიშვნელოვანია გონივრული ბალანსის დაცვა დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის.
24. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გათვალისწინებით, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ადეკვატური ღონისძიებაა გამოყენებული და მისი გამოყენებით არ არის დარღვეული მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსი და პროპორციულობის პრინციპი.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებებს საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ს.კ.ა–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრისა და იმავე სასამართლოს 2024 წლის 08 ნოემბრის განჩინებები დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე