09 დეკემბერი 2024 წელი
№ას-1214-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ი.გ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - ზ.ც–ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ი.გ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ზ.ც–ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მის საკუთრებაში არსებულ, დაბა ბაკურიანში, ....... მდებარე 694 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ს/კ ........დაკავშირებით გაწეული იურიდიული დახმარებისა და ახალციხის რაიონულ სასამართლოში 2020 წლის 30 ნოემბერს №3/148-15 ადამინისტრაციულ საქმეზე ადვოკატის დახმარებისა და წარმომადგენლობისთვის გადაუხდელი იურიდიული მომსახურების ჰონორარის, 4800 ლარის, გადახდის დაკისრება, რომლითაც უსაფუძვლოდ გამდიდრდა მოპასუხე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განაცხადა, რომ თავის საკუთრებაში არსებული მითითებული მიწის ნაკვეთი არასდროს ყოფილა დავის საგანი. ადვოკატ ი.გ–ძესთან არაფერზე შეთანხმებულა. ზემოთ ხსენებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მისი ინტერესების დაცვა საჭირო არასდროს ყოფილა და არც ადვოკატი დაუქირავებია. რაც შეეხება მინდობილობას, გაიცა სხვა პირის თხოვნით, რომელიც ჩართული იყო დავებში, სადაც მოპასუხე წარმოადგენდა მესამე პირს. მოპასუხემ მიუთითა ხანდაზმულობის ფაქტზე და აღნიშნა, რომ მინდობილობის გაცემიდან გასულია თითქმის რვა წელი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
5.1. 05.02.2016 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ზ.ც–ძის საკუთრებაში ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში, ,,......“, ს/კ ..........
5.2. 20.10.2015 წელს ზ.ც–ძემ გასცა მინდობილობა ი.გ–ძის სახელზე შემდეგი უფლებამოსილებით: ,,რწმუნებული უფლებამოსილია შეასრულოს ყველა ის მოქმედება და პროცედურა, რაც აუცილებელი იქნება მარწმუნებლის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების და უფლებების დასაცავად უძრავ ქონებასთან, მდებარე მისამართზე: რაიონი ბორჯომი, დაბა ბაკურიანი, ,,....“, ს/კ ........ დაკავშირებით“, რწმუნებულება გაცემულ იქნა ერთი წლის ვადით.
5.3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით, გ.ბ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 14 აგვისტოს N882015441052-06 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა, საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 27 იანვრის N882012026900-03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა, საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; აღნიშნულ საქმეში მოსარჩელე/აპელანტი ი.გ–ძე წარმოადგენდა მოპასუხე ზ.ც–ძეს.
5.4. პალატამ განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი ფორმის დავალების ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია წარმომადგენლობა სასამართლო დავაზე. ამდენად, სარჩელის საგანი იყო დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, რომლის სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლია.
5.5. პალატამ არ გაიზიარა უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების შესახებ აპელანტის მსჯელობა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით აღნიშნა, რომ ვინაიდან მხარეებს ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობა ჰქონდათ, არ იკვეთებოდა უსაფუძვლო გამდიდრების (კონდიქციის) მარეგულირებელი ნორმების გამოყენების წინაპირობა და განმარტა, რომ კონდიქციური დანაწესების გამოყენების უმთავრესი წინაპირობა მის სუბსიდიურობაში ვლინდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება.
5.6. პალატამ მიუთითა დადგენილ გარემოებებზე, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე გაწეული საადვოკატო საქმიანობისთვის ითხოვდა მოსარჩელე ჰონორარს. ზ.ც–ძის მიერ ი.გ–ძის სახელზე მინდობილობის გაცემის თარიღი იყო 20.10.2015 წელი და მოქმედების ვადა შეადგენდა ერთ წელს. საქმეში წარმოდგენილი არ იყო ზემდგომ სასამართლოში მოსარჩელის მიერ ამ ან სხვა დავაზე საადვოკატო საქმიანობის განხორციელების თაობაზე რაიმე მტკიცებულება. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ საადვოკატო საქმიანობისათვის ჰონორარის გადახდის ვალებულება მოპასუხეს უნდა წარმოშობოდა ყველაზე გვიან, 2016 წლის 20 ოქტომბერს. ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, კერძოდ, დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა, მასზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ვრცელდებოდა. შესაბამისად წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმული იყო, რაც გამორიცხავდა მისი დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლებს.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
6.1. კასატორის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სათანადოდ არ გამოიკვლიეს და არ შეაფასეს საქმის გარემოებები. ზოგიერთ შემთხვევებში შეაფასეს, მაგრამ ისე იმოქმედეს, რომ წინამდებარე საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო. ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უკანონოა, რადგან დადასტურებული ფაქტია, რომ კასატორსა და ზ.ც–ძეს შორის სტანდარტული სახელშეკრულებო ურთიერთობა არ ყოფილა, ამდენად, საკითხი უნდა გადაწყდეს კანონისმიერი ურთიერთობიდან გამომდინარე. სწორედ ამის შესაბამისად არის სასარჩელო მოთხოვნაც დაყენებული.
კასატორი განმარტავს, სასარჩელო მოთხოვნა დაყენებულია კანონით განსაზღვრული 10 წლიანი ხანდაზმულობის სამართლებრივი საფუძვლით. რაც შეეხება მოთხოვნის საფუძვლიანობას, საწინააღმდეგო მსჯელობის დაშვების შემთხვევაშიც კი არ არის დარღვეული ხანდაზმულობის ვადა, რადგან მოთხოვნის წარმოშობის მომენტად უნდა ჩაითვალოს არა 2016 წელი, როცა მან გაწია იურიდიული მომსახურება, არამედ 2023 წლის 27 მაისი 12:45 სთ, როცა ბოლოს შეხვდა ზ.ც–ძეს. სწორედ ამ დროს უარყო მან ვალდებულების არსებობა, მანამდე კი ყოველთვის აღიარებდა ჰონორარის გადახდის ვალდებულებას და შესრულების პირობას დებდა, რაც აბსოლუტურად სარწმუნო იყო და მას არ ჰქონდა საფუძველი ეჭვი შეეტანა მის სისწორეში, რადგან ჰონორარის გადახდის შესაძლებლობა ზ.ც–ძეს მარტივად ჰქონდა. კასატორის განმარტებით, სწორედ ვალდებულების შესრულების უარყოფის დროს გახდა მისთვის ცნობილი რომ ზ.ც–ძე არ აპირებდა ვალდებულების შესრულებას და ამ დროს გამოიკვეთა მისი არაკეთილსინდისიერება. ამის შემდეგ კასატორმა მიმართა პროკურატურას და მალევე აღძრა სარჩელიც. კასატორის აზრით, ყოველივე ამით დასტურდება, რომ აღნიშნული საკითხისადმი იურიდიული ინტერესი მას არასოდეს დაუკარგავს და მხოლოდ იმიტომ არ მიუმართავს სასამართლოსათვის სარჩელით, რომ არ იცოდა მისი უფლების დარღვევის შესახებ.
სააპელაციო პალატამ უგულებელყო კეთილსინდისიერების პრინციპი, რის საფუძველზეც უნდა გამოეყენებინა უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევის მომწესრიგებელი ნორმები და შესაბამისად, არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სათანადო ნორმები. ყოველივე აღნიშნული კი არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას კასატორის მიმართ და მართლწესრიგს საზოგადოებაში.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ზ.ც–ძის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი, ,,.....“, (ს/კ ......). მითითებულ ქონებაზე მარწმუნებლის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესებისა და უფლებების დასაცავად 20.10.2015 წელს ზ.ც–ძემ ი.გ–ძის სახელზე გასცა მინდობილობა ერთი წლის ვადით. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ.ბ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მითითებულ საქმეში ზ.ც–ძეს წარმოადგენდა ი.გ–ძე. საქმეში არ არის წარმოდგენილი ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ ამ ან სხვა დავაზე საადვოკატო საქმიანობის განხორციელების შესახებ რაიმე მტკიცებულება. საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება, რომ მხარეთა შორის იყო წერილობითი ან ზეპირი შეთანხმება ჰონორარის ოდენობასთან და მისი გადახდის ვადასთან დაკავშირებით.
11. საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მხარეთა შორის არსებობდა დავალების ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია წარმომადგენლობა სასამართლოში. ამდენად, სარჩელის საგანს დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება წარმოადგენს, რომლის სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-710-ე მუხლებია.
12. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დავალების ხელშეკრულება ის სამართლებრივი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც პირს შეუძლია, მიანდოს თავის რწმუნებულს იურიდიული მომსახურების გაწევა, პარტნიორთა კრებაზე მონაწილეობის მიღება, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება და ა.შ. ამ ხელშეკრულების საგანია რწმუნებულის მიერ ერთი ან რამდენიმე მოქმედების შესრულება. მარწმუნებელმა შეიძლება, დაავალოს რწმუნებულს როგორც იურიდიული, ისე ფაქტობრივი მოქმედების შესრულება, ვინაიდან, თავად დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ მუხლში არ არის დაკონკრეტებული რწმუნებულის მიერ შესასრულებელი მოქმედების ხასიათი, ამიტომ ასეთი ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ყველა იმ მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ სამართლებრივ შედეგს (სუსგ №ას-895-845-2015, 29.01.2016წ; №ას-1281-2018, 27.03.2019წ; №ას-405-2021, 29.06.2021წ.).
13. კასატორის პრეტენზიას წარმოადგენს ის, რომ სასამართლოს დავა უნდა გადაეწყვიტა კონდიქციური სამართლის (უსაფუძვლო გამდიდრების) ნორმებით, რა დროსაც გამოყენებული იქნებოდა ათწლიანი ხანდაზმულობის ვადა; ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს დავის სახელშეკრულებო სამართლის, კერძოდ, დავალების ფარგლებში გადაწყვეტის შემთხვევაშიც, რადგან, მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის თაობაზე მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა მას შემდეგ რაც, ის ბოლოს შეხვდა ზ.ც–ძეს, 2023 წლის 27 მაისს 12:45 სთ-ზე. სწორედ ამ დროს უარყო მოპასუხემ ვალდებულების არსებობა, მანამდე კი ყოველთვის აღიარებდა და შესრულების პირობას დებდა.
14. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. აღნიშნული დანაწესით, კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლით მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მოთხოვნის იძულებით აღსრულების შესაძლებლობა ჰქონდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.
15. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა მოწესრიგებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება, გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს. კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთთან თანხვდენილია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - „უნდა შეეტყო“, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა (იხ. სუსგ. N989-2021, 18.02.2022წ.).
16. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ „ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე“ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144.1 მუხლი).
17. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა სადავოდ გახადა ხანდაზმულობაზე მითითებით, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელ შესაგებელს და ასეთ დროს, მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ არ არსებობს ამ ინსტიტუტის გამოყენების წინაპირობები (მან უნდა ამტკიცოს ხანდაზმულობის ვადის შეჩერება, შეწყვეტა და სხვა).
18. დადგენილია, რომ მოსარჩელე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე გაწეული საადვოკატო საქმიანობისთვის ითხოვს ჰონორარს. მოპასუხის მიერ მის სახელზე მინდობილობის გაცემის თარიღი იყო 20.10.2015 წელი და მოქმედების ვადა შეადგენდა ერთ წელს. შესაბამისად, საადვოკატო საქმიანობისათვის ჰონორარის გადახდის ვალებულება მოპასუხეს უნდა წარმოშობოდა ყველაზე გვიან, 2016 წლის 20 ოქტომბერს. შესაბამისად, სწორედ ამ ვადის უშედეგოდ გასვლის მომენტიდან გახდა მოსარჩელისათვის ვალდებულების დარღვევის თაობაზე ცნობილი და სასარჩელო ხანდაზმულობის დენაც აღნიშნულის შემდგომ დაიწყო. ვინაიდან, მოსარჩელის მოთხოვნა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, კერძოდ, დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა, მასზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ვრცელდებოდა. დადგენილია, რომ სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2023 წლის 07 აგვისტოს, ანუ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ მოპასუხე აღიარებდა ჰონორარის გადახდის ვალდებულებას და სხვა საქმეებზე არსებულ ვალდებულებებთან ერთად ჰპირდებოდა მის შესრულებას, რადგან მითითებული გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მტკიცების ტვირთი, ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
20. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების შესახებ კასატორის მსჯელობას და მიუთითებს, რომ ვინაიდან მხარეები ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, არ იკვეთება უსაფუძვლო გამდიდრების (კონდიქციის) მარეგულირებელი ნორმების გამოყენების წინაპირობა (შდრ. სუსგ №ას-1764-2018, 13.04.2020წ., პუნ. 23.1; №ას-989-2021, 18.02.2022წ., პუნ. 43). კონდიქციური დანაწესების (სსკ-ის 976-ე-991-ე მუხლები) გამოყენების უმთავრესი წინაპირობა მის სუბსიდიურობაში ვლინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება (მაგ: პოსესორული ან ვინდიკაციური სარჩელები (სანივთო სამართალი), სარჩელი ვალდებულების შესრულების შესახებ (როგორც პირველადი, ისე - მეორადი მოთხოვნები) და სხვა) (შდრ. სუსგ №ას-774-723-2017, 11.10.2017წ; №ას-794-794-2018, 11.09.2018წ.)
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
22. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, ი.გ–ძეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ი.გ–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის (საგადახდო დავალება №24175562566, გადახდის თარიღი: 15.10.2024წ., გადამხდელის ბანკი ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი