Facebook Twitter

საქმე Nას-1371-2024

26 დეკემბერი 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – შპს „პ–ა“, მ.ა–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.ს.კ–ია“

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით, შპს „ს.ს.კ–იის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს: შპს „პ–ას“ და მ.ა–ძეს, შპს „ს.ს.კ–იის“ სასარგებლოდ დაეკისრათ 80437.63 აშშ დოლარის და 5200 ლარის გადახდა. მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოითხოვეს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით, შპს „პ–ას“ და მ.ა–ძის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად.

4. სააპელაციო პალატამ, განმარტა, რომ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შევსების ვადის უშედეგოდ გასვლა გახდა სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების საფუძველი.

5. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს შპს „პ–ამ“ და მ.ა–ძემ, რომლებმაც მოითხოვეს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის თბილისის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნება.

6. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლებს. მისი პრეტენზია მიემართება იმ გარემოებაზე, რომ მან უმუშევრობის მიზეზით ვერ შეძლო სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. 10. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა არ შეავსო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით, რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება არის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველი, რამდენადაც იგი პირდაპირაა რეგულირებული სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და ემსახურება კიდეც სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიზანს. ამგვარად, საკასაციო პალატა, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული ზომა - ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, კანონიერია და კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია გარემოებები რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.

14. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ.სუსგ. №ას-1188-2024 22.11.2024წ). შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. ამავე კოდექსით დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი. საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს განსაზღვრული ვადის დაცვით, მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები (იხ. სუსგ-ები: №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2011წ.).

15. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე (თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა) სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

16. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის ავტორს, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო და ასევე, დაუსაბუთებელი (ფორმალური) სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის გამო დაუდგინდა ხარვეზი, რომლის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 7 დღიანი ვადა.

17. 2024 წლის 31 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მ.ა–ძემ ხარვეზის შევსების მიზნით, წარმოადგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება. სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის, 09 სექტემბრის განჩინებით, კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა 5 დღით, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო.

19. წარმოდგენილი კერძო საჩივრის შინაარსიდან ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლებს. მისი პრეტენზია მიემართება იმ გარემოებაზე, რომ მან უმუშევრობის მიზეზით ვერ შეძლო სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რის გამოც ვერ შეძლო ხარვეზის შევსება, თუმცა მის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა ზემოაღნიშნულ გარემოებას.

20. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს სტანდარტის მიხედვით, სამართალწარმოებისთვის გარკვეული საფასურის დაწესება არ არღვევს კონვენციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელიც მოიცავს სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებასაც. სასამართლოს განმარტებით, ბაჟის ოდენობა უნდა გამოანგარიშდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად მომჩივანის ფინანსური მდგომარეობისა და სამართალწარმოების ეტაპის გათვალისწინებით (Kreuz v. Poland, 19.06.2001).

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი (თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება) ითვალისწინებს.

22. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება; 23. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით, ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება;

24. განსახილველ შემთხვევაში, განჩინება შპს „პ–ას“ და მის დირექტორ მ.ა–ძეს სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდათ, 2024 წლის 14 სექტემბერს, შესაბამისად საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2024 წლის, 15 სექტემბერს და დასრულდა 2024 წლის 19 სექტემბერს. დროის ამ მონაკვეთში, აპელანტებს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე სახის შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსთვის.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი სსსკ-ის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „პ–ას“ და მ.ა–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ეკატერინე გასიტაშვილი