საქმე №ა-189-შ-8-2025 13 თებერვალი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი.ა–ვა
მოწინააღმდეგე მხარე - რ.მ–ვი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ბელორუსის რესპუბლიკის გროდნოს ოლქის ნოვოგრუდოკის სასამართლოს 2021 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
განხილვის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბელორუსის რესპუბლიკის გროდნოს ოლქის ნოვოგრუდოკის სასამართლოს 2021 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით:
- რ.მ–ვს (დაბადებული 1988 წლის 26 ნოემბერს, ქ.ბოლნისის მკვიდრი, საიდენტიფიკაციო ნომერი ......., შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მშობლის უფლება ჩამოერთვა მისი არასრულწლოვანი ქალიშვილის, ა.რ. ასული მ–ვას (დაბადებული 2015 წლის 14 ივლისს) მიმართ და შვილი გადაეცა დედას, ი.ა–ვას (შემდეგში მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი).
2. მოსარჩელემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ზემოხსენებულ ნაწილში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ითხოვა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 იანვრის განჩინებით შუამდგომლობა განსახილველად იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის გაცნობის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70.3 მუხლის მიხედვით, შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას მიეკუთვნება.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
6. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდეგში - კონვენცია) პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც მიეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.
7. ბელორუსის რესპუბლიკის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ უნდა დაადგინოს, დაცულია თუ არა კონვენციით გათვალისწინებული პირობები.
ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარების, იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.
8. დადგენილია, რომ ბელორუსის რესპუბლიკის გროდნოს ოლქის ნოვოგრუდოკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით: მოპასუხეს (დაბადებული 1988 წლის 26 ნოემბერს, ქ.ბოლნისის მკვიდრი, საიდენტიფიკაციო ნომერი ..........) მშობლის უფლება ჩამოერთვა მისი არასრულწლოვანი ქალიშვილის, ა.რ. ასული მ–ვას (დაბადებული 2015 წლის 14 ივლისს) მიმართ და შვილი გადაეცა დედას, მოსარჩელეს.
9. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს კონვენციის 51-ე-52-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.
შესაბამისად, ბელორუსის რესპუბლიკის გროდნოს ოლქის ნოვოგრუდოკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება ზემომითითებულ ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ა–ვას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ბელორუსის რესპუბლიკის გროდნოს ოლქის ნოვოგრუდოკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც:
- რ.მ–ვს (დაბადებული 1988 წლის 26 ნოემბერს, ქ.ბოლნისის მკვიდრი, საიდენტიფიკაციო ნომერი .....) მშობლის უფლება ჩამოერთვა მისი არასრულწლოვანი ქალიშვილის, ა.რ. ასული მ–ვას (დაბადებული 2015 წლის 14 ივლისს) მიმართ და შვილი გადაეცა დედას, ი.ა–ვას.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა