Facebook Twitter

¹ბს-1060-1013(კ-07) 26 მარტი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი – ქ. მაღრაძე

კასატორი – ლ. ა.-ა

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; წარმომადგენელი – ვ. გ.--ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 7 დეკემბერს ლ. ა.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ არის აფხაზეთიდან დევნილი. 1992 წლის 1 ნოემბრიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე ირიცხებოდა აფხაზეთის ყოფილი სამხედრო პოლიციის სამმართველოს ... სამსახურში, ...-ის ასეულში, რაც დასტურდება აფხაზეთის ომის ინვალიდთა და ვეტერანთა კავშირის მიერ გაცემული საბრძოლო მოკვლევის ამონაწერით. მოპასუხემ იმ მოტივით, რომ არ არსებობდა მასზე ჩარიცხვა-ამორიცხვის ბრძანებები, შეუწყვიტა ომის მონაწილის სტატუსი, რამაც შელახა მისი კანონიერი უფლება-ისარგებლოს ომის მონაწილისათვის დაწესებული შეღავათებით, რაც გათვალისწინებულია ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონით.

მოსარჩელის განმარტებით, მან არაერთგზის მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ...-ის დეპარტამენტს, გადაემოწმებინა და გამოეკვლია წარდგენილი მტკიცებულებების სიზუსტე და გამოეცათ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მისი შეიარაღებულ ძალების რიგებში ჩარიცხვისა და შემდგომში ამორიცხვის თაობაზე, მაგრამ მოპასუხე ორგანიზაციიდან მიიღო უარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ...-ის დეპარტამენტს დავალებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოეცმა ლ. ა.-ს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვისა და შემდგომში ამორიცხვის შესახებ და გაეცა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობა.

მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. ა.-ს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2006 წლის 8 ნოემბრის ¹5911 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია:

ა) დაინტერესებული პირის განცხადება;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება-გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ადმინისტრაციული წარმოება ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან.

ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების საფუძველზე ვალდებული იყო, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოემზადებინა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, რადგანაც კანონი მოცემულ შემთხვევაში არ ითვალისწინებდა სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, მისცეს განმცხადებელს განცხადების უარმყოფელ გარემოებათა შესახებ საკუთარი აზრის წარდგენის შესაძლებლობა, რისი უარმყოფელი გარემოებებიც დასაბუთებული უნდა იქნეს მის მიერ მიღებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, გადაწყვეტილება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ მიიღოს პირის მიერ განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, ამასთან, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ, რომლის საერთო ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, მოცემულ შემთხვევაში საქმის გარემოებებით უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დღემდე არ მიუღია.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი.

ამასთან, სასამართლოს განმარტებით, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეისწავლოს და ჩაატაროს ყველა ღონისძიება-მოსარჩელის შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვის, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის, შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვის დასადასტურებლად.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება რომლითაც ლ. ა.-ს სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18.2 მუხლის შესაბამისად, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს თავდაცვის მინისტრი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის ¹146 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შეირაღებული ძალების ...-ის დეპარტამენტის დებულების მე-6 მუხლის ,,ტ” პუნქტით დეპარტამენტის ერთ-ერთი ფუნქციაა: ,,მოქალაქეთა განცხადებისა და დეპარტამენტის საარქივო მასალების საფუძველზე, შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მოქმედებაში შესაძლო მონაწილეობის დადასტურება ან უარყოფა სათანადო ცნობის გაცემით”.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოთმითითებული ნორმის შესაბამისად, ე.წ. ,,ყვითელ ცნობას” ...-ის დეპარტამენტი გასცემს ან უარს ამბობს მის გაცემაზე დეპარტამენტის საარქივო მასალების საფუძველზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უსაფუძვლოა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო, მოსარჩელის მიერ მითითებული ინფორმაციის შესაბამისად დაეზუსტებინა განმცხადებლის მიერ დასახელებული ფაქტები, ეწარმოებინა კომპეტენტურ პირთა გამოკითხვა, ჩამოერთვა მათთვის ახსნა-განმარტება, გამოეთხოვა საჭირო დოკუმენტაცია, მიემართა სხვადასხვა უწყებისათვის განცხადებაში მითითებულ გარემოებათა ან წარმოდგენილ დოკუმენტთა გადამოწმების და დაზუსტების მიზნით. პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები მაშინ, როდესაც მოცემულ სამართალურთიერთობას აწესრიგებს სპეციალური კანონმდებლობა. ამასთან, გარდა ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტებისა, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 21 დეკემბრის ¹351/ ნ ბრძანებით დამტკიცებული ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით, რომლის მიხედვითაც დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს და ამოცანებს ვეტერანთა სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების უზრუნველყოფის ხელმისაწვდომობა და აღნიშნული გარანტიებით უზრუნველყოფა წარმოადგენს. დეპარტამენტის ფუნქციას ასევე წარმოადგენს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანობის დამადასტურებელი ერთიანი პირადობის მოწმობების დამზადება-გაცემა (მე-2 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტი).

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის 2006 წლის 20 მარტის ¹56 ბრძანებით შექმნილია აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამდგენი კომისია, რომლის მიზანს, აღნიშნული დებულების შესაბამისად, წარმოადგენს აფხაზეთის ა/რ ადგილობრივი მცხოვრებლებით დაკომპლექტებული საჯარისო ფორმირებებში ჩარიცხულ პირთა და ზურგის მუშაკთა (ომის მონაწილესთან გათანაბრებულ პირთა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დადგენა. მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ირკვევა, რომ იგი ირიცხება აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამდგენი კომისიის სხდომის ოქმით გადაცემულ სამხედრო პოლიციის სიებში.

ამრიგად, საქალაქო სასამართლოს მიერ მითითებული საკითხების გარკვევა, კერძოდ: განმცხადებლის მიერ დასახელებული ფაქტების დაზუსტება, კომპეტენტურ პირთა გამოკითხვა, სხვადასხვა უწყებისათვის მიმართვა განცხადებაში მითითებულ გარემოებათა ან წარმოდგენილ დოკუმენტთა გადამოწმებისა და დაზუსტების მიზნით, წარმოადგენს არა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, არამედ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ფუნქციას.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ა.-მ.

კასატორი საკასაციო საჩივრითY ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ა.-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ¹კოლ/2076 ცნობით დასტურდება, რომ კასატორი _ ლ. ა.-ა ირიცხებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მაცხოვრებლების საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამდგენი კომისიის სხდომის ოქმით გაცემულ სამხედრო პოლიციის სიაში.

სამხედრო პოლიციის ომის ვეტერანთა და ინვალიდთა კავშირის 2006 წლის 1 ოქტომბრის ¹1/516 მოკვლევის თანახმად, აფხაზეთის ა/რ ყოფილი სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსის ს. ა.-ს, ყოფილი სამხედრო პოლიციის სამმართველოს ...-ის ასეულის ასმეთაურის ე. შ.-ს და აფხაზეთის ა/რ ყოფილი სამხედრო პოლიციის სამმართველოს ...-ის ასეულის ზემდეგი ჯ. ქ.-ს ხელმოწერებით დადასტურებული ცნობით ირკვევა, რომ ლ. ა.-ა ირიცხებოდა შრომის ასეულში 1992 წლის 1 ნოემბრიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე. იგი მონაწილეობას ღებულობდა ყველა საომარ მოქმედებაში, რომელსაც ატარებდა ასეული;

საქართველოს შეიარაღებული ძალების ...-ის დეპარტამენტის 2006 წლის 8 ნოემბრის ¹5911 წერილით კასატორს, მისი განცხადების პასუხად, ეცნობა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ...-ის დეპარტამენტის 1992-1994 წლების საარქივო მასალებში არ იძებნებოდა ინფორმაცია მისი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის რეგიონში წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

მითითებული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო უდავოდ მიიჩნევს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ...-ის დეპარტამენტის 2006 წლის 8 ნოემბრის ¹5911 პასუხი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის მიღებისა და გამოცემის წესიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.

ხოლო იმავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გასაჩივრებული აქტი მიღებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მითითებული ნორმების მოთხოვნათა დარღვევით, რაც წარმოადგენს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად მითითებას იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებლის მიერ დასახელებული ფაქტების დაზუსტება, კომპეტენტურ პირთა გამოკითხვა, მათთვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა, საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვა წარმოადგენს არა თავდაცვის სამინისტროს, არამედ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ფუნქციას.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მითითებული არცერთი აქტი არ იძლევა აღნიშნული მოსაზრების მტკიცების საფუძველს, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის 2006 წლის 20 მარტის ¹56 ბრძანების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო ორ თვიანი პერიოდი და სადავო ურთიერთობაზე ვერ გავრცელდებოდა.

იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო სასამართლო გაიზიარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობის გაცემა სცილდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას, მითითებული ორგანო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის I ნაწილის საფუძველზე, ვალდებული იყო განცხადება გადაეგზავნა ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტში. კერძოდ, მითითებული მუხლის შესაბამისად, თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არაუგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო, სადავო საკითხის სწორი გადაწყვეტისა და სამართლებრივი რეგულირების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყურადღებას მიაქცევს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის ¹50 ბრძანებით დამტკიცებულ "ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობის მიცემის შესახებ" ინსტრუქციის ნორმებს და აღნიშნავს, მითითებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის "ვ" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილის დამადასტურებელი ვეტერანის მოწმობის მაძიებელმა უნდა წარადგინოს ძალოვანი უწყების კადრების სამსახურის ცნობა იმის შესახებ, რომ ფორმირება, რომელშიც პირი მსახურობდა, საბრძოლო მოქმედებების პერიოდში საბრძოლო მოქმედების ზონაში იმყოფებოდა და აღნიშნულ პიროვნებას მიღებული აქვს მონაწილეობა საბრძოლო ოპერაციებში. ცნობას დართული უნდა ჰქონდეს მისი გაცემის საფუძველი.

იმავე მუხლის "ვ.ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხალისეებმა, რომლებიც არ იყვნენ ჩარიცხული ოფიციალურ სამხედრო ფორმირებაში, უნდა წარადგინონ იმ პერიოდში მიღებული ჯილდოები, სამხედრო ტრამვის შესახებ ცნობა, საბრძოლო მოკვლევის აქტები და მათ ხელთ არსებული სხვა შესაძლო დოკუმენტის ასლები და დედნები.

იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულმა ნორმატიულმა აქტმა ფაქტობრივად მოახდინა ძალოვანი უწყებისა (მოცემულ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს" და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის კომპეტენციის გამიჯვნა, ხოლო საკასაციო სასამართლო საქმეში დაცულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მოკლებულია შესაძლებლობას განსაზღვროს და დაადგინოს კასატორის სტატუსი (ლ. ა.-ა მსახურობდა სამხედრო ფორმირებაში თუ მონაწილეობდა მოხალისის სტატუსით), თვლის, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მათ შორის იმ გარემოების დასაბუთებით, თუ საკითხის გადაწყვეტა შედის სხვა უწყების კომპეტენციაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ლ. ა.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. ლ. ა.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2006 წლის 8 ნოემბრის ¹5911 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წინამდებარე გადაწყვეტილების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოაა და არ საჩივრდება.