Facebook Twitter

№ას-1152-2024

21 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.ე.ჯ–ია“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგში: - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ, 4200 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.

1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 03 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ მიმართ არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 03 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

4. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 840 ლარის ოდენობით.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. 2019 წლის 31 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N419 ხელშეკრულება CON190000322. ხელშეკრულების საფუძველზე, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაეწია შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანპორტო საშუალებების დაზღვევის (თანდართული დაზღვევის პირობების N1-ისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალის - დანართი შესაბამისად) მომსახურება სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ ვებ–გვერდზე დანართი N2-ის გამოქვეყნებული CON190000322 სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებითა და ტარიფებით.

5.2. ხელშეკრულების 2.10 ქვეპუნქტის თანახმად, ზარალის დარეგულირების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო დეფიციტური ნაწილის შემთხვევაში - არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში, უნდა აღდგენილიყო/შეკეთებულიყო დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება.

5.3. ხელშეკრულების 2.12 ქვეპუნქტის თანახმად, სადაზღვევო კომპანიამ აიღო ვალდებულება სერვის-ცენტრში სატრანსპორტო საშუალების შეკეთების ხარისხზე და ვადებზე; ვადების დარღვევის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიას დაეკისრებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.

5.4. ხელშეკრულების 11.5 ქვეპუნქტის თანახმად, 5 წლის წლოვანების სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების (მათ შრის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისთვის, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარი.

5.5. 2019 წლის 3 ოქტომბერს, დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „TOYOTA HILUX“ სახელმწიფო N........ გამოშვების წელი - 2018, რომელიც დაზღვეული იყო ხელშეკრულება N419-ის ფარგლებში.

5.6. 2020 წლის 20 იანვარს შპს „ტ.ც.თ–ის“ მიერ გაცემული ინვოისისმ თანახმად, ავტომანქანას TOYOTA HILUX (სახელწიფო ნომრით ........ სჭირდება სათადარიგო ნაწილები ან/და მომსახურება, რომლის ჯამური ღირებულებაც 3367 ლარია.

5.7. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის თაობაზე 2020 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრა 3367 ლარით. 2020 წლის 12 მარტს მოპასუხემ შპს „ტ.ც.თ–ს“ ჩაურიცხა 3367 ლარი.

5.8. ავტომანქანა ტოიოტა ჰაილუქსი სახელმწიფო ნომრით ......, აღდგენილია ხელშეკრულების 2.10 ქვეპუნქტით შეთანხმებული ვადის დარღვევით - 84 დღიანი ვადაგადაცილებით.

5.9. ავტომანქანის აღდგენის შემდეგ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებულია შემდეგი შინაარსის მიღება-ჩაბარების აქტი: „ჩვენს შორის 2019 წლის 31 მაისს გაფორმებული N419 ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა ავტოსაგზაო შემთხვევისას შსს-ს ბალანსზე რიცხული დაზიანებული ავტომანქანის აღდგენა. კერძოდ, ავტომანქანა ტოიოტა ჰაილუქსი სახელმწიფო ნომრით ........, რომელიც დაზიანდა 03.10.2019 წელს, აღნიშნული საქმე დარეგულირდა (ხელი მოგვიწერეს) 29.01.2020 წელს, ავტომანქანა სერვისში აღსადგენად მივიდა 12.05.2020 წელს და აღდგენა დასრულდა 12.05.2020 წელს, რომლის ზარალის ოდენობაც შეადგენს 3367 ლარს. აღნიშნული ავტომანქანა აღდგენილია ხარისხიანად და ექსპლუატაციისთვის ვარგისია, რასაც ვადასტურებთ ხელმოწერებით“.

5.10. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დეფიციტური ნაწილის საჭიროება არ არსებობდა (ასეთ გარემოებაზე მხარეები არ მიუთითებენ). შესაბამისად, შეთანხმების მიხედვით, შესრულება 20-დღიან ვადაში უნდა განხორციელებულიყო, რა დროსაც სადაზღვევო კომპანიას წარმოეშვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნებისათვის ეფექტური ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება. პალატამ მიიჩნია, რომ ნაკისრი ვალდებულების შეთანხმებულ ვადაში შესრულების მიზნებისთვის, სწორედ, მოპასუხეს უნდა მოეხდინა მანქანის სერვისცენტრში წარდგენის შესაძლებლობის თაობაზე შემსყიდველის ინფორმირება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება: 5.11. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეთანხმებულ ვადაში შესრულებისათვის, სწორედ, მოპასუხეს უნდა მოეხდინა მანქანის სერვისცენტრში წარდგენის შესაძლებლობის თაობაზე შემსყიდველის ინფორმირება, რაც მას არ განუხორციელებია. შესაბამისად, სახეზე იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობისა და პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლები.

5.12. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების თანახმად (ხელშეკრულების 11.4 პუნქტი), შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო შეადგენდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარს (რადგან ავტომანქანა იყო 2018 წელს გამოშვებული, ანუ 5 წელზე ნაკლები წლოვანების.) ვადაგადაცილებული დღეების (84 დღე) გათვალისწინებით კი, შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობამ 8400 ლარი შეადგინა. სარჩელით მოთხოვნილი იყო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 4200 ლარის დაკისრება.

5.13. პალატის მოსაზრებით, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესის, ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს ვალდებულების შეუსრულებლობით რაიმე სახის ზიანი არ მიუღია (მოსარჩელე არ მიუთითებს ასეთ გარემოებაზე), ხოლო ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოს ღირებულება 3 367 ლარს შეადგენდა, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო 4200 ლარი არაგონივრული იყო და არსებობდა შეთანხმებული პირგასამტეხლოს, როგორც შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. პალატამ მიიჩნია, რომ გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ოდენობა იქნებოდა 840 ლარი (10 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე), რაც უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

8.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამრთლოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში დაუსაბუთებელია, რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით მცირდება მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტელო. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე და მისი შემცირების საფუძველი არ არსებობს.

8.2. კასატორის მითითებით, ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი და მას ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობით მოეთხოვებოდა ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბერის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ მხარის იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება. ეს სამართლებრივი შედეგი კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2-ე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და 418-ე (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში მიიღწევა. კერძოდ, ეს წინაპირობებია: ა) მხარეთა შორის ხელშეკრულების დადება; ბ) პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმება; გ) ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.

13. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა დაუსაბუთებლად შეამცირეს.

14 საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი).

15. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).

16. სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, აღნიშნული მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.

17. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის მხარეთა შეთანხმებით დადებული ხელშეკრულების პირობები, უფლებები და ვალდებულებები. მოპასუხე შესაგებელში ძირითად აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან, მოსარჩელის მიერ დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სერვის ცენტრში აღსადგენად მიყვანა განხორციელდა 4 თვის დაგვიანებით. ავტომანქანა სერვის ცენტრში აღსადგენად მიიყვანეს 2020 წლის 12 მაისს და აღდგენა დასრულდა იმავე დღეს. სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის აღნიშნული პოზიცია და მიიჩნია, რომ ავტომანქანის შესაკეთებლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა დაარღვია მოპასუხემ. კერძოდ, ავტომანქანა აღდგენილ იქნა 84 კალენდარული დღის დაგვიანებით, რის გამოც არსებობდა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, თუმცა სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და მოპასუხეს დააკისრა შემცირებული პირგასამტეხლო 840 ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეს საკასაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია და მის მიმართ შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, დადგენილია და სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წრმოადგენს ის, რომ ავტომანქანის შესაკეთებლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა (84 კალენდარული დღით) დაარღვია მოპასუხემ, რის გამოც არსებობს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრით სადავოა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღევის გამო მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.

18. მოპასუხის პრეტენზია შესაგებელში შეეხებოდა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს არაგონივრულობასაც, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს. საკასაციო პალატა პირველ რიგში შეაფასებს, თუ რამდენად კვალიფიციური შედავება განახორციელა მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ ამ ნაწილში და აღნიშნავს, რომ სასამართლო მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ სასამართლოში წარდგენილი შესაგებელი მართალია შეიცავდა მითითებას, პირგასამტეხლოს არაგონივრულობაზე და მის შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე, თუმცა, მოპასუხის პოზიცია ამ კუთხითაც მიმართული იყო მის მიერ ვალდებულების ვადაში შესრულებასა და მოსარჩელის მიერ ავტომანქანის სერვისცენტრში დაგვიანებით მიყვანაზე, თუმცა მოპასუხის ეს პოზიცია, როგორც უკვე აღინიშნა (იხ.: განჩინების მე-17 აბზაცი) სასამართლომ არ გაიზიარა. შესაგებელში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე მითითება, არ წარმოადგენს კვალიფიციურ შედავებას ამ საკითხზე, სხვა გარემოებებზე კი, თუ რატომ მიიჩნევს მოპასუხე მოთხოვნილ პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, მას არ მიუთითებია. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კვალიფიციური შედავება პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის დასაბუთების მიზნით მოპასუხეს არ გაუხორციელებია. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. რაც შეეხება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს განსაზღვრას, აღნიშნულიც ასევე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთმითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად.

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას.

20. პალატას მიაჩნია, რომ როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის და ის არ უნდა ატარებდეს სიმბოლურ ხასიათს. პალატა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა.

21. განსახილველ შემთხვევაში, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების მხარეს მოპასუხის სახით წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. გასათვალისწინებელია ასევე ის, რომ შემსყიდველი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურება, რომლის შესრულების განსაკუთრებული მოლოდინი ჰქონდა მოსარჩელეს და მიმწოდებელს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეთხოვებოდა ვალდებულების შესრულება. პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს კვალიფიციური შედავება პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის დასაბუთების მიზნით არ განუხორციელებია და მიიჩნევს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის დარიცხული და სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველს.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ არამართებულად შემცირდა, ხელშეკრულების მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული ოდენობა, რომელიც არ გამოიწვევს კრედიტორის გამდიდრებას.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2021 წლის 22 მარტის აქტით დარიცხული პირგასამტეხლო 4200 ლარის ოდენობით.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილდა. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი და სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოებში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 297 (63+84+150) ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 4200 ლარის გადახდა;

5. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ (........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 297 (63+84+150) ლარის გადახდა;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე