Facebook Twitter

საქმე№ას-1341-2023 30 სექტემბერი, 2024 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.ს–ო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შპს „ს.ს–ომ“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კომპანია) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) წინააღმდეგ, მოითხოვა, მოპასუხეზე 12 906.3 ლარის დაკისრება.

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. კომპანიის სააპელაციო საჩივარი

4.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება და დასკვნები

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით კომპანიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით კომპანიის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა 12 906.3 ლარის გადახდა.

5.2. სააპელაციო სასამართლომ, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

5.3. მხარეთა შორის 2021 წლის 11 იანვარს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №7 ხელშეკრულება რომლის საგანსაც, შემსყიდველისთვის მოვლა-დასუფთავების მომსახურების გაწევა წარმოადგენდა. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 12 იანვრიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.

5.4. ხელშეკრულების მე-5 მუხლით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობანი, კერძოდ 5.1 ქვეპუნქტის თანახმად „მიმწოდებელი იღებს ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან - 2021 წლის 28 თებერვლის ჩათვლით უზრუნველყოს მოვლა-დასუფთავების მომსახურების გაწევა ტექნიკური დავალებითა და დანართი N1-ით გათვალისწინებული პირობების, კონკრეტული მომსახურებების, ადგილმდებარეობების, მოცულობების, რაოდენობების, პერიოდულობების ოპერატიულობისა და ვადების შესაბამისად“. ხელშეკრულების 14.6 ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედება წყდება 2021 წლის 1 მარტს, თუმცა შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება მოვლა-დასუფთავების ტენდერზე გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებისთანავე. ხელშეკრულების მე-6 მუხლით გათვალისწინებულია მომსახურების მიღება-ჩაბარების შემდეგი წესი: კერძოდ 6.1. ქვეპუნქტის თანახმად, „გაწეულ მომსახურებაზე მხარეები ადგენენ მიღება-ჩაბარების აქტებს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გაწეული მომსახურების დეტალური აღწერა. ერთეულის ფას(ებ)ი და საერთო ღირებულება მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)თან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი. 6.2. ქვეპუნქტიდან გამომდინარე, „გაწეული მომსახურების მიღებას თბილისის მასშტაბით აწარმოებს შსს საპატრული პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამართველოს შენობა-ნაგებობათა და მატერიალურ ფასეულობათა ექსპლუატაციის განყოფილება, ხოლო რეგიონებში, აღნიშნული რეგიონების სამეურნეო-ტექნიკური ჯგუფების ხელმძღვანელები, რომლებიც ასევე უფლებამოსილნი არიან შემსყიდველის მხრიდან კონტროლი განახორციელონ, მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებისა და მასში შემავალი დოკუმენტების პირობების შესრულებაზე. ასევე შესყიდვის ობიექტის ხარისხზე, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია ხელი შეუწყოს მათ ინსპექტირების ჩატარებისას“.

5.5. საქმეში არსებულ 2021 წლის მარტის თვის მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებულია, რომ მხარეთა შორის 2021 წლის 11 იანვრის N7 ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიამ 2021 წლის 1-9 მარტის ჩათვლით შეასრულა შემდეგი სახის დასუფთავების სამუშაოები:

5.5.1. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს II სახაზინო-საპატრულო განყოფილების შენობის (მდებარე სენაკი-ფოთი-ურეკი-სარფის საავტომობილო მაგისტრალის 53-ე კმ. ლანჩხუთის რაიონი სოფ. .......), შენობისა (494.75 კვ.მ. სველი წერტილი 5 ერთეული) და მისი მიმდებარე ტერიტორიის (7610 კვ.მ.) მოვლა-დასუფთავება.

5.5.2. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს I სახაზო-საპატრულო სამმართველოს I სახაზო-საპატრულო განყოფილების შენობის (მდებარე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ. ხარაგაულის რაიონი, სოფელი ....) და მისი მიმდებარე ტერიტორია კერძოდ შენობის (96.5 კვ.მ. სველი წერტილი 2 ერთეული) და მისი მიმდებარე ტერიტორიის (1471 კვ.მ.) მოვლა-დასუფთავება.

5.5.3. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის განყოფილების შენობის (მდებარე ქ. ქობულეთი, .....), შენობის (210 კვ.მ. სველი წერტილი 2 ერთეული 16 კვ.მ. კიბე და ჰოლი 100 კვ.მ) მოვლა-დასუფთავება).

5.5.4. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს მე-4 სახაზო საპატრულო განყოფილებების შენობის (მდებარე გომი-საჩხერე-ზესტაფონის საავტომობილო გზის 45-ე კმ. სოფ. .....) დასუფთავების სამუშაოები, კერძოდ შენობისა (690 კვ.მ სველი წერტილები 10 ერთეული 40 კვ.მ.) და მისი მიმდებარე ტერიტორიის (3000 კვ.მ.) მოვლა-დასუფთავება.

5.5.5. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მე-4 სახაზო საპატრულო განყოფილებების შენობის (მდებარე გომი-საჩხერე-ზესტაფონის საავტომობილო გზის 89-ე კმ. ჭიათურის რაიონი, სოფ. ........), შენობისა (43.16 კვ.მ. სველი წერტილები 1 ერთეული 6 კვ.მ.) და მისი მიმდებარე ტერიტორიის (300 კვ.მ) მოვლა-დასუფთავება.

5.5.6. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის (მდებარე ქ. ბათუმი, ......), შენობისა (3477.65 კვ.მ. სველი წერტილი 4 ერთეული 60 კვ.მ.) და მისი მიმდებარე ტერიტორიისა (400 კვ.მ.) და ა/მანქანების ბოქსების (100 კვ.მ.) მოვლა-დასუფთავება.

5.5.7. შსს პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის (მდებარე ქ. ქუთაისი, ......) - შენობისა (1127 კვ.მ. საქვაბე 27 კვ.მ. სველი წერტილი 4 ერთეული 30 კვ.მ.) და მისი მიმდებარე ტერიტორიის (3000 კვ.მ.) მოვლა-დასუფთავება, სასტუმროს შენობის (362.93 კვ.მ. სველი წერტილი 12 ერთეული 30 კვ.მ.) მოვლა-დასუფთავება.

5.5.8. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის (მდებარე ქ. ოზურგეთი, ......) - შენობის (150 კვ.მ. სველი წერტილი 4 ერთეული 12.8) და მისი მიმდებარე ტერიტორიის 50 (კვ.მ.) მოვლა-დასუფთავება.

5.5.9. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს შენობის (მდებარე ქ. ბათუმი, ..........) - შენობისა (270 კვ.მ. სველი წერტილი 2 ერთეული ფანჯარა საერთო ფართობით 22მ2) მოვლა-დასუფთავება.

5.5.10. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთ. სამმართველოს 4 შენობის (მდებარე ქ. რუსთავი, ........) - შენობისა (ფართი 920.8 კვ.მ. სველი წერტილი 5 ერთეული) და მისი მიმდებარე ტერიტორიის (ფართი 2320 კვ.მ.) მოვლა-დასუფთავება.

5.5.11. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთ. სამმართველოს მე-3 სახაზო განყოფილების შენობის (მდებარე თბილისი-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მე-11 კმ-თელეთი) - შენობისა (ფართი 275.8 კვ.მ. სველი წერტილი 2 ერთეული) და მისი მიმდებარე ტერიტორიის (ფართი-3120 კვ.მ.) მოვლა დასუფთავება.

5.5.12. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს მე-2 სახაზო განყოფილების შენობის (მდებარე თბილისი-ბაკურციხე ლაგოდეხის საავტომობილო გზის 27-ე კმ. გომბორი) - შენობისა (ფართი 180 კვ.მ. სველი წერტილი 3 ერთეული) და მისი მიმდებარე ტერიტორიის (ფართი 2067 კვ.მ.) მოვლა-დასუფთავება.

5.5.13. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთ. სამმართველოს შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის (მდებარე გარდაბნის რნ. სოფ. .......) - ჯიხურებისა (ფართი 85 კვ.მ. სამზარეულო 12 კვ.მ. სველი წერტილი 4 ერთეული) და მისი მიმდებარე ტერიტორიის (ფართი 1000 კვ.მ.) მოვლა-დასუფთავება.

5.5.14. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთ. სამმართველოს II სახაზო საპატრულო სამმართველოს მლეთის საგუშაგო შენობის (მდებარე მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტ. გზის 79-ე კმ. დუშეთის რაიონი, სოფ. ...... - შენობისა (ფართი 40.33 კვ.მ. სველი წერტილი 2 ერთეული) და მისი მიმდებარე ტერიტორიის (ფართი 980 კვ.მ.) მოვლა-დასუფთავება.

5.5.15. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთ. სამმართველოს შენობის (მდებარე ქ. მცხეთა, .........) მოვლა-დასუფთავების სამუშაოები - შენობის (ფართი 1 926.22 მ2კვ.მ. მიმდებარე ტერიტორიის ფართობი, 2 656 კვ.მ. სველი წერტილი 7 ერთეული - 98 მ 2) მოვლა-დასუფთავება.

5.5.16. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთ. სამმართველოს II სახაზო საპატრულო სამმართველოს კობის საგუშაგო შენობისა (ფართი 67.52 კვ.მ. სველი წერტილი 2 ერთეული) და მისი მიმდებარე ტერიტორიის (ფართი 850 კვ.მ.) მოვლა დასუფთავება.

5.5.17. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთ. სამმართველოს (სსკგ „სადახლო რკინიგზა“) შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის (მდებარე მარნეულის რნ. სოფ. ......, ......) - შენობისა (ფართი 65 კვ.მ. ჯიხური 36 კვ.მ., სველი წერტილი 3 ერთეული) და მისი მიმდებარე ტერიტორიის (ფართი 1000 კვ.მ.) მოვლა-დასუფთავება.

5.5.18. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთ. სამმართველოს შენობაში ერთიანი მომსახურების ცენტრის (მდებარე ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. N21) - შენობისა (ფართი 130 კვ.მ. სველი წერტილი 2 ერთეული) მოვლა-დასუფთავება.

5.5.19. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთ. სამმართველოს (სსკგ „გ. რ.“) შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის (მდებარე გარდაბნის რნ. რკინიგზის სადგური, .......) - სამუშაო ოთახისა (ფართი 80 კვ.მ. სამზარეულო 6 კვ.მ. ჯიხურები 60 კვ.მ. სველი წერტილი 3 ერთეული) და მისი მიმდებარე ტერიტორიის (ფართი 100 კვ.მ.) მოვლა-დასუფთავება.

5.5.20. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს 5 შენობის (მდებარე ქ. ახალციხე, ......... ქუჩის მიმდებარე ტერიტორია) - შენობისა (ფართი 1123კვ.მ. სველი წერტილი 6 ერთეული) და მისი მიმდებარე ტერიტორიის (ფართი 2786 კვ.მ.) მოვლა-დასუფთავება.

5.5.21. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს მე-2 სახაზინო-საპატრულო განყოფილების შენობის (მდებარე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 124-ს კმ. სოფელი ოსიაური) - შენობისა (ფართი 455.6 კვ.მ. სველი წერტილი 3 ერთეული) და მისი მიმდებარე ტერიტორიის (ფართი 5193 კვ.მ.) მოვლა-დასუფთავება.

5.5.22. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთ. სამმართველოს შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის (მდებარე ქ. თელავი, ....) - შენობისა (ფართი 357.4 კვ.მ. სველი წერტილი 5 ერთეული) და მისი მიმდებარე ტერიტორიის (ფართი 2323 კვ.მ.) მოვლა-დასუფთავება.

5.5.23. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს II სახაზო-საპატრულო განყოფილების შენობის (მდებარე გურჯაანის რაიონი, სოფ. .......) - შენობისა (202.91 კვ.მ. სველი წერტილი 3 ერთეული) და მისი მიმდებარე ტერიტორიის (ფართი 2253 კვ.მ.) მოვლა-დასუფთავება.

5.5.24. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთ. სამმართველოს (მდებარე ლაგოდეხის რ.ნ სოფ. ........) - შენობის (ფართი 250 კვ.მ. სველი წერტილი 2 ერთეული) მოვლა-დასუფთავება.

5.5.25. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთ. სამმართველოს (სსკგ. „ს–ო) შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის (მდებარე დედოფლისწყაროს რ-ნი სოფ. ს–ო) - შენობისა და ჯიხურების (ფართი 221.54 კვ.მ. სველი წერტილი 3 ერთეული) და მისი მიმდებარე ტერიტორიის (ფართი 353 კვ.მ.) მოვლა-დასუფთავება.

5.6. კომპანიის თანამშრომლების ახსნა-განმარტებაში მითითებულია, რომ 2021 წლის 1 მარტიდან 9 მარტის ჩათვლით გაწიეს დასუფთავების სამუშაოები შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში (თბილისი, .......), შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის ტერიტორიაზე და ავტოსადგომზე (თბილისი, .......), შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობასთან ასეულების მოსაწყობ ბაქანთან, ა/მანქანების სამრეცხაოსთან და ავტოსადგომების არსებულ ტერიტორიაზე (თბილისი, .......), შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ასეულების მოსაწყობი ბაქანის შენობა-ნაგებობის ტერიტორიაზე (თბილისი, ........), შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცენტრალური საწყობის ტერიტორიაზე (თბილისი ........), შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს შენობაში და მისი მიმდებარე ტერიტორიაზე (ზუგდიდი, .......), შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს შენობაში და მისი მიმდებარე ტერიტორიაზე (ზუგდიდი, ...... №3), შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს მე-2 სახაზო-საპატრულო განყოფილების შენობაში (თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტ. გზის მე-300 კვ. (სოფ. .......), შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ქ. ფოთის სახაზო-საპატრულო განყოფილების შენობაში (ქ. ფოთი, ........).

5.7. 2021 წლის 15 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, იანვარში 11.01.2021 წლის N7 ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიამ მიღება-ჩაბარების დანართი N1-ში მოცემული შენობები, მიმდებარე ტერიტორიები და სველი წერტილები და ხალხმრავალი ადგილები სადეზინფექციო საშუალებებით დაამუშავა, გაწეული მომსახურების ღირებულებამ 2021 წლის იანვრის თვეში შეადგინა 44 938 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

5.8. 2021 წლის 15 მარტის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 1-28 თებერვლის ჩათვლით 11.01.2021 წლის N7 ხელშეკრულების საფუძველზე შემსრულებლის მიერ განხორციელდა მიღება-ჩაბარების დანართი N1-ში მოცემული შენობებისა და მიმდებარე ტერიტორიების მოვლა-დასუფთავებისა და სველი წერტილების და ხალხმრავალი ადგილების სპეციალური საშუალებებით დეზინფექციის სამუშაოები, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 45 118 ლარი დღგ-ს ჩათვლით. დასახელებული თანხა კომპანიას აუნაზღაურდა 2021 წლის 17 მარტს.

5.9. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო სამართალწარმოებისას მტკიცების ტვირთზე მიუთითა და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 12 906.3 ლარის შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება. მხარეთა მიერ წარდგენილი პოზიციების შეჯერების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის სადავო იყო როგორც სამუშაოს შესრულების, ისე შეთანხმების არსებობის ფაქტი.

5.10. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო არ იყო, მოსარჩელის მიერ წარდგენილ მიღება-ჩაბარების აქტებს ხელს არ აწერდნენ ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები, თუმცა, არც ის გარემოება გაუხდია მოპასუხეს სადავოდ, რომ ხელმომწერი პირები სწორედ იმ განყოფილებების თანამშრომლები არიან, რომელთაც მოსარჩელის მტკიცებით, გაეწიათ მომსახურება. შესაბამისად მოსარჩელის მიერ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტები დადასტურებული აქვთ მოპასუხის თანამშრომლებს და აღნიშნული აქტების ნამდვილობა მოპასუხეს ეჭვქვეშ არ დაუყენებია. ასეთი მოცემულობის პირობებში, მიუხედავად იმისა, აქტებს ხელს აწერენ უფლებამოსილი, თუ არაუფლებამოსილი პირები, სწორედ მოპასუხის მხარეს გადაიხარა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელეს აქტებში მითითებული სამუშაოები არ შეუსრულებია, ან უცნობია მათზე ხელმომწერი პირების ვინაობა. გამომდინარე იქედან, რომ აქტებზე ხელმომწერი პირების ვინაობა (მაგალითად, შ. ს–ძე, თ. ზ–ძე ა.შ.) მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, მხოლოდ იმ ტექნიკურ დეტალზე მითითება, რომ ხელშეკრულებით მიღება-ჩაბარების აქტების ხელმოწერა სხვა პირების უფლებამოსილებას წარმოადგენდა, ვერ იქნება მიჩნეული საკმარისად იმ ფაქტის უარყოფისთვის, რომ თავად მოპასუხის თანამშრომლებს აქვთ დადასტურებული სამუშაოების შესრულების ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე მხარეს აქტებზე ხელმომწერი პირების მოწმის სახით დაკითხვა და იმის გარკვევა, თუ რატომ მოხდა აქტებზე ხელმოწერა, თუკი მოსარჩელეს სამუშაოები არ შეუსრულებია, არ მოუთხოვია და არც ამ პირების ახსნა-განმარტება წარუდგენია სასამართლოსთვის.

5.11. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დასახელებული ხელმოწერილი აქტების გარდა, რომელიც 27 ობიექტს ეხებოდა, ხელმოუწერელი იყო კიდევ 8 ობიექტის მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტი, რომელთა ხელმოწერაზეც, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ უარი განაცხადა. აღნიშნული გარემოების დადასტურების მიზნით მოსარჩელეს საქმეში წარდგენილი აქვს 2021 წლის 26 აპრილის წერილი საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ (ტ. 1, ს.ფ. 135-136), სადაც კომპანიის დირექტორი ითხოვდა მიღება-ჩაბარების აქტებზე ხელმოწერას, თუმცა უშედეგოდ. აღნიშნულ წერილზე პასუხი საქმეში არ არის. მოწინააღმდეგე მხარე განმარტავს, რომ ვინაიდან არ არსებობს ორივე მხარის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტი, სამუშაოების შესრულების ფაქტიც არ დასტურდება.

5.12. მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების დადასტურების ერთადერთ მტკიცებულებას მიღება-ჩაბარების აქტი არ წარმოადგენდა. აქტზე ხელმოწერა სრულად შემსყიდველის ავტონომიის სფეროს მიეკუთვნება, რაც იმას გულისხმობს, რომ ვალდებულების შემსრულებელ მხარეს მასზე რაიმე ზემოქმედების შესაძლებლობა არ აქვს. შესაძლებელია, რომ მიუხედავად ვალდებულების შესრულებისა, მიმღებმა მაინც უარი განაცხადოს მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე. ასეთ პირობებში კი, თუ სასამართლო ორმხრივად ხელმოწერილ მიღება-ჩაბარების აქტს მიიჩნევს იმ ერთადერთ მტკიცებულებად, რაც ვალდებულების შესრულებას ადასტურებს, ამით ხელს შეუწყობს არაკეთილსინდისიერი მხარის ინტერესებს და მნიშვნელოვნად დააზარალებს შემსრულებლის უფლებებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუკი შემსრულებელი სხვა რელევანტური მტკიცებულებების წარმოდგენით დაადასტურებს ვალდებულების შესრულების ფაქტს, მხოლოდ ხელმოუწერელი მიღება-ჩაბარების აქტი ვერ იქნება მიჩნეული საკმარისად მისი პოზიციის უარყოფისთვის.

5.13. სამუშაოების შესრულების ფაქტის დადასტურებისთვის, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოვლა-დასუფთავების მომსახურება წარმოადგენდა ყოველდღიურად შესასრულებელი ტიპის სამუშაოს, რასაც მხარეებიც დაეთანხმნენ. უდავო იყო ასევე, რომ 2021 წლის 1-9 მარტის პერიოდში ხარჯთაღრიცხვაში მითითებული ობიექტები იღებდნენ მოვლა-დასუფთავების მომსახურებას. შესაბამისად სადავო პერიოდში ჩატარებული სამუშაოები შესრულებულია, თუმცა სადავო იყო შემსრულებელი სუბიექტი. მოპასუხის განმარტებით, 2021 წლის 28 თებერვლის შემდეგ კომპანიას მომსახურება აღარ გაუწევია და მის ნაცვლად სხვა კომპანია ასრულებდა იმავე სამუშაოებს.

5.14. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მომსახურების შემსყიდველი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას აფორმებს წერილობით, ამდენად თუ სადავო პერიოდში მას ახალი კომპანია ემსახურებოდა, ფაქტის დასადასტურებლად შეეძლო სასამართლოსთვის წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.

5.15. სააპელაციო სასამართლომ დამატებით პროცესუალურ საკითხებზეც მიუთითა და განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში შემსყიდველმა აბსტრაქტული შესაგებელი წარადგინა, სადაც მხოლოდ იმას უთითებდა, რომ არ ეთანხმებოდა თანხის დაკისრების მოთხოვნას. ამასთან, შესაგებელში აღნიშნული იყო, რომ მოპასუხის წარმომადგენლის სიტყვიერი თხოვნისა და ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელის მიერ სადავო პერიოდში გაწეული მოვლა-დასუფთავების მომსახურების ღირებულებამ 12 906 ლარი შეადგინა. ამდენად, მოპასუხემ დაადასტურა სადავო პერიოდში მომსახურების გაწევის ფაქტი.

6. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

6.2. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. საქმის მიმდინარეობის არც ერთ ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანო სარჩელის მოთხოვნებს არ ეთანხმებოდა. თუმცა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, თითქოს უდავოდაა დადგენილი, რომ მხარეთა შორის ზეპირსიტყვიერი შეთანხმება შედგა 2021 წლის 1-9 მარტის პერიოდში სამუშაოების გაგრძელების თაობაზე.

6.3. კასატორის განმარტებით, ზეპირი მითითების საფუძველზე საქმიანობის გაგრძელების თაობაზე, მისი მოთხოვნა, მოსარჩელე კომპანიას დაესახელებინა შესაბამისი პირი, უშედეგო აღმოჩნდა, ვინაიდან არ არსებობდა ბუნებაში ასეთი შემთხვევა.

6.4. კასატორის განმარტებით, სადავო პერიოდში სამუშაოების შესრულების ფაქტს, მოწინააღმდეგე ვერ ადასტურებდა სათანადო მტკიცებულებებით, ვინაიდან, არ არსებობდა ორივე მხარის უფლებამოსილი პირების ხელმოწერები მიღება-ჩაბარების აქტებზე.

6.5. კასატორი ზოგადად უთითებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში მოწმეთა დაკითხვას ითხოვდა, თუმცა, შუამდგომლობები არ დაუკმაყოფილდა.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მოსარჩელე, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ყოველდღიურად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, ხოლო, შემსყიდველს შესაბამისი ანაზღაურება აქვს გადახდილი. დავის საგანს წარმოადგენს 1-9 მარტის პერიოდში მოსარჩელის მიერ მომსახურების გაწევისა და შესაბამისად ამ სადავო მომსახურების ანაზღაურების ფაქტი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო გარემოების, კერძოდ, სამუშაოს შესრულების მტკიცების ტვირთი მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება.

9. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

11. სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის, როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგლება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას (იხ. სუსგ №ას-839-805-2016, 06.03.2017; №ას-187-2024, 26.07.2024).

12. სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ საქმე №ას-1206-1166-2016; №ას-667-2023 16.11.2023).

13. „სამართლებრივი დავისას სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეს ორი ამოცანა აქვს დასაძლევი: პირველ რიგში, მან უნდა გამოარკვიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მეორე რიგში კი, მოსამართლემ სამართლებრივად უნდა შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინოს, არსებობს თუ არა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უკვე ამ საფუძველზევე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს არა აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები და შეაგროვოს მტკიცებულებები. თუ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას, მაშინ უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, ამ გარემოებების არსებობის უარყოფა“ (იხ. თომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი, GIZ, თბილისი, 2016, გვ.3-4). „მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს“ (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, გვ.64).

14. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე (შდრ: შმიტი შ., რიჰტერი ჰ., მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში გვ.27).

15. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.

16. საკასაციო სასამართლო, მტკიცების ტვირთთან ერთად, სამართალში პრეზუმფციების მნიშვნელობას გაუსვამს ხაზს და განმარტავს, რომ სამართალწარმოებაში პრეზუმფციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს 2021 წლის 1-9 მარტის, სადავო პერიოდში შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა (ტ.1,ს.ფ. 129-133). დასახელებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მოსარჩელე კომპანიას 35 ობიექტზე აქვს დასუფთავების სამუშაოები ჩატარებული. მხარეები არ დავობენ, რომ მითითებულ ობიექტებს, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელე ემსახურებოდა. კერძოდ, 2021 წლის 11 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა შესყიდვების ხელშეკრულება, შემსყიდველისათვის მოვლა-დასუფთავების მომსახურების გაწევის მიზნით. ხელშეკრულება მოქმედებდა 2021 წლის 12 იანვრიდან, იმავე წლის 31 მარტის ჩათვლით. იმავე ხელშეკრულებულების 5.1 ქვეპუნქტის თანახმად „მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან - 2021 წლის 28 თებერვლის ჩათვლით უზრუნველყოს მოვლა-დასუფთავების მომსახურების გაწევა ტექნიკური დავალებითა და დანართი N1-ით გათვალისწინებული პირობების, კონკრეტული მომსახურებების, ადგილმდებარეობების, მოცულობების, რაოდენობების, პერიოდულობების ოპერატიულობისა და ვადების შესაბამისად“. ხელშეკრულების 14.6 ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედება წყდებოდა 2021 წლის 1 მარტს, თუმცა შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილი იყო, ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება მოვლა-დასუფთავების ტენდერზე გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებისთანავე.

18. საქმეში არსებული სადავო პერიოდში გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებით ირკვევა, რომ შესრულებულ სამუშაოს, სხვადასხვა განყოფილების წარმომადგენლები იბარებდნენ. საკასაციო სასამართლო, შესრულებული სამუშაოს მიღებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 6.2 პუნქტის მიხედვით - „გაწეული მომსახურების მიღებას თბილისის მასშტაბით აწარმოებს შსს საპატრული პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამართველოს შენობა-ნაგებობათა და მატერიალურ ფასეულობათა ექსპლუატაციის განყოფილება, ხოლო რეგიონებში, აღნიშნული რეგიონების სამეურნეო-ტექნიკური ჯგუფების ხელმძღვანელები, რომლებიც ასევე უფლებამოსილნი არიან შემსყიდველის მხრიდან კონტროლი განახორციელონ, მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებისა და მასში შემავალი დოკუმენტების პირობების შესრულებაზე. ასევე შესყიდვის ობიექტის ხარისხზე, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია ხელი შეუწყოს მათ ინსპექტირების ჩატარებისას“. უდავო იყო, რომ შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ მიღება-ჩაბარების აქტებს ხელს არ აწერდნენ ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები, თუმცა მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია აღნიშნული გარემოება (იხ. შესაგებელი ტ.1,ს.ფ. 143-150), ამასთან, ხელმომწერი პირები სწორედ იმ განყოფილების თანამშრომლები იყვნენ, რომელთაც მოსარჩელის მტკიცებით, მომსახურება გაეწიათ. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, პრეზუმირებულია, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტები, რომლითაც სადავო პერიოდში სამუშაოს შესრულება დგინდება, მოპასუხის თანამშრომლებმა დაადასტურეს, რაც თავის მხრივ მოპასუხეს ეჭვქვეშ არ დაუყენებია.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების დამტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელეს, წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით განსაზღვრული სამუშაოები არ შეუსრულებია მოპასუხეს დაეკისრა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამუშაოს შესრულების დადასტურების პირობებში, მხოლოდ, იმ გარემოებაზე მითითება, რომ აქტები არაუფლებამოსილი პირების მიერ იყო ხელმოწერილი, ვერ გამორიცხავს სამუშაოების შესრულების ფაქტს.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტები ეხება 27 ობიექტს, ხოლო, სადავოა კიდევ 8 ობიექტზე შესრულებული სამუშაოები, რომელზეც ხელმოუწერელი მიღება-ჩაბარების აქტებია საქმეში წარდგენილი. მხარის განმარტებით, აქტების ხელმოწერაზე მოპასუხემ უარი განაცხადა, რის დასტურადაც, საქმეში წარდგენილია 2021 წლის 26 აპრილის წერილი, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ (ტ.1,ს.ფ. 135-136), სადაც კომპანიის დირექტორი ითხოვს მიღება-ჩაბარების აქტებზე ხელმოწერას, თუმცა უშედეგოდ. აღნიშნულ წერილზე პასუხი საქმეში წარმოდგენილი არ არის. კასატორის პრეტენზიის თანახმად, ვინაიდან არ არსებობს ორივე მხარის უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტი, სამუშაოების შესრულების ფაქტიც არ დასტურდება. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა, იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მხარის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების დადასტურების ერთადერთ მტკიცებულებას მიღება-ჩაბარების აქტი არ წარმოადგენს. სააპელაციო პალატამ, სრულიად მართებულად დაასკვნა, რომ სამუშაოს შესრულების მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერა სრულად შემსყიდველის ავტონომიის სფეროს მიეკუთვნება, რაც იმას გულისხმობს, რომ ვალდებულების შემსრულებელ მხარეს მასზე რაიმე ზემოქმედების შესაძლებლობა არ აქვს. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ შესაძლებელია, მიუხედავად ვალდებულების შესრულებისა, მიმღებმა მაინც უარი განაცხადოს მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე. ასეთ პირობებში კი, თუ სასამართლო ორმხრივად ხელმოწერილ მიღება-ჩაბარების აქტს მიიჩნევს იმ ერთადერთ მტკიცებულებად, რაც ვალდებულების შესრულებას ადასტურებს, ამით ხელს შეუწყობს არაკეთილსინდისიერი მხარის ინტერესებს და მნიშვნელოვნად დააზარალებს შემსრულებლის უფლებებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუკი შემსრულებელი სხვა რელევანტური მტკიცებულებების წარმოდგენით დაადასტურებს ვალდებულების შესრულების ფაქტს, მხოლოდ ხელმოუწერელი მიღება-ჩაბარების აქტი ვერ ჩაითვლება მისი პოზიციის უარყოფისთვის საკმარისად.

21. მოსარჩელის მიერ სამუშაოების შესრულების ფაქტის დადასტურების კუთხით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ უდავო ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის 11.01.2021წ. ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვლა-დასუფთავების მომსახურება წარმოადგენდა ყოველდღიურად შესასრულებელი ტიპის სამუშაოს, კერძოდ სააპელაციო ინსტანციაში გამართულ სხდომაზე ორივე მხარე დათანხმდა იმ ფაქტს, რომ შეთანხმებულ ობიექტებში მოვლა-დასუფთავების სამუშაოებს უნდა ჰქონოდა სისტემტიური, ყოველდღიური ხასიათი. ასევე უდავოა, რომ 2021 წლის 1-9 მარტის პერიოდში ხარჯთაღრიცხვაში (ტ. 1, ს.ფ. 129-133) მითითებული ობიექტები იღებდნენ მოვლა-დასუფთავების მომსახურებას. შესაბამისად დგინდება, რომ სადავო პერიოდში ის სამუშაოები, რასაც მოსარჩელე უთითებს, შესრულებულია, თუმცა სადავოა მისი შემსრულებელი სუბიექტი. მოპასუხის (კასატორის) განმარტებით, 2021 წლის 28 თებერვლის შემდეგ, მოსარჩელეს მომსახურება აღარ გაუწევია და მის ნაცვლად მომსახურება განახორციელა სხვა კომპანიამ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული გარემოების მტკიცების ტვირთიც მოპასუხეს ეკისრება.

22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე, ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან. აქედან გამომდინარე, დავის გადაწყვეტაში სარჩელთან ერთად შესაგებლის, როგორც საპროცესო ინსტიტუტის როლი, უაღრესად მნიშვნელოვანია.

23. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანასკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (იხ.დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017, პ.201).

25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხემ არაკვალიფიციური შესაგებელი წარადგინა. პალატა, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და შეფასებას, რომ წარმოდგენილი შესაგებლით, მოპასუხე დაეთანხმა სარჩელში მითითებულ მესამე ფაქტობრივ გარემოებას: "საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის სიტყვიერი თხოვნისა და ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელის მიერ გაწეული მოვლა-დასუფთავების მომსახურების ღირებულება 2021 წლის 1-9 მარტის ჩათვლით შეადგენს 12 906.3 ლარს". (ტ.1,ს.ფ. 5 სარჩელი, ს.ფ. 145. შესაგებელი), შესაბამისად, მოპასუხე მხარემ დაადასტურა მოსარჩელის მიერ 2021 წლის 1-9 მარტის პერიოდში მომსახურების გაწევის ფაქტი.

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. პალატა განმარტავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. საპროცესო სამართლის თეორიაში აღიარების განსაკუთრებული მნიშვნელობა განმარტებულია იმგვარად, რომ ფაქტს, რომელსაც უნდა ადასტურებდეს დავის სუბიექტი, ადასტურებს მისი მოწინააღმდეგე მხარე. ფაქტის აღიარების დროს მხარე ცნობს დავის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, რაც სასამართლომ შეიძლება საკმარის საფუძვლად მიიჩნიოს გადაწყვეტილების გამოტანისას და დაეყრდნოს ამ აღიარებას (იხ. სუსგ საქმე №ას-361-343-2015, 14.12.2015 წელი; №ას-381-2024, 22.07.2024; №ას-1148-2020 25 მარტი, 2024 წელი). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარემ მის მიერ აღიარებული გარემოება, სამუშაოს შესრულებისა და შესრულებული სამუშაოს ღირებულების შესახებ, სათანადო მტკიცებულებებითა და არგუმენტებით ვერ გააქარწყლა (იხ. სსსკ-ის 133-ე მუხლი).

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შემსყიდველი სპეციალური სუბიექტია, კანონით დადგენილი წესით მხოლოდ წერილობით უნდა დადებულიყო (იხ. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის 11 და სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილი), შესაბამისად, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების შემდეგ პერიოდში შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებაა სადავო, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი წარმოადგენს, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული ზეპირი გარიგება ბათილია, შესაბამისად მოსარჩელის მიერ ვალდებულების გარეშე შესრულებული სამუშაოს მიმართ გამოსაყენებელია უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმები. ამასთან, სსკ-ის 979-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე კომპანიის მიერ, მოპასუხის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 12 906.3 ლარი შეადგინა. საკასაციო სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ დასახელებულ სადავო თანხაზე, მოპასუხეს არც კვალიფიციური შესაგებელი წარუდგენია, და არც ისეთი მტკიცებულებები (მაგალითად სხვა სუბიექტისგან იმავე სამუშაოს შესრულება, სხვა სუბიექტთან ახალი ხელშეკრულების დადება და ა.შ.), რომელიც მოსარჩელის მოთხოვნას გამორიცხავდა (დამატებით იხ. წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტი - ხელშეკრულების 14.6 ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედება წყდებოდა 2021 წლის 1 მარტს, თუმცა შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება ჰქონდა ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება მოვლა-დასუფთავების ტენდერზე გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებისთანავე). ამდენად, მოსარჩელის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოპასუხემ გარკვეული სახსრები დაზოგა, რის შედეგადაც უსაფუძვლოდ გამდიდრდა, თავის მხრივ მიღებული სარგებლის ნატურით დაბრუნება შეუძლებელია, რის გამოც სწორედ მიღებული სარგებლის ღირებულება უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე კომპანიას.

29. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე