№ას-199-2024
14 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – მ.ბ–ძე, მ.ბ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ც.კ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სავალდებულო წილის მიღება, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ც.კ–ძემ, დ.ბ–ძემ და ი.ბ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელეები) სარჩელი აღძრეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში მ.ბ–ძისა და მ.ბ–ძის (შემდეგში - მოპასუხეები, კასატორები) მიმართ, სავალდებულო წილის მიღების, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანის, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით (იხ. სარჩელი: ტ.1, ს.ფ. 2-19).
1.1. მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ც.კ–ძის, დ.ბ–ძისა და ი.ბ–ძის სარჩელი მ.ბ–ძისა და მ.ბ–ძის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ.ბ–ძისა და ი.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ც.კ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 თებერვლის გააწყვეტილება ც.კ–ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ც.კ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ც.კ–ძე ცნობილ იქნა 2011 წლის 27 ოქტომბერს გარდაცვლილი მ.ბ–ძის მემკვიდრედ და მიეცა მისი დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილი. ბათილად იქნა ცნობილი მ.ბ–ძის სახელზე, 2028 წლის 16 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 180550279) - 1/8 ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი 2019 წლის 26 თებერვალს, მ.ბ–ძესა და მ.ბ–ძეს შორის დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 190206807) - 1/8 ნაწილში. ც.კ–ძე ცნობილ იქნა უძრავი ქონების, მდებარე: ხონი, ........., ს/კ ......... - 1/8 ნაწილის მესაკუთრედ. დ.ბ–ძისა და ი.ბ–ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივ გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები, დამატებით დადგენილად მიიჩნია და მიუთითა საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე, შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
5.1. მამკვიდრებელი მ.ბ–ძე გარდაიცვალა 2011 წლის 27 ოქტომბერს, რომელსაც დარჩა პირველი რიგის მემკვიდრეები: მოსარჩელეები - შვილი ც.კ–ძე; 2004 წლის 13 დეკემბერს გარდაცვლილი შვილის - ზ.ბ–ძის შვილები დ.ბ–ძე და ი.ბ–ძე; მოპასუხეები: შვილები - მ.ბ–ძე და მ.ბ–ძე.
5.2. გარდაცვალების მომენტისათვის მამკვიდრებლის მ.ბ–ძის საკუთრებას წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონება, მდებარე: ხონი, ........, ს/კ ......... მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე გარდაცვლილი იყო მისი მეუღლე.
5.3. 2008 წლის 5 სექტემბერს, ნოტარიუს ბ.დ–ას მიერ დამოწმებულ იქნა ანდერძი, რომლის თანახმად, მამკვიდრებელმა მ.ბ–ძემ სადავო უძრავი ქონება უანდერძა შვილს - მოპასუხე მ.ბ–ძეს.
5.4. მოპასუხე მ.ბ–ძე მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე და მას მერეც ცხოვრობდა სადავო უძრავ ქონებაში, რომელმაც ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამკვიდრებლის დანაშთი უძრავი ქონება.
5.5. მამკვიდრებელის მიერ შედგენილი ანდერძის საფუძველზე, 2018 წლის 16 მაისს, ნოტარიუს ბ.დ–ას მიერ გაიცა ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა მოპასუხე მ.ბ–ძის სახელზე, რომლითაც მან სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით მიიღო მთლიანი სამკვიდრო ქონება - სადავო უძრავი ქონება, რომელიც 2018 წლის 13 ნოემბერს საკუთრების უფლებით აღირიცხა მის სახელზე.
5.6. მოპასუხეებს: სამკვიდროს მიმღებ მ.ბ–ძესა და მის დას მ.ბ–ძეს შორის, 2019 წლის 26 თებერვალს დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სადავო უძრავი ქონება 2019 წლის 29 ოქტომბერს აღირიცხა მოპასუხე მ.ბ–ძის სახელზე.
5.7. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 31 იანვრის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ.კ–ძის ჩვენების თანახმად, ის არის ც.კ–ძის შვილი და მ.ბ–ძის შვილიშვილი. მ.ბ–ძე და მ.ბ–ძე ერთად ცხოვრობდნენ სადავო სახლში. მ.ბ–ძის გარდაცვალების შემდეგ, სადავო სახლში მუდმივად ცხოვრობდა მ.ბ–ძე. ბაბუას გარდაცვალების შემდეგ, სადავო სახლში დედამისი ც.კ–ძეც ცხოვრობდა, რჩებოდა პერიოდულად. ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, სადავო სახლიდან დედამ წაიღო დაახლოებით 1000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთები: ხალიჩა, თეფშები, ჭიქები, ნარდი და სხვა ნივთები. დ.ბ–ძე და ი.ბ–ძე ბაბუის გასვენების დროს იყვნენ საზღვარგარეთ, დაახლოებით 3 თვეში ჩამოვიდნენ და სადავო სახლში იყვნენ დაახლოებით 1 თვე, თუმცა გაიღეს დაკრძალვის ხარჯები. ც.კ–ძემ, მამის თხოვნით, გარკვეული ნივთები - ოქროები და სურათები (კედლის ნახატები), თეფშები, დანა-ჩანგალი, გაუგზავნა დ.ბ–ძეს და ი.ბ–ძეს. ერთი წლის განმავლობაში თავადაც ცხოვრობდა სადავო სახლში, აბიტურიენტობის პერიოდში, 2012 წელს.
5.8. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 31 იანვრის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ.ჭ–ას ჩვენების თანახმად, მ.ბ–ძე იყო მისი ბიძა. მ–ს გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში, ორმოცამდე, ც.კ–ძე ცხოვრობდა სადავო სახლში, ორმოცის მერეც დადიოდა. დ. და ი.ბ–ძეები მ. გარდაცვალებიდან 2-3 თვეში ჩამოვიდნენ სადავო სახლში და იქ იყვნენ გარკვეული პერიოდი, სასაფლაოც გაუკეთეს ბაბუას. ხშირად ჩამოდიოდნენ და იყვნენ სადავო სახლში. ბაბუამ მათ სიცოცხლეში დაუტოვა გარკვეული ნივთები. ც–მ გარკვეული ნივთები წაიღო სადავო სახლიდან: ხალიჩა, ჭიქები, თეფშები. ც.კ–ძემ ბაბუის დანატოვარი ნივთები გაუგზავნა დ. და ი.ბ–ძეებს, რადგან ბაბუას, მ.ბ–ძეს გარდაცვალებამდე დაბარებული ჰქონდა, რომ ეს ნივთები გაეგზავნათ მათთვის, კერძოდ: ოქროს მედალიონი, კედლის სურათები, ვერცხლის დანა-ჩანგალი. პირადად მან, ნ. და ც.კ–ძეებმა გააგზავნეს ეს ნივთები. 2-3 წელია, რაც მოდავე მხარეებს შორის არის უკმაყოფილება და დაძაბული ურთიერთობა. მ.ბ–ძეს გარდაეცვალა შვილი, რომლის დაკრძალვაზეც დ. და ი.ბ–ძეები ვერ ჩამოვიდნენ და როდესაც ჩამოვიდნენ მ.ბ–ძემ არ შეუშვა ისინი სახლში.
5.9. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 31 იანვრის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ.ბ–ას ჩვენების თანახმად, მ.ბ–ძე იყო მისი სიძე, დის მეუღლე. მ.ბ–ძის გარდაცვალების შემდგომ, სადავო სახლში ცხოვრობდა მ.ბ–ძე. ც.კ–ძეც დადიოდა სადავო სახლში და უვლიდა მ.ბ–ძეს. მ.ბ–ძის ორმოცამდე, ც.კ–ძე ცხოვრობდა სადავო სახლში. მ.ბ–ძის ორმოცის შემდეგ, მან გადაატანინა ც.კ–ძეს მის სახლში გარკვეული ნივთები - ხალიჩა, ნარდი, შამპანურის ჭიქები, თეფშები. ი. და დ.ბ–ძეები ბაბუის გარდაცვალების დროს საქართველოში არ იყვნენ, ჩამოვიდნენ ორმოცისთვის. მათ გააკეთეს ბაბუას საფლავი, ც–საც უგზავნიდნენ თანხას დაკრძალვის ხარჯებისათვის. დაკრძალვის ყველა ხარჯი გაიღეს ი. და დ.ბ–ძეებმა. ც.კ–ძემ, მ.ბ–ძის თხოვნით, ორმოცამდე გარკვეული ნივთები გაუგზავნა ი. და დ.ბ–ძეებს.
5.10. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 31 იანვრის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ.ჭ–ას ჩვენების თანახმად, მ.ბ–ძე იყო მისი სიძე, დის მეუღლე. მ.ბ–ძის გარდაცვალების შემდ.ეგ, მის სახლში ცხოვრობდა მ.ბ–ძე და ც.კ–ძე. ც.კ–ძე უვლიდა მ.ბ–ძეს და ყველაფერს. მ.ბ–ძის ორმოცის შემდე, ც.კ–ძემ სადავო სახლიდან წაიღო გარკვეული ნივთები - ხალიჩა. დ. და ი.ბ–ძეებიც ჩამოდიოდნენ სადავო სახლში.
5.11. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 31 იანვრის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ.ბ–ას ჩვენების თანახმად, მ.ბ–ძე იყო მისი სიძე, მულის ქმარი. ც.კ–ძე უვლიდა მამამისს. მ.ბ–ძის გარდაცვალების შემდეგ, ც.კ–ძე ორმოცი დღე ცხოვრობდა სადავო სახლში. მ.ბ–ძის გარდაცვალების შემდეგ, ორმოციდან ორ კვირაში, ც.კ–ძემ გარკვეული ნივთები - ნოხი, ნარდი, ჭურჭელი, ჭიქები, თეფშები წაიღო მის სახლში, რაც წააღებინა ბიძამისმა. ამ დროს ისიც იქ იყო. მ ცოცხალი რომ იყო, ც–ს შეაფუთინა სურათები, ოქროს ცეფი და უნდოდა შვილიშვილებისათვის მის სახელზე დატოვება. ც–მ მამის გარდაცვალების შემდეგ, ეს ნივთები გაუგზავნა ი. და დ.ბ–ძეებს. ი. და დ.ბ–ძეებმა თანხები გამოაგზავნეს ბაბუის დაკრძალვისათვის, ისინი ბაბუის გარდაცვალებიდან 3-4 თვეში ჩამოვიდნენ სადავო სახლში.
5.12. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 02 თებერვლის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ.ბ–ძის ჩვენების თანახმად, მ.ბ–ძე იყო მისი ბაბუა. ის არის მ.ბ–ძის (მოპასუხე) შვილი. იზრდებოდა ბებია-ბაბუის ოჯახში. მ.ბ–ძე, მამასთან ერთად, ცხოვრობდა სადავო სახლში. ბაბუამ მიიღო გადაწყვეტილება მისი ქონება დაეტოვებინა მ.ბ–ძისათვის, რაც ცნობილი იყო ყველასთვის და არავინ იყო წინააღმდეგი. ამის შემდეგ, ბაბუამ მ–ს უანდერძა მისი ქონება. მ.ბ–ძეს არჩენდა და უვლიდა დედამისი მ.ბ–ძე. მ.ბ–ძემ შესთავაზა მის დედ-მამიშვილებს მისი მოვლა, თუმცა მოვლა არავინ ისურვა მ.ბ–ძის გარდა, რის გამოც 2019 წელს გააფორმა დედამისთან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, საიდანაც მხარეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. მ.ბ–ძის გარდაცვალებამდე რა ნივთებიც იყო სახლში, დღესაც ყველაფერი იქ დგას, იქედან არაფერი არ წაუღია არავის. სადავო სახლში ცხოვრობს მ.ბ–ძე. თვითონ ცხოვრობს სადავო სახლის მეზობლად. მ.ბ–ძესთან არავინ რჩებოდა და ცხოვრობდა, არც ც– და არც მისი შვილი ნ.. ბაბუას ი. და დ.ბ–ძეებისათვის რაიმე ნივთი არ დაუტოვებია. მ.ბ–ძის გარდაცვალებიდან ექვს თვეში, ი. და დ.ბ–ძეები სადავო სახლში არ ჩამოსულან. ბაბუის საფლავი მან და მისმა მეუღლემ მოაწყო.
5.13. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 02 თებერვლის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ.ბ–ძის ჩვენების თანახმად, ის არის მ.ბ–ძის მძახალი, მ.ბ–ძე არის მისი რძალი. მ.ბ–ძის გარდაცვალებიდან 6 თვის პერიოდში ც.კ–ძეს სადავო სახლში არ უცხოვრია, იქ ცხოვრობდა მ.ბ–ძე. ნ.კ–ძე დაახლოებით სამი წლის შემდეგ, სტუდენტობის დროს ცხოვრობდა სადავო უძრავ ქონებაში, რადგან მისი ბინა გასარემონტებელი იყო. მ.ბ–ძეს უვლიდა მ.ბ–ძე. მ.ბ–ძე ჯავრობდა, რომ მ.ბ–ძე აღმოჩნდებოდა ცუდ მდგომარეობაში, რის გამოც უნდოდა მისთვის ქონების დატოვება. ც.კ–ძე დადიოდა მ.ბ–ძესთან და ეხმარებოდა. დები როგორც ახერხებდნენ, ისე ეხმარებოდნენ მ–ს. მას არ გაუგია, რომ ვინმეს რაიმე წაეღო სადავო სახლიდან. დ. და ი.ბ–ძეებს არ გაუკეთებიათ მ.ბ–ძის საფლავი, ბაბუის გარდაცვალებიდან, დაახლოებით, ორი წლის შემდეგ ჩამოვიდნენ საქართველოში, მანამდე არ გამოჩენილან.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
5.14. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო ფაქტის დადგენისას არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, კერძოდ, დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოსარჩელის მოწმეთა ჩვენებები.
5.15. სააპელაციო სასამართლომ აპელანტ ც.კ–ძის მიერ სადავო სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით დაუფლება, დადგენილად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხული, მათ შორის, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებებით, რომელთა განმარტებებიდანაც დასტურდებოდა ის გარემოება, რომ ც.კ–ძე, მამის გარდაცვალებიდან ორმოცი დღის განმავლობაში, ცხოვრობდა და მას შემდეგაც ხშირად იმყოფებოდა სადავო სახლში. პალატის მოსაზრებით, ამავე მოწმეების ჩვენებებით დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მ.ბ–ძის ორმოციდან დაახლოებით ორ კვირაში ც.კ–ძემ მის საცხოვრებელ სახლში წაიღო მამის კუთვნილი მოძრავი ნივთები. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ც.კ–ძე, მამის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, ფაქტობრივი ფლობის გზით დაუეფლა მამის დანაშთ სამკვიდრო ქონებას.
5.16. რაც შეეხება დ.ბ–ძესა და ი.ბ–ძეს, პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საქმეში წარმოდგენილი არ იყო რაიმე სახის სათანადო მტკიცებულება მათ მიერ ბაბუის დანაშთი სამკვიდრო ქონების დაუფლების თაობაზე. უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა ის, რომ დ.ბ–ძე და ი.ბ–ძე ბაბუის გარდაცვალების დროისათვის საქართველოში არ იმყოფებოდნენ. მართალია, მოსარჩელე მხარის ინიციატივით დაკითხულმა მოწმეებმა მიუთითეს, რომ ბაბუის გარდაცვალებიდან დაახლოებით 2-3 თვეში ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში და იმყოფებოდნენ სადავო სახლში, თუმცა არც მოწმეთა განმარტებებით და არც საქმის მასალებით არ ირკვევა ის გარემოება, სადავო სახლში ყოფნით მათ რაიმე სახით გამოხატეს თუ არა ბაბუის დანაშთი სამკვიდრო ქონების დაუფლების ნება. ამდენად, დაუდგენელი იყო ისინი სადავო სახლში იმყოფებოდნენ როგორც სტუმრები, თუ მათი იქ ყოფნა მიმართული იყო ბაბუის დანაშთი სამკვიდრო ქონების დაუფლებისაკენ. აღნიშნული გარემოებები მოსარჩელე მხარის მიერ დაკითხული მოწმეების ჩვენებებით არ ირკვეოდა, ხოლო სხვა რაიმე სახის მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ იყო. ამასთან, მ.ბ–ძის გარდაცვალებიდან 6 თვეში დ.ბ–ძისა და ი.ბ–ძის სადავო სახლში ყოფნის ფაქტი კატეგორიულად უარყვეს მოპასუხის მიერ დაკითხულმა მოწმეებმა.
5.17. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტების ის მოსაზრება, რომ დ. და ი.ბ–ძეების მიერ სამკვიდრო ქონების დაუფლება გამოიხატა მ.ბ–ძის მიერ, მის სიცოცხლეში ც.კ–ძისათვის გარკვეული მოძრავი ნივთების შეფუთვის დავალებაში, რომლებიც უნდოდა დ. და ი.ბ–ძეებისათვის სამახსოვროდ დაეტოვებინა. აღნიშნული ნივთები ც.კ–ძემ დ. და ი.ბ–ძეებს გაუგზავნა მ.ბ–ძის გარდაცვალების შემდეგ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ცხადად იკვეთებოდა მამკვიდრებლის მიერ მისსავე სიცოცხლებში გამოხატული ნება შვილიშვილებისათვის გარკვეული მოძრავი ნივთების ჩუქებაზე. აღნიშნული კი ცხადია არ ნიშნავდა დანაშთი სამკვიდრო ქონების დაუფლებას.
5.18. ამდენად, სააპელაციო პალამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ც.კ–ძე მამის მ.ბ–ძის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა სადავო სამკვიდრო ქონებას, რაც სადავო დანაშთი სამკვიდრო ქონების სავალდებულო წილზე - 1/8 ნაწილზე მისი საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი იყო.
5.19. პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან, დგინდებოდა ც.კ–ძის მიერ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდრო ქონების მიღების ფაქტი, არსებობდა სადავო სამკვიდრო მოწმობისა და სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ნაწილობრივ - 1/8 ნაწილში ბათილად ცნობის და სადავო უძრავი ქონების 1/8 ნაწილის ც.კ–ძის საკუთრებად ცნობის საფუძველი.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ.ბ–ძემ და მ.ბ–ძემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინებით მ.ბ–ძისა და მ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
8. საკასაციო საჩივრის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორები მიიჩნევენ, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით არ დგინდება, ც.კ–ძის მიერ მ.ბ–ძის გარდაცვალების შემდეგ, კანონით გათვალისწინებულ 6 თვიან ვადაში ფატობრივი ფლობით სამკვიდრო ქონების დაუფლება. ასევე არ დგინდება, როდის გახდა ცნობილი ც.კ–ძისათვის მამკვიდრებლის ანდერძის არსებობის თაობაზე, ან როდის შეიტყო მოპასუხე მ.ბ–ძის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის შესახებ. აღნიშნული კი მნიშვნელოვანია იმის გამოსარკვევად, მიმართა თუ არა მოსარჩელემ სასამართლოს ხანდაზმულობის კანონით დადგენილ 2 თვიან ვადაში.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 ნოემბრის განჩინებით, მ.ბ–ძისა და მ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქ/პუნქტის საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებმა წარმოადგინეს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ დ.ბ–ძისა და ი.ბ–ძის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დ.ბ–ძესა და ი.ბ–ძე არ გაუსაჩივრებით. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე და საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასების საგანია მოსარჩელე ც.კ–ძის მიერ მამის სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების დასაბუთებულობა და მის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება.
13. ც.კ–ძის სასარჩელო მოთხოვნები სავალდებულო წილის მიღების, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანის, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე სსკ-ის 1371-ე (მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი)), 1372-ე (სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. ასეთი მოთხოვნის უფლება გადადის მემკვიდრეობით), 1374-ე (თითოეული მემკვიდრის სავალდებულო წილის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა კანონით მემკვიდრე, რომლებიც მოწვეული იქნებოდნენ სამკვიდროს მისაღებად, ანდერძი რომ არ ყოფილიყო. ანდერძით მემკვიდრეები მხედველობაში არ მიიღებიან), 1306-ე (გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით), 1307-ე (კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის), 1319-ე (სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად), 1320-ე (სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე), 1336-ე (კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები)), 1421-ე (სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი), 1424-ე (სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან) და 54-ე (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს) მუხლებიდან გამომდინარეობს.
14. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
15. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
16. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.).
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. ამრიგად, სასამართლო ვერ გადაწყვეტს ვერცერთ სამოქალაქო საქმეს, თუ მან წინასწარ არ დაადგინა გარკვეული ფაქტები. ამ ფაქტების დადგენა ხორციელდება უმთავრესად დამტკიცების გზით, შესაბამისი მტკიცებულებების გამოყენებით. ფაქტების დამტკიცების პროცესი საკმაოდ დეტალურად რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, განსაზღვრულია მტკიცების საშუალებათა (მტკიცებულებათა) წრე, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, ამ მტკიცებულებათა დასაშვებობა და განკუთვნადობა, მტკიცების ტვირთის (მოვალეობის) განაწილება მხარეთა შორის, ანუ რომელმა მხარემ რა გარემოება უნდა დაამტკიცოს, მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი, მტკიცებულებათა შეფასების ზოგადი წესები და ა.შ.
18. სასამართლო მტკიცების პროცესი – ესაა საქმიანობა, რომელსაც ახორციელებენ მხარეები და სასამართლო იმ ფარგლებში და წესით, რომლებიც განსაზღვრულია კანონით. მხარეები წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს იმ ფაქტების დადასტურების მიზნით, რომლებზეც ისინი ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებს და შესაგებელს. სასამართლო მტკიცებულებათა დასაშვებობის და განკუთვნადობის პრინციპების მოთხოვნა დაცვით იღებს ამ მტკიცებულებებს და აფასებს მათ თავისი შინაგანი რწმენით.
19. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ც.კ–ძე მის სასარჩელო მოთხოვნას მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე აფუძნებდა. კასატორები (მოპასუხეები) კი, მიიჩნევენ, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით არ დგინდება, ც.კ–ძის მიერ მ.ბ–ძის გარდაცვალების შემდეგ, კანონით გათვალისწინებულ 6 თვიან ვადაში ფატობრივი ფლობით სამკვიდრო ქონების დაუფლების ფატი.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდროს მიღება თავისი სამართლებრივი ბუნებით ცალმხრივი გარიგებაა. გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს. შესაბამისად, მისი სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის საკმარისია მხოლოდ ერთი პირის მემკვიდრის მიერ გამოვლენილი ნება მემკვიდრეობის მიღების თაობაზე. სამკვიდროს მიღება შესაძლებელია ორი გზით: მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ნოტარიუსისთვის მიმართვა; სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლება. სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა, თუმცა სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების შემთხვევაში, მემკვიდრეს ეკისრება აღნიშნული ფაქტის მტკიცების ტვირთი სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება, მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა, მაგალითად მამკვიდრებლის საცხოვრებელი სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების როგორც საკუთარის მართვა, მოვლა და სხვა (იხ. სუსგ-ები: Nას-283-268-2017, 7.07.2017წ.; Nას-773-740-2016, 8.09.2017წ.; Nას-1172-1127-2016, 31.03.2017წ. Nას-402-2021, 4.11.2021წ.; Nას-50.2022, 27.01.2023წ.; Nას-1258-2022, 1.03.2023წ; N ას-1449-2023, 9.02.2024წ;).
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ით განსაზღვრულია მტკიცებულებათა ცალკეული სახეები, რომელთა შორისაა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები (სსსკ-ის 102-ე მუხლი). სსსკ-ის 140-ე მუხლის 1-ლი თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია საქმის შესახებ რაიმე გარემოება. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილით კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოწმის ჩვენების, მხარის ახსნა-განმარტების სანდოობის შეფასებისას სხვა გარემოებებთან ერთად გაითვალისწინება მისი უნარი, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას, სასამართლო ვალდებულია, ისევე, როგორც სხვა სახის მტკიცებულება, მოწმის ჩვენება შეაფასოს მისი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით, იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების (მხარეებთან დამოკიდებულება, ფიზიკური მდგომარეობა, ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მოწმის ჩვენებაზე და სხვა) გათვალისწინებით, რომელიც ამ მტკიცებულებისთვისაა დამახასიათებელი და სწორედ ამ გზით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (იხ. სუსგ. №ას-1698-1592-2012, 2.06.2014).
22. სააპელაციო პალატამ, მოსარჩელე ც.კ–ძის მიერ სადავო სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით დაუფლება, დადგენილად მიიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხული, მათ შორის, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებებით. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოწმეთა განმარტებებიდან დასტურდებოდა ის გარემოება, რომ ც.კ–ძე, მამის გარდაცვალებიდან ორმოცი დღის განმავლობაში, ცხოვრობდა და მას შემდეგაც ხშირად იმყოფებოდა სადავო სახლში. პალატის მოსაზრებით, ამავე მოწმეების ჩვენებებით დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მ.ბ–ძის ორმოციდან დაახლოებით ორ კვირაში ც.კ–ძემ მის საცხოვრებელ სახლში წაიღო მამის კუთვნილი მოძრავი ნივთები. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ც.კ–ძე, მამის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, ფაქტობრივი ფლობის გზით დაუეფლა მამის დანაშთ სამკვიდრო ქონებას.
23. საკასაციო სასამართლო, მტკიცების ტვირთის განაწილებისა და მტკიცების ტვირთის დაძლევის სტანდარტის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას ვერ გაიზიარებს. უდავოა, რომ ც.კ–ძეს სადავო დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე განაცხადი სანოტარო ორგანოში არ შეუტანია და სამკვიდრო მოწმობა არ მიუღია, მოსარჩელე მის სასარჩელო მოთხოვნას მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს აფუძნებდა. ცხადია, სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების დადგენა მოწმეთა ჩვენებებით შესაძლებელია და ამ მიმართებით არსებობს საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკა, თუმცა საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით ც.კ–ძის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით დაუფლების ფაქტი სარწმუნოდ და დამაჯერებლად არ დასტურდება და შესაბამისად, დადგენილად ვერ მიიჩნევა. პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოწმე ნ.კ–ძის ჩვენებაზე, რომელიც არის მოსარჩელე ც.კ–ძის შვილი. მოწმემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ სადავო სახლში ც.კ–ძე რჩებოდა პერიოდულად. მოსამართლის შეკითხვაზე, თუ რა იყო სახლში მისი დარჩენის მიზანი, მოწმემ განმარტა, რომ მ.ბ–ძეს ეშინოდა მარტო დარჩენის და ც.კ–ძე უვლიდა მას. მოწმის სახით დაკითხული გ.ბ–ას ჩვენების თანახმად, მ.ბ–ძე იყო მისი სიძე, დის მეუღლე. მ.ბ–ძის გარდაცვალების შემდგომ, სადავო სახლში ცხოვრობდა მ.ბ–ძე. ც.კ–ძეც დადიოდა სადავო სახლში და უვლიდა მ.ბ–ძეს. მოწმის სახით დაკითხული ნ.ჭ–ას ჩვენების თანახმად, მ.ბ–ძე იყო მისი სიძე, დის მეუღლე. მ.ბ–ძის გარდაცვალების შემდეგ, მის სახლში ცხოვრობდა მ.ბ–ძე და ც.კ–ძე. ც.კ–ძე უვლიდა მ.ბ–ძეს და ყველაფერს. სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ.ბ–ძის ჩვენების თანახმად, ის არის მ.ბ–ძის მძახალი, მ.ბ–ძე არის მისი რძალი. მ.ბ–ძის გარდაცვალებიდან 6 თვის პერიოდში ც.კ–ძეს სადავო სახლში არ უცხოვრია, იქ ცხოვრობდა მ.ბ–ძე. ნ.კ–ძე დაახლოებით სამი წლის შემდეგ, სტუდენტობის დროს ცხოვრობდა სადავო უძრავ ქონებაში, რადგან მისი ბინა გასარემონტებელი იყო. მ.ბ–ძეს უვლიდა მ.ბ–ძე. ც.კ–ძე დადიოდა მ.ბ–ძესთან და ეხმარებოდა. დები როგორც ახერხებდნენ, ისე ეხმარებოდნენ მ–ს.
24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოწმეთა ჩვენებებით ც.კ–ძის მიერ სადავო საცხოვრებელ სახლში ც.კ–ძის სამკვიდროს მიღების მიზნით ცხოვრების ფაქტი არ დასტურდება, პირიქით, ზემოაღნიშნული მოწმეები ცალსახად ადასტურებენ, რომ ც.კ–ძის სადავო სახლში დარჩენის მიზანი იყო იქ მცხოვრები დის - მ.ბ–ძის მოვლა და დახმარება. რაც შეეხება მამკვიდრებლის კუთვნილი მოძრავი ნივთების დაუფლების გზით სამკვიდროს მიღებას, მოწმეთა ნაწილი მიუთითებს კონკრეტულ ნივთებზე, რომლებსაც მათი ინფორმაციით დაეუფლა ც.კ–ძე, თუმცა, მოწმეთა ნაწილი განმარტავს, რომ არ აქვს ინფორმაცია ნივთების სახლიდან წაღებასთან დაკავშირებით და მ.ბ–ძის გარდაცვალებამდე მის სახლში არსებული ნივთები ისევ სადავო სახლშია. საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებით, ამ კუთხით მოწმეთა ჩვენებები სარჩელის საფუძვლიანობასთან მიმართებით უფრო მეტად წინააღმდეგობრივია, ვიდრე - მოთხოვნის გამამყარებელი. კონკრეტული მტკიცებულებები კი, რაც დაადასტურებდა, რომ ც.კ–ძე ნამდვილად დაეუფლა მამკვიდრებლის კუთვნილ მოძრავ ნივთებს, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
25. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მამის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების ფაქტი. ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღების დადგენისას მნიშვნელოვანია იმ გარემოების ნათლად განსაზღვრა, თუ რამდენად თავისად მიიჩნევს მემკვიდრე დანაშთ ქონებას და რა დამოკიდებულება აქვს მის მიმართ. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი არ ყოფილა ისეთი მტკიცებულება, რომელიც სადავო პერიოდში სამკვიდრო ქონებაზე, როგორც საკუთრებაზე, მის ბატონობას - ფაქტობრივ ფლობას დაადასტურებდა. არ დასტურდება არც მოსარჩელის კონკლუდენტური მოქმედებები მამკვიდრებლის მოძრავი ნივთების დაუფლებისა და განკარგვის შესახებ ფაქტობრივი გარემოების დადგენის მიზნით.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ შეძლო მის მიერ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღების ფაქტის დადასტურება, აღნიშნული კი, სავალდებულო წილის მიღების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.
27. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე მნიშვნელოვანი იყო იმის დადგენა, რომ ც.კ–ძემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების სტანდარტით ვერ დაადასტურა, არ არსებობს სავალდებულო წილის მიღების, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანის, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი.
28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-10, მე-11 პუნქტები და ამ ნაწილებში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ც.კ–ძის სარჩელი მ.ბ–ძისა და მ.ბ–ძის მიმართ, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
29. ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიება, ხოლო, სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე მ.ბ–ძეს (პ/ნ ........) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი ხონი, ......... ქ. N42, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ........ გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით მოპასუხის მიერ გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, გადახდება მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც მოპასუხეების მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია საკასაციო ინსტანციის სასამართლოში და, ამასთან, მათი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ც.კ–ძეს, მოპასუხეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ.ბ–ძისა და მ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ც.კ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-10, მე-11 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ც.კ–ძის სარჩელი მ.ბ–ძისა და მ.ბ–ძის მიმართ, არ დაკმაყოფილდეს;
4. ც.კ–ძეს (........) მ.ბ–ძისა (.......) და მ.ბ–ძის (.......) სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ანაზღაურება.
5. გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე მ.ბ–ძეს (პ/ნ ......) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი ხონი, ......... ქ. N42, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ........ გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე