ას-1472-2023
27 ივნისი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
პირველი კასატორი – შპს „ა.ს–ი“(მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს.ბ–ი (მოსარჩელე)
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი – ს.ბ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.ს–ი“(მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საოქმო განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2023 წლის 13 ივლისის საოქმო განჩინება, 2023 წლის 15 სექტემბრის საოქმო განჩინება მტკიცებულებების დართვაზე უარის თქმის ნაწილში
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოპასუხისათვის დაკისრებული განაცდურის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ს.ბ–მა (შემდეგში - მოსარჩელე, შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ა.ს–ის“ (შემდეგში - მოპასუხე, პირველი კასატორი) მიმართ და მოთხოვა შპს „ა.ს–ის“ დირექტორის 2022 წლის 30 ნოემბრის №HR-3011/2 ბრძანების ბათილად ცნობა; გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე, კერძოდ, გლობალური მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე აღდგენა; მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება 7840 ლარის (დარიცხული) ოდენობით 2023 წლის 05 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილებით ს.ბ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე შპს „ა.ს–ის“ დირექტორის 2022 წლის 30 ნოემბრის №HR-3011/2 ბრძანება ს.ბ–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და შპს „ა.ს–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტისთვის კომპენსაცია 20 000 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები ოდენობა). იმავე გადაწყვეტილებით, შპს „ა.ს–ს“ მოსარჩელე ს.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 7840 ლარის (დარიცხული) ოდენობით - 2023 წლის 05 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ა.ს–იმ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 ივლისის საოქმო განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა საქმეზე ახალი მტკიცებულების დართვისა და მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე თანდართული დოკუმენტი - 2022 წლის 07 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით, დაერთო საქმეს სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეფასების მიზნით. სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა 2022 წლის 30 ნოემბრიდან განჩინების გამოტანის დღემდე ს.ბ–ის შემოსავლების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, დასაქმებით მიღებული შემოსავალი (ხელფასი, ბონუსი, პრემია), ასევე, ინფორმაცია ნებისმიერი სხვა შემოსავლის მიღების შესახებ). ამავე სასამართლოს 2023 წლის 15 სექტემბრის საოქმო განჩინებით ს.ბ–ის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულებების დართვის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საქმეს დაერთო წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან დანართი N1, დანართი N2, დანართი N3 და მასთან დაკავშირებით სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხოლო დანარჩენი დოკუმენტაცია (დანართი N4) დაუბრუნდა წარმომდგენ პირს.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა.ს–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3. პუნქტი, რომლითაც შპს „ა.ს–ს“ მოსარჩელე ს.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 7840 ლარის (დარიცხული) ოდენობით - 2023 წლის 05 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „ა.ს–ს“ მოსარჩელე ს.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 7840 ლარის (დარიცხული) ოდენობით - 2022 წლის 05 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მიღებული 1 (ერთი) თვის ხელფასის (კომპენსაცია) – 7840 ლარის (დარიცხული) და შპს „ბ.ს–ში“ მიღებული შრომის ანაზღაურების - 14 140 ლარის (ხელზე მისაღები ოდენობა) გამოკლებით; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით, ასევე დაეკისრა, მოსარჩელის მიერ დოკუმენტის თარგმნაზე და სანოტარო წესით დამოწმებაზე გაწეული ხარჯის 44 ლარის გადახდა ს.ბ–ის სასარგებლოდ.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. შპს „ა.ს–ის“ დირექტორის 2020 წლის 08 იანვრის ბრძანების თანახმად, ს.ბ–ი მოპასუხე კომპანიაში დაინიშნა საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობაზე. ყოველთვიურად მისაღები ხელფასის ოდენობა განისაზღვრა 2875 ლარის (დარიცხული) ოდენობით.
6.2. 2021 წლის 31 დეკემბერს, მოსარჩელე ს.ბ–ს და მოპასუხე შპს „ა.ს–ს“ შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად: მოსარჩელე დაინიშნა გლობალური მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად; თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 7840 ლარის (დარიცხული) ოდენობით; ხელშეკრულების მოქმედების ვადა დადგინდა 01.02.2022 წ. - 01.01.2023 წ.
6.3. შპს „ა.ს–ის“ დირექტორის 2022 წლის 04 ნოემბრის №HR-0411/1 ბრძანების თანახმად, მოპასუხე კომპანიაში ეკონომიკური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, დადგინდა რეორგანიზაციის აუცილებლობა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო 2022 წლის 04 ნოემბრიდან - 2022 წლის 5 დეკემბრამდე. ამავე ბრძანების თანახმად, უნდა მომხდარიყო კომპანიის სტრუქტურის ნაწილობრივი ან მთლიანი შეცვლა, შტატების შემცირება.
6.4. შპს „ა.ს–ის“ დირექტორის 2022 წლის 30 ნოემბრის №HR-3011/1 ბრძანებით, დამტკიცდა ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა. მოპასუხე კომპანიაში გაუქმდა მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი. აღნიშნულ დეპარტამენტში არსებული საშტატო ერთეულები - გრაფიკული დიზაინერი, ციფრული მარკეტინგის მენეჯერი, სოციალური მედიის მენეჯერი გადატანილი იქნა ადმინისტრაციული დეპარტამენტის შემადგენლობაში.
6.5. შპს „ა.ს–ის“ დირექტორის 2022 წლის 30 ნოემბრის HR-3011/2 ბრძანების თანახმად, ს.ბ–ი 2022 წლის 05 დეკემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, შპს „ა.ს–ში“ რეორგანიზაციის შედეგად სტრუქტურული ცვლილებისა და მის მიერ დაკავებული პოზიციის გაუქმების გამო.
6.6. რეორგანიზაციის შემდგომ, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში სოციალური მედიის და კომუნიკაციის მენეჯერის, ციფრული მარკეტინგის დიზაინერის და გრაფიკური დიზაინერის თანამდებობზე დასაქმებული 4 თანამშრომელი გადაყვანილი იქნენ ადმინისტრაცის დეპარტამენტში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
6.7. პალატამ მიიჩნია, რომ შპს „ა.ს–ის“ სააპელაციო საჩივრით ნაწილობრივ გაბათილებული იყო საქალაქო სასამართლოს დასკვნები ს.ბ–ისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან მიმართებით. დანარჩენ ნაწილში სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები.
6.8. პალატის მითითებით, იმ პირობებში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის შეუძლებლობა და მოსარჩელეს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, სამუშაოზე აღდგენის შესაძლებლობის საკითხი მოცემულ შემთხვევაში განხილვის საგანს აღარ წარმოადგენდა.
6.9. საქმის მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით უდავოდ დგინდებოდა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ერთიერთობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.
6.10. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა“ განეკუთვნება ფაქტის საკითხს, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის უნდა განაწილდეს შრომით დავებში არსებული მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებიდან გამომდინარე. კერძოდ, დასაქმებული უთითებს სამუშაოდან მისი გათავისუფლებისათვის აუცილებელი სშკ-ის შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობაზე, ხოლო დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძვლის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება, რომელმაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა დაადასტუროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ორგანიზაციული ცვლილებების გამო დასაქმებულთა რიცხოვნობის შემცირების აუცილებლობა, რათა რეორგანიზაციის საფუძვლით შტატების შემცირება და დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არ იქცეს დამსაქმებლის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად.
6.11. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა ორგანიზაციული ცვლილებების საჭიროებით განპირობებული, სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობით გამოწვეული, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება. საქმეში წარმოდგენილი შპს „ა.ს–ის“ დირექტორის 2022 წლის 04 ნოემბრის №HR-0411/1 ბრძანების თანახმად, კომპანიაში რეორგანიზაციის განხორციელების მიზანს წარმოადგენს ეკონომიკური და ეფექტიანი მართველობის უზრუნველყოფა. საქმეში წარმოდგენილ არცერთ დოკუმენტში არ იყო მითითებული რას გულისხმებოდა საწარმოს ხელმძღვანელობა კომპანიის „ეკონომიკური და ეფექტიანი მართველობის უზრუნველყოფაში“. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებულ ბრძანებაშიც და გათავისუფლების დასაბუთებაშიც უბრალოდ მითითებული იყო, რომ ს.ბ–ი სამსახურიდან თავისუფლდება კომპანიაში ჩატარებული რეორგანიზაციის საფუძველზე მის მიერ დაკავებული თანამდებობის გაუქმების/შემცირების გამო. ყოველი თანამშრომლის გათავისუფლებისას მისი ხელფასის დანაზოგი არის საწარმოს დანახარჯის შემცირების უმარტივესი მაგალითი, თუმცა, მხოლოდ თანამშრომლის გათავისუფლებით მიღწეული ეკონომია არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს საპატიო გარემოებად. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო დამსაქმებლის მიერ დასაბუთებულიყო ის ეკონომიკური გათვლა, რაც ემსახურებოდა ერთ პოზიციაზე დასაქმებულ პირთა საშტატო ერთეულის გაუქმებას. წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით დამსაქმებელმა უნდა შეძლოს იმის დადასტურება, რომ საშტატო ერთეულის გაუქმება გამოწვეულია მოცემულ პოზიციაზე დასაქმებული პირის შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის მნიშვნელოვანი შემცირებით ან კომპანიის ეკონომიკური მდგომარეობის ხანგრძლივი დროით არსებითი გაუარესებით.
6.12. პალატის მითითებით, მოპასუხე კომპანია, მოსარჩელეს, საკუთარი გადახდისუნარიანობის გათვალისწინებით შეუთანხმდა ხელშეკრულების არსებით პირობაზე - თანამდებობრივი სარგოს ოდენობაზე. შესაბამისად, როდესაც კონკრეტული პოზიციის გაუქმების მართლზომიერების დასაბუთებას დამსაქმებელი ცდილობდა დასაქმებულის ხელფასის მაღალ ოდენობაზე მითითებით, მინიმუმ, საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუარება უნდა წარმოეჩინა, რასაც მოცემულ დავაში ადგილი არ ჰქონია. მოპასუხე, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას უკავშირებდა ასევე იმ გარემოებას, რომ ს.ბ–ის მიერ დაკავებული პოზიცია ფუნქციურად აღარ იყო საჭირო კომპანიისთვის. სასამართლომ ყურადღებას გაამახვილა შპს „ა.ს–ის“ დირექტორის 2022 წლის 30 ნოემბრის №HR-3011/1 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა და მოპასუხე კომპანიაში გაუქმდა მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი. ამავე ბრძანების თანახმად, აღნიშნულ დეპარტამენტში არსებული ყველა საშტატო ერთეული გადატანილი იქნა ადმინისტრაციული დეპარტამენტის შემადგენლობაში, ამავე დეპარტამენტში იქნენ გადაყვანილნი მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში არსებულ საშტატო ერთეულებზე დასაქმებული ყველა პირი. ის ფაქტი, რომ მოქმედი დარჩა რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებულ დეპარტამენტში შემავალი ყველა პოზიცია, გარდა, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობისა, მიუთითებად იმ გარემოებაზე, რომ კომპანიისთვის ისევ აქტუალური და მნიშვნელოვანი იყო ის ფუნქცია-მოვალეობები, რასაც გაუქმებული დეპარტამენტი ასრულებდა.
6.13. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ საქმეში წარმოდგენილი თანამდებობრივი ინსტრუქციის თანახმად, შპს „ა.ს–ში“ გლობალური მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს საკმაოდ ფართო და მნიშვნელოვანი ფუნქცია-მოვალეობები გააჩნდა. პალატამ მიიჩნია, რომ თუ გაითვალისწინებდა იმ გარემოებას, რომ გაუქმებული დეპარტამენტის მიერ შესასრულებული საქმიანობა, რეორგანიზაციის შემდგომაც კომპანიის საწარმო მიზნებისთვის არ კარგავდა მნიშვნელობას, ასევე მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო კომპანიისთვის გლობალური მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მიერ თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული საქმიანობის შესრულებაც. შესაბამისად, მოპასუხეს, მინიმუმ უნდა მიეთითებინა კონკრეტულად რომელ პოზიციაზე დასაქმებული პირის მიერ ხდებოდა თითოეული ამ ფუნქცია - მოვალეობის შესრულება, რამაც გამოიწვია მოსარჩელის მიერ დაკავებული შტატის უფუნქციოდ მიჩნევა და შემდეგ მისი გაუქმება. ვინაიდან, აღნიშნული, მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის არასაჭიროება. შესაბამისად, სასამართლოს მითითებით, ს.ბ–ის მიერ დაკავებული პოზიციის გაუქმება მოპასუხე კომპანის მიერ წარმოადგენდა არა საწარმოს ინტერესების შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებას, არამედ, დამსაქმებლის თვითნებურ ქმედებას.
6.14. მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების მართლზომიერად შეწყვეტის დასაბუთების მიზნით, მოპასუხეს უნდა დაედასტურებინა, თუ რა მოქმედებებს მიმართა დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, მაგალითად: რომ შესთავაზა ალტერნატიული პოზიცია მოსარჩელეს მისი გამოცდილების, კვალიფიკაციის და სტაჟის შესაბამისად და მან უარი განაცხადა. კონკრეტულ შემთხვევაში, დამსაქმებლის მიერ მსგავს შეთავაზებას მოსარჩელის მიმართ ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა, რომ მოსარჩელის გათავისუფლება გარდაუვალი იყო და მისი, თუნდაც შრომითი ფონდის ფარგლებში დასაქმება შეუძლებელი იქნებოდა.
6.15. პალატამ ასევე გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი განმარტება, რომ იმ მოცემულობაშიც, როცა ორგანიზაციული ცვლილებები კანონიერია, მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს, თუ რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით და რა პროცედურების დაცვით მიანიჭა უპირატესობა სხვა თანამშრომელს და არა გათავისუფლებულს. რეორგანიზაციის დროს, კონკრეტული დასაქმებულის მიმართ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე, დამსაქმებელმა უნდა წარუდგინოს და გააცნოს ის კრიტერიუმები და პროცედურები, რომლითაც იგი იხელმძღვანელებს სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობიდან გამომდინარე მათ მიმართ. ასეთი კრიტერიუმები უნდა იყოს წინასწარ დადგენილი, სამართლიანი, ობიექტური, გამჭვირვალე და იძლეოდეს სამართლიანი - დისკრიმინაციული მოპყრობისაგან დასაქმებულის დაცვის შესაძლებლობას. ასეთის წინასწარ განსაზღვრულობის და ინფორმირებულობის შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის კონკრეტულ დასაქმებულთან შეწყვეტის შემთხვევაში, შესაძლებელია გათავისუფლებულ დასაქმებულს არ გაუჩნდეს უსამართლოდ მოპყრობის შეგრძნება და არც დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნება გახადოს სადაოდ.
6.16. განსახილველ შემთხვევაში, როდესაც ხდებოდა მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის რაოდენობის ცვლილება, განსაკუთრებით უფრო მნიშვნელოვანი იყო დამსაქმებლის მიერ, ერთის მხრივ, იმ კრიტერიუმების მკაფიოდ და კონკრეტულად განსაზღვრა, რომლის საფუძველზეც განხორციელდებოდა დასაქმებულთა გადარჩევა და მეორეს მხრივ, ამ კრიტერიუმების დასაქმებულთათვის გაცნობა. კონკრეტულ შემთხვევაში, დამსაქმებელს არ განუხორციელებია ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილების მქონე თანამშრომელთან შრომითი ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, სხვა, თუნდაც უფრო დაბალ პოზიციაზე, დასაქმების შეთავაზება. ასევე არ დასტურდება შრომითი ურთიერთობის ორივე მხარის (დამსაქმებლისა და თანამშრომლის) ინტერესების გათვალისწინებით, შტატის შემცირების პირობებშიც წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით დასაქმებულთა შერჩევის ფაქტი. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატამ გაიზიარა სასამართლოს
დასკვნა, რომ მოპასუხემ ვერ დაასაბუთა ს.ბ–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მართლზომიერება. ამდენად,
სასამართლომ მიიჩნია, რომ ს.ბ–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება დაუსაბუთებელი იყო და არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
6.17. რაც შეეხება მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრების კანონიერებას, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვინაიდან, დადგენილი იყო დაკავებული თანამდებობიდანც მოსარჩელის უკანონოდ გათავისუფლების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, ასევე დადგენილი იყო, რომ ს.ბ–ის პირვანდელ, ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენა იყო შეუძლებელი, უნდა შეფასებულიყო კოპენსაციის დაკისრებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის წინაპირობები.
6.18. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა კომპენსაციის ოდენობაზე, მიიჩნია, რომ ვინაიდან, მოსარჩელის შრომის ანაზღაურება გათავისუფლებამდე შეადგენდა 7840 ლარს (დარიცხული), კომპენსაციის ოდენობად მართებულად განისაზღვრა 20 000 ლარი (ხელზე მისაღები ოდენობა), რაც წარმოადგენს მოსარჩელის დაახლოებით სამთვენახევრის (ხელზე მისაღები ოდენობის გათვალისწინებით) ხელფასის ოდენობას. პალატის მოსაზრებით კომპენსაციის მითითებული ოდენობა სავსებით უზრუნველყოფს კომპენსაციის კანონით დადგენილი მიზნების მიღწევას. ამასთან პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხისთვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა არ იწვევს მოსარჩელის უსაფუძლო გამდიდრებას და შეესაბამება უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებული უფლებრივი რესტიტუციის ფარგლებს.
6.19. პალატამ მიიჩნია, რომ იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილში, არსებობდა აპელანტის არგუმენტაციის ნაწილობრივ გაზიარების საფუძველი, კერძოდ: განმარტა, რომ დამსაქმებლის უკანონო ბრძანების საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად, დასაქმებულს მიადგა ზიანი, რაც გამოიხატა მის მიერ შრომითი მოვალეობების შესრულების შეუძლებლობასა და კუთვნილი ანაზღაურების (ხელფასის) მიუღებლობაში. პალატა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 30.11.2022 წ. ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე გათავისუფლდა 2022 წლის 05 დეკემბრიდან და ასევე დადგენილია, რომ მან მიიღო ერთი თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაცია, რაც შეადგენს 7840 ლარს (დარიცხული). სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ს.ბ–ის მიერ მიღებული ერთი თვის კომპენსაცია უნდა გამოკლებოდა დამსაქმებლის მიერ ასანაზღაურებელ იძულებითი განაცდურის თანხას, რათა არ მომხდარიყო მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრება მოპასუხის ხარჯზე.
6.20. პალატამ ყურადღება გაამახვილა ასევე აპელანტის მიერ საქმეში წარმოდგენილ 2022 წლის 07 დეკემბრის შრომის ხელშეკრულებაზე შპს „ბ.ს–სა“ და ს.ბ–ს შორის, საიდანაც დგინდებოდა, რომ მოსარჩელე გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში დასაქმდა სხვა კომპანიაში და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 7500 ლარს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. ს.ბ–ი შპს „ბ.ს–ში“ დასაქმდა 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით. აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ს.ბ–ის შემოსავლების შესახებ ინფორმაცია. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ს.ბ–ს შპს „ბ.ს–ისგან“ ხელფასის სახით მიღებული აქვს ჯამში 14 140 ლარი (ხელზე მისაღები ოდენობა). ამ ფაქტობრივი მოცემულობის საფუძველზე სააპელაციო პალატა მიიჩნია, რომ ს.ბ–ს მისი გათავისუფლების შემდეგ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ხელფასის სახით მიღებული ჰქონდა 14 140 ლარი, რასაც ვერ მიიღებდა, შპს „ა.ს–ის“ მიერ მასთან შრომითი ხელშეკრულება ვადამდე რომ არ შეწყვეტილიყო. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, თუკი აპელანტს ზემოხსენებულ პერიოდზე მაინც დაეკისრებოდა მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულება, მოსარჩელე მიიღებდა ორმაგ ხელფასს, რასაც შრომითი ურთიერთობის გაგრძელების შემთხვევაში ვერ მიიღებდა. ამდენად, შპს „ბ.ს–ში“ დასაქმების პერიოდში არ დგინდებოდა მოსარჩელისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მიყენების ფაქტი და ამ პერიოდზე მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება გამოიწვევდა მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას მოპასუხის ხარჯზე.
6.21. რაც შეეხება სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში მითითებულ ს.ბ–ის შემოსავალს 2023 წლის თებერვლიდან, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ცხრილში შემოსავლის ტიპად მითითებული იყო „მომსახურების ანაზღაურება“, რაც თავის მხრივ განსხვავდება მანამდე არსებული შემოსავლის ტიპისგან, სადაც მითითებულია „ხელფასი“. აღნიშნული განსხვავების საფუძველზე, სასამართლომ დაასკვნა, რომ 2023 წლის თებერვლის შემდგომ ს.ბ–ი შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში აღარ იმყოფებოდა და ანაზღაურებას იღებდა გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, როგორც კომპანიის კონტრაქტორი. შესაბამისად სახეზე იყო არა შრომითი ხელშეკრულება, არამედ ნარდობის სამართალურთიერთობა. გამომდინარე იქედან, რომ ს.ბ–ს შპს „ა.ს–ისთან“ ექსკლუზიური შრომითი ურთიერთობა არ ჰქონდა, მას შრომითი ვალდებულებების შესრულების პარალელურად შეეძლო მიეღო შემოსავალი ცალკეული სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში. აქედან გამომდინარე, მომსახურების ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი ვერ გაუთანაბრდებოდა ხელფასს და ვერ ჩაითვლებოდა მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის დაკისრების გამომრიცხავ გარემოებად.
6.22. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ შეაფასა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და მიიჩნია, რომ სახეზე იყო გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების ფაქტობრივი საფუძვლები, შპს „ა.ს–ის“ სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3 პუნქტის გაუქმებით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ა.ს–ის“ მოსარჩელე ს.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 7840 ლარის (დარიცხული) ოდენობით - 2022 წლის 05 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მიღებული 1 (ერთი) თვის ხელფასის (კომპენსაცია) – 7840 ლარის (დარიცხული) და შპს „ბ.ს–ში“ მიღებული შრომის ანაზღაურების - 14 140 ლარის (ხელზე მისაღები ოდენობა) გამოკლებით. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა. მოსარჩელემ კი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში, ასევე მტკიცებულებათა დართვისა და მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ საოქმო განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 დეკემბრის განჩინებით ს.ბ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, გასაჩირების ვადის გასვლის გამო.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 დეკემბრის განჩინებით შპს „ა.ს–ის“ საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეგებებული საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელე ს.ბ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ ასევე გაასაჩივრა იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურების ნაწილში და დოკუმენტის თარგმნასა და სანოტარო წესით დამოწმებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების ნაწილში. ს.ბ–მა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად ასევე გაასაჩივრა ამავე სასამართლოს 2023 წლის 13 ივლისის საოქმო განჩინება და 2023 წლის 15 სექტემბრის საოქმო განჩინება მტკიცებულებების დართვაზე უარის თქმის ნაწილში.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 თებერვლის განჩინებით ს.ბ–ის შეგებებული საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
12. შპს „ა.ს–ის“ საკასაციო საჩივრის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
12.1. კასატორი მიუთითებს, რომ დამსაქმებელი არის მოგების მიღების მიზნით შექმნილი საწარმო, რომლის მართვა და წარმატება დამოკიდებულია არაერთ ბიზნეს გადაწყვეტილებასთან, მათ შორის არის ხარჯის ოპტიმიზაცია. მოცემულ შემთხვევაში, ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, რეორგანიზაციის მიზნებისა და საფუძვლის გათვალისწინებით გამოვლინდა, რომ საჭირო იყო ადამიანური რესურსის ოპტიმიზაცია, ე.ი. მრავალი შესაძლო ვარიანტიდან კომპანიისათვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტის არჩევა. რეორგანიზაციის პროცესმა გამოავლინა, რომ მოსარჩელის პოზიციის არსებობა აღარ იყო საჭირო კომპანიისათვის, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მსგავსი, იდენტური ან დაახლოებული პოზიცია კომპანიაში არ არის.
12.2. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელის გათავისუფლება მართლზომიერი იყო და თავისი კომპეტენციის ფარგლებში კასატორმა დაძლია კანონით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი.
12.3. კასატორი მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მოწინააღმდეგე მხარის 2022 წლის 07 დეკემბრიდან, ე.ი. გათავისუფლების მომდევნო დღიდან სხვადასხვა კომპანიაში დასაქმების ფაქტი, სადაც ის იღებს ყოველთვიურ ანაზღაურებას არანაკლებ ხელშეკრულებით განსაზღვრული 7500 ლარისა.
12.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი.ს–ნა, როგორც ამას მოსარჩელე მიუთითებდა, ს.ბ–ის ნაცვლად შპს „ა.ს–ში“ არ დასაქმებულა. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა მითითებული გარემოება რეორგანიზაციის ლეგიტიმურობაზე მსჯელობის ასპექტში და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
12.5. შპს „ა.ს–ი“ საკასაციო საჩივრით სადავოდ ხდის ასევე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას განაცდურის ანაზღაურებისა და კომპენსაციის დაკისრების ნაწილში. კასატორი მიიჩნევს, რომ ვინაიდან, არ არსებობს ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზეც უარი უნდა ეთქვას მოსარჩელეს.
13. ს.ბ–ის შეგებებული საკასაციო საჩივრის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
13.1. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელესთან შრომით ურთიერთობის შეწყვეტის უკანონოდ მიჩნევის მიუხედავად, იძულებითი განაცდურის მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა და სრულად არ დააკმაყოფილა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა.
13.2. სასამართლომ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რომ დასაქმებულისათვის შრომითი ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს უნდა შეეძლოს სრულად მიიღოს და აინაზღაუროს ის იძულებით განაცდური, რომელიც მას დასაქმებული კომპანიის უკანონო ქმედების შედეგად მიადგა.
13.3. სააპელაციო სასამართლომ საკითხის გადასაწყვეტად მიიღო და საქმეს დაურთო იმგვარი მტკიცებულებები, რაც არ უნდა მიეღო და ამასთან, აპელანტს დაუკმაყოფილა შუამდგომლობა, იმგვარი მტკიცებულების გამოთხოვასთან დაკავშირებით, რომლის გამოთხოვის ობიექტური შესაძლებლობა არსებობდა პირველ ინსტანციაში. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები კი, რომლებიც მოპასუხის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებს გააქარწყლებდა საქმეს არ დაურთო და მხარეს დაუბრუნა.
13.4. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ადვოკატის ხარჯის სახით 1000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან, საქმის მასალებით დასტურდება წარმომადგენლონითი ხარჯის სახით 3500 ლარის გაწევის ფაქტი, სწორედ ამ ოდენობით უნდა დაკმაყოფილებულიყო მოთხოვნა. ს.ბ–ი ასევე მიიჩნევს, რომ მის მიერ წარდგენილი ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტები და ორი ნათარგმნი გვერდი შეესაბამება ინვოისში მითითებული ტარიფის ოდენობას. შესაბამისად, დოკუმენტაციის თარგმნისა და სანოტარო წესით დამოწმების ხარჯი 44 ლარის ნაცვლად, უნდა დაკმაყოფილებულიყო 210 ლარის ფარგლებში.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინებით, შპს „ა.ს–ის“ საკასაციო საჩივარი და ს.ბ–ის შეგებებული საკასაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქ/პუნქტის საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრების სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „ა.ს–ის“ საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ს.ბ–ის შეგებებული საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორების შედავების საფუძვლიანობა.
18. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი (მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა). მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
19. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვდა. ის სამართლებრივი შედეგი კი, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს), საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ; შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით), საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 48.8-ე (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით), ამავე კოდექსის 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1-ე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
20. დამსაქმებლის საკასაციო საჩივრით სადავოა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილობის საფუძვლის არსებობა და შესაბამისად, კომპენსაციის დაკისრებისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება. მოსარჩელე კი, საკასაციო საჩივრით სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმას.
21. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში ირკვევა, რომ შპს „ა.ს–ის“ დირექტორის 2022 წლის 30 ნოემბრის №HR-3011/2 ბრძანებით, შეწყდა შპს „ა.ს–სა“ და ს.ბ–ს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და მოსარჩელე 2022 წლის 05 დეკემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. სადავო ბრძანების თანახმად, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას).
22. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია დამსაქმებელ ორგანიზაციაში განხორციელებული რეორგანიზაციის გამო, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება; კერძოდ, შეწყდა თუ არა დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება „საქართველოს შრომის კოდექსის“ 47-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შემადგენლობის სრული დაცვით, რაც თავის მხრივ, დამსაქმებლის ბრძანების ბათილობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გამომრიცხველ გარემოებას წარმოადგენს.
23. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხსენებული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
24. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. დამკვიდრებული პრინციპის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარე წარმოადგენს საწარმოს, რომელსაც გააჩნია საწარმოს დოკუმენტაცია, დამსაქმებელს ეკისრება მის ორგანიზაციაში დასაქმებული პირის გათავისუფლების საფუძვლის მართლზომიერების მტკიცების და შესაბამისად, ამ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულების წარდგენის ტვირთი.
25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო ბრძანებაში მითითებული საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, დამსაქმებელმა უნდა დაასაბუთოს და დაამტკიცოს, რომ მან დაიცვა კუმულაციურად ორი მოთხოვნა მაინც: 1) არსებობდა ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები და 2) აღნიშნულის შედეგად აუცილებელი იყო სამუშაო ძალის შემცირება. ამასთან, პირველი ელემენტი შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია ნებისმიერ აღნიშნულ გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს მეორე ელემენტი. დამსაქმებელმა უნდა წარმოაჩინოს თანმიმდევრული სურათი, რომელიც გონიერ დამკვირვებელს დაარწმუნებს მთელი ამ პროცესის სისწორესა და კანონიერებაში.
26. პალატა აღნიშნავს, რომ ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურულ-ორგანიზაციული ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ ეკონომიკური სიდუხჭირის, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელი დგას კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს, დამსაქმებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (იხ. სუსგ საქმეზე Nას-224-224-2018, 18.05.2018 წ.).
27. განსახილველ დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე კომპანიამ საპროცესო კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზების პირობებში, ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება. მართალია, საქმეში წარმოდგენილი შპს „ა.ს–ის“ დირექტორის 2022 წლის 04 ნოემბრის №HR-0411/1 ბრძანების თანახმად, კომპანიაში რეორგანიზაციის განხორციელების მიზანს წარმოადგენდა ეკონომიკური და ეფექტიანი მართველობის უზრუნველყოფა, თუმცა, მოპასუხეს არცერთი მტკიცებულება იმის გამოსარკვევად, თუ რას გულისხმობს საწარმოს ხელმძღვანელობა კომპანიის „ეკონომიკური და ეფექტიანი მართველობის უზრუნველყოფაში“, სასამართლოსთვის არ წარუდგენია. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებულ ბრძანებაშიც და გათავისუფლების დასაბუთებაშიც უბრალოდ მითითებულია, რომ ს.ბ–ი სამსახურიდან თავისუფლდება კომპანიაში ჩატარებული რეორგანიზაციის საფუძველზე მის მიერ დაკავებული თანამდებობის გაუქმების/შემცირების გამო. მოპასუხე - შპს „ა.ს–ი“ შესაგებელში მიუთითებდა და საკასაციო პრეტენზიის სახითაც აღნიშნავს, რომ დამსაქმებელი არის მოგების მიღების მიზნით შექმნილი საწარმო, რომლის მართვა და წარმატება დამოკიდებულია არაერთ ბიზნეს გადაწყვეტილებასთან, მათ შორის არის ხარჯის ოპტიმიზაცია. მოცემულ შემთხვევაში, ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, რეორგანიზაციის მიზნებისა და საფუძვლის გათვალისწინებით გამოვლინდა, რომ საჭირო იყო ადამიანური რესურსის ოპტიმიზაცია, ე.ი. მრავალი შესაძლო ვარიანტიდან კომპანიისათვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტის არჩევა. რეორგანიზაციის პროცესმა გამოავლინა, რომ მოსარჩელის პოზიციის არსებობა აღარ იყო საჭირო კომპანიისათვის. პალატა მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ფაქტობრივად ერთი ადამიანის გასათავისუფლებლად ჩატარებული რეორგანიზაციის ობიექტურ საფუძველს და დასაქმებულის გათავისუფლება, მისი სახელფასო ხარჯის დაზოგვის მიზნით, ვერ აქცევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას მართლზომიერად, რამეთუ, მხოლოდ სახელფასო დანახარჯის დაზოგვით რეორგანიზაციის აუცილებლობისა და ამ რეორგანიზაციის ლეგიტიმური მიზნის დადასტურება შეუძლებელია. მითუმეტეს, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შპს „ა.ს–ი“ თავად შეუთანხმდა მოსარჩელეს ხელშეკრულების არსებით პირობაზე - შრომის ანაზღაურების ოდენობაზე, ხოლო რეორგანიზაციის პერიოდისათვის მოსარჩელის მიერ შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის მნიშვნელოვანი შემცირება ან კომპანიის ეკონომიკური მდგომარეობის ხანგრძლივი დროით გაუარესება, საქმის მასალებით არ დასტურდება. მოპასუხემ ასევე ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ ს.ბ–ის მიერ დაკავებული პოზიცია კომპანიისთვის ფუნქციურად აღარ იყო საჭირო. შპს „ა.ს–ის“ დირექტორის 2022 წლის 30 ნოემბრის №HR-3011/1 ბრძანებით დგინდება, რომ დამტკიცდა ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა და მოპასუხე კომპანიაში გაუქმდა მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი. ამავე ბრძანების თანახმად, აღნიშნულ დეპარტამენტში არსებული ყველა საშტატო ერთეული გადატანილი იქნა ადმინისტრაციული დეპარტამენტის შემადგენლობაში. ამავე დეპარტამენტში იქნა გადაყვანილი მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში არსებულ საშტატო ერთეულებზე დასაქმებული ყველა პირი. შესაბამისად, დასტურდება, რომ მოქმედი დარჩა რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებულ დეპარტამენტში შემავალი ყველა პოზიცია, გარდა, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობისა. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ ჩატარებული რეორგანიზაციის პირობებში, სამუშაო ძალის შემცირების შემთხვევაშიც, გათავისუფლებული თანამშრომლისათვის ნათელი უნდა ყოფილიყო შერჩევის რა კრიტერიუმით ისარგებლა დამსაქმებელმა. მოცემულ შემთხვევაში, ასეთი კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც განხორციელდებოდა დასაქმებულთა გადარჩევა, განსაზღვრული არ ყოფილა, შესაბამისად, ამ კრიტერიუმების შესახებ დასაქმებულების ინფორმირებას არ ჰქონია ადგილი.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ სათანადო და სარწმუნო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, კერძოდ, ვერ დაადასტურა რეორგანიზაციისა და მისი შედეგების მოსარჩელის მიმართ მართლზომიერება, რაც გამორიცხავს ამ მოტივით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერების შესახებ მოპასუხის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას. ყოველივე აღნიშნული კი, სადავო ბრძანების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნიდა.
29. რაც შეეხება კომპენსაციის დაკისრების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, კასატორი - შპს „ა.ს–ი“ მიუთითებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, თუმცა კონკრეტულ პრეტენზიას კომპენსაციის ოდენობასთან მიმართებით, საჩივარი არ შეიცავს. პალატა კასატორს განუმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, როდესაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა (მრავალ გადაწყვეტილებათა შორისაა სუსგ-ები საქმე №ას-792-2019, 2021 წლის 18 თებერვალის განჩინება, №ას-536-2021, 2021 წლის 21 სექტემბერის განჩინება). ამავდროულად, გასათვალისწინებელია, უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური, სოციალური ვითარება, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 272). გამომდინარე იქიდან, რომ შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას, იგი ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით დგინდება.
30. საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილ გარემოებათა გაანალიზების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაცია შეესატყვისება კომპენსაციის გონივრულობის სტანდარტს და ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (სუსგ-ები: №ას-727-680-2017, 15 სექტემბერი, 2017 წელი; №ას-632-2019, 21 ივნისი, 2019 წელი; №ას-395-2019, 27 ივნისი, 2019 წელი). მოსარჩელისათვის მიკუთვნებული კომპენსაცია გონივრულია და მისი ოდენობის შეცვლის წინაპირობები არ არსებობს.
31. რაც შეეხება განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას, შპს „ა.ს–ის“ მიიჩნევს, რომ ვინაიდან, არ არსებობს გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას განაცდურის ანაზღაურებაზეც. საკასაციო პალატა კასატორის ამ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა (იხ. განჩინების 27-ე აბზაცი) არსებობდა ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, ხოლო მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების დროისათვის მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-9 პუნქტი დამსაქმებელს აძლევს უფლებას პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ შეესაბამება საქართველოს შრომის კოდექსის მითითებულ დანაწესს და არ არსებობს კასატორის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.
32. ს.ბ–ის შეგებებული საკასაციო საჩივრის მოთხოვნა შეეხება განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას.
33. საკასაციო პალატას საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ შეგებებული საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული საკასაციო საჩივრი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
34. საკასაციო პალატის შეფასების საგანი (404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე) იქნება შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის შედავების საფუძვლიანობა. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ემყარება კანონდარღვევას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი პროცესუალური ნორმების დარღვევით, ვინაიდან, სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და ასევე საკითხის გადასაწყვეტად მიიღო და საქმეს დაურთო იმგვარი მტკიცებულებები, რაც არ უნდა მიეღო.
35. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
36. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 248-ე მუხლით იმპერატიულადაა დადგენილი სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლები, რომლის თანახმადაც, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. მითითებული ნორმის დანაწესი არა მარტო პირველი ინსტანციის, არამედ, სააპელაციო და საკასაციო განხილვის წესებზეც ვრცელდება, რამდენადაც, ამავე კოდექსის 384-ე (სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ) და 409-ე (საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ) მუხლების თანახმად, ზემდგომი სასამართლო უფლებამოსილია, გადაწყვეტილება მხოლოდ მხარის მოთხოვნის ფარგლებში შეცვალოს.
37. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღღებას გაამახვილებს მოსარჩელე ს.ბ–ის მიერ 2023 წლის 10 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ განცხადებაზე, რომელიც ადასტურებს, რომ მოსარჩელემ შეამცირა განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა. ს.ბ–მა მიუთითა, რომ ვინაიდან, მოპასუხის მიერ განხორციელდა საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლიდ 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდა, ამცირებს მოთხოვნას და ითხოვს განაცდურის ანაზღაურებას 2023 წლის 05 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2022 წლის 05 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მიღებული 1 (ერთი) თვის ხელფასის (კომპენსაცია) - 7840 ლარის (დარიცხული) გამოკლებით ანაზღაურების შესახებ, სცდება მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებს და ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
38. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს ს.ბ–ის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ საკითხის გადასაწყვეტად მიიღო და საქმეს დაურთო იმგვარი მტკიცებულებები, რაც არ უნდა მიეღო.
39. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და უარყო მასში მითითებული გარემოებები გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონობის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მისი გაუქმების საფუძვლად სხვა გარემოებებთან ერთად მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარე 2022 წლის 07 დეკემბრიდან, ე.ი. გათავისუფლების მომდევნო დღიდან დასაქმებულია შპს „ბ.ს–ში“ საერთაშორისო მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე, სრულ განაკვეთზე და იღებს ყოველთვიურ ხელფასს რანაკლებ ხელშეკრულებით განსაზღვრული 7500 ლარისა. აპელანტმა მიუთითა, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ მიმდინარე წლის (2023 წლის) 18 მაისს, როდესაც ინტერნეტ საკომუნიკაციო ქსელის მეშვეობით გამოუგზავნეს ს.ბ–სა და აღნიშნულ კომპანაის შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება. შპს „ა.ს–მა“ იშუამდგომლა მითითებული ხელშეკრულების საქმეზე დართვისა და ასევე სსიპ შემოსავლების სამსახურიდან მოსარჩელის შემოსავლების თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ.
40. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტის (მოპასუხის) შუამდგომლობა და სააპელაციო საჩივარზე დართული 2022 წლის 07 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულება დაერთო საქმეს. ამავე საოქმო განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა 2022 წლის 30 ნოემბრიდან ს.ბ–ის შემოსავლების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, დასაქმებით მიღებული შემოსავალი (ხელფასი, ბონუსი, პრემია), ასევე ნებისმიერი სხვა შემოსავლის მიღების შესახებ).
41. სააპელაციო სასამართლო საქმის განხილვისას დაეყრდნო ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ ინფორმაციას და დაასკვნა, რომ საქმეზე დართული მტკიცებულებით დგინდებოდა მოსარჩელის სხვა კომპანიაში 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით დასაქმების ფაქტი, ასევე სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ შპს „ბ.ს–ისგან“ ხელფასის სახით 14140 ლარის მიღების ფაქტი და ამ მოცემულობის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდურის ანაზღაურება უნდა დაკისრებოდა მოსარჩელის მიერ სხვა კომპანიაში მიღებული შრომის ანაზღაურების - 14140 ლარის გამოკლებით.
42. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას მოპასუხის მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტის (2022 წლის 07 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულება) საქმეზე დართვისა და სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძვლიანობის შესახებ და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.
43. მითითებული ნორმის დისპოზიციის შეფასებამდე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
44. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
45. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
46. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში. მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი, ასევე, დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპის ერთგვარი გამოხატულებაა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას.
47. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია, მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას, ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად მიიჩნევა. მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენით გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე Nას-664-635-2016, 02.03.2017წ.; სუსგ Nას-132-2019, 30.06.2021წ.).
48. სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები შეზღუდული არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით ვერ განაცხადეს. ზემოაღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ მოპასუხე შეზღუდულია შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით და მას არ აქვს უფლება შემდგომში, საქმის არსებითად (მთავარ სხდომაზე) განხილვის დროს ან სააპელაციო და საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას სადავოდ გახადოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა თაობაზეც შესაგებელში მითითებული არ ჰქონია.
49. რაც შეეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის დისპოზიციას, მოცემული ნორმით დადგენილია სააპელაციო სასამართლოში ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების მითითების/წარდგენის წესი და განსაზღვრულია, რომ სააპელაციო სასამართლოში შესაძლებელია ახალი ფაქტების მოყვანა და ახალი მტკიცებულებების წარდგენა, თუმცა, სასამართლო არ მიიღებს ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.
50. სსსკ-ის 215-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე, თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე ან, თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ანდა შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
51. პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე შპს „ა.ს–ის“ მითითებაზე, სადაც აპელანტის წარმომადგენელი განმარტავს მტკიცებულებებების დართვისა და ინფორმაციის გამოთხოვის მიზანს და აღნიშნავს, რომ მითითებული შუამდგომლობის დაკმაყოფილება გავლენას მოახდენს, როგორც განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ასევე კომპენსაციის ოდენობაზე, რადგან კომპენსაციის დაკისრებისას სასამართლო ითვალისწინებს მოსარჩელის დასაქმების ფაქტს (13.07.2023 სხდომის ოქმი, 10:15:00-10:16:00). პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელი ც.მ–ძე მიუთითებდა, რომ ს.ბ–ი „სხვაგან დარჩა და აიყვანენ და დააფასებენ“, „რეორგანიზაცია სადაც არის იქ აღარ არის და სხვაგან სადაც არის, იქ დარჩება“ (28.03.2023 სხდომის ოქმი, 10:47:30-10:48:00). შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხისთვის პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის დროს ცნობილი იყო მოსარჩელის სხვა კომპანიაში დასაქმების ფაქტი და თუნდაც ს.ბ–ის შპს „ბ.ს–ში“ 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით დასაქმების შესახებ ხელშეკრულება მოპასუხისათვის 2023 წლის 18 მაისს გამხდარიყო ხელმისაწვდომი, შპს „ა.ს–ს“ შეეძლო პირველი ინსტანციის სასამართლოშივე ეშუამდგომლა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ს.ბ–ის შემოსავლების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვაზე, რითაც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ სხვა კომპანიაში ხელფასის სახით შემოსავლის მიღების ფაქტს. ვინაიდან, მოპასუხეს ზემოაღნიშნული საპროცესო შესაძლებლობით არ უსარგებლია პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმისწარმოებისას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მან, სსსკ 380.2-ე მუხლის შესაბამისად (სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა), დაკარგა ახალი მტკიცებულების სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარდგენის უფლება. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა 2022 წლის 07 დეკემბრის შომით ხელშეკრულების მტკიცებულების სახით სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაშვების კანონიერი საფუძველი, ასევე არ არსებობდა სსიპ შემოსავლების სმსახურიდან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. ყოველივე აღნიშნული კი, კასატორ ს.ბ–ის პრეტენზიის გაზიარებისა და აღნიშნული მტკიცებულების საქმეზე დართვისა და ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2023 წლის 13 ივლისს მიღებული საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველს ქმნის.
52. ამრიგად, კონრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარისათვის იძულებით გაცდენილი დროის პერიოდში ხელფასის მოცულობის განსაზღვრისას, მასში არ უნდა მოვიაზროთ ს.ბ–ის მიერ შპს „ბ.ს–ში“ მიღებული შრომის ანაზღაურება - 14140 ლარი (ხელზე მისაღები ოდენობა) და იძულებითი განაცდურის სახით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 7840 ლარის (დარიცხული) ოდენობით - 2023 წლის 05 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
53. რაც შეეხება ს.ბ–ის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დართვაზე უარის თქმის შესახებ 2023 წლის 15 სექტემბრის საოქმო განჩინების გაუქმეას, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული საკასაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები, რამეთუ, საკასაციო სასამართლოს მიერ 2023 წლის 13 ივლისის (შპს „ა.ს–ის“ მიერ წარდგენილი მტკიცებულების დართვისა და სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ) საოქმო განჩინების გაუქმებით, მოსარჩელის მიერ იმ მტკიცებულებების დართვის საჭიროება, რომლის მიზანიც მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულების უარყოფა იყო, არ არსებობს.
54. ს.ბ–ი ასევე სადავოდ ხდის იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით 1000 ლარის ანაზღაურებას და მიიჩნევს, რომ არსებობდა აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნის სრულად (3500 ლარის ოდენობით) დაკმაყოფილების საფუძველი. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიას ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებაზე, რომლის თანახმადაც იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება (იხ. სუსგ №ას-1054-2019, 30.09.2019წ; №ას-316-316-2018, 07.05.2018წ.). სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ გაწეული საადვოკატო ხარჯის დაკისრებისას გონივრულ ოდენობად მიიჩნია 1000 ლარი. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ საქმის სირთულის, სასამართლო სხდომებში მონაწილეობისათვის დახარჯული დროის, წარმოდგენილი მოსაზრებებისა თუ მტკიცებულებების სიმრავლის გათვალისწინებით, 1000 ლარი წარმოადგენს მეორე მხარისათვის დასაკისრებელი საადვოკატო ხარჯის გონივრულ ოდენობას.
55. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას დოკუმენტების თარგმანისა და სანოტარო წესით დამოწმებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების ნაწილში, პალატა ამ ნაწილშიც ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნავს, რომ მტკიცებულებების ნაწილი, რომელიც ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული სახით წარადგინა მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოში, საოქმო განჩინებით საქმეს არ დაერთო, ხოლო საქმეში წარდგენილი ორი ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის ინვოისში მითითებული ღირებულების ნაწილში მოსარჩელეს ხარჯი აუნაზღაურდა. პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე ს.ბ–ის საკასაციო საჩივარზე, სადაც შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი თავადაც ვერ აკონკრეტებს, თუ რომელი დოკუმენტის თარგმნის და სანოტარო წესით დამოწმების ხარჯის ანაზღაურებას ითხოვს. შესაბამისად, შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზია დოკუმენტების თარგმანისა და სანოტარო წესით დამოწმებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების შესახებ, დაუსაბუთებელია.
56. აქვე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებათა მიღება და ფაქტების დადგენა არ ხდება. აღნიშნული განპირობებულია საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებით და ახალი მტკიცებულების საქმისათვის დართვის ამკრძალავ საკანონმდებლო დანაწესს წარმოადგენს საპროცესო ნორმა, 407-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამდენად, შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს 2024 წლის 12 იანვარს, ამავე წლის 15 აინვარსა და 26 იანვარს წარმოდგენილ შეგებებულ საკასაციო საჩივრებზე დართული დოკუმენტები - ტ.2, ს.ფ. 494-594, ტ.2, ს.ფ. 614-714, ტ.3, ს.ფ. 38-138.
57. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
58. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ შპს „ა.ს–ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; ს.ბ–ის საკასაციო საჩივარი კი, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის საოქმო განჩინება საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვისა და სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების ნაწილობრივი შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შპს „ა.ს–ს“ ს.ბ–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 7840 ლარის (დარიცხული) ოდენობით - 2023 წლის 05 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის საოქმო განჩინება მტკიცებულებების დართვაზე უარის თქმის ნაწილში და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
59. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
60. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, შპს „ა.ს–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად. ს.ბ–ის შეგებებული საკასაციო საჩივრის ნაწილში კი, ვინაიდან, ს.ბ–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და მისი შეგებებული საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ა.ს–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - (14 140 ლარის 5%) 707 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „ა.ს–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ს.ბ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის საოქმო განჩინება საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვისა და სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ;
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების ნაწილობრივი შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
5. ს.ბ–ის სარჩელი იძულებით განაცდურის მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდეს;
6. შპს „ა.ს–ს“ ს.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 7840 ლარის (დარიცხული) ოდენობით - 2023 წლის 05 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის საოქმო განჩინება მტკიცებულებების დართვაზე უარის თქმის ნაწილში და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
8. შპს „ა.ს–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 707 ლარის გადახდა;
9. ს.ბ–ს დაუბრუნდეს 2024 წლის 12 იანვარს, ამავე წლის 15 აინვარსა და 26 იანვარს წარმოდგენილ შეგებებულ საკასაციო საჩივრებზე დართული დოკუმენტები - ტ.2, ს.ფ. 494-594, ტ.2, ს.ფ. 614-714, ტ.3, ს.ფ. 38-138.
10. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე