საქმე №ას-1228-2024 24 თებერვალი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - კ.ო–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ქ–ძე (აპელანტი, მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადგენა, მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2015 წლის 4 დეკემბერს კ.ო–სა და გ.ქ–ძეს შორის გაფორმდა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ.თბილისში, .......... (მშენებარე), სართული 7, ბინა N56, ფართით 124 კვ.მ. ს/კ ........, (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N151321238). ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგანი გაიყიდა 37 500 აშშ დოლარად, რაც ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად შეადგენდა 89 625 ლარს. გამყიდველი გამოსყიდვის უფლებით სარგებლობდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) თვის ვადაში, 2016 წლის 4 მარტის ჩათვლით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ გამყიდველი კარგავს გამოსყიდვის უფლებას, ხოლო იძენს შეუზღუდავ საკუთრების უფლებას ნასყიდობის საგანზე, რის თაობაზეც ის უფლებამოსილია ცალმხრივად განცხადებით მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შეზღუდვების მოხსნის თაობაზე;
2. 2022 წლის 23 თებერვალს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, გ.ქ–ძის საკუთრებად დარეგისტრირდა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში, ......... (მშენებარე), ფართით 124 კვ.მ., საკადასტრო კოდი ........ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობა N151321238, დამოწმების თარიღი 04/12/2015.
3. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა კ.ო–მა მოპასუხე გ.ქ–ძის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი კ.ო–სა და გ.ქ–ძეს შორის 2015 წლის 4 დეკემბერს გაფორმებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N151321238) და ქ. თბილისში, .......... მისამართზე მდებარე ბინა N56, საკადასტრო კოდით ........., აღირიცხოს კ.ო–ის საკუთრებად; კ.ო–სა და გ.ქ–ძეს შორის დადებულად იქნა აღიარებული 2015 წლის 4 დეკემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 37 000 აშშ დოლარზე და ქ.თბილისში, ......... მისამართზე მდებარე ბინაზე N56, საკადასტრო კოდით ........., დარეგისტრირდეს იპოთეკის უფლება.
3.2. მოსარჩელის განმარტებით, მოთხოვნის საფუძველია 2015 წლის 4 დეკემბერს გაფორმებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც არის ბათილი გარიგება და მოსარჩელის მითითებით რეალურად წარმოადგენს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას. ვინაიდან მოსარჩელემ გამოსყიდვისათვის დადგენილ ვადაში ვერ შეძლო უძრავი ქონების გამოსყიდვა, ნასყიდობის საგანი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შემძენის საკუთრებად.
4. წარდგენილი შესაგებელი
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა კანონის მოთხოვნათა დაცვით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე კ.ო–ის სარჩელი გ.ქ–ძის მიმართ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადგენისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი კ.ო–სა და გ.ქ–ძეს შორის 2015 წლის 4 დეკემბერს გაფორმებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N151321238) და ქ. თბილისში, ........ მისამართზე მდებარე ბინა N56, საკადასტრო კოდით .........., აღირიცხა კ.ო–ის საკუთრებად; დადგენილ იქნა 2015 წლის 4 დეკემბერს კ.ო–სა და გ.ქ–ძეს შორის სესხის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: სესხის ძირითადი თანხა - 37 000 აშშ დოლარი, ვადა - 3 თვე, სარგებელი (პროცენტი) – ყოველთვიურად 1125 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; კ.ო–ის მოთხოვნას იპოთეკის ხელშეკრულების დადგენის ნაწილში, უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
6. სააპელაციო საჩივარი
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით, გ.ქ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კ.ო–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7.2. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. სწორედ მას უნდა წარედგინა სასამართლოსთვის იურიდიულად სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც მხარეთა შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობას დაადასტურებდა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სესხის პროცენტის გადახდის დასადასტურებლად მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე მიუთითებს, რაც სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში რელევანტულ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა, მით უფრო მაშინ როდესაც საქმეზე დაკითხული მოწმეები წარმოადგენენ მოსარჩელის მამას, მის მეგობარს და ძმას.
8. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
8.1. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
8.2. საჩივრის თანახმად, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული ფაქტორივი გარემოებები, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიკვლია და გაიზიარა.
8.3. საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა მიზანი იყო არა ნასყიდობის, არამედ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რაც ასევე დასტურდება მოწმეების მიერაც. ასევე დადგინდა, რომ მხარეებს შორის დაიდო თვალთმაქცური გარიგება. სააპელაციო პალატამ კი უგულებელყო აღნიშნული დასაბუთება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე თქვა უარი.
8.4. საქმიდან ცალსახად ჩანს, რომ მხარეები, ხელშეკრულების დადებამდე დეტალურად გაეცენ ხელშეკრულების პირობებს ნოტარიუსის თანდასწრებით და შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე. აღნიშნული ხელშეკრულება თვალთმაქცურია, შესაბამისად, ბათილი გარიგებაა, თუმცა სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა როგორც აპელანტის, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციები.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
16. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
17. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
18. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის არსებითი შედავება მიმართულია სააპელაციო პალატის მიერ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების კვალიფიკაციის განსაზღვრისკენ, რაც შესაბამისად შესაძლოა გახდეს სამართლებრივი შედეგის შეცვლის საფუძველიც. ამ კუთხით, საკასაციო პალატამ უნდა იმსჯელოს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების სახესხვაობაზე, წარმოადგენს ის ნასყიდობას თუ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას.
20. თავის მხრივ, კასატორის, იგივე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, ქონების მესაკუთრედ აღრიცხვა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობის დადგენა.
21. სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამასთან, სსკ-ის 56-ე მუხლის მიხედვით, /ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
22. სსკ-ის 505-ე მუხლი ადგენს განვადებით ნასყიდობის ლეგალურ დეფინიციას, რომლის მიხედვით, განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში, ამავდროულად, 183-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
23. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში, აღნიშნავს, რომ სსკ-ის 56-ე მუხლის მიხედვით, თვალთმაქცური გარიგების შემთხვევაში, მხარეები აცხადებენ, რომ მათი ნების გამოვლენა მიმართულია გარკვეულ სამართლებრივ შედეგის დადგომისკენ, თუმცა ამ შედეგთან შესაბამისობა არ არსებობს იმ ხელშეკრულების მიხედვით, რომელზეც მხარეები რეალურად თანხმდებიან. თვალთმაქცური გარიგების მიზანი ისაა, რომ დაიფაროს რეალური გარიგება, რომელიც მხარეებს მართლაც სურთ. შესაბამისად, სახეზეა ორი სხვადასხვა გარიგება: ერთი – თვალთმაქცური, მეორე კი – რეალური. ამიტომ, თვალთმაქცური გარიგება მხოლოდ გამოიყენება რეალური გარიგების დაფარის მიზნით, რის გამოც მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. ამ მხრივ, გარიგების ბათილობისადმი საკანონმდებლო მიდგომა სპეციალურია და მისი მიზანია მხარეთა რეალური ნების გაცნობიერება. ხშირად, მხარეები არ ასხვავებენ იმგვარი ხელშეკრულების შინაარსს, რომელსაც ისინი სინამდვილეში სურთ, ან არ ერკვევიან, რა ტიპის გარიგების გაფორმება არის საჭირო. სწორედ ამ შემთხვევის დაზღვევის მიზნით, სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი უპირატესობას პიროვნების ნებელობას, მის შინაგან სურვილს ანიჩებს უპირატესობას მის ფორმალურ გაცხადებასთან შედარებით, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსი არ კრძალავს ისეთ შესაძლებლობას, როდესაც მხარეებს სურთ ჩაასწორონ შეცდომები, რის შედეგადაც თვალთმაქცური გარიგება შეიძლება გაუქმდეს და მხარეთა სურვილს შეესაბამოს ის მოთხოვნები, რომლებიც ახასიათებს გარიგებას, რომელიც რეალურად იყო მხარეთა მიზანი (შდრ. სუსგ-ები № ას-487-461-2015, 17.06.2015; № ას-1382-2018, 25.01.2019; № ას-3-2020, 16 ივნისი, 2020, პ.12).
24. რაც შეეხება თვალთმაქცური გარიგების დადებისას მხარეთა ნების გამოვლენას, თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა, მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად აქვთ. ამ შემთხვევაში, დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა (სუსგ №ას-1142-1088-2014, 23.01.2015 წ.).
25. თვალთმაქცური გარიგების დროს, მიუხედავად იმისა, რომ მხარეების ნების გამოვლენა მიმართულია გარკვეული სამართლებრივი შედეგის მიღწევისაკენ, მათი რეალური შინაგანი ნება და საჯაროდ გამოხატული ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. ამ შემთხვევაში, მხარეები ერთი გარიგებით ფარავენ სხვა გარიგებას, რომელის დადება რეალურად სურთ. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი შედეგის დასადგომად უნდა განისაზღვროს, დგება თუ არა პირობები, რომლებიც ადგენს გამოხატული ნების ბათილობის საფუძველს. თვალთმაქცური გარიგების დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს მხარეთა შინაგანი ნებისა და მათი საჯაროდ გამოვლენილი ნების შორის ურთიერთმიმართებაზე, თუ კი არსებობს მათ შორის შეუთავსებლობა (შდრ. სუსგ 23.01.2015, საქმე №ას-1142-1088-2014).
26. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეს გაცნობიერებული და შეგნებული ჰქონდა ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელისმოწერის მიზანი და შედეგები. ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე შეთანხმება მოხდა ნოტარიუსის თანდასწრებით. ხელშეკრულების ხელმოწერამდე ნოტარიუსის მიერ დეტალურად იქნა განმარტებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების არსი და პირობები, მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგი, რაზეც ორივე მხარემ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით თანხმობა განაცხადა. ხელშეკრულების დადების მომენტში მხარეებს შორის არ არსებობდა არავითარი სხვა დამატებითი შეთანხმება ან/და დაფარული შეთანხმება.
27. ასევე დადგენილია, რომ ნოტარიუმა შეამოწმა ხელშეკრულების მხარეთა ქმედუნარიანობა, მას წარუდგინეს ხელშეკრულების დადებისთვის საჭირო დოკუმენტაცია, რომლის შესწავლის შემდეგ დარწმუნდა, რომ მხარეები უფლებამოსილი იყვნენ დაედოთ წიანმდებარე ხელშეკრულება. შეადგინა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომელიც ხმამაღლა წაუკითხა მხარეებს და განუმარტა მასზე ხელმოწერის სამართლებრივი შედეგები. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის პირველი და მეხუთე პუნქტების შესაბამისად, ხელშეკრულება შეადგინა ნოტარიუსმა და მისი შინაარსი პრეზუმირებულად განუმარტა მხარეებს, რის შემდგომაც, 2015 წლის 4 დეკემბერს საჯარო რეესტრში განხორციელდა ცვლილების რეგისტრაცია.
28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა ხშირ შემთხვევაში მიუთითებს იმ კონკრეტული მტკიცებულებებისკენ, რომლებიც დაასაბუთებს ნორმის შემადგენლობისთვის აუცილებელ ფაქტობრივ გარემოებებს. მაგალითად, როდესაც საქმე ეხება სესხის ვალდებულებას, სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, ზეპირი სესხის ხელშეკრულების შემთხვევაში, მისი ნამდვილობის დადგენა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით ვერ იქნება შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში, რადგან საქმე ეხება ფულადი ვალდებულების შესრულებას, რომლის შემდეგაც მხარეებს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა წყდება, სადავოობის არსებობის შემთხვევაში, უნდა წარედგინოს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ დაასაბუთებს თანხის გადახდას. ეს აუცილებლობა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა გასცეს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გადახდას, როგორც სრულად, ისე ნაწილობრივ. ამ ნორმის შესაბამისად, იმ სამართლებრივი ურთიერთობების დასადასტურებლად, რომლებიც ამ ნორმის შედეგად წარმოიქმნება, უნდა არსებობდეს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შესრულებას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს წერილობით მტკიცებულებას (იხ., სუსგ ას-341-325-2011).
29. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ, მართალია, სასესხო ურთიერთობებში სსკ-ის 624-ე მუხლი დასაშვებად მიიჩნევს ასეთი ტიპის ხელშეკრულების ზეპირად გაფორმებას, რისი ნამდვილობის დადასტურების მტკიცების ტვირთი შედარებით დაბალია სხვა სახის ხელშეკრულებებთან შედარებით (რომლებიც ფორმასავალდებულოა), თუმცა, თუნდაც ზეპირი ხელშეკრულების არსებობის პირობებში, ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შესახებ მხარეებს შორის დავა ვერ იქნება მარტოოდენ, მაგალითად მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებული. ამავე ტიპის ხელშეკრულებებსაც კი, აუცილებლად სჭირდებათ ვალდებულების შესრულების დამოწმებით დაზღვევა, რათა შემდგომში შესაძლებელი იყოს შესრულების დამტკიცება.
30. ზემოაღნიშნული მოტივაციის საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, კერძოდ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. სწორედ მას უნდა წარედგინა სასამართლოსთვის იურიდიულად სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც მხარეთა შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობას დაადასტურებდა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სესხის პროცენტის გადახდის დასადასტურებლად მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე მიუთითებს, რაც სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში რელევანტულ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა, მით უფრო მაშინ როდესაც საქმეზე დაკითხული მოწმეები წარმოადგენენ მოსარჩელის მამას, მის მეგობარს და ძმას. აღნიშნული კი წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ.ო–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ე. გასიტაშვილი