Facebook Twitter

საქმე №ას-28-2024 24 თებერვალი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.კ–ვა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ბ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები

1. მოპასუხე ნ.ბ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მხარეთა შორის არსებული შეთანხმების ფარგლებში საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკომისიოს 1 524 926 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხეს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში დაევალოს ი.კ–ვას მიერ ნ.ბ–ის სასარგებლოდ პროფესიული განვითარების და თანმდევი ხარჯების 197 511 აშშ დოლარისა და 59 935 ევროს ანაზღაურება. მოპასუხე ნ.ბ–ს 2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, შეუსრულებელი ვალდებულების ფარგლებში, მოსარჩელე ი.კ–ვას სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისროს - 11 641.5 აშშ დოლარისა და 1 991.4 ევროს გადახდა. მოპასუხე ნ.ბ–ს, 2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, შეუსრულებელი ვალდებულების ფარგლებში, მოსარჩელე ი.კ–ვას სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით დაეკისროს - 89 874 აშშ დოლარის გადახდა.

2. მოსარჩელემ, რომელიც დაკვირვებას აწარმოებდა ნ.ბ–ის თამაშებზე, გადაწყვიტა განეხორციელებინა ინვესტიცია ჩოგბურთში. ნ.ბ–თან შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე უნდა ყოფილიყო მოპასუხის საჩოგბურთო ინვესტორი, კერძოდ: მოსარჩელე უზრუნველყოფდა მოპასუხის ყველა სახის სატრანსპორტო, სასტუმრო, სამივლინებო ხარჯის დაფინანსებას, როგორც პირადად ნ.ბ–ისთვის, ასევე მისი მთელი ჯგუფისათვის, გადაუხდიდა ჰონორარს მის ყველა მწვრთნელს, როგორც ფიზიკური მომზადების მწვრთნელს, ასევე მთავარ მწვრთნელს, აუნაზღაურებდა სრულ სამედიცინო და სხვა სახის მომსახურების ხარჯებს, რომელიც საჭირო გახდებოდა. ხოლო სანაცვლოდ მოპასუხე მაშინ, როდესაც ის მოხვდებოდა ტოპ 50-იანებში (59-დან) (თუკი მოხვდებოდა), მაშინ ის მოსარჩელეს გადაუხდიდა მისი საპრიზო შემოსავლიდან 30%-ს, ხოლო სარეკლამო შემოსავლიდან 50%-ს.

3. მხარეთა თანამშრომლობის ფარგლებში პირველი დაფინანსებული ტურნირი იყო აშშ-ში (ATP 1000), სადაც მოპასუხესთან ერთად ასევე წავიდა მოსარჩელე პირადად და მთელი ტურნირის ფარგლებში იყო მასთან ერთად. შემდეგ, დაახლოებით ერთ კვირაში, იყო US Open 2015 ტურნირი ნიუ იორკში და ა.შ.. 2015 წლის სეზონის დასასრულს მოპასუხეს აღმოაჩნდა ტრავმა და საჭირო გახდა ოპერაციის გაკეთება. ოპერაციული ხარჯი 25 000 ევროს ოდენობით სრულად გადაიხადა მოსარჩელემ. მოსარჩელე იხდიდა ნ–ისათვის დაქირავებული ცნობილი არგენტინელი მწვრთნელის გ.მ–ის ხელფასს 12 000 აშშ დოლარს თვეში და დამატებით ასევე უნაზღაურებდა ფრენის საფასურს (ბიზნეს კლასი), საცხოვრებელ და სხვა ხარჯს. აღნიშნული მწვრთნელი 7 თვე იყო ნ–ის მწვრთნელი, საიდანაც 4 თვის ჰონორარი გადახდილია მისთვის მოსარჩელის მიერ, ხოლო დარჩენილი სამი თვის თანხა ასანაზღაურებელია. ამის შემდეგ, 2016 წლის სეზონისათვის მომზადების მიზნით, რომელიც იწყებოდა ავსტრალიაში იანვრის თვეში, ნ–ი მეუღლესთან და სამუშაო ჯგუფთან ერთად დაახლოებით ერთი თვით გაუშვა მოპასუხემ (სრულად მისი დაფინანსებით) არგენტინაში, გაბრიელის ბაზაზე. არგენტინიდან კი, ასევე მოსარჩელის დაფინანსებით, ყველანი წავიდნენ ავსტრალიის კონტინენტზე.

4. 2016 წლისთვის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯი დაახლოებით 300 000 აშშ დოლარს წარმოადგენდა, თუმცა მიუხედავად გაწეული სოლიდური ინვესტიციისა, შემოსავალი იყო 0. სამწუხაროდ, ნ–ი ვერ მიდიოდა წინ და ვერ შედიოდა საუკეთესო 50-იანებში. ამის პარალელურად კი თავად მოსარჩელესაც ბიზნესში შეექმნა პრობლემები, ვინაიდან იწყებოდა მისი დევნა რუსეთის ფედერაციაში. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, 2016 წლის ბოლოდან მხარეთა შორის გადაიხედა შეთანხმების პირობები და მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელის მხრიდან გაგრძელდებოდა ნ–ის დაფინანსება, ყოველთვიური 10 000 აშშ დოლარის ლიმიტით, ხოლო მოპასუხის ვალდებულებები დარჩა იგივე. განახლებულ პირობაზე მხარეთა შორის საბოლოო შეთანხმება მოხდა 2016 წლის შემოდგომაზე კიევში, სადაც მოსარჩელე იმ დროისათვის საქმიანობდა და მიიწვია ნ–ი. ნ–ი კიევში ჩავიდა სწორედ მოსარჩელის დაფინანსებით, სადაც გაატარა რამდენიმე დღე. მომდევნო ტურნირი, სადაც ნ–ი გაემგზავრა მოსარჩელის დაფინანსებით იყო საფრანგეთში 2016 წელს Internationaux de Tennis de Vendée, ქალაქ მიონ ლე კაპტიფში. ამ ტურნირზე მოპასუხე დამარცხდა პირველივე ტურში. აღნიშნული მარცხის შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის გარეშე შეჩერდებოდა დაფინანსება, ნ–ის შედეგების გაუმჯობესებამდე.

5. 2017 წლიდან მოპასუხე უკვე არის ტოპ 50-იანებში (59-დან). ამ პერიოდიდან ნ–მა დაიწყო შედეგების გაუმჯობესება და მისი ოფიციალური გამომუშავებული საპრიზო ჰონორარი დაახლოებით შეადგენს 5 083 088 აშშ დოლარს. მას ასევე მიღებული აქვს რამდენიმე ძვირადღირებული ავტომობილი გამარჯვებულისათვის პრიზის სახით, მას ასევე აქვს გაფორმებული სარეკლამო კონტრაქტებიც. თუმცა მისი მხრიდან არ მომხდარა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად არც საპრიზო შემოსავლებიდან არც სარეკლამო ჰონორარებიდან მიღებული თანხებიდან მხარეთა შორის შეთანხმებული 30% და 50%-ის მოსარჩელისათვის გადახდა.

6. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება მას ჰქონდა რუსეთის ფედერაციაში, სადაც მოცემულ ეტაპზე ვერ ახერხებს ჩასვლას და დოკუმენტის წარმოდგენას, ვინაიდან არის დევნილი რუსეთში.

მოპასუხის პოზიცია

7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მასსა და ი.კ–ვას შორის არავითარი შეთანხმების დადებას თანხის გადახდის ვალდებულებაზე ადგილი არ ჰქონია. თუკი ი.კ–ვა ოდესმე იმყოფებოდა ნ. ბ–ის ტურნირზე, გაიღო სასტუმროს ან/და ბილეთის ხარჯები ან/და თუკი შეხვდა ნ.ბ–ს, აღნიშნული რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ნ.ბ–სა და ი.კ–ვას შორის რაიმე შეთანხმების დადებას ჰქონდა ადგილი ან/და ნ.ბ–მა თითქოსდა იკისრა ვალდებულება რაიმე სახის თანხების გადახდის ვალდებულებაზე ი.კ–ვას მიმართ. პირიქით, როგორც თავად მოსარჩელე აღნიშნავს, ის დაინტერესებული იყო ზოგადად ჩოგბურთით, თვალს ადევნებდა ტურნირებს და დადიოდა სხვადასხვა ქვეყნებში თამაშებზე დასასწრებად. შესაბამისად, ი.კ–ვამ სასტუმროს, ბილეთის, მგზავრობის თუ სხვა ხარჯი თუკი ასეთს ჰქონდა ადგილი, გასწია სწორედ თავისი პირადი ინტერესისთვის და არა ნ.ბ–ისთვის, რასაც თავად მოსარჩელეც ადასტურებს. მოსარჩელის მიერ მითითებული არცერთი ფაქტობრივი გარემოება არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

მოსარჩელის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

11. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

12. კასატორის მტკიცებით, მართალია, ობიeქტური მიზეზებიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების წარდგენა, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარისი იყო იმის დასადგენად, რომ მხარეებს შორის არსებობდა ინვესტირების შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული, მათ შორის, დასტურება მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების, ხოლო მოპასუხის მიერ, შესრულების მიღების ფაქტობრივი გარემოებებითაც.

13. კასატორის მითითებით, თუ კი ვერ დადასტურდებოდა მხარეთა შორის ხელშეკრულების თუნდაც ის შინაარსი, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, სასამართლოს უნდა ემსჯელა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით და დაეკმაყოფილებინა სარჩელი. სასამართლომ რადგან ვერ დაადგინა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტი, მანვე ვერ შეძლო იმ საფუძვლის მოძიება, თუ რის გამო იყო თანახმა მოსარჩელე, მოპასუხესთვის დიდი ოდენობით თანხები გადაეცა. აქედან გამომდინარე, სასამართლო ვალდებული იყო დაედგინა კონკლუდენტური ურთიერთობის არსებობის ფაქტი, ასევე მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი ფორმა.

14. სასამართლომ არასწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მიმოწერების ფაქტები, რომლებიც ფაქტების კონსტატაციითაა წარდგენილი. აღნიშნულ მტკიცებულებათა სანდოობაზე მოპასუხეს არ წარუდგენია რამე სახის შედავება, თუმცა როგორც პირველი, ისე მეორე ინსტანციის სასამართლოები შედიან აღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასებაში.

15. მიუხედავად აპელანტის მიერ წარდგენილი დასაბუთებისა, თუ როგორაა დაკმაყოფილებული მტკიცების სტანდარტი, სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის მსგავსად მიიჩნია, რომ ვერ დასტურდება ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა მტკიცების ტვირთის დაუკმაყოფილებლობა ვერ დაასაბუთა და გამოიყენა ზუსტად იგივე განმარტება, რაც პირველ ინსტანციის სასამართლომ.

16. მოსარჩელემ მიუთითა მხარეებს შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის შესახებ, თუმცა მოპასუხეს არ წარუდგენია რამე სახის საპირწონე მტკიცებულება აღნიშნული ფაქტის გასაბათილებლად. მოპასუხე მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა მოწმის სტატუსით დასაკითხად შუამდგომლობა მწვრთნელის, გ.მ–ის გამოძახებაზე. მიუხედავად ასეთი სახის გარემოებებისა, ვინაიდან შეუძლებელი იყო კასატორის მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებების გაბათილება, სასამართლომ მოპასუხეს ხელი შეუწყო და დაადგინა მტკიცების განსხვავებული სტანდარტი.

17. ფაქტების კონსტატაციის ფარგლებში, მოსარჩელემ წარადგინა სოციალურ ქსელში, ასევე ელექტრონულ ფოსტაში არსებული მიმოწერები, რომლებითაც დასტურდებოდა მხარეებს შორის არსებული ვალდებულებითი ურთიერთობა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ აღნიშნული არ მიიჩნია რელევანტურ მტკიცებულებად.

18. კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა სხვა ფაქტობრივი გარემოებებიც. კერძოდ, ორივე ინსტანციის სასამართლოს თანახმად, ხელშეკრულება ნ.ბ–მა გააფორმა არა ი.კ–ვასთან, არამედ გ.გ–თან. ასეთი სახის გარემოების დადგენის შესაძლებლობას არც ერთი წარდგენილი მტკიცებულება არ იძლევა. ამავდროულად, თავად სასამართლო მიუთითებს, რომ საინვესტიციო ხელშეკრულება არ საჭიროებს წერილობით ფორმას, ასევე, მოსარჩელეს ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, რომ დევნილია რუსეთის ფედერაციიდან, არ აქვს ხელშეკრულების ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, მტკიცებულებათა ერთობლიობა ცალსახად ადასტურებს მხარეთა შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობას.

19. საკასაციო საჩივრის ავტორისთვის ასევე გაუგებარია თუ რატომ არ მოხდა მოწმის სახით მოპასუხის მამის, ნ. ბ–ის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება, მაშინ როდესაც, აღნიშნული პიროვნება კარგად იცნობდა მხარეებს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას. ამ კუთხით სააპელაციო პალატამ დასაბუთების გარეშე უთხრა აპელანტს უარი მოწმის დაკითხვის შესახებ.

20. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია არც ერთი პირდაპირი ისეთი მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ მტკიცებულებას გააბათილებდა. ამავდროულად, მოპასუხე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არ მიუთითებს სადავოობაზე, ამიტომ მას არ აქვს პროცესუალური უფლება ამ ეტაპზე უარყოს მისი თავდაპირველი პოზიცია. თავის მხრივ, მოსარჩელემ წარადგინა ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან, რომლითაც დგინდება ი.კ–ვას მხრიდან ნ.ბ–ის სასარგებლოდ ხარჯების გაღების ფაქტი, ნ.ბ–ის წარმომადგენელთან და ოჯახის წევრებთან შეხვედრა და აუდიო ჩანაწერი, ნოდარ ბ–ის მიერ ი.კ–ვასთვის ვალდებულების აღიარება. როგორც აღინიშნა, დედანი ხელშეკრულება ობიექტური მიზეზების გამო ვერ იქნა წარდგენილი. მიუხედავად ამდენი მტკიცებულებისა, რომელთა ერთობლიობაშიც ცალსახაა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება დაიდო, დაუსაბუთებელია, თუ როგორ ვერ მიიჩნია სააპელაციო პალატამ მტკიცებულებები საკმარისად.

21. ფორმალური ხელშეკრულების თუნდაც არარსებობის პირობებშიც, მხარეებს შორის არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულება და მოპასუხის მიერ შესრულებულის მიღებაც კი თავი მხრივ გულისხმობს მხარეებს შორის კონკლუდენტურ შეთანხმებას გარიგების პირობების შესახებ, რაც სახელშეკრულებო ვალდებულებებს წარმოშობს, თუმცა სასამართლო აღნიშნულ დასაბუთებასაც უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რაც არასწორია.

22. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

23. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის, იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

24. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

26. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

28. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

29. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

30. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

31. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

32. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

33. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის მთავარი შედავება გულისხმობს სასარჩელო მოთხოვნის დამაფუძნებელი ფაქტობრივი გარემოების - მხარეთა შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის დამადასტურებელი მტკიცებულების, საინვესტიციო ხელშეკრულების წარუდგენლობის მიუხედავად, ამავე ვალდებულების სხვა მტკიცებულებებით დადასტურებაზე უარს.

34. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც დადგენილია, საქმეში ნამდვილად არ არის წარმოდგენილი მხარეთა შორის არსებობდა თუ არა ფორმალური სახის მატერიალური საინვესტიციო ხელშეკრულება, რომლის წარდგენისა და მტკიცების ტვირთის დადასტურების ვალდებულება მოსარჩელე მხარეს ჰქონდა.

35. სამოქალაქო კოდექსის 50-ე. 319-ე მუხლის პირველი ნაწილის, 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების სისტემური ანალიზი ცხადყოფს, რომ ხელშეკრულება წარმოადგენს მინიმუმ ორ პირს შორის დადებულ გარიგებას, როდესაც ორივე მხარე ნების თავისუფალი გამოვლენის, მიღებისა და დადასტურების (თანხმობის) შემდგომ შედიან (ამ შემთხვევაში) ორმხრივმავალდებულებელ სახელშეკრულებო ბოჭვით ურთიერთობაში. თავის მხრივ, სამოქალაქო კოდექსი შესაბამის მუხლებში ჩამოთვლის ხელშეკრულებათა იმ სახეებს, რომელთა მატერიალურ-სამართლებრივი შინაარსი საჭიროებს ფორმალურ-სამართლებრივ იმპერატივს მათი აუცილებლად წერილობითი ფორმით არსებობის შესახებ. სხვა შემთხვევებში კი მოქმედებს სსკ-ის მე-10 მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსი უშვებს იმ ხელშეკრულებათა როგორც წერილობით, ისე ზეპირ გაფორმებას, რომელთა მოწესრიგებაც არ გულისხმობს ფორმასავალდებულობას.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის დასაბუთებას, რომლის თანახმად, მხარეთა შორის სავარაუდოდ დადებული ინვესტირების ხელშეკრულება შესაძლებელი იყო გაფორმებულიყო როგორც ზეპირად, ისე წერილობით. მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულების არსებობა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დასაბუთდება როგორც ფაქტი. ამ მხრივ, განსხვავებულია ფორმასავალდებულო და ზეპირი ტიპის ხელშეკრულებების მიმართ არსებული მტკიცების ტვირთი. პირველის შემთხვევაში, ფაქტის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ხელშეკრულების წარდგენით, ხოლო მეორე შემთხვევაში - სხვადასხვა მტკიცებულების ერთობლიობით გარიგების არსებობის დადასტურებით. აქედან გამომდინარე, განსახილველი დავის ფარგლებში, მოსარჩელე, თუ კი ვერ წარადგენდა წერილობითი სახით ხელშეკრულებას, ვალდებული იყო სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით დაესაბუთებინა ხელშეკრულების არსებობის ფაქტი.

37. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი კვლავ სადავოდ ხდის საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-დადგენის საკითხს, რაც, როგორც პირველი, ასევე სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების მიერ ჯეროვნად იქნა გამოკვლეული. კასატორის მთავარი შედავება მოიცავს სააპელაციო სასამართლოს განჩინების არა თუ სამართლებრივ კრიტიკას, არამედ კვლავ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების მიმართ არსებულ პრეტენზიებს. განმცხადებლის აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არის მესამე ინსტანციის (საბოლოო ინსტანცია) სასამართლო, რომელიც ამოწმებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა სისწორეს სამართლებრივი კუთხით. საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტების დამდგენი სასამართლო, ამიტომ, ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა საკასაციო სასამართლოში პრინციპულად დაუშვებელია. ერთადერთ გამონაკლისს ამ შემთხვევაში წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას საპროცესო სამართლებრივი ნორმების ისეთი დარღვევა, რომლის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი (იხ. სუსგ №ა-6389-ა-16-2021). მოცემულ შემთხვევაში, მართალია კასატორს არ წარმოუდგენია ახალი ფაქტები და მტკიცებულებები, თუმცა მის მიერ ქვედა ინსტანციის განჩინების არც მატერიალურსამართლებრივი და არც საპროცესოსამართლებრივი კრიტიკა განხორციელებულა, შესაბამისად, კასატორი ვერ ადასტურებს ვერც საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევის ფაქტს, რასაც შესაძლოა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყოლოდა.

38. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ პირველ, ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში დადგინდა მოსარჩელის მიერ მითითებული სახელშეკრულებო ურთიერთობის არარსებობის ფაქტი. კერძოდ, მოსარჩელემ ვერ შეძლო მტკიცებათა ისეთი ერთობლიობის დადასტურება, რაც სასამართლოს მისცემდა უფლებას დაედგინა ხელშეკრულების არსებობა. აქედან გამომდინარე, ამ გაგებით, საკასაციო პალატისთვის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს იმ დასაბუთებასაც, რაც საკმარისი იქნებოდა სააპელაციო პალატის მძიმე პროცესუალური დარღვევის არსებობის დასასაბუთებლად.

39. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული გადაწყვეტილება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებლები, უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.კ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. ი.კ–ვას (პ/ნ: ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 02.02.2024) 6000 ლარის 70% - 4200 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ე. გასიტაშვილი