საქმე №ას-1531-2024 21 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ქ.ო–ძე (განმცხადებელი)
მოწინააღმდეგე მხარე – სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განჩინებით:
1.1. სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ–ის“ (შემდგომში - „ორგანიზაცია“) განცხადება მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „დ.გ.ც–ის“ 2017 წლის 10 ოქტომბრის №7188 გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა;
1.2. შეწყვეტილად იქნა აღიარებული ორგანიზაციასა და მოპასუხე დ.ჭ–ას შორის 2016 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული №1865553-1840004 სესხის ხელშეკრულება;
1.3. მოპასუხეებს: დ.ჭ–ას, ქ.ო–ძეს და მ.ჩ–ს ორგანიზაციის სასარგებლოდ დაეკისრათ დავალიანებული თანხის - 8166.69 ლარის სოლიდარულად გადახდა, საიდანაც 5875.26 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 2204.7 ლარი - დარიცხული საპროცენტო სარგებელი, ხოლო 86.73 ლარი - დარიცხული პირგასამტეხლო;
1.4. მოპასუხეებს: დ.ჭ–ას, ქ.ო–ძეს და მ.ჩ–ს დაეკისრათ ორგანიზაციის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის - 300 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებული საფასურის - 200 ლარის, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის განახლების საფასურის - 31 ლარის, ქ.ო–ძის კუთვნილ უძრავ ქონებებზე საჯარო რეესტრში ყადაღის რეგისტრაციის საფასურის - 42 ლარის და თბილისის სააპელაციო სასამართლოში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ საარბიტრაჟო დადგენილების ცნობისთვის გაწეული სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის სოლიდარულად გადახდა;
1.5. მოპასუხეების: ქ.ო–ძის და მ.ჩ–ის პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მოთხოვნისათვის განისაზღვრა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით დადგენილი მაქსიმალური თანხის - 9379.96 ლარის ფარგლებში;
1.6. დ.ჭ–ას, ქ.ო–ძეს და მ.ჩ–ს ორგანიზაციის სასარგებლოდ დაეკისრათ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის ანაზღაურება.
2. 2024 წლის 28 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ქ.ო–ძემ (შემდგომში – „განმცხადებელი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებლის განმარტებით, 2024 წლის 7 ივნისს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსგან ჩაიბარა „საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ“ 07.05.2018 წლის N2ბ/6436-17 განჩინება, საიდანაც შეიტყო, რომ ორგანიზაციასა და მის ყოფილ მეუღლეს - დ.ჭ–ას შორის 2016 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული N1865553-1840004 სესხის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო (რომელიც შეწყვეტილია) მას, როგორც თავდებს, დაეკისრა დავალიანება 9379.96 ლარის ფარგლებში. შესაბამისად, სახეზე იყო სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განჩინების ბათილად ცნობის საფუძველი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ქ.ო–ძის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების, ასევე სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მხარის განმარტებაზე, რომ მას არ ჩაჰბარებია სასამართლო გზავნილი და არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ. პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 422-ე, 70-ე-78-ე მუხლებით და განმარტა, რომ სამართლიანობისა და თანასწორობის ბალანსის დარღვევა, რაც შესაძლოა გამოვლინდეს დავის შესახებ მხარის შეუტყობინებლობით, სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების ერთ-ერთ ძირითად და უდავო საფუძველს. ამასთან, მხოლოდ სასამართლოში საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის არ ქონა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად. ინფორმირებულობა გულისხმობს, რომ სასამართლომ ზედმიწევნით გამოიყენა კანონით განსაზღვრული საპროცესო შეტყობინების წესები, რაც რეგულირდება სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით. სასამართლომ საქმის მასალებით დაადგინა, რომ განმცხადებელს სასამართლო გზავნილი გაეგზავნა ხელშეკრულებაში მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე, ასევე - ალტერნატიულ მისამართზე. დაბრუნებული უკუგზავნილების თანახმად, ადრესატი ფაქტობრივ მისამართზე არ ცხოვრობდა, ხოლო ალტერნატიულ მისამართზე კურიერს არავინ დახვდა. 2018 წლის 31 იანვრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახურს დაევალა განმცხადებლისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახურის მიერ შედგენილი რეაგირების ოქმიდან დგინდება, რომ ქ.ო–ძის ყოფილი მეუღლის - დ.ჭ–ას განმარტებით ადრესატი წასული იყო ევროპაში და უცნობი იყო მისი დაბრუნების თარიღი.
5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინებით განმცხადებელს ეცნობა მიმდინარე საქმის წარმოების შესახებ. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მხარის შეტყობინება განხორციელდა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ამასთან, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სასამართლოს მხრიდან მხარის შეტყობინების წესის დარღვევაზე არც თავად განმცხადებელი მიუთითებდა, ის მხოლოდ აღნიშნავდა, რომ მისთვის უცნობი იყო საქმის წარმოების შესახებ.
6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებელი მისი მოთხოვნის სამართლებრივი დასაბუთების მიზნით უთითებდა სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად: კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ სასამართლო უწყება ამ კოდექსის 71-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ჩაბარებულად ჩაითვალა, თუმცა გამოუცხადებელი მოპასუხე სასამართლოს წინაშე აცხადებს, რომ მას ბრალის გარეშე არ ჰქონდა ინფორმაცია სასამართლო უწყების ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რის გამოც არ მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა შესაგებელი ან/და გაესაჩივრებინა სასამართლოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში მოპასუხე თავის განცხადებაში წარმოადგენს პირველად პოზიციას საქმის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით.
7. მოცემულ ნორმასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული ცვლილება კანონში შევიდა 2021 წლის 30 მარტს. ამასთან, ეს ცვლილება, ძირითადად, პროცესის მხარეთა „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ ჰააგის 1965 წლის კონვენციიით გათვალისწინებული უფლებების კანონმდებლობაში ასახვის მიზანს ემსახურება. თავის მხრივ, კონვენცია რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 5 მარტის დადგენილებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს ნორმა არ შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო 2018 წელს მიმდინარე საქმის წარმოების მიმართ.
8. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ კონვენციის დებულებები და საკანონმდებლო ცვლილება სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების გამარტივების მიზანს ემსახურება. თუმცა, არც ეს კონვენცია და არც მოცემული საკანონმდებლო ცვლილება არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც უცნობია იმ ადამიანის მისამართი, რომელსაც უნდა ჩაბარდეს დოკუმენტი. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელს ორგანიზაციისათვის არ უცნობებია საკონტაქტო მისამართის შეცვლისა და საზღვარგარეთ წასვლის თაობაზე. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა უცნობი იყო მისი მისამართის შეცვლის ფაქტი, ამ წესებზე დაყრდნობით დაუშვებელი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განჩინების შედავება და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების სამართლებრივი საფუძვლები.
9. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს საქმის წარმოების განახლების თაობაზე წარდგენილი განცხადების განხილვისას (სსსკ-ის 432-ე მუხლი). გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მიზანია, არ აღსრულდეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ამა თუ იმ საფუძვლით გასაჩივრებულია და არსებობს თუნდაც ჰიპოთეტური შესაძლებლობა, რომ იგი გაუქმდეს (სუსგ №ას-433-2019, 19.04.2019წ.). პალატამ აღნიშნა, რომ მხარის განცხადება განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამდენად, წარმოდგენილი განცხადება სააღსრულებოდ მიქცეული საქმის შეჩერების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან სპეციალური კანონით გათვალისწინებული აღსრულების შეჩერების არც ერთი საფუძვლით გათვალისწინებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ გარემოებებს არ შეესაბამებოდა. ამასთან, არც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების სხვა რომელიმე წინაპირობად შეიძლება შეფასებულიყო.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე განმცხადებელმა წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
10.1. განმცხადებელი არ იყო ინფორმირებული, მათ შორის, არც ტელეფონის საშუალებით, ორგანიზაციის მიერ ინიცირებული საარბიტრაჟო და სააპელაციო სასამართლო წარმოების შესახებ, მას არ ჩაბარებია სასამართლო გზავნილი, არც უწყება, არც ორგანიზაციის განცხადება/პრეტენზია;
10.2. სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის, საქმის განხილვის თარიღის განსაზღვრისა და განხილვის დროის შესახებ მხარეთა შეტყობინების გარეშე, არ დააკმაყოფილა განცხადება;
10.3. სააპელაციო პალატამ ისე განიხილა განცხადებლის განცხადება, რომ მისთვის არც კი უცნობებია განცხადების განხილვის თარიღი/დრო, ასევე არ გადაუცია ორგანიზაციის პოზიცია მის განცხადებასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც იგი წარმოადგენდა პროცესის მონაწილე მხარეს, რომელიც უფლებამოსილია იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის შესაბამისი ინსტანციისათვის გათვალისწინებული წესის შესახებ, ვინაიდან კონკრეტულ საქმეზე მიღებული საბოლოო/შემაჯამებელი განჩინება თუ გადაწყვეტილება ეხება მის კანონიერ უფლებებს და აკისრებს მას კანონით დადგენილ შესაბამის ვალდებულებებს, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა;
10.4. სწორედ ეს აზრია გატარებული სსსკ-ის 420-ე მუხლის დისპოზიციაში, რომლის თანახმად, განცხადების/კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. აღნიშნული სამართლებრივი ნორმა ბლანკეტური ხასიათისაა და დათქმას აკეთებს იმავე კოდექსის 373-ე, 376-ე და 3761 მუხლებზე. სსსკ-ის 373.1 მუხლის თანახმად, საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე), რომელიც ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება, გადაუგზავნის მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლებს და დაუნიშნავს მას ვადას წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად, ხოლო იმავე კოდექსის 376-ე და 3761 მუხლების მიხედვით, სააპელაციო საჩივრის როგორც ზეპირი მოსმენით, ისე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ სასამართლომ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თარიღის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება;
10.5. შესაბამისად, არ არის გასაზიარებელი სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას მხარეთა ინფორმირების სავალდებულოობა არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობიდან;
10.6. სსსკ-ის 419-ე მუხლის ვიწროდ განმარტება ამავე კოდექსის 420-ე, 373-ე, 376-ე და 3761 მუხლების მხედველობაში არმიღებით დაუშვებელია იმ პირობებში, როდესაც ასეთი განმარტება ზიანს აყენებს პროცესის მონაწილე მხარეს, ზღუდავს რა მის თეორიულ თუ პრაქტიკულ შესაძლებლობას ჩაერთოს საქმის განხილვაში განხილვის ფორმის მიუხედავად და ამგვარად არღვევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-მე-4 მუხლებში განმტკიცებულ სამართალწარმოების ფუძემდებლურ დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-2-2-2015, 18 თებერვალი, 2015 წელი);
10.7. სააპელაციო სასამართლოს არ განუსაზღვრავს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის დრო და აღნიშნულის თაობაზე განმცხადებლისთვის არც კი უცნობებია და ამ ფონზე (განმცხადებლისთვის განცხადებასთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებული პოზიციის და სავარაუდოდ დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების გადმოცემის გარეშე/და ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით) არ დააკმაყოფილა განცხადება იმ საფუძვლით, რომ „სასამართლოში საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის არ ქონა არ წარმოადგენს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს“, რაც უკანონოა;
10.8. სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი მოწესრიგების ფარგლებში მხარისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების წესის შემოწმება სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენდა, რაც სამწუხაროდ არ მომხდარა. სსსკ-ის 72.1 მუხლით ამომწურავად არის დადგენილი სასამართლო უწყების შინაარსი, რომლის რომელიმე ელემენტის არარსებობის შემთხვევაში სასამართლო უწყება არასრულად და კანონშეუსაბამოდ ჩაბარებულად უნდა იქნეს მიჩნეული;
10.9. მოსარჩელისათვის, ასევე სასამართლოსთვის ცნობილი იყო, როგორც მოპასუხის ზუსტი ადგილსამყოფელი, ასევე მისი აქტიური საკონტაქტო მობილურის ნომერი, თუმცა არც აღნიშნულ მისამართზე და არც აქტიურ სატელეფონო ნომერზე - ზარის ან/და ტექსტური შეტყობინების განხორციელების/გაგზავნის გზით არც საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და არც გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებების განხილვის დროს არ მომხდარა მოპასუხესთან/განმცხადებელთან დაკავშირება;
10.10. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობები.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
13. კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით [სსსკ-ის 420-ე მუხლი].
14. საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას [სსსკ-ის 410-ე მუხლი].
15. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა იქნა უარყოფილი.
16. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები [სსსკ-ის 421.1 მუხლი].
17. სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. განმცხადებელი სწორედ ამ საფუძვლით ითხოვს განჩინების ბათილად ცნობასა და საქმის წარმოების განახლებას.
18. განმცხადებლის პრეტენზიის თანახმად, იგი არ იყო ინფორმირებული, მათ შორის, არც ტელეფონის საშუალებით, ორგანიზაციის მიერ ინიცირებული საარბიტრაჟო და სააპელაციო სასამართლო წარმოების შესახებ, მას არ ჩაჰბარებია სასამართლო გზავნილი, არც უწყება, არც ორგანიზაციის განცხადება/პრეტენზია.
19. სასამართლო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარება და პირის სხდომაზე მოწვევა ემსახურება სამართლიან და თანასწორ პირობებში პროცესის მონაწილეთა ჩაყენებას და მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზანს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, ევროსასამართლო ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ თითოეულ საქმეზე უნდა უზრუნველყოს, რომ, კონვენციის მნიშვნელობის ფარგლებში, „სამართლიანი სასამართლოს“ მოთხოვნები დაცულია (იხ. Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27 ოქტომბერი 1993, § 33). ამასთან, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება უნდა იყოს „პრაქტიკული და ეფექტური“ (იხ. Bellet v. France, 4 დეკემბერი 1995, §38). კონვენცია მიზნად ისახავს უფლებათა უზრუნველყოფას, რომლებიც არ არის თეორიული ან ილუზორული, არამედ არის პრაქტიკული და ეფექტიანი. აღნიშნული განსაკუთრებით ვრცელდება მე-6 მუხლში წარმოდგენილ გარანტიებზე, დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანი სასამართლოს უფლების და ამ მუხლის ყველა გარანტიის განსაკუთრებული ადგილის გამო (იხ. Stanev v. Bulgaria [დიდი პალატა], 2012 წლის 17 იანვარი, N 36760/06, §231) (იხ. სუსგ საქმე №ას-1469-1389-2017, 21 ივნისი, 2018 წელი). ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „ბართაია საქართველოს წინააღმდეგ“ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ფორმალისტური და მოუქნელი მიდგომა ეწინააღმდეგება გულმოდგინების პრინციპს; ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გამოიჩინონ გულმოდგინება, რათა უზრუნველყონ კონვენციის მე-6 მუხლით უზრუნველყოფილი უფლებებით ეფექტური სარგებლობა (იხ. „ბართაია საქართველოს წინააღმდეგ“ (Bartaia v. Georgia / საჩივარი №10978/06, ECHR) (იხ. სუსგ საქმე №ას-1751-2018, 1 ივნისი, 2020 წელი). საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებას შეეხებოდა, ევროსასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით პირველ რიგში უნდა დადგენილიყო, სახელმწიფომ გამოიჩინა თუ არა საკმარისი გულისხმიერება ყველა შესაბამისი ნაბიჯის გადასადგმელად, რათა ეცნობებინა მომჩივნისათვის სამართალწარმოების დაწყების შესახებ და ამ კუთხით, უარი თქვა თუ არა განმცხადებელმა მის უფლებაზე – წარდგენილიყო პროცესზე და დაეცვა საკუთარი თავი (საქმე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ (Gakharia v. Georgia), განაცხადი N30459/13, 17.01.2017წ) (იხ. სუსგ საქმე №ას-1154-2021, 23 თებერვალი, 2022 წელი).
20. საკასაციო პალატის განმარტებით, საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი მოწესრიგების ფარგლებში, მხარისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების წესის შემოწმება სასამართლოს ვალდებულებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-1188-1148-2016, 24 ივლისი, 2017 წელი).
21. სსსკ-ის 70.1 მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული მოპასუხის მისამართი სწორია და მას უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 78-ე მუხლის დებულებებით. სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. თუ მხარეებს, მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს ამ კოდექსით დადგენილი წესით ვერ ეცნობათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი, მოსამართლეს შეუძლია აღნიშნული პირებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება განჩინებით დაავალოს მუნიციპალიტეტის ორგანოს ანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებს (უბნის ინსპექტორებს). მუნიციპალიტეტის ორგანო ანდა უბნის ინსპექტორები ვალდებული არიან, განჩინებით დადგენილ ვადაში უზრუნველყონ მხარეებისათვის, მათი წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე მოწმეებისათვის, ექსპერტებისათვის, სპეციალისტებისა და თარჯიმნებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება და მისი ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აცნობონ მოსამართლეს.
22. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კერძო საჩივრის ავტორს ორგანიზაციასთან გაფორმებულ თავდებობის ხელშეკრულებაში მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე (იხ. ს. ფ. 8) გაეგზავნა სასამართლო გზავნილი, თუმცა ვერ ჩაბარდა, რადგან აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობდა (იხ. ს. ფ. 30), ასევე სასამართლო გზავნილი გაეგზავნა სხვა მისამართზეც, თუმცა, მისამართზე კურიერს არავინ დახვდა (იხ. ს. ფ. 31). თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახურს დაევალა განმცხადებლისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება (იხ. ს. ფ. 33-35). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ შედგენილი რეაგირების ოქმიდან დგინდება, რომ ქ.ო–ძის ყოფილი მეუღლის - დ.ჭ–ას განმარტებით, ადრესატი წასული იყო ევროპაში და უცნობი იყო მისი დაბრუნების თარიღი (იხ. ს.ფ. 46-49).
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ განკარგა მხარის ინფორმირების ყველა საკანონმდებლო რესურსი და ზემოაღნიშნული ღონისძიებების შემდეგ მართებულად იხელმძღვანელა სსსკ-ის 78-ე მუხლით [თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს]. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განჩინების საფუძველზე, კერძო საჩივრის ავტორს სასამართლო გზავნილის შინაარსი ეცნობა საჯარო შეტყობინების ფორმით.
24. საკასაციო პალატის განმარტებით, სსსკ-ის 78-ე მუხლით გათვალისწინებულია ისეთი გამონაკლისი, როდესაც მხარე ინფორმირებულად მიიჩნევა მისთვის უწყების პირადად ჩაუბარებლობის შემთხვევაში (შედ. იხ. სუსგ საქმე №ა-5832-შ-148-2022, 29 ნოემბერი, 2023 წელი). აქ არსებითია სწორედ ის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დაცულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული გზავნილის ჩაბარების წესები, ამასთან, სასამართლომ განკარგა მხარის შეტყობინების ყველა გონივრული საშუალება და ვერც კერძო საჩივრის ავტორი უთითებს საპროცესო კანონმდებლობის დარღვევაზე. შესაბამისად, მხარის მხოლოდ ზეპირი განმარტება, რომ არ იყო ინფორმირებული სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ, სხვა კონკრეტული გარემოებების ან დარღვევების მითითების გარეშე, ვერ გახდება კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობის საფუძველი.
25. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქმისწარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (იხ. სუსგ საქმე №ას-1455-2019, 15 ნოემბერი, 2019 წელი).
26. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტით, რომლის თანახმადაც, კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმად, სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (იხ. Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999-VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს ნიღბიან აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX) (საქმე №ას-1455-2019, 15 ნოემბერი, 2019 წელი).
27. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი განცხადების განხილვისას საპროცესო დარღვევების თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 430.1 მუხლი [საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება, გარდა ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას] არ ავალდებულებს სასამართლოს ბათილობის წინაპირობების კვლევისას საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება განიხილოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი ფორმით პროცესის დანიშვნა თუ ზეპირი მოსმენის გარეშე საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს დისკრეციას წარმოადგენს და მის მიხედულობაზეა დამოკიდებული.
28. გასაჩივრებული განჩინების საწინააღმდეგოდ კერძო საჩივრის ავტორის ვერც ის შედავება ჩაითვლება არსებითად, რომ სააპელაციო სასამართლომ არ განსაზღვრა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის დრო და აღნიშნულის თაობაზე განმცხადებლისთვის არ უცნობებია. იმის გათვალისწინებით, რომ ბათილად ცნობის შესახებ განცხადება განხილულია ზეპირი მოსმენის გარეშე, კერძო საჩივრის ავტორისთვის მისი განცხადების განხილვის კონკრეტული თარიღის შეუტყობინებლობას არსებითი გავლენა ვერ ექნებოდა ბათილად ცნობის საკითხის გადაწყვეტაზე და აღნიშნულზე ვერც კერძო საჩივრის ავტორი უთითებს.
29. რაც შეეხება ბათილად ცნობის შესახებ განცხადების განხილვის თაობაზე მოწინააღმდეგე მხარის ინფორმირებულობის საკითხს, მსგავსი შედავების წამოყენების უფლება განმცხადებელს არ აქვს [სსსკ-ის 2.1 მუხლი: ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად]. ამასთან, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის შედავება, რომ მას ორგანიზაციის პოზიცია არ გადასცემია.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ.ო–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე