Facebook Twitter

საქმე №ა-254-შ-10-2025 28 თებერვალი, 2025 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა.რ. კიზი ნ–ვა

მოწინააღმდეგე მხარე – რ.ტ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საბუნჩის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება (განაჩენი)

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საბუნჩის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით (განაჩენით) 2020 წლის 25 აგვისტოს ამავე სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობა გაიზარდა და გახდა 579 მანათი. რ.ტ–ს ა.რ. კიზი ნ–ვას სასარგებლოდ, არასრულწლოვანი შვილების - 2010 წლის 14 ივნისს დაბადებული ა.რ. ასული ტ–ის, 2011 წლის 14 აგვისტოს დაბადებული დ.რ. ასული ტ–ისა და 2019 წლის 18 იანვარს დაბადებული მ.რ. ძე ტ–ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 193 მანათის, სულ 579 მანათის გადახდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

ა.რ. კიზი ნ–ვამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საბუნჩის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ რ.ტ–ი სათანადო წესით ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. ასევე წარმოდგენილია ცნობა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 6 ივლისს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა 2024 წლის თებერვლიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 თებერვლის განჩინებით ა.რ. კიზი ნ–ვას შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საბუნჩუსის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ამიღებულ იქნა წარმოებაში.

აღნიშნული განჩინება და ა.რ. კიზი ნ–ვას შუამდგომლობა თანდართული მასალებით, კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე რ.ტ–ს.

2025 წლის 21 თებერვალს რ.ტ–მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა შუამდგომლობაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა არაგონივრულია და იგი ვერ შეძლებს ალიმენტის გადახდას, ვინაიდან იმყოფება მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ა.რ. კიზი ნ–ვას შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საბუნჩის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საბუნჩის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით (განაჩენით) 2020 წლის 25 აგვისტოს ამავე სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობა გაიზარდა და გახდა 579 მანათი. რ.ტ–ს ა.რ. კიზი ნ–ვას სასარგებლოდ, არასრულწლოვანი შვილების - 2010 წლის 14 ივნისს დაბადებული ა.რ. ასული ტ–ის, 2011 წლის 14 აგვისტოს დაბადებული დ.რ. ასულ ტ–ისა და 2019 წლის 18 იანვარ დაბადებული მ.რ. ძე ტ–ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 193 მანათის, სულ 579 მანათის გადახდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ რ.ტ–ი სათანადო წესით ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. ასევე წარმოდგენილია ცნობა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 6 ივლისს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა 2024 წლის თებერვლიდან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული არის ხელშეკრულება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ (ძალაშია 1997 წლის 18 თებერვლიდან), ამდენად, საკასაციო პალატა დაეყრდნობა როგორც აღნიშნულ ხელშეკრულებას, ასევე „მინსკის კონვენციის“ მოწესრიგებას.

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ" ხელშეკრულების (შემდგომში „ორმხრივი ხელშეკრულება“) 29-ე მუხლი არეგულირებს სამართალურთიერთობებს მშობლებსა და შვილებს შორის. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მშობლების ან ერთ–ერთი მათგანის საცხოვრებელი ადგილი არის ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის ტერიტორიაზე, ხოლო ბავშვის საცხოვრებელი ადგილი, ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე, მაშინ მათ შორის სამართალურთიერთობა განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეც არის ბავშვი. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მშობლებსა და შვილებს შორის სამართალურთიერთობათა საქმეებზე კომპეტენტურნი არიან ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის დაწესებულებანი, რომლის კანონმდებლობაც უნდა იქნეს გამოყენებული ამ შემთხვევაში. ამდენად, ალიმენტთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სასამართლოს ჰქონდა საერთაშორისო კომპეტენცია. ამასთან, დავაზე არ ვრცელდება საქართველოს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია.

ორმხრივი ხელშეკრულების მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების საკითხები, კერძოდ, 42-46 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულებისა და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები. შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა და არ მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე გადაწყვეტილების ხელმეორედ არსებით განხილვას.

საკასაციო პალატა აგრეთვე მიუთითებს, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.

„მინსკის კონვენციის“ 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, შემოიფარგლება კონვენციით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებით. შესაბამისად, ცნობა-აღსრულების პროცედურის მიმართ გამოიყენება კონკრეტული ხელშემკვრელი მხარის საპროცესო-სამართლებრივი ნორმები, ხოლო ცნობა-აღსრულების სხვა საკითხებზე ვრცელდება კონვენციის მე-3 თავის დებულებები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის დანაწესის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო პროცესუალური მოქმედებების განხორციელების თვალსაზრისით ხელმძღვანელობს ამავე კოდექსით, რომლის მე-4 მუხლი ადგენს მხარეთა შეჯიბრებითობის წარმართვის ვალდებულებას, ხოლო, მე-5 მუხლი - საქმის თანასწორობის საწყისზე განხილვის აუცილებლობას.

ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.

განსახილველ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარე რუსლან ტეტებოოშვილმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა შუამდგომლობაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა არაგონივრულია და იგი ვერ შეძლებს გადახდას, ვინაიდან იმყოფება მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს როგორც ორმხრივი ხელშეკრულების 43-44-ე მუხლებით, ისევე, როგორც მინსკის კონვენციის 53-55-ე მუხლებით გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულებისათვის დადგენილ წინაპირობებს და არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნევს, რომ ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საბუნჩის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება (განაჩენი) ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 53-55-ე მუხლებით, აქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ" ხელშეკრულების 43-44-ე მუხლებით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.რ. კიზი ნ–ვას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საბუნჩის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება (განაჩენი), რომლითაც 2020 წლის 25 აგვისტოს ამავე სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობა გაიზარდა და გახდა 579 მანათი, კერძოდ, რ.ტ–ს ა.რ. კიზი ნ–ვას სასარგებლოდ, არასრულწლოვანი შვილების - 2010 წლის 14 ივნისს დაბადებული ა.რ. ასული ტ–ის, 2011 წლის 14 აგვისტოს დაბადებული დ.რ. ასული ტ–ისა და 2019 წლის 18 იანვარ დაბადებული მ.რ. ძე ტ–ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 193 მანათის, სულ 579 მანათის გადახდა 2024 წლის თებერვლიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ლაშა ქოჩიაშვილი