Facebook Twitter

ბს-1060-1023(კ-08) 17 დეკემბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მ. ქ.-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. უ.-ი (განმცხადებელი)

დავის საგანი _ კანონიერ ძალაში შესული თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. ქ.-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურს დაევალა სს ,,თ.-სათვის” მიწის ნაკვეთის გამოყოფა ტრანსფორმატორის განსათავსებლად ...-ის ქ. ¹33ა და ...-ის ქუჩას შორის მდებარე თავისუფალ 33 კვ.მ ფართზე მოსახლეობის უსაფრთხოებისა და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით; ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურს ასევე დაევალა უზრუნველეყო სატრანსფორმატორო მშენებლობის უმოკლეს ვადაში დამტკიცება; მოპასუხე სს ,,თ.-ს” დაევალა სამი თვის ვადაში უზრუნველეყო ტრანსფორმატორის გადატანა ქ. თბილისში ...-ის ქ. ¹33ა-სა და ...-ის ქუჩას შორის მდებარე თავისუფალ 33 კვ.მ. მიწის ფართზე, მასვე დაევალა მიწის ნაკვეთის გაფორმებასთან დაკავშირებით თანხების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა.

ა. უ.-მა 2006 წლის 1 ნოემბერს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელმა განცხადებაში აღნიშნა, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლოს უხეშად დაარღვია კანონის მოთხოვნა და არ ჩართო იგი საქმეში მესამე პირად. მან აღნიშნა, რომ მ. ქ.-ისა და მის ირგვლივ მცხოვრებთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სანაცვლოდ სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით საფრთხე შეუქმნა მას და მისი ოჯახის წევრებს, რომლებიც ცხოვრობენ ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹33-ში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 დეკემბრის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი ა. უ.-ის წარმომადგენლის ქ. უ.-ის განცხადება ქ. თბილისის თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 აპრილის ¹2/2476 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინებით ა. უ.-ს უარი ეთქვა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 აპრილის ¹2/2476 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. უ.-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მაისის განჩინებით ა. უ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინება გაუქმდა და საქმე ა. უ.-ის განცხადების ხელახლა განსახილველად გადაეგზავნა იმავე სასამართლოს.

შააპელაციო სასამართლოს განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპლეაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტაციის სასამართლო არასწორად არ დააკმაყოფილა ა. უ.-ის განცხადება საქმის წარმოების განახლებაზე იმ საფუძვლით, რომ იგი მხარედ არ იყო საქმეში ჩართული და ამიტომ სასამართლო მას საქმის განხილვისას არ მოიწვევდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტაციის სასამართლოს არ შეუსწავლია და არ გაურკვევია, განმცხადებელი ა. უ.-ი წარმოადგენს თუ არა პირს, რომლის უფლებებსა და კანონით გატვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება ქ. თბილისის დიდუბე- ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. ქ.-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ხანდაზმულობის გამო. კასატორმა აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მაისის გნჩინება არის დაუსბუთებელი, არ ეფუძნება წარმოდგენილ მტკიცებულებებს, არის უკანონო და შესაბამისად იგი გაუქმებულ უნდა იქნას შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლი. მოწინააღმდეგე მხარემ ვერავითარი უტყუარი მტკიცებულება ვერ წარუდგინა სასამართლოს, რომ მან განცხადება კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში შეიტანა საქმის განახლების შესახებ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. კასატორი თვლის, რომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 იანვრის განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ საქმე ¹198 (2/2476), ადასტურებს, რომ მოწინააღმდეგეს დარღვეული აქვს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა . კასატორის მითითებით, ა. უ.-სთვის ცნობილი იყო და ჩაბარებული ჰქონდა სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის გაუქმებასაც ის ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაცილებით უფრო ადრე ვიდრე სააპელაციო სასამართლო უთითებს თავის განჩინებაში, რაც დასტურდება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტსრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებით, რომელიც გამოტანილია მოსამართლე თ. შ.-ის მიერ 2007 წლის 30 იანვარს საქმე ¹198 (2/2476) კერძოდ, მასში განმარტებულია, რომ ,,ქ. ჭ.-მ და მისმა წარმომადგენელმა იშუამდგომლეს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, რადგან იმავე სასამართლოში იხილება მოსარჩელის მეუღლის ა. უ.-ის განცხადება დიდუბე-ჩუღურეთის რიონული სასამართლოს 2004 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების თაობაზე”. ანუ 2006 წელს იმავე გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა ა. უ.-მა რაც მის ცოლს 2005 წელს უკვე იმავე მოტივით გასაჩივრებული ჰქონდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მ. ქ.-ს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი (ს.ფ. 216), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული მ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მაისის განჩინებაზე;

2. მ. ქ.-ს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.