Facebook Twitter

საქმე №ა-6903-შ-166-2024 28 თებერვალი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს.ს.

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ა–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ტვერსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების დაკისრება, მორალური ზიანის ანაზღაურება (ძირითადი სარჩელით) და სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ტვერსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ს.ს–ის სარჩელი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების დაკისრებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, დაკმაყოფილდა. გ.ა–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების – 121 032 246 რუბლის, პროცენტის - 22 760 694 რუბლისა და 42 კაპიკის, სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის ხარჯების - 60 000 რუბლის გადახდა. გ.ა–ძის შეგებებული სარჩელი სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.ა–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქ.მოსკოვის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით გ.ა–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ტვერსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება.

ს.ს–ის წარმომადგენელმა ა.თ–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ტვერსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 26 იანვარს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 იანვრის განჩინებით ს.ს–ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ტვერსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნას განსახილველად.

აღნიშნული განჩინება და ს.ს–ის შუამდგომლობა თანდართული მასალით, კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე გ.ა–ძეს.

გ.ა–ძემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა შუამდგომლობაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ტვერსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით იგი გამოცხადებულ იქნა გადახდისუუნაროდ (გაკოტრებულად), ხოლო „გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონის 213-ე მუხლის მე-11 პუნქტით, მოქალაქის მიმართ ქონებრივ მოთხოვნებთან დაკავშირებული სააღსრულებო წარმოება ჩერდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ს.ს.ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ტვერსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ტვერსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ს.ს–ის სარჩელი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების დაკისრებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, დაკმაყოფილდა. გ.ა–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების – 121 032 246 რუბლის, პროცენტის - 22 760 694 რუბლისა და 42 კაპიკის, სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის ხარჯების - 60 000 რუბლის გადახდა. გ.ა–ძის შეგებებული სარჩელი სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 26 იანვარს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არ არის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი დახმარების თაობაზე და ამიტომ წინამდებარე განჩინების დასაბუთებისას დაეყრდნობა „მინსკის კონვენციის“ მოწესრიგებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.

„მინსკის კონვენციის“ 54-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება კონვენციით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებით. შესაბამისად, ცნობა-აღსრულების პროცედურის მიმართ გამოიყენება კონკრეტული ხელშემკვრელი მხარის საპროცესო-სამართლებრივი ნორმები, ხოლო ცნობა-აღსრულების სხვა საკითხებზე ვრცელდება კონვენციის მე-3 თავის დებულებები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის დანაწესის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო პროცესუალური მოქმედებების განხორციელების თვალსაზრისით ხელმძღვანელობს ამავე კოდექსით.

„მინსკის კონვენციის“ მე-19 მუხლის თანახმად, სამართლებრივი დახმარების თხოვნა შეიძლება უარყოფილი იქნეს, თუ ასეთი დახმარების გაწევა ზიანს მოუტანს იმ ხელშემკვრელი მხარის სუვერენიტეტს ან უშიშროებას, რომელსაც წაუყენეს მოთხოვნა ან ეწინააღმდეგება მის კანონმდებლობას.

ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.

ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის საგანზე, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის დაკისრებას შეეხება.

„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარე გ.ა–ძემ მოითხოვა შუამდგომლობაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ტვერსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით იგი გამოცხადებულ იქნა გადახდისუუნაროდ (გაკოტრებულად), ხოლო „გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონის 213-ე მუხლის მე-11 პუნქტით, მოქალაქის მიმართ ქონებრივ მოთხოვნებთან დაკავშირებული სააღსრულებო წარმოება ჩერდება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ეროვნული კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული ფიზიკური პირის გადახდისუუნაროდ ან გაკოტრებულად გამოცხადება, ხოლო „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოში უცხო ქვეყნის ნორმები არ გამოიყენება, თუ ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

საქმეში არსებული მასალებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს „მინსკის კონვენციის“ 55-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველები.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ტვერსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.

შუამდგომლობას ერთვის სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლითა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით ამომწურავადაა განსაზღვრული საქმეთა კატეგორია, რომელზეც სავალდებულოა მხარემ გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. ზემოაღნიშნული ნორმები არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების შესახებ შუამდგომლობის აღძვრისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის საჭიროებას. ამდენად, შუამდგომლობის ავტორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი, როგორც შეცდომით გადახდილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 53-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.ს.ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ტვერსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც გ.ა–ძეს ს.ს–ის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების – 121 032 246 რუბლის, პროცენტის - 22 760 694 რუბლისა და 42 კაპიკის, სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის ხარჯების - 60 000 რუბლის გადახდა.

3. ს.ს–ს (რუსეთის ფედერაციის პასპორტი №......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ა.თ–ძის მიერ 2024 წლის 2 დეკემბერს №24867105723 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ლაშა ქოჩიაშვილი