Facebook Twitter

საქმე №ა-7383-შ-177-2024 28 თებერვალი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ.ქ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ–ია

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ესპანეთის, ქ.ბარსელონას ქალთა მიმართ ძალადობის №1 სასამართლოს 2023 წლის 2 ივნისის №44/23 გადაწყვეტილება (განჩინება)

დავის საგანი – განქორწინება, არასრულწლოვან ბავშვებზე კანონიერი მეურვეობის მინიჭება და ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ესპანეთის, ქ.ბარსელონას ქალთა მიმართ ძალადობის №1 სასამართლოს 2023 წლის 2 ივნისის №44/23 გადაწყვეტილებით (განჩინებით) ნ.ქ–ძესა და მ.კ–იას შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. ნ.ქ–ძეს მიენიჭა არასრულწლოვანი ბავშვების - ა. და დ. კ–ების მეურვეობის ექსკლუზიურად განხორციელება. მ.კ–იას ნ.ქ–ძის სასარგებლოდ საერთო შვილების სარჩენად დაეკისრა ალიმენტი, ყოველთვიურად, წინასწარ 400 (200-200 თითოეულ ქალიშვილზე) ევროს გადახდა, რომელიც უნდა ჩარიცხოს ყოველი თვის არაუგვიანეს 5 რიცხვისა ნ.ქ–ძის მიერ მითითებულ ანგარიშზე. თანხა შეიძლება შეიცვალოს ყოველწლიურად 1 იანვარს, INE-ს ან მისი შემცვლელი უწყების მიერ გამოქვეყნებული კატალონიის IPC-ს ცვლილების შესაბამისად.

ნ.ქ–ძის წარმომადგენელმა ლ.ჭ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ესპანეთის, ქ.ბარსელონას ქალთა მიმართ ძალადობის №1 სასამართლოს 2023 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების (განჩინების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და ესპანეთის ტერიტორიაზე აღსრულდა ნაწილობრივ, კერძოდ, მ.კ–იამ გადაიხადა მხოლოდ 3 თვის ალიმენტი. შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ ნ.ქ–ძე საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 თებერვლის განჩინებით ნ.ქ–ძის შუამდგომლობა ესპანეთის, ქ.ბარსელონას ქალთა მიმართ ძალადობის №1 სასამართლოს 2023 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების (განჩინების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნას განსახილველად.

აღნიშნული განჩინება და ნ.ქ–ძის შუამდგომლობა თანდართული მასალით გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე მ.კ–იას. მ.კ–იამ დაადასტურა სასამართლო გზავნილის ჩაბარება, დაეთანხმა ნ.ქ–ძის მოთხოვნას და იშუამდგომლა შუამდგომლობის დაკმაყოფილების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ნ.ქ–ძის შუამდგომლობა ესპანეთის, ქ.ბარსელონას ქალთა მიმართ ძალადობის №1 სასამართლოს 2023 წლის 2 ივნისის №44/23 გადაწყვეტილების (განჩინების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ესპანეთის, ქ.ბარსელონას ქალთა მიმართ ძალადობის №1 სასამართლოს 2023 წლის 2 ივნისის №44/23 გადაწყვეტილებით (განჩინებით) ნ.ქ–ძესა და მ.კ–იას შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. ნ.ქ–ძეს მიენიჭა არასრულწლოვანი ბავშვების - ა. და დ. კ–ების მეურვეობის ექსკლუზიურად განხორციელება. მ.კ–იას ნ.ქ–ძის სასარგებლოდ საერთო შვილების სარჩენად დაეკისრა ალიმენტი, ყოველთვიურად, წინასწარ 400 (200-200 თითოეულ ქალიშვილზე) ევროს გადახდა, რომელიც უნდა ჩარიცხოს ყოველი თვის არაუგვიანეს 5 რიცხვისა ნ.ქ–ძის მიერ მითითებულ ანგარიშზე. თანხა შეიძლება შეიცვალოს ყოველწლიურად 1 იანვარს, INE-ს ან მისი შემცვლელი უწყების მიერ გამოქვეყნებული კატალონიის IPC-ს ცვლილების შესაბამისად.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და ესპანეთის ტერიტორიაზე აღსრულდა ნაწილობრივ, კერძოდ, მ.კ–იამ გადაიხადა მხოლოდ 3 თვის ალიმენტი. შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ ნ.ქ–ძე საქართველოს მოქალაქეა.

სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარე მ.კ–იამ დაეთანხმა ნ.ქ–ძის მოთხოვნას და იშუამდგომლა შუამდგომლობის დაკმაყოფილების თაობაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ესპანეთის, ქ.ბარსელონას ქალთა მიმართ ძალადობის №1 სასამართლოს 2023 წლის 2 ივნისის №44/23 გადაწყვეტილება (განჩინება) განქორწინებისა და არასრულწლოვან ბავშვებზე კანონიერი მეურვეობის მინიჭების ნაწილში ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო ალიმენტის დაკისრების ნაწილში მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ქ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ესპანეთის, ქ.ბარსელონას ქალთა მიმართ ძალადობის №1 სასამართლოს 2023 წლის 2 ივნისის №44/23 გადაწყვეტილება (განჩინება), რომლითაც ნ.ქ–ძესა და მ.კ–იას შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა და ნ.ქ–ძეს მიენიჭა არასრულწლოვანი ბავშვების - ა. და დ. კ–ების მეურვეობის ექსკლუზიურად განხორციელება.

3. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ქ.ბარსელონას ქალთა მიმართ ძალადობის №1 სასამართლოს 2023 წლის 2 ივნისის №44/23 გადაწყვეტილება (განჩინება), რომლითაც მ.კ–იას ნ.ქ–ძის სასარგებლოდ, საერთო შვილების სარჩენად, დაეკისრა ალიმენტი, 3 თვის ალიმენტის გამოკლებით, ყოველთვიურად, წინასწარ 400 (200-200 თითოეულ ქალიშვილზე) ევროს გადახდა, რომელიც უნდა ჩარიცხოს ყოველი თვის არაუგვიანეს 5 რიცხვისა ნ.ქ–ძის მიერ მითითებულ ანგარიშზე. თანხა შეიძლება შეიცვალოს ყოველწლიურად 1 იანვარს, INE-ს ან მისი შემცვლელი უწყების მიერ გამოქვეყნებული კატალონიის IPC-ს ცვლილების შესაბამისად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ლაშა ქოჩიაშვილი