Facebook Twitter

საქმე №ას-1491-2024 21 თებერვალი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქოსაქმეთაპალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ.მ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ნ–ი, დ.ნ–ი, ნ.ნ–ი, დ.ნ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად აღიარება და მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის განჩინებით მ.მ–ძეს (შემდეგში - მოსარჩელე ან აპელანტი) სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 368-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით (თავად აპელანტის ან/და უფლებამოსილი ადვოკატის წარმომადგენლის ხელმოწერილით დადასტურებული) სააპელაციო საჩივრის წარდგენა დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან შვიდი დღის ვადაში. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის უარყოფითი შედეგები.

2. სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში - 2023 წლის 18 ივლისს, აპელანტის წარმომადგენელმა მ.ლ–მა განცხადებით მომართა სააპელაციო პალატას და 2023 წლის 25 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით მინდობილობა და სააპელაციო საჩივარი წარადგინა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

4. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება დასაბუთებულია შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

4.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში - 2023 წლის 18 ივლისს, აპელანტის წარმომადგენელმა მ.ლ–მა განცხადებით მომართა სააპელაციო პალატას, წარმოადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა.

4.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აგვისტოს განჩინებით აპელანტი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან სსსკ-ის 46.1.„ი“ მუხლის საფუძველზე. ამავე განჩინებით, აპელანტს დაევალა წარმოედგინა დასაბუთებული/დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 177-ე, 368-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, რისთვისაც განესაზღვრა შვიდი დღის ვადა. აღნიშნული განჩინება სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაბარდა აპელანტის უფლებამოსილ წარმომადგენელს - მ.ლ–ს 2023 წლის 14 დეკემბერს.

4.3. 2023 წლის 22 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა აპელანტის ახალმა წარმომადგენელმა დ.მ–მა (განცხადებას ერთვის მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა), რომელმაც ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის 07 დღით გაგრძელება იმ მოტივით, რომ როგორც წარმომადგენელი საქმესი ჩაერთო 18 დეკემბერს და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენას ვერ ახერხებდა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადში.

4.4. ხარვეზის შევსების შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 15 დეკემბერს და სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2023 წლის 21 დეკემბერს. ამ ვადაში აპელანტს ან/და მის წარმომადგენელს მითითებული ხარვეზი არ შეუვსია.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინა და სსსკ-ის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით (თავად აპელანტის ან/და უფლებამოსილი ადვოკატის წარმომადგენლის ხელმოწერილით დადასტურებული) სააპელაციო საჩივრის წარდგენა დაევალა. მითითებულ განჩინებაში სააპელაციო პალატა მსჯელობს მხოლოდ იმ საკითხზე, რომ სააპელაციო საჩივარზე ხელმომწერ პირს (წარმომადგენელს) არ გააჩნია სააპელაციო სასამართლოში წარმომადგენლობის განხორცილების უფლებამოსილება, რაც განსაზღვრულია სსსკ-ის 440-ე მუხლით და მასში არ იკვეთება, რომ პალატას რაიმე პრეტენზია გააჩნია უშუალოდ სააპელაციო საჩივრის დასაბუთებასთან - მის შინაარსობრივ მხარესთან მიმართებით. დასაბუთება კი, ნამდვილად არის სააპელაციო საჩივარში. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ აპელანტმა, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინა უფლებამოსილი პირის ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი, რითაც მან აღმოფხვრა სააპელაციო საჩივარზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, რაც სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საფუძველია (იხ, კერძო საჩივარი).

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დასაბუთებულია. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

9. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს, ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

10. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

11. ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის არსებობისას, სასამართლო განსაზღვრავს ვადას, და აპელანტს დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

12. ამდენად, ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მხარისათვის აშკარად უარყოფითი საპროცესო შედეგი დგება. ამიტომ, სასამართლო ვალდებულია, ხარვეზის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ზუსტად განსაზღვროს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების შემთხვევაში ხარვეზი შევსებულად ჩაითვლება. ხარვეზის შესავსებად სავალდებულო საპროცესო მოქმედების ზუსტად განსაზღვრა, გულისხმობს, სასამართლოს მიერ ყველა იმ გარემოებაზე ამომწურავ მითითებას, რომელთა არსებობის პირობებშიც მხარე ხარვეზს აღმოფხვრილად ჩათვლის და, შესაბამისად, თავიდან აიცილებს მისთვის არასასურველ პროცესუალურ შედეგს – სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას (შდრ: სუსგ-ები Nას-1348-1273-2012, 19 ნოემბერი, 2012წ.; Nას-582-809-08, 29 სექტემბერი, 2008წ.).

13. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდა და სსსკ-ის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით (თავად აპელანტის ან/და უფლებამოსილი ადვოკატის წარმომადგენლის ხელმოწერილით დადასტურებული) სააპელაციო საჩივრის წარდგენა დაევალა. განჩინების ჩაბარებიდან შვიდი დღის ვადაში. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის უარყოფითი შედეგები. სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში - 2023 წლის 18 ივლისს, აპელანტის წარმომადგენელმა მ.ლ–მა განცხადებით მომართა სააპელაციო პალატას და 2023 წლის 25 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით წარადგინა მინდობილობა და უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერილით სააპელაციო საჩივარი.

14. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია მასზე, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის განჩინებაში სააპელაციო პალატა მსჯელობს მხოლოდ იმ საკითხზე, რომ სააპელაციო საჩივარზე ხელმომწერ პირს (წარმომადგენელს) არ გააჩნია სააპელაციო სასამართლოში წარმომადგენლობის განხორცილების უფლებამოსილება, რაც განსაზღვრულია სსსკ-ის 440-ე მუხლით (პირს, რომელსაც არ ჩაუბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალება წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე) და ამ განჩინებიდან არ იკვეთება, რომ პალატას რაიმე პრეტენზია აქვს უშუალოდ სააპელაციო საჩივრის დასაბუთებასთან - მის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით, გასაზიარებელია.

15. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტმა კეთილსინდისიერად შეასრულა ის საპროცესო მოქმედება, რაც აპელანტს დაევალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის განჩინებით. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს აპელანტის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით წარდგენილ განცხადებასა და სააპელაციო საჩივარზე, რომლის შინაარსი შესაბამისობაშია სსკ-ის 368-ე მუხლის მოთხოვნებთან - იხ., ს.ფ. 212-221, კერძოდ, აპელანტი დეტალურად უთითებს თუ რაში მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა და გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ხარვეზი აპელანტის მიერ შევსებული იქნა, ხოლო თუკი სააპელაციო პალატა ამის მიუხედავად მაინც ჩათვლიდა, რომ სააპელაციო საჩივრის შინაარსი არ შეესაბამებოდა სსსკ-ის 368-ე მუხლის მოთხოვნებს, მაშინ ხარვეზის დადგენისას სააპელაციო პალატას დეტალურად უნდა განემარტა თუ რას მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის წარმდგენი პირისაგან, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა.

16. ამდენად, სააპელაციო პალატას, აპელანტის მიერ ხარვეზი დადგენილ ვადაში შევსებულად უნდა ჩაეთვალა, რაც საბოლოოდ, გამორიცხავდა მის განუხილველად დატოვებას, სააპელაციო პალატის მიერ შემდგომ მიღებულ განჩინებაში (21.08.2023წ. განჩინება „სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და საქმის განხილვის თაობაზე“ და მასში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ 22.01.2024წ. განჩინება, რომლითაც გასწორდა განჩინების სათაურში დაშვებული უსწორობა - ნაცვლად „წარმოებაში მიღებისა“ მიეთითა „ხარვეზის დადგენის შესახებ“ - ს.ფ. 226-228, 244,245) დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით, სსსკ-ის 177-ე და 368-ე მუხლების დაუცველობაზე მითითებით.

17. ზემოთმოხმობილი მსჯელობის გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და სსსკ-ის 412-ე მუხლის მიხედვით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.მ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე