საქმე №ას-1576-2024 21 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქოსაქმეთაპალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - გ.გ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,თ.დ–ვა" (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ.გ–იას (შემდეგში - მოსარჩელე ან აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი სს ,,თ.დ–ვის" (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინებით დარჩა განუხილველად, სააპელაციო საჩივარზე სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.11.2024წ.-ის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და განჩინებით დადგენილ 10-დღიან ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა დაევალა. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 15.11.2024წ.-ს ჩაბარდა თ.რ–ძეს - ადრესატის თანამშრომელს, რაც განჩინების აპელანტის წარმომადგენლისათვის ჩაბარებად მიიჩნევა. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო გზავნილის ჩაბარების მომდევნო დღიდან და ამოიწურა 25.11.2024წ.-ს.
3. სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი აპელანტს უნდა შეევსო 25.11.2024წ-ის ჩათვლით. ამ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
4. აპელანტის წარმომადგენელმა მხოლოდ 26.11.202წ-ს მიმართა სააპელაციო სასამართლოს, წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და საპროცესო ვადის აღდგენა ითხოვა.
5. სააპელაციო პალატამ იმსჯელა აპელანტის წარმომადგენლის 26.11.2024წ-ის შუამდგომლობაზე და არ დააკმაყოფილა დაუსაბუთებლობის გამო, კერძოდ, პალატამ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა სსსკ-ის 215.3 მუხლით გათვალისწინებული ავადმყოფობის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება, რაც სასასამართლოს დაარწმუნებდა საპროცესო მოქმედების სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის საპატიოობაში.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
7. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 15.11.2024წ-ს ჩაბარდა არა პირადად აპელანტის წარმომადგენელს, არამედ მის თანამშრომელს. აღნიშნულ განჩინებას უშუალოდ აპელანტის წარმომადგენელი 18.11.2024წ-ს გაეცნო და გადასცა მარწმუნებელს, რომელსაც სახელმწიფო ბაჟი უნდა გადაეხდა განჩინების შესაბამისად. ამასთან, უშუალოდ აპელანტს დრო სჭირდებოდა სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხის შესაგროვებლად. ამ პერიოდში, აპელანტი ავად იყო და ვერ ახერხებდა ფიზიკურად მოძრაობასა და გადაადგილებას, რასაც დაადასტურებს კერძო საჩივარზე დართული სასწრაფო გამოძახების ფურცელი. აპელანტის წარმომადგენელს მარწმუნებლის ავადმყოფობის გამო ერთი დღით დააგვიანდა საპროცესო მოქმედების შესრულება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9.საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებულია. შესაბამისად, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
12. სსსკ-ის 368.5 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის არსებობისას, სასამართლო განსაზღვრავს, იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
13. სააპელაციო სასამართლოს 12.11.2024წ.-ის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ათი დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და 15.11.2024წ.-ს ჩაბარდა თ.რ–ძეს - ადრესატის თანამშრომელს (ჩაბარების დასტურზე მითითებულია თ.რ–ძის პირადი ნომერი და პროფესია - იურისტი, ს.ფ. 286). აღნიშნულს არც კერძო საჩივრის ავტორი უარყოფს. მისი პოზიცია იმ გარემოებას ეფუძნება, რომ უშუალოდ მას განჩინების გაცნობის შესაძლებლობა 18.11.2024წ,-ს მიეცა და ინფორმაცია მარწმუნებელს გადასცა.
14. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სასამართლო უწყებისა თუ გზავნილის ჩაბარების წესს, კერძოდ, სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს საჭირო საპროცესო დოკუმენტები გაუგზავნოს უშუალოდ მხარეს ან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მის წარმომადგენელს. სასამართლო უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს, ჩამოთვლილ პირთაგან კონკრეტულად რომელს ჩააბაროს გზავნილი.
15. სსსკ-ის 73.8 მუხლის მიხედვით ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
16. ზემოთდასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება. ამასთან, თუ სასამართლო უწყებას ან გზავნილს გაუგზავნის ზემოაღნიშნულ სუბიექტებს სამუშაო ადგილის მიხედვით, გზავნილი კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად მიიჩნევა მაშინაც, როდესაც იგი მიიღო არა უშუალოდ ადრესატმა, არამედ შესაბამისი ორგანიზაციის სათანადოდ უფლებამოსილმა პირმა. ასეთი პირი ვალდებულია, თავისი ხელმოწერით დაადასტუროს სასამართლო გზავნილის ჩაბარება და გადასცეს იგი ადრესატს.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მისამართის მითითებისას მხარემ უნდა გაითვალისწინოს ის რისკი, თუ ვის ჩაჰბარდება აღნიშნულ მისამართზე სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტები ადრესატის არყოფნის შემთხვევაში (შდრ.: სუსგ-ები №ას-197-2021, 15.04.2021წ.; №ას-355-2021, 30 ივნისი, 2021წ.)..
18. კერძო საჩივრის ავტორი, არ უარყოფს, რომ მისმა თანამშრომელმა თ.რ–ძემ, განჩინება 15.11.2024წ.-ს ჩაიბარა, თუმცა უთითებს, რომ უშუალოდ მას განჩინების გაცნობისა და მარწმუნებლისთვის ინფორმაცის გადაცემის შესაძლებლობა 18.11.2024წ.-ს მიეცა, თანხის მოძიებისთვის კი, მარწმუნებელს დრო სჭირდებოდა, აღნიშნული საკასაციო პალატის მოსაზრებით ვერ იქნება მიჩნეული გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენის კანონიერ საფუძვლად
19. სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
20. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითებები ხარვეზის შევსების ვადის საპატიო მიზეზით გაშვების და მისი აღდგენის თაობაზეც.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 65-ე მუხლი. ნორმის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215.3 (დისპოზიცია: ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე) მუხლში მითითებული გარემოებები. ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას. ასეთ გარემოებაზე მითითების ვალდებულება შესაბამისი საპროცესო ვადის გამშვებ პირს აკისრია, რომელმაც სსკ-ის 102-ე (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს) მუხლის შესაბამისად უნდა დაადასტუროს ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობა (სუსგ-ები №ას-319-2020, 30.03.2021წ.; Nას-1023-2019, 25.09.2019წ. პ.26). მეტიც, კანონის მითითებული დანაწესი ადგენს მტკიცების სტანდარტს - განსაზღვრავს სპეციალურ მტკიცებულებას, რომლითაც შესაძლებელია დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. სადავო შემთხვევაში, კერძო საჩივარზე დართული სამედიცინო ბარათით სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან, ირკვევა, რომ პაციენტი უჩიოდა ტემპერატურის მატებას, ღებინებას, გახშირებულ კუჭის მოქმედებას. ჩივილები უგრძელდება მე-5 დღეა, გუშინ ჰქონდა გონების კარგის ეპიზოდი, მკურნალობს ბინაზე, მიმართავს ოჯახის ექიმს (იხ., ს.ფ. 297). აღნიშნული დოკუმენტი, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 10-დღიანი საპროცესო ვადის საპატიოდ გაშვების სსსკ-ის 215.3 მუხლით გათვალისწინებულ მტკიცებულებად ვერ შეფასდება, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც აღნიშნული დოკუმენტი შდგენილია 26.11.2024 წელს 17:23 სთ-ზე, მას შემდეგ რაც გ.გ–იას მიერ, გაშვებული ვადის საპატიოდ ჩათვლის და ხარვეზის შევსებულად მიჩნევის შესახებ განცხადება პირადად იქნა წარდგენილი სააპელაციო სასამართლოში (26.11.2024 წ ,16:01 სთ. იხ. სფ. 287).
22. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა უშვებს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის ვადის გაგრძელების შესაძლებლობას და სასამართლოს მიერ ამ უფლებამოსილების გამოყენებას ითვალისწინებს მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე (სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილი). შესაბამისად, თუკი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტი ვერ ახერხებდა ხარვეზის აღმოფხვრას, მას შეეძლო სასამართლოს წინაშე ეშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე. თუმცა მას აღნიშნული შესაძლებლობა არ გამოუყენებია. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა ხარვეზის შევსების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი (სუსგ №ას-1023-2019, 25.09.2019წ. პ.28).
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც აპელანტის შუამდგომლობა საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად საპროცესო ვადის გაშვების საფუძვლით, დასაბუთებელია, რაც კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.გ–იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე