Facebook Twitter

საქმე №ას-914-2024 28 თებერვალი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)

ამირან ძაბუნიძე (მომხსენებელი)

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - ლ.ჩ–ი, გ.ჩ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „კ–ას“ 98% წილის მესაკუთრე ზ.კ–ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - ზ.ფ–რი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 მაისის განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის განსახილველად

დავის საგანი - სამეწარმეო საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ზ.კ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს - ლ.ჩ–სა და გ.ჩ–ს, შპს „კ–ას“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 1212675,33 ლარისა და 774496,07 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. ლ.ჩ–სა და გ.ჩ–ს შპს „კ–ას“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის - 845316 ლარის ანაზღაურების ვალდებულება. ამავე გადაწყვეტილებით, ზ.ფ–რის მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა ლ.ჩ–ისა და გ.ჩ–ის წარმომადგენელმა ნ.ქ–ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 მარტის განჩინებით, ლ.ჩ–სა და გ.ჩ–ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ: ა) წარმოედგინათ სააპელაციო საჩივარი, რომელიც შევსებული იქნებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.1-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად (მიუთითოს, რაში მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა და იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებას); ასევე, ბ) დაევალათ სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 5000 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების ამ განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარმოდგენა. აპელანტებს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრათ 10 დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან.

4. 2024 წლის 29 აპრილს აპელანტების წარმომადგენელს ნ.ქ–ას (ტომი VII, ს.ფ. 188-194) სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (თბ. .........) გაეგზავნა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება და 2024 წლის 2 მაისს ჩაბარდა ნ.გ–ს, რაც დასტურდება უკუგზავნილზე მისივე ხელმოწერით. საქმის მასალებით დგინდება, რომ განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა იწურებოდა 2024 წლის 13 მაისს (რადგან ბოლო მე-10 დღე იყო კვირა დღე).

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 მაისის განჩინებით ლ.ჩ–ისა და გ.ჩ–ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაუდო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- საქმეში არსებული საფოსტო უკუგზავნილებით ირკვევა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტის წარმომადგენლის მიერ მითითებულ მისამართზე ჩაბარდა ნ.გ–ს (ტომი X, ს.ფ. 35).

- განჩინებით განსაზღვრული 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 3 მაისს და დამთავრდა 13 მაისს (რადგან ბოლო მე-10 დღე იყო კვირა დღე). საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტებს აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოსთვის არ მიუმართავთ.

6. დადგენილი ფაქტების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 368-ე და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილთან სუბსუმირების შედეგად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ზემოთჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი აღარ მიიღება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. შესაბამისად, რადგან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ამოწურვამდე აპელანტებს აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოსთვის არ მიუმართავთ, მათი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი (ტომი X, ს.ფ. 53-56).

7. 2024 წლის 3 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 მაისის განჩინებაზე ლ.ჩ–ისა და გ.ჩ–ის წარმომადგენელმა ნ.ქ–ამ, წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის განსახილველად (ტომი X, ს.ფ. 123-126). კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მტკიცებით, გასაჩივრებული განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

- სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაეგზავნა აპელანტების წარმომადგენელს ნ.ქ–ას (სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე). ამ პერიოდისთვის წარმომადგენელი არ იმყოფებოდა საქართველოში და ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, 2024 წლის 2 მაისს, კურიერმა გადასცა ნ.გ–ს, რომელიც არ წარმოადგენს ადვოკატ ნ.ქ–ას მიმართ სასამართლო გზავნილების ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს.

- ნ.გ–ი დასაქმებულია თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის შენობაში, რომელიც იმავე მისამართზე მდებარეობს, სადაც ნ.ქ–ას საადვოკატო ოფისი.

- ნ.გ–მა შეცდომით ჩაიბარა გზავნილი და არ განუმარტავს კურიერისთვის, რომ იგი არ წარმოადგენდა შპს ნ.ქ–ას საადვოკატო ოფისის თანამშრომელს.

- სასამართლოს 2024 წლის 13 მაისს, საფოსტო გზავნილის სახით გაეგზავნა ნ.ქ–ას მიერ შედგენილი დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, სადაც იგი ასევე შუამდგომლობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.

- კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლო არ დაელოდა გონივრული ვადით მხარის დასაბუთებულ სააპელაციო საჩივარს, და საქართველოს მთავრობის მიერ უქმედ გამოცხადებულ დღეს - 17 მაისს (ოჯახის სიწმინდის დღე) მიიღო გასაჩივრებული განჩინება.

- კერძო საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ ვინაიდან დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი სასამართლოსთვის გადასაცემად ფოსტას ჩაბარდა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ბოლო დღეს - 13 მაისს, ამიტომ განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, ლ.ჩ–ისა და გ.ჩ–ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენის მოტივით, მისი განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

12. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება ეყრდნობა ორ ძირითად არგუმენტს, კერძოდ, იგი დავობს, რომ ნ.გ–ი არ იყო სასამართლო გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირი და ასევე მიუთითებს, რომ დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა ხარვეზის აღმოფხვრის ბოლო დღეს - 13 მაისს, რის გამოც განუხილველობის შესახებ განჩინება დაუსაბუთებელია.

13. პალატა მიუთითებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

14. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენლის არგუმენტს მასზედ, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება არაუფლებამოსილ პირს ჩაბარდა. ამ მიმართებით პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. დადგენილია, რომ 2024 წლის 29 აპრილს აპელანტების წარმომადგენელს ნ.ქ–ას სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (თბ. ..........) გაეგზავნა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება და 2024 წლის 2 მაისს ჩაბარდა ნ.გ–ს, რაც დასტურდება უკუგზავნილზე მისივე ხელმოწერით (ტომი X, ს.ფ. 35). მართალია ნ.ქ–ა აცხადებს, რომ ნ.გ–ი დასაქმებულია თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის შენობაში, რომელიც იმავე მისამართზე მდებარეობს, სადაც ნ.ქ–ას საადვოკატო ოფისი და რომ ნ.გ–მა შეცდომით ჩაიბარა გზავნილი და არ განუმარტავს კურიერისთვის, რომ იგი არ წარმოადგენდა შპს ნ.ქ–ას საადვოკატო ოფისის თანამშრომელს, თუმცა საქმის მასალებში წარმოდგენილია საპირისპირო მტკიცებულება. კერძოდ, სასამართლოში მიმდინარე სხვა დავაზე, სადაც წარმომადგენელია ასევე, ნ.ქ–ა, ნ.გ–ს ჩაბარებული აქვს სასამართლოს გზავნილი და შესაბამის გრაფაში მითითებულია - მენეჯერი (ტომი X, ს.ფ. 232), მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულება ლ.ჩ–ისა და გ.ჩ–ის წარმომადგენელ - ნ.ქ–ას, არ გაუქარწყლებია, ამიტომ პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2024 წლის 2 მაისს სასამართლოს უწყება ჩაბარდა უფლებამოსილ პირს, შესაბამისად, მხარისთვის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა იწურებოდა 2024 წლის 13 მაისს (რადგან ბოლო მე-10 დღე იყო კვირა დღე).

15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მეორე პრეტენზიაც, რომელიც დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარდგენას მიემართება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუკი გასაჩივრების უფლების მქონე მხარე საჩივარს ფოსტაში ჩააბარებს გასაჩივრების ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, მიიჩნევა, რომ მან საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა, მიუხედავად თავად ფოსტის მიერ გზავნილის ადრესატამდე მიტანის თარიღისა. საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან დგინდება, რომ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი საქმეზე N2ბ/1516-2024 (ლ.ჩ–ი და გ.ჩ–ი) სასამართლოში რეგისტრირებულია 2024 წლის 31 მაისს, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მასზე დართული შეტყობინების ბარათი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ, საიდანაც თითქოს დგინდება, რომ დოკუმენტი ადვოკატ ნ.ქ–ას მიერ გაგზავნილია 2024 წლის 13 მაისს, ანუ სასამართლოს მიერ დადგენილი 10 დღიანი ვადის ბოლო დღეს, თუმცა საფოსტო გზავნილზე დართული დოკუმენტი აბსოლუტურად განსხვავდება იმავე კომპანიის მიერ გაცემული სხვა იდენტური გზავნილის დამადასტურებელი დოკუმენტებისაგან, რომლებიც თავად ნ.ქ–ას აქვს წარმოდგენილი. კერძოდ, ყველა სხვა შემთხვევაში, იდენტური დოკუმენტები დამოწმებულია კომპანიის ე.წ. სველი ბეჭდით, მისთვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილას - დოკუმენტის მარჯვენა ზედა კუთხეში, ამასთან, ყველა სხვა შემთხვევაში, შეტყობინების ბარათი მიმაგრებულია კონვერტზე, რომელზეც თავის მხრივ, დატანილია შტრიხკოდი, კომპანიის ბეჭედი, უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და დასმულია შესაბამისი თარიღი (იხ. ტომი IX, ს.ფ. 472, ტომი X, ს.ფ. 119-120, ტომი X, ს.ფ. 126-127, ტომი X, 191-192, ტომი X, 202, ტომი X, 218-219 და ა.შ). გარდა ამისა, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია კონვერტით, რომელიც ერთვის სააპელაციო საჩივარს, თუმცა მსგავსად შეტყობინების ბარათისა, მასაც არ აქვს დასმული კომპანიის ბეჭედი და ხელმოწერა (ტომი X, ს.ფ. 102). ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივად შესწავლის პირობებში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ.ქ–ამ სასამართლოს წინაშე, რელევანტური, განკუთვნადი სანდო და იმპერატიული მტკიცებულების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა, რომ ფოსტას დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი სასამართლოსთვის გადასაცემად ჩააბარა 2024 წლის 13 მაისს, ანუ სასამართლოს მიერ დადგენილი 10 დღიანი ვადის ბოლო დღეს. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ განჩინებით განსაზღვრული 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 3 მაისს და დამთავრდა 13 მაისს (რადგან ბოლო მე-10 დღე იყო კვირა დღე), აპელანტებს კი, აღნიშნულ ვადაში, კანონით დადგენილი წესით, ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოსთვის არ მიუმართავთ, რაც კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს ასევე, არ ქმნის ის გარემოება, რომ იგი მიღებულია უქმე დღეს - 17 მაისს (ოჯახის სიწმინდის დღეს). ამ მიმართებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 მაისის N167 დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 2024 წლის 17 მაისი, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებული პირებისთვის გამოცხადდა უქმე დღედ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. შესაბამისად საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოები, ამ გაგებით არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოებს. ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განჩინების დათარიღება უქმე დღედ გამოცხადებული რიცხვით არ არღვევს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს და არ ეწინააღმდეგება სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებას.

17. ამდენად საკასაციო პალატა ასკვნის, რომ კერძო საჩივარში მოყვანილი არგუმენტებითა და დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება, რომ ლ.ჩ–ისა და გ.ჩ–ის წარმომადგენელმა - ნ.ქ–ამ სააპელაციო საჩივარი ფოსტაში ჩააბარა 2024 წლის 13 მაისს, ხარვეზის აღმოსაფხვრელად, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის უკანასკნელ - მე-10 დღეს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე, მიიჩნევა, რომ მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ წარადგინა კანონით დადგენილ ვადაში (ხარვეზი არ აღმოიფხვრა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

19.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.ჩ–ისა და გ.ჩ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მომხსენებელი: ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი