Facebook Twitter

საქმე №ას-799-2023 14 თებერვალი 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ხ. და კ–ია“ (მოსარჩელე )

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებულად აღიარება, პირგასამტეხლოს გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ხ. და კ–იამ“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი, „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებულად აღიარებისა და დაკისრებული პირგასამტეხლოს გაუქმების შესახებ.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა“ და შპს „ხ. და კ–იას“ შორის, 2017 წლის 22 ივლისს გაფორმდა N658/06 ხელშეკრულება.

2.2. მოსარჩელე ხელშეკრულებაზე თანდართული სატენდერო პირობის - საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. ვინაიდან ტენდერის ფარგლებში მომზადებული პროექტი ობიექტზე არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამო იყო, წარმოიშვა პროექტის კორექტირების აუცილებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დამკვეთის ინიციატივით, ხელშეკრულება შეიცვალა, ასევე საჭირო გახდა ცენტრალური ბიბლიოთეკის ფასადის სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის კორექტირებაც, რადგან სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, ეკლარის ქვების დემონტაჟის შემდეგ, კედლის მდგომარეობამ მოითხოვა კედლების ნაწილობრივი ლესვის ნაცვლად, ლესვის სამუშაოები განხორციელებულიყო კედლების მთლიან ფართზე. ხარჯთაღრიცხვის კორექტირების შემდეგ, ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულებამ ნორმატიული დანარიცხვებისა და დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 130 821.79 ლარი.

2.3. მშენებლობის პროცესში, შემსყიდველმა განმეორებით მოითხოვა პროექტის კორექტირება, რაც გამოიხატა სამუშაოს შემცირებაში. ობიექტზე ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, შესრულებული სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 107 024.88 ლარი, ნაცვლად 130 821.79 ლარისა.

2.4. ხელშეკრულების მე-6 თავის თანახმად, სამუშაოები დასრულებულად უნდა ჩათვლილიყო მხოლოდ მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ; ამასთან, დასრულებული ობიექტის ჩაბარებისა და აქტის გაფორმებისათვის მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაოების დასრულებიდან 15 ვადაში, წარედგინა ფორმა N2 და ფორმა N3 ინსპექტირების ანგარიში, ანუ ობიექტზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. მოსარჩელემ შემსყიდველს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შემდეგ მხარეს არ გამოუხატავს ნება აღნიშნული დასკვნის შეუსაბამობის თაობაზე ან არაჯეროვანი შესრულების თაობაზე, შემსყიდველმა დასკვნა მიიღო, დაერთო საპროექტო დოკუმენტაციას და განხორციელდა საბოლოო ანგარიშსწორება.

2.5. 2020 წლის 6 აპრილს სამუშაოების დასრულებიდან 5 თვის შემდეგ, მოსარჩელემ მიიღო შემსყიდველისგან შეტყობინება, რომლითაც იგი აპელირებდა ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებაზე და ითხოვდა პირგასამტეხლოსა და ჯარიმის გადახდას.

2.6. 2020 წლის 8 ივლისს, მხარეს კვლავ ეცნობა, რომ შემსყიდველის აზრით, კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არაჯეროვნად შესრულდა რის გამოც, ამავე წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ იგი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო მიმართავდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კომპანიის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით.

2.7. სამუშაოების არაჯეროვანი შესრულების გამო მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლო (22 ვადაგადაცილებულ დღეზე, სახელშეკრულებო ღირებულების 0.05%) 1439,04 ლარის ოდენობით. ამასთან, სამუშაოების არაჯეროვანი შესრულების გამო მასვე დაეკისრა ჯარიმა დარჩენილი შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების (23 796.91 ლარი) 10%-ის ოდენობით - 2 379.96 ლარი. სულ 3818.73 ლარი.

2.8. მოსარჩელის მტკიცებით, ნაკისრი ვალდებულებები უნდა შესრულებულიყო 2019 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით, 5 ნოემბერს შემსყიდველს ოფიციალურად აცნობა მოსარჩელემ სამუშაოების დასრულების შესახებ. მომჩივანისათვის გაურკვეველია 22 დღე ვადაგადაცილება რამ გამოიწვია ან მოპასუხემ რა მიიჩნია ვადაგადაცილებად.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3.2. მოპასუხის მტკიცებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან არ დასტურდებოდა, რომ შემსყიდველმა მოითხოვა პროექტის კორექტირება და სამუშაოს შემცირება. რაც შეეხება სამუშაოს შესრულების მიღებას, მოპასუხემ განმარტა, რომ შემსყიდველმა წარდგენილ დასკვნაზე პრეტენზია თუ არ გამოხატა, არ ნიშნავს, რომ მან უარი თქვა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან წარმოშობილ მოთხოვნაზე.

3.3. შესაგებლის თანახმად, მოსარჩელე თავად მიუთითებდა, რომ მას ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეესრულებინა 2019 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო სამუშაოების დასრულების თაობაზე საბოლოო ანგარიში წარმოდგენილ იქნა 26 ნოემბერს, ანუ, შეთანხმებული ვადის დარღვევით.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ხ. და კ–იის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. შესრულებულად იქნა აღიარებული სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს „ხ. და კ–იას“ შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2019 წლის 22 ივლისს გაფორმებული N658/06 ხელშეკრულება, მასში 2019 წლის 17 ოქტომბრის შეტანილი ცვლილებებით. შესაბამისად, გაუქმდა შპს „ხ. და კ–იისათვის“ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2019 წლის 22 ივლისს გაფორმებული N658/06 ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული 3 818.73 ლარის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელი.

5.2. სააპელაციო პალატამ, დასაბუთებულად მიიჩნია აღიარებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობების არსებობის შესახებ მტკიცება და განმარტა, რომ მოსარჩელის/მოწინააღმდეგე მხარის იურიდიული ინტერესი მოცემული დავისადმი აშკარა იყო, ვინაიდან მას სურდა სასამართლოს ძალით დადგენილიყო რომ მან, როგორც ხელშეკრულების მხარემ ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ასევე, მხარის იურიდიული ინტერესი გამოიხატებოდა, წინამდებარე სარჩელის მეშვეობით კომპანიის (სხვა) ფინანსური თუ რეპუტაციული ინტერესების დაცვაში (გაფრთხილებულ პირთა სიიდან ამოღება, ხელშეკრულების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდისაგან გათავისუფლება). მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, (გაუქმდეს მხარეთა შორის გაფორმებული N658/06 ხელშეკრულების საფუძველზე შემსყიდველის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო 1439.04 ლარის ოდენობით და ამავე ხელშეკრულების ფარგლებში დაკისრებული ჯარიმა, 2379.96 ლარის ოდენობით (სულ 3818.73 ლარი)) პალატამ განმარტა, რომ მიუხედავად მისი ფორმირებისა, მოთხოვნა ქონებრივი აქტივისაგან გათავისუფლებისკენ იყო მიმართული, რაც ვერ ჩაითვლებოდა წმინდა აღიარებით მოთხოვნად. თუმცა, პალატამ აღნიშნა, რომ საწინააღმდეგოს დაშვების შემთხვევაშიც კი - მომჩივანის იურიდიული ინტერესი ნამდვილი და იმთავითვე ნათელი იყო.

5.3. სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების ნაწილში სააპელაციო პალატამ, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მხარეთა შორის შედგა ორი მიღება-ჩაბარების აქტი. პირველი ეტაპის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების ჯამი განისაზღვრა 81918.98 ლარით, ხოლო მეორე და ბოლო ეტაპზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 25105.90 ლარით. შესრულებული სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 107 024.88 ლარი, ნაცვლად 130 821.79 ლარისა. შესაბამისად, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო გარემოება იმის თაობაზე, რომ 2019 წლის 5 ნოემბერს, შპს „ხ. და კ–იამ“ აცნობა შემსყიდველს ობიექტზე სამუშაოების დასრულების თაობაზე, ხოლო 2019 წლის 26 ნოემბერს წარუდგინა ინსპექტირების ანგარიში. პალატამ დასძინა, რომ შესრულებასთან დაკავშირებული პრეტენზია შემსყიდველს არ გამოუთქვამს და სამუშაოები ჩაიბარა.

5.4. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო საქმის მასალებში წარმოდგენილ შემდგომ დოკუმენტაციას: 2019 ელის 9 დეკემბრის მოხსენებით ბარათს (N24048/10), შპს „რ–ის“ 2019 წლის 24 ოქტომბერს გაცემულ ინსპექტირების ანგარიშსა (PR-ETP.G04.FA.842) და ინსპექტირების ორგანოს ექსპერტის შენიშვნების გათვალისწინებით შედგენილ სამუშაოების შუალედური შესრულების აქტს - ფორმა N2-ს, რის შესაბამისადაც დაადგინა, რომ მოპასუხის წარმომადგენელი და ტექნიკური სამუშაოს შეფასებაზე უფლებამოსილი პირი, აღიარებდა ვალდებულების შესრულების ფაქტს და მოუწოდებდა შესაბამის სამსახურებს განეხორციელებინათ შესრულებული სამუშაოს საზღაურის თანხის გადახდისათვის საჭირო პროცედურები. პალატამ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ აქტში არაფერი იყო ნათქვამი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებაზე, არაჯეროვან შესრულებაზე, შესრულების დანაკლისზე და სხვა ისეთ გარემოებაზე, რასაც შესაძლებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა.

5.5. სააპელაციო პალატამ ასევე, მოპასუხის მხრიდან ტექნიკურ დავალებაში (ხარჯთაღრიცხვაში) ასახული მონაცემების უზუსტობის გამო, დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ შესრულებული სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ ინსპექტირების აქტისა და მიღება-ჩაბარების აქტების შესაბამისად შეადგინა 107 024.88 ლარი, ნაცვლად 130 821.79 ლარისა და რომ სწორედ ხსენებულ თანხებს შორის 23 796.88 ლარიანი სხვაობა წარმოადგენდა მოსარჩელე მხარის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას.

5.6. სააპელაციო პალატამ შეჯამების სახით მიუთითა, რომ ვინაიდან სამუშაოების დასრულების ვადა განსაზღვრული იყო 2019 წლის 4 ნოემბრით ხოლო, 5 ნოემბერს მოპასუხეს ეცნობა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შესახებ. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ სამუშაოების დასრულების საბოლოო ანგარიში მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა 2019 წლის 26 ნოემბერს, ვერ ჩაითვლებოდა სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევად და პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლად. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო მოსარჩელისთვის პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძვლები - არც ვალდებულების შეუსრულებლობა და არც შესრულების ვადის დარღვევა.

5.7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია დავის მიმართ მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად. მოცემული ნორმის მიხედვით, სასამართლო აღიარებით სარჩელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს წარმოებაში, თუ აღიარებითი სარჩელის მიმართ მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მიკუთვნებითი მოთხოვნის არარსებობა და მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნის მიმართ ინტერესი. კასატორი ამტკიცებს, რომ მოსარჩელის მიზნის მიღწევა - ე.წ. „შავი სიიდან“ ამოღება, შესაძლებელი იყო სარჩელის აღძვრის გარეშეც, კერძოდ, იმ აქტის გასაჩივრების გზით, რომლითაც იგი შეყვანილ იქნა „შავ სიაში“.

6.2. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დარიცხული პირგასამტეხლოს გაუქმება, თავისი არსით არ წარმოადგენდა აღიარებით მოთხოვნას, თუმცა მაინც ძალაში დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და მისი არსებითად განსახილველად მიღების სამართლებრივ საფუძვლებს. კასატორი დასძენს, რომ სააპელაციო პალატამ ჯერ მიუთითა საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლზე, ხოლო შემდეგ დავა გადაწყვიტა 629-ე მუხლის საფუძველზე, რაც ეწინააღმდეგება საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლს.

6.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 5 ივლისის განჩინებით, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

- 2019 წლის 22 ივლისს სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის საფუძველზე სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა“ და შპს „ხ. და კ–იას“ შორის დაიდო N658/06 ხელშეკრულება;

- 2019 წლის 22 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მოპასუხის მიერ თსუ-ს ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობის ფასადის, მე-6 სასწავლო კორპუსის აუდიტორიებისა და ტურიზმის საერთაშორისო სკოლაში მედიცინის ფაკულტეტის კუთვნილი ოთახების სარემონტო სამუშაოების წარმოება. შესასრულებელი სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 118 929.00 ლარით, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადა 60 კალენდარული დღით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ღირებულების 0.05 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

- სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს „ხ. და კ–იას“ შორის გაფორმებულ N658/06 ხელშეკრულებაში 2019 წლის 17 ოქტომბერს შევიდა ცვლილება. შეიცვალა ბიბლიოთეკის ფასადზე შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები. ასევე, 2019 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმება მოიცავდა უნივერსიტეტის მე-6 და მე-11 (ბიოლოგების) სასწავლო კორპუსებში დამატებითი სამუშაოების შესრულებას. 2019 წლის 17 ოქტომბრის შეთანხმების თანახმად, შესასრულებელი სამუშაოების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 130 821.79 ლარით. მოსარჩელე ორგანიზაციას დამატებითი მოცულობების სამუშაოების შესრულებისათვის დაემატა 45 კალენდარული დღე. საბოლოოდ ხელშეკრულების შესრულების და სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 4 ნოემბერი;

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, ვინაიდან საკასაციო საჩივარი რაიმე არსებით შედავებას არ შეიცავს ვალდებულების შესრულების ან დარიცხული პირგასამტეხლოს გაუქმების კანონსაწინააღმდეგობასთან მიმართებით, ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მხოლოდ პროცესუალურსამართლებრივი თვალსაზრისით მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის შესაძლებლობა.

13. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღნიშნა, კასატორის ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ იმსჯელეს მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, რაც საკითხის სრულყოფილად შესწავლის შემთხვევაში, წარდგენილი საჩივრის დაუშვებლად ცნობის წინაპირობებს ქმნიდა (ვინაიდან არ არსებობდა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი დავის მიმართ), (თუმცა საკასაციო საჩივარში მხარე ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას). კასატორის პირველ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული, იურიდიული ინტერესი აღიარებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო არ მიიღებს სარჩელს, თუ მოსარჩელეს არ აქვს ასეთი სარჩელის აღძვრის ინტერესი. ამიტომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ავალდებულებს მოსარჩელეს მიუთითოს მის მიერ აღძრულ აღიარებით სარჩელში ასეთ იურიდიულ ინტერესზე. თუმცა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იურიდიული ინტერესი არის არა სარჩელის შინაარსის საკითხი, არამედ, ამ სარჩელის აღძვრის, მისი განსახილველად მიღების წინაპირობა. შესაბამისად, კასატორის არგუმენტი, რომლის თანახმადაც 180-ე მუხლის მიუხედავად სააპელაციო პალატამ დავა გადაწყვიტა ნარდობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე, სრულიად უადგილო და არარელევანტურია.

14. ამასთან, გარდა იმისა, რომ აღიარებითი სარჩელის მიღებისათვის საჭიროა ყველა ის დადებითი თუ უარყოფითი წინაპირობები, რომლებიც მითითებულია 178-ე მუხლში (სარჩელის შინაარსი), აღიარებით სარჩელს წაეყენება კიდევ ერთი დამატებითი წინაპირობა - იურიდიული ინტერესი. აქედან გამომდინარე, თუ არსებობს სარჩელის აღძვრის ყველა წინაპირობა, რომლებიც გათვალისწინებულია 178-ე მუხლით, მაგრამ არ არსებობს იურიდიული ინტერესი, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას აღიარებითი სარჩელის მიღებაზე და განხილვაზე. განსხვავებით მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელებისა, რომლებიც მიმართულია დარღვეული უფლების დაცვისაკენ, აღიარებითი სარჩელების დროს მოსარჩელის უფლება ჯერ კიდევ არაა დარღვეული, მაგრამ არსებობს მისი მომავალში დარღვევის საშიშროება, რადგან ვიღაცა ედავება მას ამ უფლებაში.

15. აქედან გამომდინარე, იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, რომელიც წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის მიღებისა და განხილვის წინაპირობას, საჭიროა, რომ: ა) მოსარჩელეს ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა; დ) აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ უკვე შესაძლებელია სარჩელი თვით ვალდებულების შესრულების თაობაზე, ე.ი. თუ შესაძლებელია აღიძრას მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664-635-2016, 02.03.2017წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: N1089-1009-2017, 05.12.2017წ; Nას-437-409-17 29.09.17, Nას 916—857-17 12.09.17, Nას-302-285-17, 16.06.17, Nას-244-232-17 19.05,17 Nას-937-887-2015, 10.11.2015წ.; Nას- 17-14-2015, 01.07.2015წ.; ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; Nას-869-819-2015, 11.12.2015წ.; Nას- 773-730-2015, 08.09.205წ.; Nას-181-174-2016, 06.05.2016წ.; Nას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; Nას-323-308, 2016, 03.06.2016წ.; Nას-407-390-2016, 10.6.2016წ; Nას-375-359-2016, 17.06.2016წ; საქმე Nას-595-554-2017, 15.12. 2017წ.).

16. ზემოაღნიშნული განმარტებებისა და წინამდებარე საქმეზე წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის შინაარსის ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებულად ცნობისა და შესაბამისად, უკანონოდ დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი). საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მეორე მოთხოვნა პირველის თანმდევი შედეგია, ამასთან, მიუხედავად მისი ქონებრივი ხასიათისა, იგი არ წარმოადგენს მიკუთვნებით მოთხოვნას, რაც აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოება ვერ იქნება. რაც შეეხება, აღიარებითი სარჩელის უმთავრეს ელემენტს - მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს, სარჩელით ირკვევა, რომ მისი იურიდიული ინტერესია ხელშეკრულების შესრულებულად აღიარება, კომპანიის გაფრთხილებულ პირთა სიიდან ამორიცხვა, მის თეთრ სიაში დაბრუნება და კომპანიის შელახული რეპუტაციის აღდგენა, ასევე, მოსარჩელის იურიდიული ინტერესია, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხე მხარეს სამართლებრივად არ ჰქონდეს უფლება მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული ჯარიმა, რაც საკასაციო პალატის აზრით. დაცვის ღირს ლეგიტიმურ იურიდიულ ინტერესად უნდა შეფასდეს. საკასაციო პალატის აზრით, ამ სამართლებრივი შედეგის მიღწევა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე პროცესუალური თვალსაზრისით დაამტკიცებს ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებას, პირგასამტეხლოსა და ჯარიმის დაკისრების უსაფუძვლობას, ასეთ შემთხვევაში, პალატის აზრით, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება შექმნის იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ზემოთ მითითებული გარემოებების დამტკიცება მოსარჩელემ შეძლო სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით რაც არ არის შედავებული საკასაციო საჩივარში. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სწორედ ამ გარემოებების დამტკიცების გამო, სასამართლომ მართებულად განსაზღვრა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი.

17. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

18. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (შდრ. იხ. სუსგ საქმეზე N1374-2023, Nას-1102-2020, Nას-455-2020 და Nას-462-2020).

19. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (204864548) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 17/05/2023წ. №29969 საგადახდო დავალებით გადახდილი 1190 ლარის 70% - 833 ლარი; შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი