საქმე №ას-701-2022 28 თებერვალი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ.უ.ე.ფ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (შემდეგში „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ (შემდეგში „მოპასუხე“, „კასატორი“) წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა ზიანის სახით - 59 466,93 ლარის დაკისრება.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სარგებლობს მოპასუხის მომსახურებით და შესაბამისად, რეგისტრირებულია მის აბონენტად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოხმარებულმა სასმელი წყლის ღირებულებამ წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად მოიმატა და 2018 წლის ნოემბრის თვეში სამინისტროს წყლის საფასურის სახით დაერიცხა 9 896.80 ლარი, 2018 წლის დეკემბრის თვეში - 7 695.98 ლარი, 2019 წლის იანვარში - 12 996. 26 ლარი, თებერვალში - 11 385.48 ლარი, მარტში - 11 840.28 ლარი, აპრილში - 10 710.14 ლარი.
2.2 სამინისტროს მიმართვის შემდეგ, მოპასუხემ გამოცვალა უკუსარქველი. აღნიშნულის შემდგომ, მაისის თვეში, დაფიქსირებული წყლის საფასური საგრძნობლად შემცირდა და წინა თვესთან შედარებით თითქმის სამჯერ ნაკლები - 3 828.19 ლარი, შეადგინა. ანალოგიურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი 2019 წლის დეკემბრის თვეშიც, კერძოდ, დეკემბრის თვეში დარიცხული გადასახადი შეადგენდა 11 123.76 ლარს, მაშინ როდესაც წინა თვის (2019 წლის ნოემბრის) გადასახადი შეადგენდა 3 898.60 ლარს.
2.3. 2019 წლის დეკემბრის თვეში კვლავ მომატებულმა ხარჯის დარიცხვამ განაპირობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან განმეორებით, უკუსარქველის შეცვლა. უკუსარქველი დამონტაჟდა 2020 წლის 10 თებერვალს.
2.4. 2020 წლის 10 თებერვალს, უკუსარქველის ხელმეორედ დამონტაჟების შემდგომ, მომდევნო თვეებში დარიცხული წყლის საფასური კვლავ შემცირდა.
2.5. 2018 წლის ნოემბრიდან - 2019 წლის აპრილამდე და 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის თებერვლამდე შუალედში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გადახდილ იქნა სულ 95 550.9 ლარი, რაც 59 466.93 ლარით აღემატება სტატისტიკურად სადავო პერიოდამდე სამი წლით ადრე განხორციელებულ საშუალოდ გადასახდელ თანხას.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3.2. მოპასუხის მითითებით, სადავო პერიოდში მომატებული გადასახადის ოდენობა გამოწვეული იყო სასმელი წყლის მოხმარების ზრდით, რადგან სასმელი წყლის მოხმარების ინტენსივობა იმატებს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ვიდრე დარჩენილი ორი სეზონის განმავლობაში. მოპასუხემ ასევე, მიუთითა წყლის ჭარბი რაოდენობით მოხმარების ზრდის, შიდა სისტემის მოუწესრიგებლობით გამოწვევის შესაძლებლობაზეც.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ დაეკისრა 59 466,93 ლარის გადახდის ვალდებულება.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შპს „ჯ.უ.ე.ფ–მა“ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით – სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.2. სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო სამართალში მოქმედი შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპზე დაყრდნობით განმარტა, რომ აპელანტი დავობდა დარიცხული წყლის გადასახადის მართლზომიერების თაობაზე, მაშინ როდესაც საქმის მასალებში არსებობდა მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა მოსარჩელისთვის დარიცხული წყლის გადასახადის შემცირებას უკუსარქველის დაყენების შემდგომ. შესაბამისად, პალატის აზრით, სწორედ აპელანტის პრეროგატივა იყო წარმოედგინა ისეთი მტკიცებულება, რომელიც გამოცვლილი უკუსარქველისა და მრიცხველის გამართულ მუშაობას დაადასტურებდა. სააპელაციო პალატის აზრით, აპელანტის (მოპასუხის) მითითება, რომ ზოგადად წყლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება შესაძლოა შიდა სისტემის მოუწესრიგებლობითაც ყოფილიყო გამოწვეული ვერ იქნებოდა გაზიარებული რადგან, ამ ზეპირი ახსნა-განმარტების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა ხოლო, მეორე მხრივ, 2015-2018 წლებშიც შეიძლებოდა არსებულიყო დაზიანებული წერტილები, რაც ისედაც მოხვედრილი იქნებოდა გამოსათვლელი თანხის ოდენობაში.
5.3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის არც ის მოსაზრება, რომ წყლის გადასახადის კლება შესაძლებელია დაკავშირებული ყოფილიყო პანდემიის დაწყებასთან. ამ არგუმენტთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო პერიოდამდე 3 წლით ადრე არსებულ მონაცემთა დამუშავების შედეგად მიღებული საორიენტაციო გადასახდელი თანხის ოდენობის განსაზღვრა, გამორიცხავდა პანდემიურ პერიოდში არაკანონზომიერად მცირე ოდენობის წყლის მოხმარებით გამოწვეულ ფასთა შორის სხვაობას, რაც აპელანტის (მოპასუხის) შესაგებლის ერთ-ერთი ნაწილი იყო.
5.4. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო პერიოდებში და სხვა წლებში განხორციელებული დარიცხვების, აგრეთვე უკუსარქველისა და აღრიცხვის კვანძის შეცვლის დროების ერთობლივმა კვლევამ დაადასტურა, მოსარჩელის მითითებული ფაქტების მართებულობა, ვინაიდან უკუსარქველისა და აღრიცხვის კვანძის შეცვლის თარიღების შემდგომ დარიცხვის ოდენობა სრულ კანონზომიერებაში მოდიოდა წინა წლების სტატისტიკურ მაჩვენებლებთან. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
5.5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შპს „ჯ.უ.ე.ფ–მა“, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორი მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს მოწვეული სპეციალისტის მიერ მიცემული ჩვენების შინაარსი, რადგან სასამართლომ მიუთითა, თითქოს სამინისტროს წყალმომარაგების სისტემაზე დაყენებული იყო ორი მრიცხველი, მაშინ როდესაც მოწმეს მსგავსი რამ არ განუცხადებია. სპეციალისტმა განმარტა, რომ სამინისტროს წყალმომარაგების სისტემაზე დაყენებულია ერთი ელექტრონული მრიცხველი, რომელიც აღრიცხავს, როგორც სისტემაში შემავალი წყლის მოცულობას, ისე უკან დაბრუნებული წყლის მოცულობას, ასევე აფიქსირებს სისტემაში მოხვედრილი ჰაერის ოდენობასაც, რაც მას განასხვავებს მექანიკური მრიცხველისაგან. მხარის მტკიცებით, აღნიშნული მრიცხველი ჩვენებას აჯამებს სისტემაში შესული და სისტემიდან დაბრუნებული წყლის მოცულობის მიხედვით, რასთანაც უკუსარქველი კავშირში საერთოდ არ არის, მეტიც, უკუსარქველი არ წარმოადგენს წყალმომარაგების სისტემის განუყოფელ, სათადარიგო ნაწილს.
6.2. კასატორი აცხადებს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, და არასწორადვე აღნიშნა, რომ წყალმომარაგების კომპანიას უნდა დაემტკიცებინა სამინისტროს წყალმომარაგების სისტემაზე უკუსარქველის დამონტაჟებაზე რამდენად იყო დამოკიდებული მოხმარებული წყლის ხარჯი. ამასთან, კასატორი ამტკიცებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას სრულად დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, თითქოს უკუსარქველის შეცლას რაიმე კავშირი ჰქონდა დარიცხული წყლის გადასახადის ოდენობაზე.
6.3. კასატორი უთითებს, რომ სასამართლომ არასწორად არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ფაქტობრივად მომატებული ხარჯი შესაძლებელია დაკავშირებოდა ნოემბრიდან თებერვალ-მარტამდე პერიოდს, როდესაც უფრო მეტი რაოდენობის წყალს მოიხმარს აბონენტი, ვიდრე ზაფხულის თვეებში.
6.4. კასატორი მიიჩნევს, რომ არ არის დასაბუთებული სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ რატომ უნდა დაბრუნებოდა მოსარჩელეს 59 466,93 ლარი და არა სხვა ოდენობის თანხა.
6.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სარგებლობს შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ მომსახურებით (სასმელი წყლის მიწოდება) და რეგისტრირებულია მის აბონენტად;
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოხმარებულმა სასმელი წყლის ღირებულებამ წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად მოიმატა და 2018 წლის ნოემბრის თვეში სამინისტროს წყლის საფასურის სახით დაერიცხა 9 896.80 ლარი, 2018 წლის დეკემბრის თვეში - 7 695.98 ლარი, 2019 წლის იანვარში - 12 996. 26 ლარი, თებერვალში - 11 385.48 ლარი, მარტში - 11 840.28 ლარი, აპრილში - 10 710.14 ლარი;
- მომატებული გადასახადის გამო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან მოპასუხისადმი მოთხოვნილ იქნა უკუსარქველის დამონტაჟება;
- სარქველის დამონტაჟების გამო 2019 წლის მაისიდან 2019 წლის დეკემბრამდე შუალედში მოხმარებული წყლის ყოველთვიური ღირებულება დავიდა სხვა წლების სტატისტიკასთან შესაბამის ოდენობამდე;
- 2019 წლის დეკემბრის თვეში კვლავ მომატებულმა ხარჯის დარიცხვამ განაპირობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან კვლავ უკუსარქველის შეცვლა. უკუსარქველი დამონტაჟდა 2020 წლის 10 თებერვალს;
- 2020 წლის 10 თებერვალს დამონტაჟებული უკუსარქველის შემდგომ, ზემოდასახელებული შემთხვევის მსგავსად, მომდევნო თვეებში დარიცხული წყლის საფასური შემცირდა;
- სადავო პერიოდამდე (2018 წლის ნოემბრამდე) სამი წლით ადრე განხორციელებული დარიცხვებისა და გადახდების სტატისტიკისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ოდენობის მოხმარებული წყლის ხარჯის დარიცხვა განხორციელდა შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ მიერ 2018 წლის ნოემბრიდან - 2019 წლის აპრილამდე და 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის თებერვლამდე შუალედში;
- შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ მიერ 2019 წლის მაისიდან 2019 წლის ნოემბრის ჩათვლით და 2020 წლის მარტიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდში განხორციელდა, წინა წლების პერიოდისათვის განხორციელებული დარიცხვის სტატისტიკის შესაბამისი ოდენობა, რაც გამოწვეული იყო ერთ შემთხვევაში მრიცხველის, ხოლო მეორე შემთხვევაში უკუსარქველის გამოცვლით;
- სადავო პერიოდში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გადახდილ იქნა სულ 95 550.9 ლარი, რაც 59 466.93 ლარით აღემატება სტატისტიკურად სადავო პერიოდამდე სამი წლით ადრე განხორციელებულ საშუალოდ მოხმარებულს.
12. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია 2018-2019 წლებში მოსარჩელისთვის დარიცხული წყლის მოხმარების გადასახადის მართლზომიერება, კერძოდ, სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო პერიოდში წყლის მოხმარების გადასახადის ზრდა დაკავშირებული იყო მოპასუხის განმგებლობაში მოქცეული მოწყობილობების გაუმართავი მუშაობით, თუ მისი ზრდა უკავშირდებოდა სხვა ობიექტურ გარემოებებს, როგორებიცაა წყლის მოხმარების ზრდა, პანდემია, შიდა სისტემის გაუმართაობა და სხვა.
13. იმ შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მხარეს სურს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავის მომწესრიგებელ დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი), ამავე მუხლის მე-2 ნაწილი (მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლი (ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვნილი), და ამავე კოდექსის 976.1. მუხლი (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა).
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი). პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.
15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება. მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრე, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის ვალდებულება შემოიფარგლება წყლის მოხმარების გადასახადის არალოგიკური ზრდის დადასტურებაში ხოლო, მოპასუხის ვალდებულებაა წყლის გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება ამტკიცოს.
17. მოსარჩელე უთითებდა, რომ წინა წლების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით სასმელი წყლის მოხმარებული საშუალო ყოველთვიური გადასახადი გაიზარდა სულ მცირე ორჯერ - 2018 წლის ნოემბრის თვეში სამინისტროს წყლის საფასურის სახით დაერიცხა 9 896.80 ლარი, 2018 წლის დეკემბრის თვეში - 7 695.98 ლარი, 2019 წლის იანვარში - 12 996. 26 ლარი, თებერვალში - 11 385.48 ლარი, მარტში - 11 840.28 ლარი, აპრილში - 10 710.14 ლარი. აღნიშნულის დასადასტურებლად სარჩელს ერთვის ამონაწერი აბონენტის ბრუნვის ისტორიიდან (ს.ფ. 20-32). უდავოა, რომ მომატებული გადასახადის გამო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან მოპასუხისადმი მოთხოვნილ იქნა უკუსარქველის დამონტაჟება. საქმის მასალებში წარმოდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორიიდან იკვეთება, რომ სარქველის დამონტაჟების გამო 2019 წლის მაისიდან 2019 წლის დეკემბრამდე შუალედში მოხმარებული წყლის ყოველთვიური ღირებულება დავიდა სხვა წლების სტატისტიკასთან შესაბამის ოდენობამდე. გარკვეული პერიოდის შემდგომ წყლის დარიცხული გადასახადის ოდენობა კვლავ გაიზარდა, რასაც შედეგად მოყვა კვლავ უკუსარქველის შეცვლა, რომელიც დამონტაჟდა 2020 წლის 10 თებერვალს. სარჩელზე დართული მტკიცებულებებიდან იკვეთება, რომ 2020 წლის 10 თებერვალს დამონტაჟებული უკუსარქველის შემდგომ, ზემოდასახელებული შემთხვევის მსგავსად, მომდევნო თვეებში დარიცხული წყლის საფასური შემცირდა (ს.ფ. 20-32).
18. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მათ დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებების საპირწონედ, მოპასუხემ მიუთითა, რომ წყლის გადასახადის ზრდა უკავშირდება წყლის გაზრდილ მოხმარებას, ასევე სეზონის ცვლას, პანდემიასა და შიდა სისტემის გაუმართაობას. ამასთან, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად სასამართლო სხდომაზე მოწვეულ იქნა სპეციალისტი, რომელმაც განმარტა, რომ იგი მოპასუხე ორგანიზაციაში დასაქმებულია ავტომატიზაციის სამსახურის უფროსად. მანვე მიუთითა, რომ ელექტრონულ მრიცხველს უკუსარქველი არ ესაჭიროება, იგი გამოიყენება მექანიკური მრიცხველების არსებობის შემთხვევაში ჰაერის ნაკადის აღრიცხვის თავიდან ასარიდებლად. მისთვის უცნობი იყო, თუ რატომ გამოიცვალა უკუსარქველი, ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა (იხ. სხდომის ოქმი 15:35:43 - 15:36:12 სთ-მდე). მოგვიანებით კი, მანვე ივარაუდა, რომ მსგავსი შემთხვევა შესაძლოა ნაკარნახევი ყოფილიყო ტუმბოს დატვირთვის თავიდან ასარიდებლად. სპეციალისტმა დასძინა, რომ ზოგადად შესაძლოა სველი წერტილის გაუმართაობას გამოეწვია ხარჯის მომატება, ხოლო მისი შემდგომი შემცირება კი დაზიანების აღმოფხვრას, რაც შესაძლოა დროში დამთხვეოდა სარქველის და მრიცხველის გამოცვლას.
19. საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ კასატორი ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის მქონე კომპანიაა, შესაბამისად მსგავსი დავების განხილვისას, სწორედ მისი განსაკუთრებული განმგებლობის სფეროშია მოქცეული დარიცხული გადასახადის მართლზომიერების დადასტურების შესაძლებლობა. პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ობიექტური დამკვირვებლისთვის იქმნება ლოგიკური ჯაჭვი, რომლის თანახმად უკუსარქველის შეცვლას გეგმაზომიერად მოყვებოდა დარიცხული გადასახადის შემცირებაც, ეს გარემოება დადასტურებულია, თავად მოპასუხის მიერ მომზადებული სააბონენტო დარიცხვის ბარათით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამგვარი ლოგიკური ჯაჭვის საპირისპირო მტკიცებისთვის არ გამოდგება მოპასუხის მიერ მითითებული ორაზროვანი, არაიმპერატიული და არაზუსტი ზეპირი ახსნა-განმარტებები. სახელდობრ, მხარის ზეპირი ახსნა-განმარტება შიდა სისტემის გაუმართაობის შესახებ არ გამომდინარეობს საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების ლოგიკური განვითარებიდან რადგან ცხადია, რომ იგივე წარმატებით შეიძლება იმის მტკიცება, რომ 2015-2018 წლებშიც არსებობდა დაზიანებული წერტილები, რაც ისედაც მოხვედრილი იქნებოდა გამოსათვლელი თანხის ოდენობის პერიოდში და შესაბამისად გარკვეული თვეების დარიცხვაშიც ცვლილება არ უნდა გამოეწვია. ასევე, არალოგიკურია იმგვარი მტკიცებაც, რომ სამინისტროს მიერ ხდებოდა შიდა სისტემის მოწესრიგება, რასაც თან ახლდა გადასახადის შემცირებაც. ამ მიმართებით უპირველესად საგულისხმოა, რომ გადასახადის დარიცხვის შემცირება ზუსტად ემთხვევა უკუსარქველის შეცვლას, რაც მეტად სარწმუნოა ვიდრე ის, რომ 2018-19 წლამდე არ არსებობდა შიდა სისტემის პრობლემები და ამ პერიოდიდან წელიწადში რამდენჯერმე ხდებოდა მისი შეკეთება. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ როგორც აღინიშნა კასატორს, როგორც ამ სფეროში ოპერირებულ სპეციალური ცოდნისა და გამოცდილების მქონე საწარმოს, აბონენტის პრეტენზიის შესახებ არ მიუღია სხვა არანაირი ზომა გარდა უკუსარქველის ორჯერ შეცვლისა. ეს გარემოება ქმნის გონივრულ რწმენას, რომ უსაფუძვლოა კასატორის ის მტკიცებაც თითქოს ელექტრონულ მრიცხველს უკუსარქველი საერთოდ არ სჭირდება ვინაიდან მაშინ გაუგებარია, რატომ მოხდა მისი ორჯერ შეცვლა მოპასუხის მხრიდან. ამასთან, საკასაციო პალატა დასძენს, რომ მხოლოდ კასატორის ზეპირი განმარტება ელექტრონული მრიცხველის სიზუსტის შესახებ არასაკმარისია მოსარჩელის მიერ მითითითებული ფაქტობრივი გარემოებების გასაქარწყლებლად, სულ მცირე, კასატორს შეეძლო წარმოედგინა ექსპერტიზის დასკვნა ელექტრონული მრიცხველის გამართული მუშაობის ან/და სადავო დარიცხვების მართლზომიერების სხვა შესაძლო გამომწვევი მიზეზების შესახებ, რაც არ განხორციელებულა.
20. მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს ვერ აქარწყლებს ასევე საქმის მასალებში წარმოდგენილი მოწმის ჩვენებაც, ვინაიდან არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსთვის წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს, თითოეული მათგანი ფასდება მისი განკუთვნადობის, სანდოობისა და რელევანტურობის კრიტერიუმებით, რომელსაც ეს კონკრეტული მტკიცებულება ვერ ლახავს. კერძოდ, მოწვეული მოწმე კასატორ კომპანიაში დასაქმებული და შესაბამისად დაქვემდებარებული პირია, რაც თავისთავად მიცემული ჩვენების სანდოობის/ობიექტურობის ხარისხს ადაბლებს, ამასთან, მის მიერ გაცხადებულია ორაზროვანი, არაიმპერატიული და მხოლოდ გარკვეულ შესაძლებლობებზე და ხდომილებებზე დაფუძნებული ფაქტები, რაც თავისთავად ვერ იქნება მოსარჩელის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული გარემოების გამაქარწყლებელი საპირწონე მტკიცებულება.
21. საკასაციო პალატა ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის შედავებას მოპასუხისთვის დაკისრებული თანხის ოდენობასთან დაკავშირებითაც ვინაიდან დასაკისრებელი ოდენობის შესახებ მოპასუხეს არცერთ ეტაპზე არ განუცხადებია დასაბუთეული შედავება და ამასთან, დაკისრებული თანხის ოდენობა გამოთვლილია საქმის მასალებში წარმოდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორიაში მითითებული დარიცხვების საშუალო ოდენობიდან, რაც საკასაციო პალატის აზრით, გონივრული და სამართლიანია.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა შეჯამების სახით აღნიშნავს, რომ განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, მოპასუხემ, როგორც ბაზარზე დომინირებულმა, სპეციალური ცოდნისა და გამოცდილების მქონე სუბიექტმა, ვერ დაამტკიცა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული და დოკუმენტურად გამყარებული გარემოებები, რაც მართებულად გახდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
23. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
25. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ (ს/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 13.07.2022წ. №9 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2973,34 ლარის 70% – 2081,33 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი