Facebook Twitter

საქმე №ას-1494-2024 28 თებერვალი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ო.შ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ტ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საქპატენტში დაცული დიზაინის გამოყენების აკრძალვა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ზ.ტ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ო.შ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეს აეკრძალოს მოსარჩელის კუთვნილი, საქპატენტში 917 ნომრით რეგისტრირებული ქალის ზამთრის ფეხსაცმლის იდენტური დიზაინის დამზადება, გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი, ექსპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა და ასეთი პროდუქციის შენახვა, ასევე, მოპასუხეს დაევალოს მოსარჩელის სასარგებლოდ ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის - 16 720 გადახდა.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, საქპატენტში რეგისტრირებული აქვს ქალის ზამთრის ფეხსაცმლის დიზაინი. მოპასუხემ მის დიზაინზე განსაკუთრებული უფლებები დაარღვია და მომხმარებელს მის საკუთრებაში არსებული ფიზიკური და ონლაინმაღაზიის მეშვეობით გასაყიდად შესთავაზა იდენტური დიზაინის ქალის ზამთრის ფეხსაცმელი. სადავო ფეხსაცმელი მოპასუხის „Instagram“ გვერდზე გამოჩნდა 2021 წლის 25 ნოემბერს.

3. 2022 წლის 29 სექტემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა მოპასუხე კომპანიის დირექტორსა და 100% წილის მფლობელ პირს, მის რეგისტრირებულ მისამართზე, გაუგზავნა წერილი, რომლითაც მოპასუხეს მოსთხოვა მოსარჩელის უფლებების ხელყოფის აღკვეთა და დამზადებული, გაყიდული კონტრაფაქციული საქონლის რაოდენობისა და მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა როგორც ხელყოფის შეწყვეტის, ისე ინფორმაციის მიწოდების ნაწილში.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელემ სადავო უფლებების დარღვევის ფაქტი სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს აეკრძალა მოსარჩელის კუთვნილი, საქპატენტში 917 ნომრით რეგისტრირებული ქალის ზამთრის ფეხსაცმლის იდენტური დიზაინის დამზადება, გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი, ექსპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა და ასეთი პროდუქტის შენახვა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 080 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო პალატის 2024 წლის 28 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო 30 სექტემბრის განჩინებით მისი განხილვა დაინიშნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2024 წლის 29 ოქტომბერს, 14:00 საათზე, №13 სხდომის დარბაზში, რის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ, სასამართლო უწყება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელ ანა შავარდენიძეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2024 წლის პირველ ოქტომბერს ჩაბარდა პირადად, რაც მიმღებმა დაადასტურა ხელმოწერით (ტ.3. ს.ფ. 114). მისი სახელი და გვარი, ჩაბარების თარიღი, პირადი ნომერი და ხელმოწერა გარკვევითაა მითითებული შეტყობინების ბარათზე. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტს გონივრული დრო ჰქონდა საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად.

8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 372-ე მუხლით, 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, ამავე კოდექსის 70-ე მუხლით, 73-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის 29 ოქტომბერს, 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი. საქმის განხილვაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

9. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტს სასამართლო სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობით პალატისათვის არ მიუმართავს და სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებია.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან გამოუცხადებელი მხარე სხდომის თაობაზე ინფორმირებული იყო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ამასთან, აპელანტს არ უცნობებია სასამართლოსთვის 2024 წლის 29 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებანი.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

12. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს აპელანტის წარმომადგენელთა გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით - ორივე წარმომადგენლის ავადმყოფობით, რაც დასტურდება 2024 წლის 28 ოქტომბერს აპელანტი მხარის მიერ სააპელაციო პალატისათვის გაგზავნილი განცხადების შინაარსითა და დანართი სამედიცინო დოკუმენტებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

15. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

16. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

17. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით (სუსგ 12.01.2018წ. საქმე №ას-1483-1403-2017).

18. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განხილვა სააპელაციო პალატაში დაინიშნა 2024 წლის 29 ოქტომბერს, 14:00 საათზე, №13 სხდომის დარბაზში, რის თაობაზეც ორივე მხარეს ეცნობა კანონით დადგენილი წესით. აპელანტ მხარეს სასამართლო უწყება გაეგზავნა წარმომადგენელ ანა შავარდენიძის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2024 წლის პირველ ოქტომბერს მითითებულ პირს პირადად ჩაბარდა (ტ. 3. ს.ფ. 114). აღსანიშნავია, რომ სასამართლო უწყების ჩაბარება კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია.

19. აღნიშნულის მიუხედავად, აპელანტი (არც უშუალოდ მოპასუხე შპს-ს დირექტორი და არც მისი ორი წარმომადგენლიდან არცერთი) საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, რის გამოც გასაჩივრებული 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

20. 2024 წლის 30 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში შევიდა აპელანტის წარმომადგენელ ა.შ–ძის 2024 წლის 28 ოქტომბრის განცხადება, რომელიც გაგზავნილ იქნა ფოსტის მეშვეობით (განცხადებას ერთვის კონვერტი და „ლიგალ ფოსტის“ 28 ოქტომბრის ამონაწერი). აღნიშნული განცხადებით წარმომადგენელმა აცნობა სასამართლოს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, აპელანტის ვერცერთი წარმომადგენელი ვერ გამოცხადდებოდა საქმის განხილვაზე და მიუთითა, რომ მოგვიანებით წარადგენდა შესაბამის სამედიცინო ცნობას.

21. 2024 წლის 6 ნოემბერს ფოსტის მეშვეობით სააპელაციო სასამართლოსათვის გაგზავნილ იქნა 2024 წლის 30 ოქტომბრით დათარიღებული სამედიცინო ცნობა ფორმა 100, რომლის თანახმად ა.შ–ძემ, ავადმყოფობის გამო, ექიმს მიმართა ამავე წლის 28 ოქტომბერს, თუმცა მკურნალობა დაენიშნა და წინამდებარე ცნობა გაცემულ იქნა 30 ოქტომბერს. პაციენტი სამუშაოს დაუბრუნდა 2024 წლის 2 ნოემბერს.

22. ზემოხსენებულ განცხადებას დაერთო აპელანტის მეორე წარმომადგენლის - ვ.მ–ის მიერ 2024 წლის 24 ოქტომბერს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების შესახებ ცნობა, სადაც ჩივილებში აღნიშნულია ოფლიანობა, ღებინება (დოკუმენტი წარმოდგენილია ასლის სახით და რთულად იკითხება), პაციენტს დაესვა დიაგნოზი „R11“, რაც „პირღებინება და გულისრევად“ იშიფრება. ასევე, განცხადებას ერთვის 2024 წლის 25 ოქტომბერს ამავე პირის მიერ შპს „აკადემიკოს ვ.ბ–ის კლინიკაში“ ჰეპატობილიარული ექოსკოპიის ჩატარების ამსახველი დოკუმენტი, რომლითაც აღწერილია პაციენტის მუცლის ღრუს ორგანოთა მდგომარეობა, ზომები.

23. იმის შესაფასებლად, აპელანტის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით, უნდა გაირკვეს, რა სახის გარემოება შეიძლება, ჩაითვალოს საპატიოდ.

24. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ შეფასების წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

25. კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

26. საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, განიმარტოს კანონმდებლის დათქმა – „პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“.

27. აღნიშნული დანაწესი გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე, თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ პაციენტისათვის დასმულ დიაგნოზს. ეს დიაგნოზი კი, თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე.

28. კანონის ზემოთ მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

29. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს. ამასთან, აღნიშნული მიზეზი უნდა ადასტურებდეს სადავო საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის ობიექტურ შეუძლებლობას.

30. შესაბამისად, ზემოთ მოყვანილი ნორმა ავალდებულებდა მხარეს, წარმოედგინა მის მიერ მითითებული, სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის დროულად შეტყობინების ამსახველი მტკიცებულება, რაც მას არ განუხორციელებია (იხ. სუსგ საქმე №ას-6-2023, 4 მაისი, 2023 წელი).

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სწორედ იმ მიზნით აწესებს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის მიზეზის შეფასების ზემოთ მოყვანილ წესს, რომ მხარეებმა საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და მხოლოდ ობიექტურად გამოუვალი მდგომარეობა იქნეს მიჩნეული დასახელებული მოვალეობების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად (იხ. სუსგ საქმე №ას-455-2024, 14 ივნისი, 2024 წელი).

32. განსახილველ შემთხვევაში აპელანტი მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მოპასუხის მხოლოდ ერთი წარმომადგენლის - ა.შ–ძის ჯანმრთელობის იმგვარი გაუარესება, რომლის დროსაც ეს უკანასკნელი სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა, თუმცა ამგვარი გარემოების მეორე წარმომადგენლის მიმართ დადასტურება არსებული სამედიცინო მასალებით ვერ განხორციელდა.

33. საქმის განხილვაზე ვ. მ–ის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ შეფასდება სასამართლოს სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე, პირღებინების გამო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება ან ექოსკოპიური კვლევის ჩატარება. დასახელებული არ ადასტურებს პირის იმგვარ მდგომარეობაში ყოფნას, რომლის დროსაც სასამართლოში გამოცხადება ობიექტურად ვერ ხერხდება.

34. ამასთან, ორივე წარმომადგენლის ავად ყოფნის შემთხვევაშიც, გაურკვეველია, რამ შეუშალა ხელი უშუალოდ მხარეს, გამოცხადებულიყო საქმის განხილვაზე და, ზემოთ ჩამოთვლილი პირობების გამო, საქმის სხვა დროისათვის გადადება მოეთხოვა.

35. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობათა არსებობა სარწმუნოდ ვერ დაადასტურა.

36. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ო.შ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი