საქმე №ას-1241-2024 7 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს სადაზღვევო კომპანია „უ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს სადაზღვევო კომპანია „უ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზარალის - 24 000 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2022 წლის 25 თებერვალს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა.
3. მოსარჩელის ბალანსზე რიცხულ, მოპასუხე კომპანიაში დაზღვეულ ავტომანქანა „MITSUBISHI L200-ს“, სახელმწიფო ნომერი „........“, მართავდა სააგენტოს თანამშრომელი დ.გ–ი (შემდგომ - მძღოლი). მასთან ერთად მგზავრობდა სააგენტოს სხვა თანამშრომელი - ნ.ო–ი. აღნიშნული პირები იმყოფებოდნენ მივლინებით და მოძრაობდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელი ...... მიმართულებით.
4. სოფელში გადაადგილების მიზნით, მათ გაიარეს მცირე ზომის მდინარე, რომელიც, ადგილობრივი მოსახლეობის მითითებით, იმ მომენტში საჭირო ლოკაციაზე მოსახვედრად ერთადერთ გზას წარმოადგენდა. მდინარეში შესვლის შემდგომ მანქანამ ვეღარ შეძლო მოძრაობა და უეცრად მოვარდნილმა წყალმა გაიტაცა გარკვეულ მანძილზე. ორივე თანამშრომელი გადავარდა წყალში, ავტომანქანა დაზიანდა, ხოლო მგზავრები უვნებლად გადარჩნენ. დასახელებული გზით სარგებლობამდე, მათ წინ აღნიშნული მარშრუტით ისარგებლა სხვა მაღალი გამავლობის მანქანამ, რომელსაც შემდგომ თავადაც მიჰყვნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ადგილზე გამოძახებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიცია. ამავდროულად, ფაქტის შესახებ ეცნობა მოპასუხეს. მხარეთა შორის არსებული 2021 წლის 29 დეკემბრის N270010711 სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, იმავე დღესვე (2022 წლის 25 თებერვალს) შედგა მოსარჩელის თანამშრომლების გასაუბრების ოქმი. მძღოლი შემოწმდა ალკოტესტზე და დადასტურდა, რომ იგი იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში.
5. 2022 წლის 15 ივლისის წერილით მოპასუხემ უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე სადაზღვეო შემთხვევის არარსებობის მოტივით.
6. 2022 წლის 30 სექტემბერს სააგენტომ წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის ხარაგაულის რაიონულ სამმართველოს და გამოითხოვა ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ხარაგაულის პოლიციაში დაცული დოკუმენტაცია, ასევე, ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა შემთხვევის ადგილი მოსახლეობის, მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისათვის განკუთვნილი ადგილი. აღნიშნული წერილის პასუხად, 2022 წლის 11 ოქტომბერს სააგენტოში შემოვიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი, სადაც ცალსახადაა დაფიქსირებული, რომ შემთხვევის ადგილი მდინარე ჩხერიმელას მოსახლეობის, მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისათვის გამოიყენებოდა, ვინაიდან იმ პერიოდისთვის (დღეის მდგომარეობითაც) ხარაგაული-მოლითი-ჩუმათელეთის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სოფელ ...... დაზიანებული იყო სარკინიგზო ხაზზე გადამავალი ხიდი, რის გამოც მოძრაობა შესაძლებელი იყო მხოლოდ აღნიშნული გზის მონაკვეთით. 2022 წლის 12 ოქტომბერს ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, სააგენტომ წერილით მიმართა მოპასუხეს, მოითხოვა სადაზღვევო თანხის ანაზღაურება და მათი პოზიციის დაფიქსირება დასმულ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც წერილობით უარი იქნა გაცხადებული.
მოპასუხის პოზიცია:
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა არ მომხდარა. დაუდგენელია, ვინ მართავდა ავტომანქანას. საპატრულო პოლიციის მასალებით ზემოაღნიშნული არ დასტურდება. საქმეში წარმოდგენილი გასაუბრების ოქმები შეიცავს მხოლოდ მოსარჩელის თანამშრომელთა გადმოცემას, ხოლო თავად შს სამინისტროს შესაბამისი სამსახურს მითითებული ფაქტი არ დაუდგენია. მართალია, მოსარჩელე აპელირებს, რომ ფიზიკური პირები იმყოფებოდნენ სამსახურებრივ მივლინებაში, თუმცა კონკრეტულად შემთხვევის დღეს მათი გადაადგილებისა და დაზღვეული ავტომანქანით მდინარეში შესვლის მიზანი გაურკვეველია.
8. მოპასუხემ მიიჩნია, რომ სადაზღვევო შემთხვევის მომხდარად შეფასების შემთხვევაშიც, მას არ ეკისრება სადაზღვევო თანხის ანაზღაურების ვალდებულება, რადგან მძღოლის ადიდებულ წყალში შესვლით მისი მოქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 829-ე მუხლით გათვალისწინებულ უხეშ გაუფრთხილებლობად.
9. ამავდროულად, მოპასუხე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნის ოდენობას, რადგან ხელშეკრულებით განისაზღვრა ავტომანქანის საბალანსო სადაზღვევო თანხა - 9971.50 ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9971.50 ლარის ანაზღაურება, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარს ეთქვა უარი, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2021 წლის 29 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა №270010711 ხელშეკრულება სადაზღვევო მომსახურებით უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც დაზღვეულ იქნა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის, ავტომანქანა „MITSUBISHI L200“, სახელმწიფო ნომრით „......“.
13. №CON210000469 კონსოლიდირებული ტენდერის ზოგადი პირობების თანახმად, განსაზღვრული სადაზღვევო რისკებია: ა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მიუხედავად იმისა, დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა, თუ იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში; ბ. სატრანსპორტო საშუალების ან მისი ცალკეული ნაწილების დაკარგვა (მათ შორის, ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის, გატაცების ან ქურდობის/ძარცვის/ყაჩაღობის/გატაცების მცდელობის შედეგად); გ. ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ზემოქმედება, კერძოდ, მიწისძვრა, წყალდიდობა, დიდთოვლობა, ზვავი, გრიგალი, ქარიშხალი, ღვარცოფი, მეხის დაცემა, მეწყერი და სეტყვა ან მოულოდნელი მოვლენა, რომელმაც გამოიწვია დაზიანება და განადგურება გარეშე და აშკარა მიზეზებით; დ. აალება, აფეთქება, ხანძარი, რაიმე საგნის ვარდნა/დაცემა/მოხვედრა, ვანდალიზმი; ე. მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; ვ. დაუდგენელი მიზეზით სატრანსპორტო საშუალების დაზიანება.
14. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 1.33. პუნქტის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა - გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ან მისივე მონაწილეობით წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაშავდა ან დაიღუპა ადამიანი, დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება ან ნაგებობა.
15. 2022 წლის 25 თებერვალს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „MITSUBISHI L200“, სახელმწიფო ნომრით „.....“, მოძრაობდა სოფელი ...... მიმართულებით. მას მართავდა სააგენტოს თანამშრომელი (მძღოლი). ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მდებარე სოფელ ...... სარკინიგზო ხაზზე გადამავალი ხიდის დაზიანების გამო, მძღოლს მოუწია მდინარე ვახანის წყლის გავლით გადაადგილება, თუმცა მდინარეში შესვლის შემდგომ, გარკვეულ მონაკვეთზე, მანქანამ ვეღარ შეძლო მოძრაობა და უეცრად მოვარდნილმა წყალმა გარკვეულ მანძილზე გაიტაცა.
16. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ 2021 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №270107/11 ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.13 და 1.14 პუნქტებისა და სატრანსპორტო საშუალების დაზღვევის მომსახურების 2022 წლის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის პირველი მუხლის საფუძველზე, მოცემული ინციდენტი წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევას. აღნიშნული სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით მოპასუხე ვალდებულია, სააგენტოს აუნაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად წარმოშობილი ზიანი. სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალება მოსარჩელის ბალანსზე ირიცხება 24 000 ლარად. აღნიშნული ფასი დასტურდება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2022 წლის 17 თებერვლის სასაქონლო ექსპერტიზის №000997222 დასკვნით.
17. 2022 წლის 25 თებერვალს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგადაც დაზიანდა სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა, მოსარჩელემ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე, დაუყოვნებლივ აცნობა სადაზღვევო კომპანიას. ამდენად, სააგენტოს მხრიდან კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება პირნათლად შესრულდა. შესაბამისად, მოპასუხეს აღნიშნული თანხა სრულად უნდა დაკისრებოდა.
18. მოპასუხის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რატომ არ გაიზიარა სასამართლომ ავტოტექნიკური ექსპერტის დასკვნა და ჩათვალა, რომ არსებობდა სადაზღვევო რისკი, ავტოსაგზაო შემთხვევა. სასამართლომ მიუთითა, რომ ექსპერტიზის დასკვნა კატეგორიულია, თუმცა მისი გაუზიარებლობის მოტივაცია არაა მითითებული. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საგზაო მოძრაობაზე მაშინ, როდესაც სადაზღვევო შემთხვევას წარმოადგენს ავტოსაგზაო შემთხვევა და არა საგზაო მოძრაობა, საგზაო მოძრაობა და ავტოსაგზაო შემთხვევა კი სულ სხვადასხვა ცნებებია. კანონმდებლობის არცერთ განმარტებით მდინარე არ არის გზის (საავტომობილო გზის) შემადგენელი ნაწილი. საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (ავარია) არის გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მისივე მონაწილეობით წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაშავდა ან დაიღუპა ადამიანი, დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება, ტვირთი, ნაგებობა ან სხვა ქონება.
19. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების, არსებობის შემთხვევაში, ხელშეკრულების დანართების პირობებსა და დათქმებზე იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში.
20. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხარაგაულის სამმართველოს 2022 წლის 11 ოქტომბრის ცნობით, შემთხვევის ადგილი (მდინარე ჩხერიმელა) მოსახლეობის, მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისათვის გამოიყენებოდა, ვინაიდან იმ პერიოდისთვის ხარაგაული-მოლითი-ჩუმათელეთის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სოფელ ...... დაზიანებული იყო სარკინიგზო ხაზზე გადამავალი ხიდი, რის გამოც მოძრაობა შესაძლებელი იყო მხოლოდ აღნიშნული გზის მონაკვეთით.
21. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმისა და მოსარჩელის ახსნა-განმარტებით სოფელ ...... მიმდებარედ სარკინიგზო ხაზზე დაზიანებული გადამავალი ხიდის გამო, სოფელ ......კენ მიმავალი მძღოლები მდინარე ვახანის წყლის გავლით მიმავალი გზით სარგებლობდნენ დადგენილი წესით.
22. შპს „ა–ის“ 2022 წლის 30 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი შემთხვევა მოხდა გზიდან მდინარეში გადასვლის შემდგომ, ხოლო „საავტომობილო გზების შესახებ“, ასევე, საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონების განმარტებების მიხედვით, გზა (იგივე საავტომობილო გზა), ასევე გზის სავალი ნაწილი არ მოიცავენ მდინარეს. შესაბამისად ექსპერტიზაზე წარდგენილი, „MITSUBISHI L200“ მარკის ავტომობილის, სახელმწიფო ნომრით „.........“, მდინარეში დაზიანება არ წარმოადგენს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას. ამავე დასკვნაში ექსპერტი მიუთითებს მის მიერ „გუგლის“ ინტერაქტიულ რუკაზე მოძიებულ სოფელ ქვებში („Babi“) მისასვლელი გზების შესახებ ინფორმაციაზე და განმარტავს, რომ მისასვლელი იყო ორი ადგილიდან, - როგორც ვახანისწყლის რკინიგზის სადგურის, ასევე, მოლითის რკინიგზის სადგურის მხრიდან, ხოლო ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზა აკავშირებს ვახანისწყლის და მოლითის რკინიგზის სადგურებს. გამომდინარე იქიდან, რომ სადავო ავტომანქანის მძღოლი იმყოფებოდა ვახანისწყლის რკინიგზის სადგურის მხარეს და სოფელ ქვებში მისასვლელად იგი უნდა გადასულიყო გზიდან და გაევლო მდინარე ჩხირიმულა, სადაც არ არის გზა (საავტომობილო გზა), მაგრამ აღნიშნულ მარშრუტს იყენებენ ადგილობრივები, ხოლო მძღოლისთვის მნიშვნელოვანი იყო გზით, უსაფრთხოდ გადაადგილება, მას ჰქონდა შესაძლებლობა ესარგებლა ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზით და მოლითის რკინიგზის სადგურის მხრიდან უსაფრთხოდ მისულიყო დანიშნულების ადგილზე.
23. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეები შეთანხმდნენ სადაზღვევო რისკებზე და მათ შორის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაზე, განსახილველი შემთხვევა კი არ წარმოადგენს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, შემთხვევა მოხდა მდინარეში და არა გზაზე. აღნიშნულის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადაზღვევო რისკის ხდომილების ფაქტი - საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ მომხდარა, ვინაიდან ავტომობილი არ გადაადგილდებოდა გზაზე, რაც გამორიცხავს რისკის რეალიზაციასა და ანაზღაურების შესაძლებლობას.
24. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედ მტკიცების ტვირთზე და გაქარწყლებულად ჩათვალა მოსარჩელისა და მოწმის მიერ მითითებული გარემოება, რომ მძღოლს არ ჰქონდა შესაძლებლობა, ემოძრავა სხვა გზით. აღნიშნულს მოპასუხემ დაუპირისპირა ექსპერტის მიერ მოძიებული ინფორმაცია, რომ მძღოლს ჰქონდა შესაძლებლობა, ესარგებლა ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზით და მოლითის რკინიგზის სადგურის მხრიდან უსაფრთხოდ მისულიყო დანიშნულების ადგილზე.
25. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 1.13 პუნქტის საფუძველზე, რადგან 2022 წლის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის პირველი მუხლის საფუძველზე, მოცემული ინციდენტი რომც ჩაითვალოს სადაზღვეო შემთხვევად, იგი მაინც ვერ ანაზღაურდება.
26. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის თანახმად, მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება. სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.
27. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 829-ე მუხლით და განმარტა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის ბრალეულობის მარტივ ან უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას და იგი უნდა განისაზღვროს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენითა და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით. მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად.
28. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალების თანახმად, მძღოლმა იმოქმედა განსაკუთრებული დაუდევრობით. ის შევიდა მდინარეში, რის შემდგომაც მანქანამ ვეღარ შეძლო მოძრაობა და უეცრად მოვარდნილმა წყალმა გაიტაცა გარკვეულ მანძილზე. შესაბამისად, მძღოლის მიერ დამდგარი სატრანსპორტო შემთხვევის დროს უკიდურესი აუცილებლობის ფაქტი არსებობა არ დადასტურდა, მით უფრო მაშინ, როცა მტკიცდება, რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა, ესარგებლა ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზით და მოლითის რკინიგზის სადგურის მხრიდან უსაფრთხოდ მისულიყო დანიშნულების ადგილზე.
29. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მძღოლმა დაზღვეული ავტომანქანის მართვისას გამოიჩინა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების აშკარა უგულებელყოფა, რადგან ავტომანქანას მართავდა სათანადო წინდახედულობის გარეშე და მისი ქმედება უნდა შეფასდეს უხეშ გაუფრთხილებლობად, რაც სსკ-ის 829-ე მუხლის შესაბამისად, მზღვეველს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან ათავისუფლებს.
30. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
31. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
32. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ არ მისცა სააგენტოს საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად მოხსენების შესაძლებლობა იმ მოტივით, რომ არადამაჯერებელი იყო მდინარეზე გავლა ძირითადი გზის შეკეთებითი სამუშაოების მიმდინარეობის გამო. აღნიშნული ფაქტი დასტურდება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილითაც.
33. სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა გაზიარებული სააგენტოს ახსნა-განმარტება და მტკიცებულებები, ამის ნაცვლად, პალატამ არასწორად უგულებელყო სააგენტოს მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულება - 2022 წლის 11 ოქტომბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი, სადაც ცალსახადაა დაფიქსირებული, რომ სადავო დროისათვის, სარემონტო სამუშაოს ჩატარების გამო, შემთხვევის ადგილი გამოიყენებოდა მოსახლეობის, მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისათვის, ხოლო ამის საპირისპიროდ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარდგენილი შპს „ავტომრჩევლის“ 2022 წლის 30 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შემთხვევიდან 9 თვის შემდგომ ჩატარდა, რაც უსაფუძვლოა. აღსანიშნავია, ასევე, რომ სადაზღვევო კომპანიამ ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით მიმართა კერძო პირს და არა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“, რომლის დასკვნასაც სასამართლოში იურიდიული ძალა გააჩნია.
34. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დეტალურად და საფუძვლიანად იქნა შესწავლილი და შეფასებული აღნიშნული სადაზღვევო შემთხვევა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი, სადაც ავტომობილი ტოტალურად განადგურდა წარმოადგენს გზას. ექსპერტიზის დასკვნის შინაარსისაგან განსხვავებით, საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესებით და ვინაიდან დაზიანების ადგილზე გამავალი მდინარის ტერიტორია არ ექცევა მოხმობილი კანონის მესამე ნაწილის დისპოზიციაში, ავტოსაგზაო შემთხვევა შესაძლებელია, მოხდეს ხსენებულ ტერიტორიაზე. სასამართლოსთვის პოლიციის შესაბამისი მოხელისა და სხდომაზე დაკითხული მოწმის ჩვენება აღმოჩნდა საკმარისი და მიჩნეულ იქნა მყარ არგუმენტად დარწმუნებულიყო, რომ მდინარის ის მონაკვეთი, სადაც ავტომობილმა გადაკვეთა გზა დაზიანებამდე, სწორედ სავალ ნაწილად გამოიყენებოდა. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევად მართებულად შეაფასა, ვინაიდან აღნიშნული ნამდვილად ექცევა სადაზღვევო რისკების კატეგორიაში და ამის შესახებ თავად სასამართლომაც აღნიშნა.
35. კასატორმა მიიჩნია, რომ დასაბუთებულია სასარჩელო მოთხოვნა ზიანის სახით 24 000 ლარის ანაზღაურების შესახებ. საქმეში არსებული მტკიცებულებით - სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2022 წლის 17 თებერვლის სასაქონლო ექსპერტიზის №000997222 დასკვნით, სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალება სააგენტოს ბალანსზე ირიცხება 24 000 ლარად, შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიას აღნიშნული თანხა სრულად უნდა დაეკისროს.
36. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
37. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
38. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
39. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2021 წლის 29 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა №270010711 ხელშეკრულება სადაზღვევო მომსახურებით უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც დაზღვეულ იქნა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის, ავტომანქანა „MITSUBISHI L200“, სახელმწიფო ნომრით „......“.
40. №CON210000469 კონსოლიდირებული ტენდერის ზოგადი პირობების თანახმად, განსაზღვრული სადაზღვევო რისკებია: ა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მიუხედავად იმისა, დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა, თუ იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში; ბ. სატრანსპორტო საშუალების ან მისი ცალკეული ნაწილების დაკარგვა (მათ შორის, ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის, გატაცების ან ქურდობის/ძარცვის/ყაჩაღობის/გატაცების მცდელობის შედეგად); გ. ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ზემოქმედება, კერძოდ, მიწისძვრა, წყალდიდობა, დიდთოვლობა, ზვავი, გრიგალი, ქარიშხალი, ღვარცოფი, მეხის დაცემა, მეწყერი და სეტყვა ან მოულოდნელი მოვლენა, რომელმაც გამოიწვია დაზიანება და განადგურება გარეშე და აშკარა მიზეზებით; დ. აალება, აფეთქება, ხანძარი, რაიმე საგნის ვარდნა/დაცემა/მოხვედრა, ვანდალიზმი; ე. მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; ვ. დაუდგენელი მიზეზით სატრანსპორტო საშუალების დაზიანება.
41. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 1.33. პუნქტის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა - გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ან მისივე მონაწილეობით წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაშავდა ან დაიღუპა ადამიანი, დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება ან ნაგებობა.
42. 2022 წლის 25 თებერვალს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „MITSUBISHI L200“, სახელმწიფო ნომრით „.......“, მოძრაობდა სოფელი ...... მიმართულებით. მას მართავდა სააგენტოს თანამშრომელი (მძღოლი). ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მდებარე სოფელ ...... სარკინიგზო ხაზზე გადამავალი ხიდის დაზიანების გამო, მძღოლს მოუწია მდინარე ვახანის წყლის გავლით გადაადგილება, თუმცა მდინარეში შესვლის შემდგომ, გარკვეულ მონაკვეთზე, მანქანამ ვეღარ შეძლო მოძრაობა და უეცრად მოვარდნილმა წყალმა გარკვეულ მანძილზე გაიტაცა.
43. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოსარჩელე არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სადაზღვევო შემთხვევა არ დამდგარა, ხოლო სადავო ავტომანქანის დაზიანება გამოიწვია მძღოლის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობის გამოჩენამ, რის გამოც სადაზღვევო კომპანიის უარი სადაზღვევო თანხის ანაზღაურების შესახებ კანონიერია.
44. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
45. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის „causa proxima-ს“ არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა.
46. ერთ-ერთ საქმეში სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მზღვეველის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელს, დაუპირისპირდა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, დამზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვევისა და, მაშასადამე, სსკ-ის 829-ე მუხლის საგამონაკლისო შემთხვევის არსებობის შესახებ. საბოლოოდ, მზღვეველისათვის დამზღვევის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება განაპირობა სსკ-ის 829-ე მუხლის სწორმა, სისტემურმა, ლოგიკურმა და თანმიმდევრულმა განმარტებამ.
47. საკასაციო პალატის მოსაზრებით, პასუხისმგებლობის ფარგლები (უფრო მკაცრი ან მსუბუქი პასუხისმგებლობა), შეიძლება გარიგებით ან კანონით დაწესდეს. დასახელებულ საქმეში, მხარეებს ხელშეკრულებით არ ჰქონდათ დაუზუსტებული ეს ფარგლები, მათ არ გაუმიჯნავთ ერთმანეთისაგან უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის შემთხვევები. შესაბამისად, სსკ-ი 829-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მზღვეველის პასუხისმგებლობა მხოლოდ მარტივი გაუფრთხილებლობით მიღებული ზიანისათვის დგება. გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, დაუდევრად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (შდრ: სუსგ Nას-1306-1226-2015, 01 ივლისი, 2016 წელი.)
48. სხვა საქმეში დადგინდა, რომ მომხდარ ფაქტზე მოსარჩელის (დამზღვევის) მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში, მხედველობაში იყო მისაღები, რომ მოსარჩელე მოძრაობდა სწორ, 6.5მ. სიგანის ცალმხრივი მიმართულების მქონე უდეფექტო გზაზე, მშრალ ამინდში, ყოველგვარი წინაღობისა და ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე, რა დროსაც სამანქანე გზის გვერდით არსებულ ტროტუარზე ხეს შეეჯახა (შდრ: სუსგ Nას-1217-1146-2012, 22 ოქტომბერი, 2012 წელი). ავტომობილის მძღოლმა, რომელიც მოძრაობდა გადაჭარბებული, 70 კმ/სთ სიჩქარით, მაშინ, როდესაც დასაშვები სიჩქარე 40 კმ/სთ იყო, ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა საპირისპირო მიმართულებით სამოძრაო ზოლში და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს (შდრ: სუსგ Nას-943-901-2013, 17 თებერვალი, 2014 წელი).
49. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებული დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევის ვიწრო განმარტება, იმგვარად, რომ არ მოხდეს მზღვეველთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების არაკეთილსინდისიერი წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის სამართლებრივ დანიშნულებასა და მიზანს.
50. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალის სამართლებრივი კატეგორია განსაკუთრებული იურიდიული მნიშვნელობის მქონეა, როგორც კონტინენტური, ისე საერთო სამართლის სისტემაში.
51. სამოქალაქო სამართალში განასხვავებენ ბრალის ორ ფორმას: განზრახვა (dolus) და გაუფრთხილებლობა (culpa), რომლებიც პირის ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტებია.
52. ცივილისტურ დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაში გამოიყენება განზრახ ბრალის ის ცნება, რომელიც სისხლის სამართალშია შემუშავებული. განზრახ მოქმედებს ის, ვინც აცნობიერებს თავისი მოქმედების როგორც შედეგს, ისე მისი მოვალეობებისადმი წინააღმდეგობას და ამას აკეთებს საკუთარი სირვილით.
53. ამდენად, განზრახვა - ეს არის მართლსაწინააღმდეგო შედეგის ცოდნა და სურვილი. განზრახვა მოიცავს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა უფლება-მოვალეობების ცოდნას, ასევე ქმედების მართლწინააღმდეგობის გაცნობიერებას. განზრახვის აუცილებელი კომპონენტია საკუთარი ქმედების ,,შედეგის ცოდნა და სურვილი მართლწინააღმდეგობის შეგნებით” (იხ., Palandt/Heinrichs,. §276. Rn.6. Staudinger/Löwisch, §276. Rn.15.).
54. ქმედების მართლწინააღმდეგობის შეგნება ბრალის ინტელექტუალური (კოგნიტური) ელემენტია, რომელიც სამართალდამრღვევის ცნობიერების შეფასებას გულისხმობს. სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტებისა და გარემოებების ცოდნა გადამწყვეტია პირის ბრალეულობის განსაზღვრისათვის. ვალდებულების შეუსრულებლობის ეტაპზე სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოებების ცოდნას და გაცნობიერებას იურიდიული დოქტრინა პასუხისმგებლობისათვის განსაზღვრულ დატვირთვას ანიჭებს (იხ., Principles of European Contract Law. Part I and II - Revised 1998, Part III, 2003. www.lexmercatoria.org). განზრახვის მეორე ისეთი ნიშანი, როგორიცაა ნებელობითობა, გულისხმობს, რომ სამართალდამრღვევს სურს ამა თუ იმ შედეგის დადგომა.
55. გაუფრთხილებლობა ბრალის ყველაზე გავრცელებული ფორმაა სამოქალაქო სამართალში. თუ განზრახვასთან მიმართებით ცივილისტიკა მთლიანად სისხლის სამართალს ემყარება, გაუფრთხილებლობაში მას გარკვეული კორექტივები შეაქვს. გაუფრთხილებლობა გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი აუცილებელი წინდახედულობისა და ყურადღებიანობის უგულებელყოფას.
56. კერძო სამართალში დამკვიდრებული გაუფრთხილებლობის კონცეფცია ძირეულად განსხვავდება სისხლის სამართალში განმტკიცებული ანალოგიისაგან. ,,გაუფრთხილებლად მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ აუცილებელ ყურადღებიანობას”, რომელიც განისაზღვრება ობიექტური მასშტაბით და არა კონკრეტული ინდივიდის პიროვნებიდან გამომდინარე. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეს მოეთხოვება მისი პროფესიის ,,საშუალო წარმომადგენლისათვის” დამახასიათებელი ჩვეული წინდახედულების დაცვა (იხ., ცვაიგერტი/კიოტცი, შედარებითი სამართალმცოდნეობის შესავალი კერძო სამართლის სფეროში, ტომი II, 2001, 290).
57. გაუფრთხილებლობის არსი გერმანულ სამართალშიც ობიექტურადაა განსაზღვრული. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 276-ე პარაგრაფის II აბზაცის თანახმად, გაუფრთხილებლობით მოქმედებს პირი, რომელიც ვერ იჩენს სამოქალაქო ბრუნვაში აუცილებელ გონივრულ ყურადღებიანობას (Staudinger/Löwisch, §276. Rn. 26. Bamberger/Roth (Hrsg) Grüneberg §276. Bd. 1. Rn.17).
58. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის მნიშვნელობა არა აქვს, კონკრეტული მოვალე სუბიექტურად რამდენად უნარიანია, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. მას მოეთხოვება წინდახედულობის ის ხარისხი, რაც ჩვეულებრივ მიღებულია სამოქალაქო ბრუნვაში და მოსალოდნელია მისი პროფესიის საშუალო დონის წარმომადგენლისაგან (იხ., ჩიტაშვილი, ბრალის მნიშვნელობა სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ,,სამართლის ჟურნალი”, №1, 2009, 150).
59. გაუფრთხილებლობისას გამოირიცხება სამოქალაქო ბრუნვისათვის აუცილებელი წინდახედულობა და კეთილგონიერება, რასაც ვალდებულება, კონკრეტული ურთიერთობის ხასიათის გათვალისწინებით, აკისრებს სამოქალაქო ურთიერთობის სუბიექტს. ხშირად გაუფრთხილებლობა გულისხმობს გონივრული მოქმედების განუხორციელებლობას მოსალოდნელი დარღვევის აღსაკვეთად ან ზიანის შესამცირებლად, თუმცა განზრახვისაგან განსხვავებით, გაუფრთხილებლობა ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის სურვილის გარეშე (იხ., ჭანტურია/ზოიძე/ნინიძე/შენგელია/ხეცურიანი (რედ). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2001, გვ. 386).
60. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო შეთანხმებით უმთავრესად რეგულირდება ვალდებულების დარღვევისათვის ზიანის ანაზღაურების საკითხი. კონტრაჰენტებს შეუძლიათ ხელშეკრულების ცალკეული პირობების დაცვა თავიანთი ვალდებულების სფეროდან გამორიცხონ. დაუშვებელია მსგავსი შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რომელთა შეუსრულებლობა არსებით დარღვევას აფუძნებს. მხარეთა მიერ განსაზღვრული ან კანონით დადგენილი არსებითი პირობების დაცვა ხელშეკრულების მონაწილეთა ძირითადი ვალდებულებაა.
61. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 1:301-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, ,,განზრახ ქმედებად ითვლება პირის გაცნობიერებული ქცევა, რომელიც გამიზნულად (შეგნებულად) მიმართულია ქმედების სამართლებრივი შედეგების წარმოშობისაკენ, ასევე, უხეში გაუფრთხილებლობით განხორციელებული ქმედებაც, რომლის დროსაც, პირი ითვალისწინებს თავისი ქცევის მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგს, მართალია, მიზანმიმართულად არ მიისწრაფვის, მაგრამ გულგრილად ეკიდება მის დადგომას. ამის საპირისპიროდ, მარტივი გაუფრთხილებლობისას პირი არ აცნობიერებს თავისი ქცევის შესაძლო სამართლებრივ შედეგს და, შესაბამისად, ეს არ ჩაითვლება განზრახ ქმედებად. ამრიგად, ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპები ერთმანეთისაგან განასხვავებს განზრახ და მარტივ გაუფრთხილებლობას. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპებში განვითარებული პოზიციის მიხედვით, განზრახვა და უხეში გაუფრთხილებლობა აუცილებლად გულისხმობს მხარის გაცნობიერებულ ქმედებას (იხ., სუსგ №ას-1479-2019, 21 იანვარი, 2020 წელი, პ.53).
62. დაზღვევის ხელშეკრულებით, შესაძლოა, მოხდეს მხარეთა შეთანხმებით სახელშეკრულებო ვალდებულებებთან მიმართებით პასუხისმგებლობის სრულად ან ნაწილობრივ გამორიცხვა ან შეზღუდვა. პასუხისმგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული განსხვავებული მოწესრიგება უპირატესად გამოსაყენებელი დებულებაა და გამორიცხავს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა წარმოშობას. თუმცა, მოცემული საქმის განხილვისას მნიშვნელოვანია, სწორად დადგინდეს ვალდებულების წარმომშობი გარემოებების არსებობა, რათა მზღვეველის მხრიდან გამოირიცხოს საგამონაკლისო დებულებებით უსაფუძვლო აპელირება (საქმე №ას-1091-2022, 23 თებერვალი, 2023 წელი).
63. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ დაუპირისპირა სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სადაზღვევო რისკის ხდომილების ფაქტი - საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ მომხდარა.
64. საკასაციო სასამართლო იზიარებს აღნიშნული დასკვნას, რადგან მხარეებმა სადაზღვევო შეთანხმებით განსაზღვრეს სადაზღვევო რისკები და მათი დადგომა დაუკავშირეს დაზღვეული ავტომანქანის უშუალოდ გზაზე გადაადგილების პირობას, მხოლოდ ასეთ ვითარებაში შეფასდებოდა მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევად. სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალება კი, როგორც უდავოდაა დადგენილი და არც კასატორი უარყოფს, მოძრაობდა მდინარეში, რამაც გამოიწვია კიდეც ავტომანქანის ჩაძირვა. შესაბამისად, დასაბუთებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მითითება, რომ ზემოაღნიშნული გამორიცხავს რისკის რეალიზაციასა და ანაზღაურების შესაძლებლობას.
65. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
66. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
67. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
68. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
69. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
70. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2024 წლის 23 ივლისს №04365 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო“ (საიდენტიფიკაციო კოდი №200293324) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2024 წლის 23 ივლისს №04365 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი