Facebook Twitter

საქმე №ას-1235-2024 7 თებერვალი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე.ყ-ბ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – კ.ბ-თ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის რეალიზაციით (ძირითად სარჩელში), სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და უძრავ ნივთზე მესაკუთრედ ცნობა, პირთა ნათესაური კავშირის არარსებობის დადგენა და დაბადების სააქტო ჩანაწერის ნაწილობრივ გაუქმება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. კ.ბ-თ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.ყ-ბ–ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, გაუქმდეს საზიარო უფლება ქ. თბილისში, ........ მდებარე 27-ე ბინაზე, საკადასტრო კოდი №......., მისი იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა განაწილდეს მესაკუთრეებს - მხარეებს შორის თანასაკუთრებაში არსებული მათი კუთვნილი 1/2 წილის პროპორციულად.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, სადავო უძრავი ნივთი იმყოფება მხარეთა თანასაკუთრებაში. მისი ორ იზოლირებულ ნაწილად გამიჯვნა, ისე, რომ არ შემცირდეს გამოყოფილი ნაწილების ფუნქციური ღირებულება, სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა დაცვით, შეუძლებელია. გამიჯვნის შემთხვევაში შეუძლებელია, დამატებით მოეწყოს დამოუკიდებელი სამზარეულო და სველი წერტილი.

მოპასუხის/ შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი მოსარჩელის სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობა (1...), რომლითაც მას მიეკუთვნა გ. ბ–ის (მამკვიდრებლის) ქონების ნახევარი - სადავო უძრავი ნივთის ½ ნაწილი და ქონება მიეკუთვნოს მოპასუხეს. მხარის განმარტებით, ასევე, უნდა დადგინდეს მამკვიდრებელსა და მოსარჩელეს შორის დაღმავალი ხაზით ნათესაობის (მამა-შვილობა) არარსებობა, გაუქმდეს მოსარჩელის დაბადების მოწმობაში მამის გრაფაში მამკვიდრებლის მითითების ჩანაწერი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და, მისი შევსების მიზნით, დაევალა, წარმოედგინა მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან 5 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით აპელანტს კანონით დადგენილი წესით განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

8. ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და განმარტა, რომ აპელანტი მოცემულ ეტაპზე ვერ ახერხებს სასამართლოსათვის დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენას, ამასთან, რთული ქონებრივი მდგომარეობის გამო, მოკლებულია შესაძლებლობას, გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. შესაბამისად, განმცხადებელმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის თაობაზე.

9. სააპელაციო პალატის 2024 წლის 16 აგვისტოს განჩინებით მხარეს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა 10 დღით და, ხარვეზის შევსების მიზნით, კვლავ დაევალა, მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების ან 5 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს კიდევ ერთხელ კანონით დადგენილი წესით განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

10. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტმა კვლავ მიმართა სააპელაციო პალატას იმავე შინაარსის განცხადებით და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის თაობაზე.

11. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 48-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის მიზეზად აპელანტმა მძიმე ქონებრივი მდგომარეობა დაასახელა, რომლის დასადასტურებლად მას მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ გამოტანილი განჩინების (განჩინებაში აპელანტს განემარტა, რომ შუამდგომლობა დაუსაბუთებელი იყო, საქმეში არ მოიპოვებოდა აპელანტის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც სასამართლო იმსჯელებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ შეეძლო, წარმოედგინა ცნობა შემოსავლების სამსახურიდან მისი დასაბეგრი შემოსავლების შესახებ) მიღების შემდეგ აპელანტს შეეძლო, სარწმუნო მტკიცებულებათა წარდგენის გზით დაესაბუთებინა მისი მძიმე მატერიალური მდგომარეობა ან, სულ მცირე, რელევანტური მტკიცებულებების მოპოვებისათვის ეშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის ნაცვლად, აპელანტმა აირჩია საპროცესო პასიურობის სტრატეგია, არათუ წარმოადგინა მტკიცებულებები, არც კი მიუთითა, თუ რაში მდგომარეობდა მისი ფინანსური პრობლემები. არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას და არც სააპელაციო ეტაპზე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც მძიმე მატერიალურ მდგომარეობას დაადასტურებდა. აპელანტის მიერ მითითებული გარემოება, რომელიც არ დასტურდება არცერთი მტკიცებულებით, არ აძლევს სასამართლოს იმ დასკვნის საფუძველს, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის პერიოდში სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეეძლო. ამდენად, საქმეში არ მოიპოვება აპელანტის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც სააპელაციო პალატას შესაძლებლობას მისცემდა, სსსკ-ის 48-ე მუხლის შესაბამისად, გადაევადებინა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

13. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეუზღუდა აპელანტს სასამართლო ხელმისაწვდომობა, როდესაც არ გაიზიარა მხარის მითითება მძიმე მატერიალურ მდგომარეობაზე და სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ გადაუვადა.

14. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლზე, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტების მიხედვით, სასამართლო ხელმისაწვდომობის პროცედურული წინაპირობები, როგორიცაა, მაგალითად, სასამართლო ხარჯები (Airey v. Ireland) ექცევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში და ცალკეულ გარემოებებში შესაძლებელია, გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაც. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას შეიცავს საქმე Chatellier v. France, სადაც ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას, დააარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლით დადგენილ გარანტიებს.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, უნდა შეფასდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების პროცესში კონკრეტულ დავაზე წარმოშობილი ყველა გარემოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

17. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

18. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

19. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

20. განსახილველი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რომელზეც არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აპელანტმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ, მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო.

21. სააპელაციო პალატის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულების ან სახელმწიფო ბაჟის - 5 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს კანონით დადგენილი წესით განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

22. ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და განმარტა, რომ მხარე მოცემულ ეტაპზე ვერ ახერხებს სასამართლოსათვის დამატებითი მტკიცებულებების წარდგენას, ამასთან, რთული ქონებრივი მდგომარეობის გამო, მოკლებულია შესაძლებლობას, გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. შესაბამისად, განმცხადებელმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის თაობაზე.

23. სააპელაციო პალატის 2024 წლის 16 აგვისტოს განჩინებით მხარეს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა 10 დღით და, ხარვეზის შევსების მიზნით, კვლავ დაევალა, მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულების ან 5 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს კიდევ ერთხელ განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგი.

24. ზემოაღნიშნული ხარვეზის განჩინებების მხარისათვის ჩაბარება აპელანტს სადავოდ არ გაუხდია.

25. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტმა კვლავ მიმართა სააპელაციო პალატას იმავე შინაარსის განცხადებით და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესახებ.

26. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა გადაევადებინა.

27. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

28. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესით დადგენილი სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გადასახდელი თანხის ოდენობის შემცირების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.

29. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. სტრასბურგის სასამართლოს განმარტების მიხედვით, ხელმისაწვდომობის პროცედურული წინაპირობები, როგორიცაა სასამართლო ხარჯები და დასაშვებობის პრაქტიკული წინაღობები, იურიდიული დახმარების არარსებობა (Airey v. Ireland), ექცევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში და ცალკეულ გარემოებებში შესაძლებელია, გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაც.

30. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. მეტიც, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერ უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე.

31. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც. საქმეში Chatellier v. France სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას დააარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლით დადგენილ გარანტიებს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს.

32. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გარდა ზემოაღნიშნულისა, საკუთარი დანიშნულება განმარტა და მიუთითა, რომ მის ფუნქციას არ წარმოადგენს ეროვნულ დონეზე, კომპეტენტური ორგანოს ნაცვლად, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომის უზრუნველმყოფი მაქსიმალურად ეფექტური ზომების განსაზღვრა და არც იმ ფაქტების შეფასება, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი მდგომარეობს იმაში, რომ შეამოწმოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ამასთან, სასამართლოს მიერ ფაქტების კვლევა ეფუძნება კონვენციით გათვალისწინებულ პრინციპებს, დაიცვას უფლებები არა თეორიულად და ილუზიურად, არამედ პრაქტიკულად და ეფექტურად.

33. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება, რომ სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.

34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

35. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების შესახებ, უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან, ასევე დართული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებები (სუსგ 16.11.2018წ. საქმე №ას-1324-2018, საქმე №ას-545-2019, 24 მაისი, 2019 წელი).

36. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა თავისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დააფუძნა მხოლოდ საკუთარ განმარტებას მძიმე მატერიალური მდგომარეობის შესახებ. სხვა რაიმე მტკიცებულებაზე მას არც კი მიუთითებია, მიუხედავად იმისა, რომ მხარის ინტერესები საქმეში წარმოდგენილია ადვოკატის სახით. სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ აპელანტს არ უცდია საკუთარი ქონებრივი მდგომარეობა, თუნდაც შემოსავლების სამსახურიდან მხარის შემოსავლის ოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტით, დაედასტურებინა.

37. სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, აპელანტის შუამდგომლობაში მითითებული გარემოების მტკიცების ვალდებულება სწორედ ამ უკანასკნელს ეკისრება, რაც მან არ შეასრულა.

38. ამდენად, სააპელაციო პალატამ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი კანონიერად დატოვა განუხილველად.

39. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

40. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.ყ-ბ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი