საქმე №ას-1067-2023 14 თებერვალი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ლ–ნი (მოსარჩელე)
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სერვის ცენტრი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.ლ–ნმა (შემდგომში – მოსარჩელე, აპელანტი, დასაქმებული) სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა (შემდგომში – პირველი მოპასუხე, დამსაქმებელი, აპელანტი, კასატორი) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის რეგიონული სერვისცენტრის (შემდგომში – მეორე მოპასუხე) მიმართ და ბრძანების ბათილად ცნობა და კომპენსაციის დაკისრება მოითხოვა.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელე დასაქმებული იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე 2018 წლიდან უვადოდ. 2019 წლის 29 ნოემბერს მოსარჩელე N04-840/კ ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2019 წლის 29 ნოემბერს N9780 განცხადებით მოსარჩელე ითხოვდა სამინისტროს ახალ სსიპ-ში (მოპასუხე ორგანიზაცია) უკონკურსოდ გადაყვანას, რაზეც ზეპირად შეთანხმდნენ, თუმცა მოატყუეს. გათავისუფლების საფუძვლის გაცნობისთანავე მან მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა წერილობითი შეთანხმება და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლის განმარტება, მაგრამ წერილობითი შეთანხმება არ მიაწოდეს, ხოლო გათავისუფლების საფუძვლების განმარტებაში მითითებულია იმ ნორმატიული აქტების შესახებ, რომლის მიხედვითაც ფუნქციები გადანაწილდა სახელმწიფო უწყებებს შორის. მოსარჩელის განმარტებით, არც შტატები შემცირებულა, არც სხვა თანამდებობა შეუთავაზებიათ და არ უმსჯელიათ მის კვალიფიკაციაზე, ხოლო ახალ შექმნილ სსიპ-ში გამოაცხადეს კონკურსი ვაკანტურ ადგილებზე.
2.2. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამსახურის წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2019 წლის 28 ნოემბერს მოსარჩელემ სააგენტოს მიმართა განცხადებით და მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლება და 2019 წლის 1-ელი დეკემბრიდან უკონკურსოდ გადაყვანა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და აჭარის ტერიტორიული სამმართველოს უფროს სპეციალისტად. ამ განცხადების საფუძველზე ნ.ლ–ნი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან კანონიერად. დღეისათვის კი მათ უფლებამონაცვლეს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და აჭარის ტერიტორიული სამმართველო და მოთხოვნაც მის მიმართ უნდა იქნეს წარდგენილი.
2.3. მოსარჩელემ წარადგინა დაზუსტებული სარჩელი (იხ. ტომი I, ს.ფ. 87-99). სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის ადვოკატებმა (წარდგენილი იყვნენ ორდერით), დააზუსტეს მესამე სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ და მოითხოვეს: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისროს სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე 2020 წლის იანვრიდან.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და აჭარის ტერიტორიული სამმართველოს უარი ეთქვა დაზუსტებულ სარჩელზე შესაგებლის მიღებაზე, როგორც ვადის დარღვევით წარდგენილი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით დარჩა განუხილველად. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნ.ლ–ნი გათავისუფლდა თანამდებობიდან კანონიერად, შესაბამისად, მოპასუხეს მისი აღდგენის ვალდებულება არ აქვს.
3.2. მოსარჩელე გათავისუფლდა თანამდებობიდან 2019 წლის 29 ნოემბერს, ხოლო სააგენტომ სრულად ფუნქციონირება დაიწყო 2019 წლის 1-ელი დეკემბრიდან. ხოლო 2019 წლის 29 დეკემბრის ბრძანებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან გათავისუფლებული პირები უკონკურსოდ გადაიყვანეს/დანიშნეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში. ვინაიდან მოსარჩელე კანონიერად, პირადი განცხადების საფუძველზე, გათავისუფლდა, ვეღარ აღადგენენ ადრინდელ სამუშაო ადგილზე, აღარ არსებობს მთავარი სპეციალისტის თანამდებობა, ხოლო სპეციალისტის ვაკანსია შეივსო საკონკურსო წესით. შესაბამისად, მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით: ნ.ლ–ნის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი N04-840/კ მოსარჩელე ნ.ლ–ნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის – გ.წ–ის 2019 წლის 29 ნოემბრის ბრძანება; სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაეკისრა მოსარჩელე ნ.ლ–ნის სასარგებლოდ კომპენსაციის – 8400 ლარის გადახდა.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
5.1. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა არასწორად შეაფასა მოსარჩელის 2019 წლის 28 ნოემბრის განცხადების შინაარსი, რადგან მოსარჩელის მოთხოვნას (ნებას) წარმოადგენდა, არა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, არამედ საქმიანობის გაგრძელების უფლების მიცემა. ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაციის გამო, შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ შესაბამის თანამდებობებზე გადაყვანა (საჭიროების შემთხვევაში) სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კომპეტენციას მიეკუთვნა, რის გამოც მხარეთა შეთანხმების მოტივით შრომის კოდექსის 37.1-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ნ.ლ–ნის სამუშაოდან გათავისუფლება არამართლზომიერ ქმედებას განეკუთვნება.
5.2. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელესთან ხელშეკრულების მოშლა ბათილია. სადავო თანამდებობაზე დამსაქმებელს შეეძლო მოსარჩელე, როგორც შტატით დასაქმებული თანამშრომელი, შესაბამის თანამდებობაზე უკონკურსოდ გადაეყვანა, კონკურსის წესით დაასაქმა სხვა პირი, რაც ადასტურებს მოპასუხის არამართლზომიერ ქმედებას და გამორიცხავდა ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
5.3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული იყო უვადოდ. ამასთან, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ვალდებულების მიუხედავად, უკონკურსოდ დაესაქმებინა ნ. ლეთოდიანი, იგი სამსახურიდან გაათავისუფლა 2019 წლის 29 ნოემბერს, საიდანაც პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის დასრულებამდე გასული იყო 33 თვე, ხოლო სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის გასულია დაახლოებით 42 თვე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ.ლ–ნის განათლების, შრომისუნარიანობის, ასაკისა და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის კომპენსაციის სახით 30 თვის შრომის ანაზღაურების გადახდის დაკისრება ხელზე ასაღები ხელფასის 700 ლარის გათვალისწინებით შეადგენს 21 000 ლარს (700x30=21000).
5.4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ნ.ლ–ნის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, მოსარჩელე ნ.ლ–ნის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის – 8400 ლარის გადახდა (გადაწყვეტილების 1.2. პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; 4. სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე ნ.ლ–ნის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სანაცვლოდ, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, მოსარჩელე ნ.ლ–ნის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის – 21 000 ლარის გადახდა -; სხვა ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, სასამართლომ სწორად მიუთითა გადაწყვეტილებაში, რომ ტოლფას და მოსარჩელის ადრე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობა არ არსებობს, თუმცა, მიუხედავად ამისა, დევნილთა სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
6.2. აღნიშნული დავის განხილვისას არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმის დადგენას, თუ რომელი ორგანო გახლდათ უფლებამოსილი კომპენსაციის გადახდაზე, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი. ვინაიდან ნ.ლ–ნი დასაქმებული იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, გათავისუფლდა სწორედ აღნიშნული სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ, რაც არ იქნა სასამართლოს მიერ მართლზომიერად მიჩნეული, პასუხისმგებლობა კომპენსაციის გადახდაზე უნდა დაეკისროს სწორედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. სასამართლომ კი არასწორად დაადგინა აღნიშნულ საკითხში პასუხისმგებელი უწყება და დევნილთა სააგენტოს არაგონივრული და შეუსაბამოდ დიდი კომპენსაცია – 21 000 ლარი დააკისრა. მიუხედავად იმისა, რომ კანონით კომპენსაციის ოდენობა არ არის განსაზღვრული და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე უფლებამოსილი სასამართლოა, განსაზღვროს კომპენსაციის ოდენობა, თუმცა მის მიერ დადგენილი თანხა არ უნდა აყენებდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ისედაც არ აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი, დააკმაყოფილოს წლების განმავლობაში თავშესაფრის გარეშე დარჩენილი უამრავი დევნილი ოჯახი და ამ მძიმე ეკონომიკურ ფონზე სასამართლო დევნილთა სააგენტოს აკისრებს კოლოსალურ თანხას კომპენსაციის სახით, თან სრულიად არაკანონიერად. დაკისრებული თანხა გახლავთ არაგონივრული და არარელევანტური. კომპენსაციის ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არცერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს. საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმს. ეს სამართლებრივი საკითხი განეკუთვნება სასამართლოს დისკრეციის სფეროს. ამავე დროს, ალბათ, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მოპასუხე ორგანიზაციის ფინანსური სიმძლავრე და წონა, დაფინანსების წყარო და მიზნობრიობა; კომპანიის დაწესებულების ლიკვიდურობა; შრომითი ურთიერთობის ხასიათი; დათხოვნილი მოსამსახურის პიროვნება, მისი სტაჟი, სამსახურიდან დათხოვნის შემდგენი ახალი სამსახურის დაწყებისა და დაუსაქმებლობის გარემოება. ეს კი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, საერთოდ არ ყოფილა გამოკვლეული. ასევე ბუნდოვანია, თუ საიდან და რის საფუძველზე გამოთვალა სასამართლომ კომპენსაციის ოდენობა.
6.2. სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არასწორად შეაფასა მტკიცებულებანი, საქმეში შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში დადგენილად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, არასწორად განმარტა კანონი, ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ხოლო ზოგ შემთხვევაში დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, ამიტომ, უნდა გაუქმდეს.
6.3. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის N487 დადგენილების მიხედვით "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და "საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შესაბამისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ოპტიმალური გადანაწილების მიზნით მიმართეს არაერთ ღონისძიებას. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, შეიქმნა ახალი სააგენტო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო სოციალური მომსახურების სააგენტოს წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და სსიპ დევნილებსა და ეკომიგრანტებთან დაკავშირებული ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს. ამავე უფლებამოსილებების შეუფერხებლად განხორციელებისა და პროცესების უწყვეტობის მიზნით, ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ უფლებამონაცვლე ორგანიზაციებს საჭიროების შემთხვევაში 2019 წლის 31 დეკემბრამდე უნდა უზრუნველეყოთ შესაბამისი თანამშრომლების (შტატით დასაქმებულ და/ან შტატგარეშე მომუშავეთა) უკონკურსოდ გადაყვანა/დანიშვნა შესაბამის თანამდებობებზე. ამ აქტებით განსაზღვრული იყო თანამშრომელთა საჭიროებისამებრ გადაყვანა და არა უპირობოდ გადაყვანა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ყველა თანამშრომელი, ვინც დასაქმებული იყო სოციალური მომსახურების სააგენტოში დევნილთა და ეკომიგრანტთა საკითხების მიმართულებით ავტომატურად არ იქნა გადმოყვანილი დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დამოუკიდებლად ფუნქციონირება სრულად დაიწყო 2019 წლის 1 დეკემბრიდან. ზემოაღნიშნული საქართველოს მთავრობის N487 დადგენილების საფუძველზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში მომუშავე თანამშრომელთა ნაწილი რეორგანიზაციის შედეგად შრომის კოდექსის 37-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის N04–840/კ ბრძანებით, ხოლო 2019 წლის 9 დეკემბრის N03-9/ო ბრძანებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან გათავისუფლებულ პირთა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში უკონკურსოდ გადაიყვანეს/ დანიშნეს.
6.4. კასატორი აღნიშნავს, რომ ნ.ლ–ნის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოცემულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2019 წლის 29 ნოემბერს. 2019 წლის 1-ელი დეკემბრიდან სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო უკვე დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა და ასრულებდა მისთვის დაკისრებულ ფუნქცია/მოვალეობებს. ასევე, დევნილთა და ეკომიგრანტთა მიმართულებით მომუშავე თანამშრომლები – სრულად 2019 წლის 1-ელი დეკემბრის მონაცემებით უკვე დანიშნულები იყვნენ ამავე სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების საფუძველზე. რაც შეეხება მოსარჩელის პირვანდელ თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში მოსარჩელეს, როგორც თავად აღნიშნავს, ეკავა იმერეთის სოციალური მომსახურების ცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობა, ხოლო რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა ახალი სააგენტო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, სადაც შეიქმნა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და აჭარის ტერიტორიული სამმართველო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 9 დეკემბრის N03-9/ო ბრძანებით ცვლილება შევიდა 2019 წლის 29 ნოემბრის N03-2/ო ბრძანებაში დამტკიცდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო ფონდი, საიდანაც ირკვევა, რომ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და აჭარის ტერიტორიულ სამმართველოს სპეციალისტის თანამდებობა იყო ვაკანტური და მასზე გამოცხადდა კონკურსი, თუმცა მოსარჩელის კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია, სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობა კი, საშტატო ნუსხით საერთოდ არ იყო გათვალისწინებული. ხოლო რაც შეეხება ტოლფასი თანამდებობა, დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, ცვლილების შედეგად, დევნილთა და ეკომიგრანტთა უზრუნველყოფის ნაწილში არსებული ფუნქციები აღარ მიეკუთვნება სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილებას. ამ საქმიანობას ამჟამად ახორციელებს მისი უფლებამონაცვლე – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, სადაც არსებობს და იმავე მიმართულებით ფუნქციონირებს ტოლფასი თანამდებობა, რომელზეც დასაქმებული იყო მოსარჩელე. თუმცა, ამ თანამდებობაზე დანიშნულია პირი კონკურსის წესით შერჩევის შედეგად და სააგენტოს არ აქვს ვაკანსია, რის გამოც სპეციალისტის, როგორც ტოლფას თანამდებობაზე, აღდგენის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია.
6.5. რეორგანიზაციამდე იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე (რომელიც ეკავა მოსარჩელეს), შესაბამისი საშტატო განრიგით, ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 700 ლარს, ხოლო რეორგანიზაციის შემდგომ ახლად შექმნილ სააგენტოში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და აჭარის ტერიტორიულ სამმართველოში სპეციალისტის თანამდებობაზე, შესაბამისი საშტატო განრიგით ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრა 900 ლარით. დაუშვებელია, დადგინდეს სტანდარტი, რომლის თანახმადაც დამსაქმებლებს აეკრძალებათ, მაღალი შრომის ანაზღაურების შეთავაზების გზით მოიზიდონ მაღალი დონის პროფესიონალები სამსახურში. რაც შეეხება მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას, ტოლფასი თანამდებობა ნიშნავს პოზიციურად და ანაზღაურების მხრივ იდენტურ თანამდებობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა ობიექტური გარემოების გათვალისწინებით შეუძლებელია და არ არსებობს არც ტოლფასი თანამდებობა, რომელიც მოსარჩელის ცოდნას, გამოცდილებასა და კვალიფიკაციას შეესაბამება, სააგენტო, მოცემულ შემთხვევაში, მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს სასარჩელო მოთხოვნა და აღადგინოს მოსარჩელე სამსახურში. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული სასამართლოს მიერ. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე თანამდებობიდან გათავისუფლდა რეორგანიზაციის შედეგად, რომელსაც, თავის მხრივ, მოჰყვა მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის გაუქმება, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის შეცვლა. რეორგანიზაცია საწარმო/დაწესებულება/ორგანიზაციის შიდა ორგანიზაციული ცვლილებაა, რომელსაც პირის სამსახურიდან გათავისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაედოს საფუძვლად, თუ პირის სამსახურიდან გაშვება რეორგანიზაციის შედეგებმა განაპირობა და არა უშუალოდ რეორგანიზაციის პროცესმა. მოცემულ შემთხვევაში, რეორგანიზაციული ცვლილება დადასტურებულია ზემოაღნიშნული გარემოებებით. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია როგორც სამართლებრივი, ასევე – ფაქტობრივი თვალსაზრისით, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიერ ის უნდა გაუქმდეს, საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
9.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მოსაზრება და მიიჩნია, რომ დასაქმებული უკანონოდ გათავისუფლდა თანამდებობიდან, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი და მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის სახედ კომპენსაციის გადახდა დაადგინა.
11. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში გამორკვეულია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: მხარეთა წერილობითი შეთანხმება. მხარეებს უფლება აქვთ, ორმხრივი შეთანხმებით შეწყვიტონ განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულება. შესაძლებელია, მხარეთა შორის გაფორმდეს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმება (საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად) იმგვარად, რომ შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში მიეთითოს არა მაშინვე, არამედ – გარკვეული ვადის შემდგომ შეწყვეტის თაობაზე, რის შედეგადაც უვადოდ დადებული ხელშეკრულების მოქმედება შემდგომში გარკვეული პერიოდით გაგრძელდება, როგორც ვადით განსაზღვრული ხელშეკრულება. თუმცა, ასეთ შემთხვევაში შეწყვეტის საფუძველი იქნება არა ვადის გასვლა, არამედ – მხარეთა ორმხრივი შეთანხმება. ცხადია, ამგვარი შეთანხმება არ უნდა იქცეს ვადიანი ხელშეკრულების გაფორმებისთვის კანონით დადგენილი სავალდებულო წინაპირობებისთვის გვერდის ავლის საშუალებად (საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, 2017, გვ. 177).
12. შესაბამისად, მოცემული საფუძვლით შრომითი ურთიერთობის დასრულებისას ყურადღება უნდა მიექცეს, რამდენად ინფორმირებულია დასაქმებული ამ ტიპის ხელშეკრულების შედეგებზე და ასევე, რამდენად აქვს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. მსგავსი შეთანხმებების საცილოობისას, ისევე, როგორც საკუთარი ნებით სამუშაოს დატოვებისას, ყურადღება უნდა მიექცეს, ხომ არ არის დასაქმებულის ნების გამოვლენა დამსაქმებლის მიერ განპირობებული ან ხომ არ უდევს მას საფუძვლად მუქარა, იძულება, გამოუვალი მდგომარეობა ან რაიმე ისეთი გარემოება, რაც სხვა შემთხვევაში დასაქმებულის სხვაგვარ ქცევას გამოიწვევდა. აღნიშნული წინაპირობები სასამართლომ უნდა შეამოწმოს მხოლოდ მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლების ფარგლებში (საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, 2017, გვ. 244).
13. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის სწორედ იმ სპეციფიკურობის გათვალისწინებით გადაანაწილა, რაც ახასიათებს შრომითსამართლებრივ ურთიერთობას და იცავს კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს. აღნიშნული უზრუნველყოფს სამართალწარმოებისას მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე დავის განხილვასა და გადაწყვეტას, ამასთან, დამსაქმებელს მტკიცების უფრო მეტი ტვირთი მოეთხოვება, ვიდრე დასაქმებულს (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები; იხ. სუსგ-ები: N ას-1338-2022, 16.02.2023წ; N ას-1404-2022, 15.02.2023წ; N ას-1316-2022, 23.12.2022წ; N ას-1114-2021, 14.12.2022წ; N ას-788-2021, 14.12.2022წ.).
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის მიერ უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა: 29.11.2019 წლის ბრძანებით მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა სშკ-ის (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციით) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მხარეთა წერილობითი შეთანხმება).
15. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, 2018 წლის 10 ოქტომბრიდან ნ.ლ–ნი დასაქმებული იყო განუსაზღვრელი ვადით. 2019 წლის 28 ნოემბერს, მოსარჩელემ შემდეგი შინაარსის განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ასევე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ გ.წ–ს: ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის N487 დადგენილების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე გთხოვთ, 2019 წლის 1-ელი დეკემბრიდან დამნიშნოთ (უკონკურსოდ გადამიყვანოთ) სსიპ-დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და აჭარის ტერიტორიული სამმართველოს უფროს სპეციალისტად და იმავდროულად, 2019 წლის 1-ელი დეკემბრიდან გამათავისუფლოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან’’ (ტომი I, ს.ფ. 17; 102).
16. დადგენილია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ფუნქციონირება დაიწყო 2019 წლის 1-ელი დეკემბრიდან. სააგენტო დაკომპლექტდა ძირითადად სწორედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტში დასაქმებული პირებისგან. თავად ნ.ლ–ნმა სწორედ იმ მიზნით მიმართა სსიპ მომსახურების სააგენტოს დირექტორის მ/შემსრულებელს, რომ გაეგრძელებინა საქმიანობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე სააგენტოში, არსებული ადგილიდან გათავისუფლებისთანავე, 2019 წლის 1-ელი დეკემბრიდან. თუმცა, 2019 წლის 29 ნოემბერს მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მიღებულ იქნა ბრძანება, რაც დამსაქმებლის გადაწყვეტილების მართლზომიერებას და უვადოდ დასაქმებული პირის მიმართ კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ეჭვქვეშ აყენებს. 2020 წლის იანვარში სსიპ-დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ გამოაცხადა კონკურსი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული სამმართველოს სპეციალისტის 2 ვაკანსიაზე (ტომი I, ს.ფ. 27-28). მოსარჩელეს საკონკურსო განაცხადი არ წარუდგენია. გამოცხადებულ ვაკანსიაზე კონკურსის შედეგად შეირჩა და დაინიშნა სხვა პირი.
17. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მითითებული განცხადებით დგინდება, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა არა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, არამედ საქმიანობის გაგრძელების უფლების მიცემა. მოსარჩელე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან გათავისუფლებას და გადაყვანას უფლებამონაცვლე სააგენტოში ითხოვდა 2019 წლის 1-ელი დეკემბრიდან. არსებული მოლაპარაკებებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არ შეიძლებოდა, მიჩნეულიყო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებად, მისი ნების საფუძველზე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტად. არსებული შეთანხმების გათვალისწინებით, მოსარჩელეს წაერთვა უფლება/შესაძლებლობაც, 1-ელი დეკემბრამდე არსებული ვადის განმავლობაში უკან წაეღო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოთხოვნა. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და მის უფლებამონაცვლე მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს წარმოადგენდა გ.წ–ი (იხ. ტომი I, ს.ფ. 17).
18. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, ვინაიდან ნ.ლ–ნი დასაქმებული იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, გათავისუფლდა სწორედ აღნიშნული სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ და გათავისუფლება არ იქნა სასამართლოს მიერ მართლზომიერად მიჩნეული, პასუხისმგებლობა კომპენსაციის გადახდაზე უნდა დაეკისროს სწორედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის N487 დადგენილების საფუძველზე 2019 წლის 1-ელი დეკემბრიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ეკომიგრანტებთან დაკავშირებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ეფექტიანი მართვის მიზნით, შეიქმნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები, რომელიც დაკავშირებული იყო დევნილებსა და ეკომიგრანტებთან, გადაეცა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, რაც აისახა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულებაშიც’’ (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის N 01-108/ნ ბრძანებით შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით). აღნიშნული ადასტურებს, რომ სააგენტოსთან დაკავშირებული ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს. შესაბამისად, კომპენსაციის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს, წარმოადგენს სწორედ ეს უკანასკნელი.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო; ცვლილება შეეხო შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობის საკანონმდებლო მოწესრიგებასაც. კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი შრომის უფლების შემადგენელი ნაწილია შრომითი ურთიერთობის სტაბილურობა. მოცემულ საქმეშიც, სადავო ბრძანების კანონიერების შემოწმების ქვაკუთხედი ისაა, რომ გარკვეულიყო დამსაქმებელმა დასაქმებულისათვის დაკავებული თანამდებობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად რომელ ღონისძიებებს მიმართა. ამ თვალსაზრისით კი, დამსაქმებელმა ვერ წარმოადგინა მისი მტკიცების წონადი არგუმენტი (სუსგ №ას-45-2019, 05.04.2019წ.). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ობიექტური, ხელშეკრულების მოშლისათვის საკმარისი საფუძველი არ გააჩნდა და მისი სადავოდ გამხდარი ქმედება ეწინააღმდეგება მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს.
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ 38-ე მუხლის მე-8 პუნქტში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, ნორმა დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ: სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016წ; №ას-1135-2018, 31.05.2019წ; №ას-874-2023, 27.09.2023წ; №ას-1428-2023, 05.04.2024წ).
21. რაც შეეხება კომპენსაციის განსაზღვრის საკითხს, პალატა განმარტავს, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტით არ ადგენს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, როდესაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა, კომპანიის ლიკვიდურობა, გადახდისუნარიანობა და ა.შ. (იხ: სუსგ №ას-632-2019, 21.06.2019წ.; №ას-1540-2019, 30.09.2020წ.).
22. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს სამართლიანი ბალანსის აღდგენას გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მხარეებს ხანგრძლივი შრომითი ურთიერთობა აკავშირებდათ; შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო უვადოდ და ამ კონტექსტით, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებით მიღებული მორალური წნეხის სიმძიმეს; მოსარჩელის გათავისუფლებიდან დავის საბოლოო გადაწყვეტამდე განვლილ პერიოდს; საქართველოში შრომის ბაზარზე არსებულ მწვავე გამოწვევებს - და, რადგანაც შეუძლებელია დასაქმებულის აღდგენა, მიიჩნევს, რომ კომპენსაცია სამართლიანად და გონივრულად ოდენობით უნდა განისაზღვროს. ამასთან, კომპენსაციის თანხის დაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოსარჩელის მიღებული ხელფასი. საბოლოოდ, პალატა მიიჩნევს, კომპენსაცია მართებულად განისაზღვრა 21 000 ლარით. (იხ. სუსგ №ას-1339-1259-2017, 30.07.2018წ; №ას-1540-2019, 30.09.2019წ.).
23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
24. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რამდენადაც კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
26. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 735 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 24.07.2023წ. №18268 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 1050.00 ლარის 70% – 735 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი