საქმე №ას-715-2024 28 თებერვალი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – სს ,,ს.კ.ე.ჯ–ია’’ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ს–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ი.ს–მა (შემდეგში მოსარჩელე, დაზღვეული) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ,,ს.კ.ე.ჯ–იას“ (შემდეგში მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მზღვეველი) წინააღმდეგ და მოპასუხისათვის 10 220 ლარის დაკისრება მოითხოვა.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. 2021 წლის 27 ნოემბერს, დაზღვეულსა და მზღვეველს შორის დაიდო სადაზღვევო ხელშეკრულება და გაიცა ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი N100084415. სადაზღვევო პოლისით დაზღვეულ იქნა დაზღვეულის საკუთრებაში რიცხული ავტომანქანა KIA SPORTAGE, სახელმწიფო ნომრით ........ დაზღვევის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 8000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით. 2021 წლის 10 დეკემბერს, სადაზღვევო შემთხვევისას, კერძოდ, მოსარჩელე თავისი ავტომანქანით მოძრაობდა საავტომობილო გზაზე, როდესაც შეეჯახა მის წინ გაჩერებულ ავტომანქანას. ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე მოსარჩელემ დაუყოვნებლივ აცნობა სადაზღვევო კომპანიას, რომლის წარმომადგენელიც მივიდა ადგილზე და დაზღვეული ავტომანქანის ზარალი შეაფასა, რამაც შეადგინა 10220 ლარი. მოპასუხემ მოსარჩელეს უარი უთხრა სადაზღვევო ანაზღაურებაზე იმ მიზეზით, რომ დაზღვევის პირობების თანახმად, მოსარჩელემ დაარღვია შუქნიშნის მოთხოვნის წესი, რაც გამორიცხავდა მზღვევლის პასუხისმგებლობას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ არ იკვეთებოდა უხეში გაუფრთხილებლობა, კერძოდ, შუქნიშნის დაუმორჩილებლობა, რის გამოც მოპასუხე ვალდებულია, მოსარჩელეს აუნაზღაუროს სადაზღვევო თანხა.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, შესაგებელში აღნიშნულია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო მოსარჩელის (ავტომანქანის მძღოლის) უხეში გაუფრთხილებლობით, კერძოდ, 2021 წლის 10 დეკემბერს, მოსარჩელე მოძრაობდა დაზღვეული ავტომანქანით თბილისში, სააკაძის მოედნიდან ვახუშტის ხიდის მიმართულებით, მან ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და უკნიდან შეეჯახა შუქნიშნის წითელ ფერზე გაჩერებულ მესამე პირის ავტომობილს. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით მძღოლის მიერ შუქნიშნის დაუმორჩილებლობა წარმოადგენს უხეშ გაუფრთხილებლობას, რაც გამორიცხავს სადაზღვევო თანხის ანაზღაურების ვალდებულებას.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე სს ,,ს.კ.ე.ჯ–იას“ მოსარჩელე ი.ს–ის სასარგებლოდ, დაეკისრა 10 220 ლარის, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟის – 306,60 ლარისა და იურიდიული მომსახურების ხარჯის, 408.80 ლარის, გადახდა; საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა: უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება.
5.2. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე: დადგენილია, რომ მძღოლი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას, ფხიზელი იყო. ასევე, სადავო არ არის, რომ მძღოლი ავტომანქანას დასაშვები სიჩქარით მართავდა. როგორც შსს პატრულ-ინსპექტორის პატაკიდან ირკვევა, ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მძღოლმა ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა და შეეჯახა წითელ შუქნიშანზე გაჩერებულ ავტომანქანას. აღნიშნულ პატაკში დაფიქსირებული არ არის რაიმე სახის საგზაო მონიშვნის ან ამკრძალავი ნიშნის დაუმორჩილებლობა. რაც შეეხება ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს, პალატამ მიუთითა, რომ ეს დოკუმენტი არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას და არ დგინდება მძღოლის მიერ წითელი შუქნიშნის დაუმორჩილებლობის ფაქტი.
5.3. სასამართლომ მიუთითა, რომ, მისი მოსაზრებით, ავტომანქანაზე უკანა მხრიდან შეჯახება ობიექტური თვალსაზრისითაც, ყველა შემთხვევაში, ვერ მიიჩნევა უხეშ გაუფრთხილებელ ქმედებად. ამასთან, ასეც რომ იყოს, ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლივად შეფასებით, პალატამ მიიჩნია, რომ მძღოლის მიერ შეჯახება განაპირობა მისმა უყურადღებობამ, კერძოდ, მან ვერ შეამჩნია მის წინ შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გაჩერებული ავტომანქანა, ამასთან, მას ამკრძალავი შუქნიშანი არ გადაუკვეთავს. მოსარჩელის მიზანსა და განზრახვას არ წარმოადგენდა შუქნიშნის დაუმორჩილებლობა ან შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა. საგულისხმოა ისიც, რომ სადაზღვევო ხელშეკრულების მე-5 სექციის 1.28 პუნქტით, ავტომობილზე უკანა მხრიდან შეჯახება არ არის შეთანხმებული საგამონაკლისო პირობებით. შესაბამისად, მძღოლის (დამზღვევის) ქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად ვერ შეფასდება, რაც გამორიცხავს აპელანტის პრეტენზიის გაზიარების შესაძლებლობას.
5.4. აპელანტის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული პირობის (ხელშეკრულების სექცია II, 3.8 პუნქტი) მიხედვით, საკუთრების უფლება დაზიანებული ავტომობილის ცალკეულ ნაწილებზე ანაზღაურების გაცემის შემდეგ გადადის მზღვეველზე, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღებას მიაქცია დაზღვევის პირობებს, რომლის 3.8 პუნქტის თანახმად, სრული ზარალის შემთხვევაში, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისას, საკუთრების უფლება დაზიანებულ ავტოტრანსპორტზე, ხოლო, ნაწილობრივი დაზიანებისას/ზარალისას, ავტოტრანსპორტის ცალკეულ ნაწილებზე გადაეცემა სადაზღვევო კომპანიას. ამდენად, აღნიშნული პირობის მიხედვით, სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ანაზღაურება დამოკიდებულია სანაცვლო პირობაზე - დამზღვევის მხრიდან დაზიანებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების სადაზღვევო კომპანიისათვის გადაცემაზე. პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხემ აღნიშნული მოთხოვნა დააყენა შესაგებელში, თუმცა მიუთითა, რომ მისთვის უცნობია, არსებობს თუ არა სადავო დაზიანებული ნაწილები და, ვინაიდან, დაზიანებული ავტომობილი მოსარჩელის საკუთრებაშია, მათი ღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობას მოკლებულია. პალატამ ყურადღება მიაქცია საქმეში წარმოდგენილ ინვოისზე, რომლის თანახმად, 2021 წლის 21 დეკემბრის მონაცემებით, დაზიანებული ავტომობილის ინსპექტირების შედეგად, ზარალის ოდენობა და ნარჩენი ღირებულება შეადგენს 10 220 ლარს (იხ. ტომი I. ს.ფ. 39-40). აღნიშნული ინვოისით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რას შეადგენდა დაზიანებული ნაწილების ღირებულება, სხვა მტკიცებულება კი მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან უცნობია დაზიანებული ნაწილების არსებობა და არც მათი ღირებულება არაა განსაზღვრული, ასეთ ვითარებაში, აღსრულება პრობლემური გახდება და, შესაძლებელია, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებლად დარჩეს. ამასთან, პალატის მოსაზრებით, მზღვეველი არ კარგავს უფლებას, დამოუკიდებელი სარჩელით იდავოს სადავო ქონების გადაცემაზე, ამ ქონების იდენტიფიცირებისა და მისი ღირებულების განსაზღვრის შემთხვევაში.
5.5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობა, უპირატესად უნდა შეფასდეს სასამართლოს მიერ საქმეში არსებული დაზღვევის ხელშეკრულების არასწორი და არასრული განმარტების კუთხით, ისევე, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას მძღოლის მარტივ გაუფრთხილებელი ბრალით მოქმედების/შეფასების კუთხით.
6.2. კასატორს მიაჩნია, რომ მძღოლის ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაციისთვის, სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, ავტოსაგზაო შემთხვევაზე იმ დროს, როდესაც მოცემულ საგზაო მონაკვეთზე იყო ბევრი მანქანა, მძღოლისთვის ეს მონაკვეთი არ იყო უცნობი, უნდა სცოდნოდა ამ გზაზე ავტომობილის მართვის სპეციფიკა. რადგან მძღოლს მოძრაობისას არ შეჰქმნია დაბრკოლება/საფრთხე, ამავდროულად, შემთხვევამდე ავტომობილი ტექნიკურად გამართული იყო, შესაბამისად, სასამართლომ უსაფუძვლოდ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი იმდენად, რამდენადაც ამგვარი წესების უგულებელყოფა და შედეგად გაჩერებულ ავტომობილზე უკნიდან შეჯახება, დადგენილი წესრიგის უხეში დაუდევრობის მაღალი სტანდარტით დარღვევად უნდა შეფასდეს, სწორედ, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით. მძღოლმა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რის გამოც დაჯარიმდა ზემოაღნიშნული წესით. ამრიგად, გამოვლენილია სსკ-ის 829-ე მუხლისა და ხელშეკრულებით დადგენილი საგამონაკლისო წინაპირობები, რაც მზღვეველს ანიჭებს უფლებამოსილებას, ზიანის ანაზღაურებაზე განაცხადოს უარი. ამასთან, 2021 წლის 10 დეკემბრის ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპატრულო დოკუმენტაციით (ელექტრონული საჯარიმო ქვითრით) დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე.
6.3. კასატორი მიუთითებს, საქმეში არსებული ავტოტრანსპორტისა და მის მართვასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის ხელშეკრულების პირობების V სექციის 7.2. პუნქტზე, რომლის თანახმად, დამზღვევი/დაზღვეული ვალდებულია, მიიღოს ყველა შესაძლებელი და მიზანშეწონილი ზომა ავტოტრანსპორტის გადარჩენის, შემდგომში დაკარგვის ან ზიანის თავიდან ასაცილებლად და/ან შესამცირებლად. ამავე სექციის პირველი მუხლის 1.28 პუნქტის თანახმად, არ ანაზღაურდება „უხეში გაუფრთხილებლობით წარმოშობილი ზიანი. ამასთან, წინამდებარე დაზღვევის პირობების მიზნებისთვის უხეშ გაუფრთხილებლობად მიიჩნევა: უფლებამოსილი მძღოლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დაშვებული ზღვრული სიჩქარის 20 კმ/სთ-ით გადაჭარბების შედეგად, უფლებამოსილი მძღოლის მიერ შუქნიშნის ამკრძალავი და გამაფრთხილებელი ნიშნის დაუმორჩილებლობა, უფლებამოსილი მძღოლის მიერ ცალმხრივი მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში საპირისპირო მიმართულებით მოძრაობის ან საპირისპირო მიმართულებით მობრუნების, ან ცენტრალური გზიდან გადახვევის მიზნით, ორმაგი და უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთის წესების დარღვევა, რკინიგზის გადასასვლელებზე მობრუნება, ან გავლის წესების დარღვევა, გვირაბებში, ხიდებსა და ესტაკადებზე დგომა გაჩერება, გარდა, კანონმდებლობით დაშვებული შემთხვევებისა“, ხოლო 1.29. პუნქტის თანახმად, მზღვეველს შეუძლია, უარი განაცხადოს ანაზღაურების გაცემაზე, თუ დამზღვევის მიერ არ შესრულდება სადაზღვევო პირობებით დაკისრებული ვალდებულებები. გარდა ზემოაღნიშნულისა, მხარეთა შორის შეთანხმებული პირობაა ხელშეკრულების სექცია II, 3.8 პუნქტი), რომლის თანახმადაც, საკუთრების უფლება დაზიანებული ავტომობილის ცალკეულ ნაწილებზე ანაზღაურების გაცემის შემდეგ გადადის მზღვეველზე. სასამართლოს მხრიდან ისე დაკმაყოფილდა სრულად სასარჩელო მოთხოვნა, რომ სამართლებრივადაც არ შეფასებულა ამ ნაწილზე (იხ. უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 28 აპრილის განჩინება საქმეზე #ას-595-2022 და ქეთევან მესხიშვილის 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე #2ბ/417-22).
6.4. კასატორს მიაჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება და სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (გაჩერებულ ავტომანქანაზე უკნიდან შეჯახების შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა ფასდება, როგორც მკვეთრად განსხვავებული შემთხვევა მარტივი გაუფრთხილებლობისგან), (იხ. სუსგ-ები: Nას-1306-1226-2015, 01.07.2016წ; Nას-1147-1067-2017, 29.12.2017წ; Nას-1622-2018, 25.01.2019წ; Nას-1094-18.10.2019წ; N ას-654-2019, 26.06.2020წ; Nას-618-618-2018მ 16.11.2020წ; Nას1497-2020, 23.04.2021წ; Nას-818-2020, 11.06.2021წ; Nას-124-2022, 20.05.2022წ; Nას-462-2022, 20.05.2022წ; Nას- 253-2022, 27.12.2022წ; Nას-499-2023, 07.06.2023წ.), მათ შორის უახლეს გადაწყვეტილებას საქმეზე #ას-865-2023, 29/09/23 წელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ გაუქმდეს სრულად და დაკმაყოფილდეს წინამდებარე საკასაციო საჩივარი.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
10. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, სავალდებულოა საკასაციო პალატისთვის, რადგან კასატორს დასაშვები და დასაბუთებული შედავება არ განუხორციელებია.
11. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები.
12. მოსარჩელის მოთხოვნაა სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურება. ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) მუხლი.
13. საგულისხმოა, რომ სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლიდან გამომდინარე, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ამასთანავე, შესაძლებელია, რომ თავად ხელშეკრულება შეიცავდეს საგამონაკლისო დათქმებს, ასეთ დროს, „ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ რა ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის №ას-1147-1067-2017 განჩინება).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დამზღვევისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი გამოწვეულია მხარეთა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომით. კასატორი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარს ამბობს ერთადერთი არგუმენტით - მოსარჩელის უხეშ გაუფრთხილებლობაზე დაზღვეული ავტომანქანის მძღოლმა, მოქმედებდა რა უხეში გაუფრთხილებლობით, დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა. კასატორის მტკიცებით, მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, არ დაიცვა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნები, არ დაემორჩილა შუქნიშნის ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნებს და შეეჯახა გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებას. სარჩელის დაკმაყოფილება დამზღვევის მარტივი გაუფრთხილებლობით მოქმედების დადასტურებაზეა დამოკიდებული. „მარტივ გაუფრთხილებლობად კი შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, დაუდევრად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არდათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 იანვრის №ას-1479-2019 განჩინება).
15. საქმეზე, ასევე, უდავოდ დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეთანხმება საგამონაკლისო დათქმების გათვალისწინებით (სადაზღვევო ხელშეკრულების მე-5 მუხლით განისაზღვრა გამონაკლისები, როცა სადაზღვევო კომპანია არ აუნაზღაურებდა ზარალს მოსარჩელეს, ტომი I, ს.ფ. 24-26). მხარეებმა სახელშეკრულებო პირობით გამორიცხეს მზღვეველის ვალდებულება ისეთი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, როდესაც შედეგი გამოწვეული იქნებოდა დაზღვეულის უხეში გაუფრთხილებლობით. მძღოლი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას, არ იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში. ასევე, სადავო არ არის, რომ მძღოლი ავტომანქანას დასაშვები სიჩქარით მართავდა. როგორც შსს პატრულ-ინსპექტორის პატაკიდან ირკვევა, ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მძღოლმა ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა და შეეჯახა წითელ შუქნიშანზე გაჩერებულ ავტომანქანას. აღნიშნულ პატაკში დაფიქსირებული არ არის რაიმე სახის საგზაო მონიშვნის ან ამკრძალავი ნიშნის დაუმორჩილებლობა. რაც შეეხება ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს, პალატა მიუთითებს, რომ ეს დოკუმენტი არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას და არ დგინდება მძღოლის მიერ წითელი შუქნიშნის დაუმორჩილებლობის ფაქტი. ავტომანქანაზე უკანა მხრიდან შეჯახება ობიექტური თვალსაზრისითაც, ყველა შემთხვევაში, ვერ მიიჩნევა უხეშ გაუფრთხილებელ ქმედებად. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მძღოლის მიერ შეჯახება განაპირობა მისმა უყურადღებობამ, კერძოდ, მან ვერ შეამჩნია მის წინ შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გაჩერებული ავტომანქანა, ამასთან, მას ამკრძალავი შუქნიშანი არ გადაუკვეთავს. მოსარჩელის მიზანსა და განზრახვას არ წარმოადგენდა შუქნიშნის დაუმორჩილებლობა ან შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა. საგულისხმოა ისიც, რომ სადაზღვევო ხელშეკრულების მე-5 სექციის 1.28 პუნქტით, ავტომობილზე უკანა მხრიდან შეჯახება არ არის შეთანხმებული საგამონაკლისო პირობებით. შესაბამისად, მძღოლის (დამზღვევის) ქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად ვერ შეფასდება, რაც გამორიცხავს აპელანტის პრეტენზიის გაზიარების შესაძლებლობას. საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა შემთხვევის დროს მოპასუხის მხრიდან გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა ან/და მისი ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნა. შესაბამისად, სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებით, დამზღვევის პოზიცია მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე მითითებისა და ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე (სკ-ის 829-ე მუხლი) მოკლებულია საფუძველს.
16. საკასაციო სასამართლო ერთ ერთ განხილულ საქმეზე (ას-1306-1226-2015) განმარტავს, რომ პასუხისმგებლობის ფარგლები, (უფრო მკაცრი ან მსუბუქი პასუხისმგებლობა), შეიძლება გარიგებით ან კანონით დაწესდეს. ამ შემთხვევაში, მხარეებს ხელშეკრულებით არ დაუკონკრეტებიათ ეს ფარგლები, ანუ არ გაუმიჯნავთ ერთმანეთისაგან უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის შემთხვევები. შესაბამისად, სსკ-ს 829-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მზღვეველის პასუხისმგებლობა მხოლოდ მარტივი გაუფრთხილებლობით დამდგარი ზიანისათვის დგება. გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. სადავო შემთხვევაში კი, სააპელაციო პალატამ, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების დეტალურად და ერთობლივად შეფასების შედეგად, დაადგინა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას სატრანსპორტო საშუალებას მოსარჩელე მართავდა ფხიზელ მდგომარეობაში. მართალია, მან დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესი, რაც სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად ვერ იქნება განხილული. ამდენად, არსებობდა მოპასუხისთვის თანხის დაკისრების წინაპირობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის №ას-1107-2021 განჩინება). სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის საქმე Nას-745-713-2014, განჩინება), რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
17. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სსკ-ის 829-ე მუხლის განმარტება ეწინააღმდეგება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას. კასატორის მიერ მითითებულ საქმე Nას-1306-1226-2015 საქმეზე დადგინდა, რომ შემთხვევის დღეს დამზღვევი მოძრაობდა დაშვებული სიჩქარით თავის სამოძრაო ზოლში, იგი ფხიზელი მართავდა ავტომობილს (არ იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ), მოძრაობის დროს არ არღვევდა საგზაო მოძრაობის წესებს. გზაზე წარმოქმნილი სავარაუდო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მან იმოქმედა გაუფრთხილებლად, გააკეთა არასწორი მანევრი, რასაც შედეგად მოჰყვა ავტოავარია. სასამართლომ დაასკვნა, რომ ამ ფაქტების ერთობლიობა იძლეოდა დამზღვევის მოქმედების მარტივ, და არა უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას.
17.1. საქმეზე Nას-1147-1067-2017 დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევით დამდგარი ზიანი გასწრების მანევრის შესრულებისას გზიდან გადასვლას არ მოჰყოლია შედეგად. მართალია, მოსარჩელე გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან, თუმცა მძღოლის მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების ამგვარი გადახვევა/უგულებელყოფა პალატის განსჯით, დაზღვევის ხელშეკრულებით დაცულ სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენდა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომის დროს მოძრაობდა საკუთარ ზოლში, დასაშვები სიჩქარით, იყო ფხიზელ მდგომარეობაში, მას არ მიუმართავს გასწრების მანევრირებისთვის, თუმცა მოსარჩელის ახნა-განმარტების თანახმად, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან არიდების (გასწრებაზე გასული შემხვედრ ავტომანქანასთან შეჯახების თავიდან არიდების) მიზნით ის იძულებული გახდა გზიდან გადასულიყო, რის შემდეგაც საჭე ვერ დაიმორჩილა და შეეჯახა ბეტონის ჯებირს; საქმეზე, Nას-1622-2018, დადგინდა, რომ მოსარჩელე დაზღვეული ავტომანქანით მოძრაობისას შეეჯახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტომობილს, რომელსაც გადაჰყავდა პაციენტი და ჩართული ჰქონდა ციმციმა და ხმოვანი სიგნალი; საქმეზე, Nას-1094-18, მიღებულია განჩინება, არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე (მოცემულ საქმესთამ არ არის კავშირში); საქმეზე Nას-654-2019 დადგინდა, რომ ავტომანქანაზე ტვირთის არასათანადო დამაგრების გამო, გამოიკვეთა მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა, რომელსაც შედეგად მოჰყვა ტვირთის (დაზღვეული ბულდოზერის) გადავარდნა და დაზიანება; საქმეზე Nას-618-618-2018 დადგენილია, რომ დამზღვევის მიერ საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ჩაკეტილი მოტოციკლის დატოვება (იმის გათვალისწინებითაც, რომ დამზღვევის ოჯახის წევრები შინ იმყოფებოდნენ) აკმაყოფილებს მოსალოდნელი ზიანის წინასწარ განჭვრეტისა და მისი თავიდან აცილებისათვის განხორციელებული ქმედებების აუცილებელ სტანდარტს, შესაბამისად, დამზღვევის ქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად ვერ შეფასდება. საწინააღმდეგოს დაშვება და დამზღვევის პასუხისმგებლობის ფარგლების ზედმეტად გაფართოება შეეწინააღმდეგებოდა დაზღვევის სამართლებრივ არსს, რადგანაც ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა, სადაზღვევო შემთხვევისას დამზღვევის ნებისმიერი მოქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასებულიყო და მზღვეველის მიერ ზიანის ანაზღაურება გამორიცხულიყო; საქმეზე Nას-1497-2020 სასამართლომ დაადგინა, რომ წვიმიან ამინდში თოვლით დაფარულ სავალ ნაწილზე მძღოლმა ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა, მოუცურდა მანქანა, გადაკვეთა ღერძულა ხაზი, გადავიდა გზის საპირისპირო მხარეს, შემდეგ - მინდორში და ამობრუნდა; სიჩქარის გადაჭარბება იმ ხარისხით, რომ მოცურების შემდეგ ავტომობილმა 25 მეტრი იცურა, გადაკვეთა თოვლიანი გზის გვერდული და საბოლოოდ მინდორში ამობრუნდა, მძღოლის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობაა; საქმეზე Nას-818-2020 დადგენილია, რომ სადაზღვევო შემთხვევის ქვეშ მოიაზრებოდა მყიდველის მიერ, ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის გამო, დაზღვევისათვის დაშვებული მიწოდების საინვოისო ღირებულების მოცდის პერიოდის განმავლობაში მთლიანად ან ნაწილობრივ გადაუხდელობა. კერძოდ, ხუთმა სამეწარმეო სუბიექტმა დამზღვევის მიმართ ფულადი ვალდებულება დადგენილ ვადაში არ შეასრულა; საქმეზე Nას-124-2022 დადგენილია, რომ მოსარჩელე მოძრაობდა თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე მის სამოძრაო ზოლში, როდესაც საპირისპირო ზოლიდან გადმოვიდა შემხვედრი ავტომანქანა, რომელიც მოძრაობდა შორი მაშუქებით, ვინაიდან მანქანებს შორის მანძილი იყო მცირე, გარდაუვალი შეჯახების თავიდან აცილების მიზნით, მოსარჩელე გადავიდა სავალი გზის გვერდზე, სადაც უსწორმასწორობის გამო, ვერ მოახერხა საჭის დამორჩილება და დაეჯახა გზის დამცავი ბეტონის მოაჯირს, რის შედეგადაც დაზიანდა წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ დამზღვევის მხრიდან არ გამოვლენილა უხეში გაუფრთხილებლობა და არამართლზომიერია ამ მოტივით სადაზღვევო კომპანიის უარი ზიანის ანაზღაურებაზე; საქმეზე Nას-462-2022 დადგენილია, რომ ავტომობილი, თბილისიდან რუსთავის მიმართულებით მოძრაობდა. შეჯახების შემდეგ ავტომობილის წინა მარჯვენა მართვადი თვლის მიმართულება, შემთხვევის ადგილზე შეჯახების შედეგად ავტომობილის დეტალების ჩამონაყარი, საპირისპირო მოძრაობის ზოლში მთლიანად გადასული ავტომობილის მდებარეობა, საგზაო მონიშვნის წყვეტილი ხაზის მონაკვეთიდან საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასული ავტომობილის დაშორება მოწმობს, რომ ავტომობილი, შეჯახებამდე მოძრაობდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში. ავტოსაგზაო შემთხვევის შინაარსის გათვალისწინებით, მძღოლის ქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად უნდა იქნა მიჩნეული; საქმეზე, Nას-253-2022, მხარეთა შორის გაფორმდა დაზღვევის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მოსარჩელის დაზღვეულ ინტერესს წარმოადგენდა დამზღვევის საქმიანობის (ეკოლოგიურად სუფთა და სტაბილური წყლის წარმოება და მიწოდება, ელექტროენერგიის გენერირება შიდა მოხმარებისათვის) შედეგად მესამე მხარეთათვის/დაქირავებული მუშაკებისათვის მიყენებული სხეულის და/ან ქონების ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რომელიც დამზღვევს წარმოიშობოდა კანონის თანახმად; საქმეზე Nას-499-2023 დადგენილია, რომ მძღოლი რომელიც შემთხვევის დადგომისას მართავდა სატვირთო ავტომობილს, არ იმყოფებოდა ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ. გვირაბის შესასვლელი არის სტანდარტული გაბარიტების, ოთხკუთხედი ფორმის, ხოლო გასასვლელი შედარებით ვიწრო, ოვალური (არასტანდარტული). უდავოა, რომ გვირაბთან არ ყოფილა რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი. მძღოლმა გვირაბში შესვლა უსაფრთხოდ განახორციელა, თუმცა გასვლისას ავტომანქანის მისაბმელი წამოედო გვირაბის ბოლოს მიშენებულ თაღს. დაზღვეული ავტომობილის მძღოლი მოქმედებდა მარტივი გაუფრთხილებლობით და ზიანი არ არის გამოწვეული მზღვეველის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საგამონაკლისო შემთხვევით. საქმეზე №ას-595-2022, არ დადასტურდა მოსარჩელის ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნის, მისი მხრიდან სიჩქარის გადაჭარბების ან/და ქარაფშუტული მანევრირების გზით საწინააღმდეგო ზოლში გადასვლის და ხანგრძლივად მოძრაობის ფაქტი. მძღოლი მოქმედებდა მარტივი და არა უხეში გაუფრთხილებლობით, დამზღვევს აუცილებელი წინდახედულების ნორმები განსაკუთრებით მძიმედ არ დაურღვევია.
18. საკასაციო სასამართლო კასატორის მიერ მითითებული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზით მიდის დასკვნამდე, მითითებული საქმეებიდან უმრავლესობაში, სადაზღვევო შემთხვევა შეფასებულია მარტივ გაუფრთხილებლობად. რაც შეეხება სხვა საქმეებს საკასაციო საჩივარში მითითებული გადაწყვეტილებები ეხება განსხვავებულ შემთხვევებს განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებებით და ეს შემთხვევები არ წარმოადგენს მოცემული შემთხვევის ანალოგს. არც ერთი საქმე არ გამოდგება პრეტენზიის დასასაბუთებლად, რადგანაც მითითებულ საქმეებში ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზეა საუბარი, რომლებიც არსებითად განსხვავდება მოცემული საქმის გარემოებებისაგან.
19. პალატა ასევე, არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას ავტომანქანის აღდგენის ღირებულებასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ დაკისრებული ზიანის ოდენობის თაობაზეც კასატორს არგუმენტირებული შედავება არ წარმოუდგენია, რისი გათვალისწინებითაც, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.8 პუნქტის გათვალისწინებითა და საქმეში წარმოდგენილ ინვოისის, თანახმად, (2021 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, დაზიანებული ავტომობილის ინსპექტირების შედეგად, ზარალის ოდენობა და ნარჩენი ღირებულება შეადგენს 10 220 ლარს), სავსებით კანონიერადაა განსაზღვრული დაკისრებული ზიანის ოდენობა 10 220 ლარით.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
21. ამდენად, კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი, მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს.
23. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არცერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
24. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ,,ს.კ.ე.ჯ–იას’’ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს ,,ს.კ.ე.ჯ–იას’’ (ს/კ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 6/13/2024წ. №6191337 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 511.00 ლარის, 70% – 357.7 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი