საქმე №ას-229-2024 31 იანვარი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ო.ს–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ს–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ი.ს–ძემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, ო.ს–ძის (შემდგომში - მოპასუხე, კასატორი) მიმართ და თანხის დაკისრება მოითხოვა.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელეს მითითებით, იგი არის ზ.ს–ძის და ო.ს–ძის შვილი. ზ.ს–ძემ შეიძინა ქ. ბათუმში, .......... მდებარე ბინა, სადაც ქორწინების შემდეგ 1995 წლიდან ცხოვრობდნენ ზ., ო. და ი.ს–ძეები და რაზეც ზ.ს–ძისა და ო.ს–ძის განშორების შემდეგ მხარეებს შორის დაიწყო დავა. 2009 წლის 14 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული იქნა განჩინება მხარეთა მორიგების შესახებ, სადაც მოდავე მხარეებს წარმოადგენდნენ ი.ს–ძის დედის მამინაცვალი რ.დ–ძე და ბინის მესაკუთრეთა 46 ამხანაგობა (კოოპერატივი), ხოლო დავის საგანს წარმოადგენდა კოოპერატივის წევრად ცნობა და უძრავი ნივთის მესაკუთრედ აღრიცხვა. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. ბათუმი, .......... საკუთრების უფლებით აღირიცხა ზ.ს–ძის და ი.ს–ძის სახელზე, რა დროსაც მოსარჩელე იყო არასრულწლოვანი 12 წლის, შესაბამისად, მისი კანონიერი წარმომადგენლები იყვნენ ზ.ს–ძე და ო.ს–ძე.
2.2. სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2010 წლის 28 სექტემბერს, ბინა გასხვისდა 44 000 აშშ დოლარად. ხელშეკრულებაზე ხელს აწერს ზ.ს–ძე და ო.ს–ძე, როგორც ი.ს–ძის კანონიერი წარმომადგენელი და ი.ს–ძის კუთვნილი თანხა 22 000 აშშ დოლარი გადაეცა ო.ს–ძეს, რომელიც ვალდებული იყო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ი.ს–ძისათვის შეეძინა ბინა. თუმცა მის მიერ არ იქნა სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული, არ იქნა ი.ს–ძისათვის შეძენილი ბინა და ი.ს–ძის ბინის შესაძენი თანხა გამოიყენა თავისი შეხედულებისამებრ.
2.3. 2010 წლის 9 ნოემბერს ო.ს–ძემ გ.დ–ძესთან გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ო.ს–ძემ სესხის სახით გასცა 22 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლით, ექვსი თვის ვადით. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ გ.დ–ძის მიერ ვერ იქნა დაბრუნებული სესხის სახით მიღებული თანხა და 2011 წლის 13 ივლისს, მხარეებს - ო.ს–ძესა და გ.დ–ძეს შორის შედგა შეთანხმება ვალის სანაცვლოდ უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბათუმი ........ დათმობის შესახებ და ამ ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა ო.ს–ძე.
2.4. 2013 წლის 28 მაისს უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ........ ო.ს–ძემ გაასხვისა ჯ.ჩ–ძეზე 53 000 აშშ დოლარად. აღნიშნული თანხის მიღების შემდეგაც ო.ს–ძემ არ აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება ამ თანხით ი.ს–ძისათვის შეეძინა უძრავი ქონება. ამ ბინის გასხვისების შემდეგ 2013 წლის 6 ივნისს ო.ს–ძემ 40 000 აშშ დოლარად შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი ........, რა დროსაც ი.ს–ძე იყო 16 წლის.
2.5. ი.ს–ძე სრულწლოვანებამდე ცხოვრობდა ო.ს–ძესთან ერთად ქ. ბათუმში, ........ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ის სამუშაოდ წავიდა საქართველოს ფარგლებს გარეთ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მას საცხოვრებელი ადგილი აღარ აქვს და არც ო.ს–ძესთან ერთად აღარ ცხოვრობს. ამასთან, მისთვის ზემოთ აღნიშნული ფაქტები უცნობი იყო, რადგან ის იყო არასრულწლოვანი. ი.ს–ძეს არ გააჩნდა საცხოვრებელი ბინა, მივიდა მამის ზ.ს–ძის საცხოვრებელ სახლში, სადაც ზ.ს–ძემ განუმარტა, რომ მისთვის ო.ს–ძეს უნდა შეეძინა ქ. ბათუმში უძრავი ქონება 2009 წლის 14 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე.
2.6. ამის შემდეგ ი.ს–ძემ მიმართა საჯარო რეესტრს. მოძიებული ინფორმაციით დაადგინა, რომ ო.ს–ძემ ი.ს–ძეს არ შეუძინა უძრავი ქონება, არამედ ის გაიფორმა თავის სახელზე. განახორციელა რამდენიმე ტრანზაქცია, ხოლო, უძრავ ქონებას მდებარე: ქ. ბათუმი ......... ბინა N42 შეძენის დღიდან აქირავებს და იღებს შემოსავალს. ეს ბინა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა წარმოადგენდეს ი.ს–ძის საკუთრებას.
2.7. მოთხოვნის მიუხედავად, ო.ს–ძემ არ გადასცა უძრავი ქონება ი.ს–ძეს საკუთრებაში. ამასთან 2009 წლის შემდეგ ო.ს–ძე ახორციელებს ი.ს–ძის კუთვნილი თანხებიდან სარგებლის მიღებას, აქირავებს ბინას თვეში დაახლოებით 300 აშშ დოლარად. კერძოდ, ო.ს–ძემ მიიღო სარგებელი 40 000 აშშ დოლარი და 2013 წლის 6 ივნისიდან თვეში 300 აშშ დოლარი, რაც წელიწადში შეადგენს 3600 აშშ დოლარს. მას ეს ბინა დღემდე გაქირავებული აქვს, რაც 8 წლის განმავლობაში შეადგენს 28 800 აშშ დოლარს. მოსარჩელის მოთხოვნაა კუთვნილი თანხით მოპასუხის მიერ შეძენილი ბინის ღირებულებისა და ამ ბინიდან მიღებული სარგებლის ჯამში 68 800 აშშ დოლარის ო.ს–ძისათვის დაკისრება.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, შესაგებელში აღნიშნულია, რომ არასწორია თითქოს ქ. ბათუმში, ....... მდებარე ბინა N16 იყო ზ.ს–ძის საკუთრება. მან უძრავი ქონების შესაძენად თავად გადასცა თანხა ყოფილ მეუღლეს. ო.ს–ძისათვის გაუგებარია რატომ დამტკიცდა მორიგება ასეთი სახით, რადგან მისთვის საერთოდ არ იყო ცნობილი მიმდინარე სასამართლო დავის და მიღებული განჩინების შესახებ. მოპასუხე უარყოფს სარგებლის მიღების ფაქტს და განმარტავს, რომ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში აქირავებდა ბინას, ისიც თვეში 150 აშშ დოლარად.
3.2. მოპასუხის განმარტებით 22 000 აშშ დოლარი მიიღო ყოფილი მამამთილიდან და იფიქრა, რომ ეს თანხა იყო ბინის გაყიდვის შედეგად მიღებული. ამ თანხით გააფორმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება გ.დ–ძესთან, რომელმაც ვერ შეძლო გადახდა და საკუთრებაში მიიღო ქ. ბათუმში, ......... მდებარე ბინა, რომელიც გაყიდა 53 000 აშშ დოლარად, ხოლო 40000 აშშ დოლარად იყიდა ბინა ქ. ბათუმში ........
3.3. მოპასუხე არ ეთანხმება მორიგების აქტს და განმარტავს, რომ ზ.ს–ძესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 1993 წლის 14 აპრილიდან 2005 წლის 10 მაისამდე და შესაბამისად იყო ქ. ბათუმში ......... მდებარე ბინა N16-ის თანამესაკუთრე. სადავო განჩინებით ირკვევა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება კოოპერატივის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით გადაეცა ზ.ს–ძეს ოჯახთან ერთად. მოპასუხის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ იყო აღნიშნული ბინის თანამესაკუთრე, განჩინებით არაა გათვალისწინებული მისი უფლებები.
3.4. მოპასუხე მიუთითებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების 10 წლიან ხანდაზმულობის ვადაზე და მიაჩნია, რომ მოთხოვნა არის ხანდაზმული
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. ბათუმის საქალაქო საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა: ო.ს–ძეს, ი.ს–ძის სასარგებლოდ 68 800 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
5.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებს, დამატებით დადგენილად მიიჩნევს და მიუთითებს საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
5.1.1. დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის განჩინებით დამტკიცდა მორიგების აქტი რ.დ–ძესა და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა N46-ს შორის შემდეგი პირობებით: „1. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის №46 ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა თანახმაა, მის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ......... მდებარე №16 ბინა თანასაკუთრების უფლებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში თანაბარწილად აღირიცხოს 1/2 - ზ.ს–ძისა და 1/2 - ი.ს–ძის სახელზე; 2. თანაბარწილად ზ.ს–ძისა და ი.ს–ძის სახელზე აღრიცხვის შემდგომ აღნიშნული ფართი ერთი წლის მანძილზე გასხვისდეს და მიღებული თანხა გადაეცეს თანაბრად ზ.ს–ძესა და ი.ს–ძეს წილის შესაბამისად; 3. ი.ს–ძისათვის გადაცემული თანხით (რომელიც ჩაირიცხება მის პირად ანგარიშზე) 6 თვის ვადაში მისმა კანონიერმა წარმომადგენლებმა, მშობლებმა შეიძინონ ბინა ი.ს–ძის სახელზე; 4. ბინის გაუსხვისებლობის შემთხვევაში იძულებითი აღსრულებისათვის სააღსრულებო ბიუროში სააღსრულებო ფურცელი წარდგენილ უნდა იქნეს ზ.ს–ძისა და ი.ს–ძის მიერ არანაკლებ სამი თვის განმავლობაში ერთწლიანი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან“ (ს.ფ. 20-24).
5.2.2. 2009 წლის 26 აგვისტოს უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი .......... ს/კ ......... აღირიცხა ზ.ს–ძის (მოსარჩელის მამა) და ი.ს–ძის სახელზე (ს.ფ. 25).
5.3.3. მხარეთა შორის სადავოს არ არის ფაქტობრივი გარემოება, რომ ამ დროისათვის მოსარჩელე (ი.ს–ძე) იყო არასრულწლოვანი-12 წლის და მისი კანონიერი წარმომადგენლები იყვნენ მშობლები ზ.ს–ძე და მოპასუხე ო.ს–ძე (მხარეთა განმარტებები).
5.4.4. სადაო არაა ის, რომ 2010 წლის 28 სექტემბერს, უძრავი ქონება გასხვისდა კ.შ–ზე 44 000 აშშ დოლარად. მიღებული ნასყიდობის თანხა განაწილდა შემდეგნაირად - 22 000 გადაეცა ზ.ს–ძეს, ხოლო 22 000 ო. ს–ძეს, როგორც ი.ს–ძის კანონიერ წარმომადგენელს (ს.ფ. 27-28; მხარეთა განმარტებები).
5.5.5. 2010 წლის 9 ნოემბერს ო.ს–ძემ გ.დ–ძესთან გააფორმა სესხის ხელშეკრულება და მსესხებელს გადასცა სესხად 22 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, ო.ს–ძის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ქ. ბათუმში, .......... მდებარე უძრავი ქონება. ო.ს–ძის საკუთრებაში აღირიცხა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, ვინაიდან, მსესხებელმა სესხის გადახდა ვერ უზრუნველყო (ს.ფ. 30, 34).
5.6.6. 2013 წლის 28 მაისს მოპასუხემ განახორციელა ტრანზაქცია და საკუთრებაში მიღებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ........ გაყიდა და ამ ნასყიდობის შედეგად მიიღო 53 000 აშშ დოლარი (ს.ფ. 36-38).
5.7.7. 2013 წლის 6 ივლისს ო.ს–ძემ 40 000 აშშ დოლარად იყიდა ქ. ბათუმში, .......... მდებარე N42 საცხოვრებელი ბინა (ს.ფ. 41).
5.8.8. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ამ ტრანზაქციის დროს ი.ს–ძე იყო არასრულწლოვანი-16 წლის. იგი სრულწლოვანებამდე ცხოვრობდა დედასთან და მისთვის უცნობი იყო ის ფაქტი, რომ მორიგების აქტის საფუძველზე კანონიერ წარმომადგენელს მისთვის უნდა შეეძინა საცხოვრებელი ბინა (მხარეთა განმარტებები).
5.9.9. 2013 წლის 6 ივლისს ო.ს–ძემ შეიძინა მინიმუმ 40 000 აშშ დოლარად ღირებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. ბათუმში, ......... და სადავო არაა, რომ იგი აღნიშნულ ბინას აქირავებს და იღებს შემოსავალს (ს.ფ. 43, მოპასუხის განმარტება; შესაგებელი ს.ფ. 68).
5.2. ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ნაწილობრივ დასაბუთებულია იმის თაობაზე, რომ ო.ს–ძემ იმოქმედა საკუთარი შვილის კანონიერი ინტერესების საზიანოდ, არ მოახდინა არასრულწლოვანის კუთვნილი თანხით უძრავი ქონების შეძენა, მან აღნიშნული თანხა გამოიყენა საკუთარი ინტერესებისათვის, ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით, რითაც დაარღვია კანონიერი წარმომადგენლის-მშობლის ვალდებულება, ამით კი მოსარჩელეს მიაყენა ზიანი და რომ სამართლებრივი რესტიტუცია ანუ კომპენსაცია უნდა განისაზღვროს სწორედ იმ თანხით, რა სარგებელიც მიიღო მოპასუხემ მოსარჩელის კუთვნილი თანხის არამიზნობრივად, უკანონოდ გამოყენების გამო, ამასთან, ასანაზღაურებელი ზიანი უნდა განისაზღვროს არა მხოლოდ განცდილი ქონებრივი დანაკლისით, არამედ მიუღებელი შემოსავლითაც.
5.3. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას, რომელიც მიუღებელი შემოსავლის (ქირის) სახით მოპასუხისათვის 2013 წლის 6 ივნისიდან, სარჩელის აღძვრამდე, 8 წლის განმავლობაში, 28 800 აშშ დოლარის დაკისრებას გულისხმობს, პალატამ ნაწილობრივ გაიზიარა და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ მოპასუხე უძრავი ნივთის გაქირავების შედეგად, 8 წლის განმავლობაში იღებდა შემოსავალს თვეში 300 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხე არ უარყოფს რომ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში აქირავებდა ბინას, ისიც თვეში 150 აშშ დოლარად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში (მხარის აღიარება) მიუღებელი შემოსავალი უნდა განისაზღვროს თვეში 150 აშშ დოლარის ოდენობით, ერთი წლის განმავლობაში მიღებული თანხით, რაც მთლიანობაში შეადგენს 1800 აშშ დოლარს.
5.4. ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან განსახილველი სარჩელით დავის საგანია უძრავი ქონების გასხვისების გამო, მოპასუხეზე თანხის დაკისრება და არა მორიგების აქტის აღსრულების საკითხი, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე პალატას მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა ხანდაზმულობის საფუძვლით მოპასუხის პრეტენზია. ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ ხანდაზმულობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ი.ს–ძე სრულწლოვანი გახდა 2015 წლის მაისში, ხოლო სარჩელი კანონიერი წარმომადგენლის წინააღმდეგ წარადგინა 2021 წლის 9 ივლისს, ამდენად, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა დაცულია.
5.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ო.ს–ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით (პირველი და მე-2 და მე-3 პუნქტები) მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ი.ს–ძის სარჩელი ო.ს–ძის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ო.ს–ძეს ი.ს–ძის სასარგებლოდ 41 800 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორის მითითებით, სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა აღძრული დავის ფაქტობრივი გარემოებები. არასწორად შეაფასა დავა უსაფუძვლო გამდიდრებად, რადგან სასამართლომ მართებულად მიიჩნია 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გამოყენება. მოსარჩელის მიერ აღძრულ სარჩელზე გამოყენებული უნდა ყოფილიყო სახელშეკრულებო სამართალი და არა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები.
6.2. კონკრეტულ შემთხვევაში,მოპასუხისათვის ცნობილი არ იყო დავის არსებობის შესახებ და 2009 წელს არ მიუღია მონაწილეობა საქმის განხილვაში. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ 22 000 აშშ დოლარი გადაეცა ო.ს–ძეს, როგორც ი.ს–ძის კანონიერ წარმომადგენელს.
6.3. კასატორი აღნიშნავს, რომ მართალია შესაგებელში და მოსამზადებელ სხდომაზე არ მიუთითებია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე ზიანის ანაზღაურების კუთხით, მაგრამ შესაგებლის მე-10 ფაქტობრივი გარემოებაში ჯერ სარჩელის ზოგად ხანდაზმულობაზეა მითითება, ხოლო შემდგომ სარჩელის ხანდაზმულობა 2009 წლის განჩინების აღსრულებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით. ასევე, 2022 წლის 13 ოქტომბერს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე დააფიქსირა პოზიცია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. ვინაიდან მოსარჩელე სრულწლოვანი გახდა 2015 წლის 12 მაისს, ხოლო სარჩელი აღძრულია 2021 წლის 9 ივლისს, მას გაშვებული აქვს როგორც ხანდაზმულობის 3 წლიანი, ასევე 6 წლიანი ვადაც.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
9.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. სასარჩელო მოთხოვნა სსკ-ის 982-ე (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი. ბათილი განკარგვის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია ხელმყოფისაგან მოითხოვოს დაუყოვნებლივი ანაზღაურება.), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმ(ებ)ის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმ(ებ)ის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის საქმე №ას-2-2-2017 გადაწყვეტილება), ანუ მოთხოვნის იურიდიული მართებულობა უნდა შემოწმდეს იმის მიხედვით, არის თუ არა იგი კანონიერი, შეიძლება თუ არა სასამართლოში ასეთი სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილ იქნეს და იგი დაკმაყოფილდეს კანონმდებლობის შესაბამისად (იხ.: ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა (შევსებული და გადამუშავებული), გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2015, გვ. 637) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის საქმე Nას-1571-2023 განჩინება).
11. სსკ-ის 982-ე მუხლის სწორად განმარტებისათვის, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს ის წინაპირობები, რასაც ეს ნორმა ადგენს. ხსენებული ნორმით გათვალისწინებული ხელყოფის კონდიქციის წინაპირობები შემდეგია: 1. კონდიქციის მოვალის მიერ რაიმეს მოპოვება/შეძენა (ნებისმიერი სახის ქონებრივი სარგებელი, რომელიც ფაქტობრივად უნდა მიიღოს მოვალის ქონებამ); 2. ქონებრივი სარგებლის მიღება ხელყოფით (სამართლებრივი საფუძვლის გარეშე), რომლის განხორციელების საშუალებებიც არაამომწურავადაა განსაზღვრული კანონით; 3. ქონებრივი სარგებლის მიღება კონდიქციის კრედიტორის ხარჯზე.
12. ხელყოფის კონდიქციიდან გამომდინარე პასუხისმგებლობისათვის აუცილებელი არაა, რომ კონდიქციის მოვალე ბრალეულად მოქმედებდეს და კონდიქციის კრედიტორს ზიანი მიადგეს. პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საკმარისია, რომ კონდიქციის მოვალემ ხელყოს ის სამართლებრივი სიკეთე, რომლის გამოყენების უფლებამოსილებაც მინიჭებული აქვს კონდიქციის კრედიტორს. ამასთან, აუცილებელი წინაპირობაა ხელმყოფის გამდიდრება კონდიქციის კრედიტორის ხარჯზე. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში, ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის საქმე №ას-1204-2018, 25.01.2019, პ .19; საქმე №ას -960-2018, 22.11.2018; საქმე№ ას-472-448-2013, 05.12.2013).
13. პალატის მოსაზრებით, უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ფარგლებში კონდიქციის კრედიტორს აქვს რესტიტუციის და არა კომპენსაციის მოთხოვნის უფლება. კონდიქციის ოდენობა დგინდება იმის მიხედვით, თუ რა ოდენობით (ან რით) გამდიდრდა კონდიქციის მოვალე, მაშინ, როდესაც ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში გადამწყვეტია დაზარალებულის დანაკლისი. ნივთის საბაზრო ღირებულება შეიძლება არ ემთხვეოდეს მიყენებული ზიანის ოდენობას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, იგი, ასევე, არ ემთხვევა იმ გამდიდრების ოდენობას, რითაც არაუფლებამოსილი პირი მდიდრდება უფლებამოსილი პირის ხარჯზე. ამ ნორმის სწორი ინტერპრეტაციის შედეგი, პალატის მოსაზრებით, ის იქნება, თუ ხელყოფით (არაუფლებამოსილი განკარგვით) მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში ვიგულისხმებთ განკარგვით მიღებულის უკან დაბრუნებას. თავის მხრივ, განკარგვის შედეგად მიღებულში იგულისხმება ის, რაც არაუფლებამოსილმა პირმა საპასუხო შესრულების სახით მიიღო იმ გარიგების წყალობით, რომელიც საფუძვლად დაედო განკარგვას (მაგ. ნასყიდობის ფასი არაუფლებამოსილად განკარგული ნივთის სანაცვლოდ).
14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის განჩინებით დამტკიცდა მორიგების აქტი რ.დ–ძესა და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა N46-ს შორის შემდეგი პირობებით: „1. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის №46 ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა თანახმაა, მის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ......... მდებარე №16 ბინა თანასაკუთრების უფლებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში თანაბარწილად აღირიცხოს 1/2 - ზ.ს–ძისა და 1/2 - ი.ს–ძის სახელზე; 2. თანაბარწილად ზ.ს–ძისა და ი.ს–ძის სახელზე აღრიცხვის შემდგომ აღნიშნული ფართი ერთი წლის მანძილზე გასხვისდეს და მიღებული თანხა გადაეცეს თანაბრად ზ.ს–ძესა და ი.ს–ძეს წილის შესაბამისად; 3. ი.ს–ძისათვის გადაცემული თანხით (რომელიც ჩაირიცხება მის პირად ანგარიშზე) 6 თვის ვადაში მისმა კანონიერმა წარმომადგენლებმა, მშობლებმა შეიძინონ ბინა ი.ს–ძის სახელზე; 4. ბინის გაუსხვისებლობის შემთხვევაში იძულებითი აღსრულებისათვის სააღსრულებო ბიუროში სააღსრულებო ფურცელი წარდგენილ უნდა იქნეს ზ.ს–ძისა და ი.ს–ძის მიერ არანაკლებ სამი თვის განმავლობაში ერთწლიანი ვალის უშედეგოდ გასვლის შემდგომ საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან“.
15. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი ......... ს/კ ........, 2009 წლის 26 აგვისტოს აღირიცხა ზ.ს–ძის (მოსარჩელის მამა) და ი.ს–ძის სახელზე (ს.ფ. 25). სადავო არაა ის, გარემოება რომ 2010 წლის 28 სექტემბერს, უძრავი ქონება გასხვისდა კ.შ–ზე 44 000 აშშ დოლარად. მიღებული ნასყიდობის თანხა განაწილდა შემდეგნაირად - 22 000 გადაეცა ზ.ს–ძეს, ხოლო 22 000 ო. ს–ძეს, როგორც ი.ს–ძის კანონიერ წარმომადგენელს (ს.ფ. 27-28; მხარეთა განმარტებები). ხოლო, 2010 წლის 9 ნოემბერს ო.ს–ძემ გ.დ–ძესთან გააფორმა სესხის ხელშეკრულება და მსესხებელს გადასცა სესხად 22 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, ო.ს–ძის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ქ. ბათუმში, ........... მდებარე უძრავი ქონება. ო.ს–ძის საკუთრებაში აღირიცხა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, ვინაიდან, მსესხებელმა სესხის გადახდა ვერ უზრუნველყო. (ს.ფ. 30, 34).
16. განსახილველ შემთხვევაში, პალატის მოსაზრებით, შესრულებულია სსკ-ის 982-ე მუხლის ყველა წინაპირობა. სსკ-ის 1198-ე და 1199-ე მუხლით დაცულია მშობელთა მოვალეობანი შვილების მიმართ და ბავშვის ინტერესები. შესაბამისად, დადგენილია, რომ 2013 წლის 28 მაისს მოპასუხემ განახორციელა ტრანზაქცია და საკუთრებაში მიღებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, .......... გაყიდა და ამ ნასყიდობის შედეგად მიიღო 53 000 აშშ დოლარი (ს.ფ. 36-38). 2013 წლის 6 ივლისს ო.ს–ძემ 40 000 აშშ დოლარად იყიდა ქ. ბათუმში, .......... მდებარე N42 საცხოვრებელი ბინა (ს.ფ. 41). მხარეთა შორის სადავო არარის ის გარემოება, რომ ამ ტრანზაქციის დროს ი.ს–ძე იყო არასრულწლოვანი - 16 წლის. იგი სრულწლოვანებამდე ცხოვრობდა დედასთან და მისთვის უცნობი იყო ის ფაქტი, რომ მორიგების აქტის საფუძველზე კანონიერ წარმომადგენელს მისთვის უნდა შეეძინა საცხოვრებელი ბინა. ასევე, დადგენილია, რომ 2021 წლის 6 ივლისს ო.ს–ძემ შეიძინა მინიმუმ 40 000 აშშ დოლარად ღირებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. ბათუმში, ......... და სადავო არაა, რომ იგი აღნიშნულ ბინას აქირავებს და იღებს შემოსავალს. ამიტომ, სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1199-ე მუხლების საფუძველზე, ქონების განკარგვა უნდა მომხდარიყო არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად (მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ამ დროისათვის მოსარჩელე (ი.ს–ძე) იყო არასრულწლოვანი-12 წლის და მისი კანონიერი წარმომადგენლები იყვნენ მშობლები ზ.ს–ძე და მოპასუხე ო.ს–ძე). სადავო შემთხვევაში კი, არ დადასტურდა მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინება, რაც მისი ქონებრივი უფლებების ხელყოფაზე მიუთითებს.
17. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს მიუღებელი შემოსავლისთვისაც. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება გაქირავებული იყო თვეში 150 დოლარად და ამ თანხას არასრულწლოვანის დედა იღებდა, ხოლო მას წაერთვა ქირის სახით შემოსავლის მიღებისა და ამ თანხის საჭიროებებისთვის გამოყენების შესაძლებლობა, არსებობდა მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლები.
18. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობა ფაქტის საკითხია. ამასთან, ეს ფაქტი მოპასუხის შესაგებელში ან მოსამზადებელ სხდომაზე უნდა იყოს წამოყენებული (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის საქმე Nას-262-2019, 02.12.2020წ. პ.24; საქმე Nას-1454-2018, 30.07.2021წ. პ.71). პალატა მიუთითებს, რომ მოვალის პროცესუალური შესაგებელი, მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, ე.წ. უფლების შემაფერხებელ შესაგებელს წარმოადგენს, რა შემთხვევაშიც მოვალის შეპასუხება არა თავისთავად უფლების ნამდვილობას, არამედ მისი ხანდაზმულობის მოტივით უკუგდებას ემსახურება. მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტის საკითხია, და განსხვავებით სამართლის საკითხისგან, რა დროსაც, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში სასამართლო თავად მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას და შეუფარდებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ შემთხვევაში, მხარე თავადაა ვალდებული უფლების სასამართლო წესით განხორციელებისგან ასეთი მითითებით დაიცვას თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მოთხოვნის ნამდვილობისა და განხორციელებადობის დადგენის შემთხვევაში, მიუხედავად მისი ხანდაზმულობისა, მოვალეს დააკისრებს ვალდებულების შესრულებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის საქმე№ას-498-2020, 25.11.2020წ. პ.38; საქმეNას-1001-2019, 30.07.2021წ., პ.15). განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ მიუთითა ხანდაზმულობაზე, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რაც ეხებოდა კანონიერ ძალაში შესული განჩინების (მორიგების დამტკიცების შესახებ) აღსრულების ხანდაზმულობას. რაც შეეხება ზიანის მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადის გავრცელებას, ამ ნაწილში მოპასუხეს არც მიუთითებია და არც შესაბამისი არგუმენტები წარმოუდგენია. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის საქმეNას-1001-2019, 30.07.2021წ. პ. 16). გამომდინარე აქედან, კასატორის პრეტენზია სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე უსაფუძვლოა, რაც სსკ-ის 144.1 მუხლის (ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე) მიხედვით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება. ამდენად, პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნა წარმოშობილია, ნამდვილია და განხორციელებადია სსკ-ის 982-ე მუხლიდან გამომდინარე.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 %.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო.ს–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ო.ს–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს გ.წ–ძის მიერ 20.05.2024წ. №8381 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 556 ლარის, 70% – 389.2 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი