საქმე №ა-5811-შ-151-2024 28 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლის სამინისტროს მინსკის ოლქის სოლიგორსკის რაიონის ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე – რ.რ–ვი
განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სოლიგორსკის რაიონის სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სოლიგორსკის რაიონის სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით (სასამართლო ბრძანების შესახებ ალიმენტის დაკისრებასთან დაკავშირებით) რ.რ–ვს ვ.დ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, არასრულწლოვანი შვილების - რ.რ–ვისა და რ.რ–სათვის, მასვე დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ ბაჟის - 122 რუბლისა და 64 კაპიკის ანაზღაურება.
2. ზემოხსენებული განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 18 თებერვალს.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს მინსკის ოლქის სოლიგორსკის რაიონის ინსპექციის შუამდგომლობა, ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სოლიგორსკის რაიონის სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების შესახებ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ზემოაღნიშნული შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სოლიგორსკის რაიონის სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნას განსახილველად. აღნიშნული განჩინება და შუამდგომლობა თანდართული მასალებით ორჯერ გაეგზავნა მოპასუხეს, თუმცა ვერ ჩაბარდა, რადგან შპს „ს-ს“ კურიერის ინფორმაციის თანახმად, ადრესატი და მითითებული მისამართი გაკითხვით ვერ მოიძებნა, რადგან ქუჩა დანომრილი არ არის.
5. საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში რ.რ–ვისათვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ნოემბრის განჩინების, წინამდებარე შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ჩაბარება.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების 2025 წლის 25 იანვრის წერილით და ბინაზე შემოწმების ოქმით ირკვევა, რომ რ.რ–ვი (დაბადებული 18.06.1987 წელს) არ იმყოფება საქართველოში, რის გამოც გზავნილის ჩაბარება ადრესატისათვის ვერ მოხერხდა.
7. საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 10 თებერვლის განჩინებით რ.რ–ვს (დაბადებული 18.06.1987 წელს) ეცნობა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2024 წლის 7 ნოემბერს შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში და განემარტა, რომ ზემოაღნიშნული განჩინება ჩაბარებულად ჩაითვლება მისი საჯაროდ გავრცელებიდან მე-7 დღეს.
8. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით უზენაესი სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.
11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე, საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
12. „მინსკის კონვენციის“ 54-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება კონვენციით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებით. შესაბამისად, ცნობა-აღსრულების პროცედურის მიმართ გამოიყენება კონკრეტული ხელშემკვრელი მხარის საპროცესო-სამართლებრივი ნორმები, ხოლო ცნობა-აღსრულების სხვა საკითხებზე ვრცელდება კონვენციის მე-3 თავის დებულებები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის დანაწესის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო პროცესუალური მოქმედებების განხორციელების თვალსაზრისით ხელმძღვანელობს ამავე კოდექსით.
13. „მინსკის კონვენციის“ მე-19 მუხლის თანახმად, სამართლებრივი დახმარების თხოვნა შეიძლება უარყოფილ იქნეს, თუ ასეთი დახმარების გაწევა ზიანს მოუტანს იმ ხელშემკვრელი მხარის სუვერენიტეტს ან უშიშროებას, რომელსაც წაუყენეს მოთხოვნა ან ეწინააღმდეგება მის კანონმდებლობას.
14. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
16. ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის საგანზე, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, ფულადი დავალიანების გადახდის დაკისრებას შეეხება.
17. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
18. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, საქმეში არსებული მასალებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული და „მინსკის კონვენციის“ 55-ე მუხლით დადგენილი დამაბრკოლებელი გარემოებები მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს, შესაბამისად, წარმოდგენილი შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 53-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს მინსკის ოლქის სოლიგორსკის რაიონის ინსპექციის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სოლიგორსკის რაიონის სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განჩინება, რომლითაც რ.რ–ვს დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ ბაჟის - 122 რუბლისა და 64 კაპიკის ანაზღაურება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი