Facebook Twitter

საქმე №ა-79-შ-3-2025 21 თებერვალი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ჯ.პ.რ–ია

მოწინააღმდეგე მხარე – ი.პ–კი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ჩეხეთის რესპუბლიკის კარლოვი ვარის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება (განაჩენი)

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ჩეხეთის რესპუბლიკის კარლოვი ვარის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით (განაჩენით) შეწყდა ქორწინება ჯ.პ.რ–იასა და ი.პ–კს შორის. აღნიშნული გადაწყვეტილება ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღსრულებულია.

2. 2025 წლის 15 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შუამდგომლობა წარმოადგინა ჯ.პ.რ–იამ, რომელშიც მიუთითა, რომ მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით, თუმცა მხარეს განემარტა, რომ ესაჭიროებოდა ზემოხსენებული გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება.

3. შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა ჩეხეთის რესპუბლიკის კარლოვი ვარის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

4. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2024 წლის 20 სექტემბერს.

5. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქმის მასალების საფუძველზე დგინდება, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის კარლოვი ვარის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით (განაჩენით) შეწყდა ქორწინება ჯ.პ.რ–იასა და ი.პ–კს შორის. აღნიშნული გადაწყვეტილება ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღსრულებულია. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ ჯ.პ.რ–ია საქართველოს მოქალაქეა.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული გადაწყვეტილება (განაჩენი) ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ.პ.რ–იას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ჩეხეთის რესპუბლიკის კარლოვი ვარის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება (განაჩენი), რომლითაც ჯ.პ.რ–იასა და ი.პ–კს შორის ქორწინება შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი