საქმე №ა-6055-შ-183-2023 28 თებერვალი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვით
შუამდგომლობის ავტორი – რ.ა–ნი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.მ–ნი
განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის მხარის კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინება და ამავე სასამართლოს მიერ 2023 წლის 19 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (საქმე №2-1602/2023)
დავის საგანი – არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის დადგენის შესახებ
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს განჩინების/სააღსრულებო ფურცლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის მხარის კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით (საქმე№2-1602/2023), რ.ა–ნის განცხადება სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მშობლის უფლების განხორციელების პროცედურის განსაზღვრის შესახებ, კერძოდ, 2016 წლის 16 ივლისს დაბადებული არასრულწლოვანი მ. ნ. ძე ა–ის დედასთან ერთად საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ (მისამართზე; კრასნოდარის მხარე, ქალაქი კროპოტკინ, .......) დაკმაყოფილდა; სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დადგინდა 2016 წლის 16 ივლისს დაბადებული არასრულწლოვანი მ.ნ. ძე ა–ის საცხოვრებელი ადგილი დედასთან ერთად მისამართზე კრასნოდარის მხარე, ქალაქი კროპოტკინ, ..........; ზემოაღნიშნულ განჩინებაზე 2023 წლის 19 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა რადმირა ავაკიანმა და მოითხოვა ზემოხსენებული განჩინებისა და სააღსრულებო ფურცლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის მხარის კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინებისა და ამავე სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
4. 2025 წლის 25 თებერვალს, შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა შუამდგომლობის განუხილევლად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, წარმოდგენილი განცხადება რ.ა–ნის შუამდგომლობის განუხილველად დატოვების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63.2 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. შესაბამისად, მასვე შეუძლია განიხილოს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის შესახებ განცხადების გამოხმობის შუამდგომლობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე.
9. დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს შუამდგომლობის გამოხმობა ისე, რომ სამომავლოდ მხარე უარს არ განაცხადებს სასამართლოსათვის წარდგენილ მოთხოვნაზე.
10. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი პირდაპირ არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის სასამრთლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განმცხადებლის თხოვნით განუხილველად დატოვების შესაძლებლობას, შესაბამისად საჭიროა საპროცესო ანალოგიის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია)). გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა იხელმძღვანელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმებით რომლებიც არეგულირებენ სარჩელის გამოხმობის სამართლებრივ შედეგებს (იხ.: სუსგ №ა-5745-შ-141-2018, 26.02.2019წ.; №ა-2253-შ-65-2022, 14.10.2022წ.; №ა-4718-შ-144-2021, 18.01.2022წ.).
11. განსახილველ შემთხვევაში, 2025 წლის 25 თებერვლს წარმოდგენილი განცხადებებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის მხარის კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინებისა და ამავე სასამართლოს მიერ 2023 წლის 19 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე, შუამდგოლობის განუხილველად დატოვება.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მოთხოვნა საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განუხილველად დატოვების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 831, 284-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.ა–ნის შუამდგომლობა, რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის მხარის კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინებისა და ამავე სასამართლოს მიერ 2023 წლის 19 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე შუამდგომლობის განუხილველად დატოვების თაობაზე, დაკმაყოფილდეს.
2. რ.ა–ნის შუამდგომლობა, რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის მხარის კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინებისა და ამავე სასამართლოს მიერ 2023 წლის 19 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე შუამდგომლობის განუხილველად დატოვების თაობაზე,, დარჩეს განუხილველად.
3. რ.ა–ნს დაუბრუნდეს შუამდგომლობა თანდართული მასალით.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა