საქმე №ას-1528-2024 28 თებერვალი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (შემდეგ - მოპასუხე, შემკვეთი, აპელანტი, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ნოემბრის განჩინებას, რომლითაც შპს „მ.“ (შემდეგ - მოსარჩელე, მენარდე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი მოპასუხის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს სამუშაოს დაცვის ხარისხის უზრუნველსაყოფად დაკავებული სამუშაოს ღირებულების 2.5%-ის, 6 250 ლარის, გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.
2. კასატორის მითითებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.3 მუხლის თანახმად, სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნევლსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნებოდა 5%. დაკავებული 5%-დან 2.5% გადაიხდებოდა სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2.5% – შესაბამისი ოდენობის სავალდებულო უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარდგენის შემდეგ.
3. დარჩენილი 2.5% ვერ ანაზღაურდა, ვინაიდან ხელშეკრულების პირობების თანახმად, საფინანსო წლის დასრულებამდე მოწინააღმდეგე მხარეს არ წარუდგენია სავალდებულო, უპირობო საბანკო გარანტია, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
6. საკასაციო სასამართლოს განსჯით, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. მოსარჩელის მოთხოვნა მის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების თაობაზე ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) სსკ-ის 629-ე მუხლის პირველ ნაწილს (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური).
9. ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად შესრულებული უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მხარეთა შორის დადებული უნდა იყოს ნარდობის ხელშეკრულება; ბ) მენარდეს შესრულებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო; გ) შემკვეთს არ უნდა ჰქონდეს ანაზღაურებული შესრულებული სამუშაო.
10. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელეს სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული 5%-დან 2.5% აუნაზღაურდა. სადავოა დარჩენილი 2.5%-ის მოწინააღმდეგე მხარისათვის ანაზღაურება, რომელიც, კასატორის მტკიცებით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება, რადგან მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ შესრულებულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა და არ წარმოდგენილა სავალდებულო, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია.
11. საკასაციო პალატა კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ მხარეებს შორის, 2018 წლის 19 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 02.02/30/98 ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა თბილისში, სამგორის რაიონში, ....... მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოები. 4.1. პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა განისაზღვრა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წლით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტის) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდებოდა, რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეული იყო უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებული იყო, აღმოეფხვრა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით. იმავე ხელშეკრულების 4.3 პუნქტით განისაზღვრა, რომ სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნებოდა 5%. დაკავებული 5%-დან 2.5% გადაიხდებოდა სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო, დარჩენილი 2.5% - შესაბამისი ოდენობის სავალდებულო, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდეგ. აღნიშნული გარანტია წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ, საფინანსო წლის დასრულებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნული ვალუტით - ლარით, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების საგარანტიო ვადას. მიმწოდებელს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დაუბრუნდებოდა აღნიშნული საბანკო გარანტია ხარვეზის აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ (4.4 პუნქტი). თუ მიმწოდებელი არ შეასრულებდა ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მოთხოვნებს, მაშინ 4.3 პუნქტით განსაზღვრული დარჩენილი 2.5% არ ანაზღაურდებოდა (4.5 პუნქტი).
12. პალატის მითითებით, დასახელებული სახელშეკრულებო პირობების ანალიზი ცხადყოფს, რომ მიწოდებული სამუშაოს დარჩენილი ღირებულების 2.5%-ის შემკვეთის მიერ დაყოვნების (დაკავების) მიზანი შესრულებული სამუშაოს ხარვეზის უზრუნველყოფა იყო და ეს ემსახურებოდა შემკვეთის ინტერესების ქმედით დაცვას, რომ ხელშეკრულება ჯეროვნად შესრულებულიყო ან წინასწარ წარმოდგენილი საბანკო გარანტიით, ან გადახდილი თანხის კონკრეტული მოცულობის დაკავებით.
13. საკასაციო პალატის განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიღება-ჩაბარების აქტი 2018 წლის 18 სექტემბერს გაფორმდა და, ხელშეკრულების 4.1 მუხლის თანახმად, შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა 2020 წლის 18 სექტემბრს ამოიწურა. უდავოა, რომ შემკვეთს (კასატორს) საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების დღიდან საგარანტიო ვადის განმავლობაში და არც მას შემდგომ, მენარდისათვის შესრულებული სამუშაოების მიმართ (უხარისხო ან არაჯეროვანი შესრულებისათვის) რაიმე სახის პრეტენზია არ განუცხადებია, რისი გათვალისწინებითაც, პალატის მითითებით, საბანკო გარანტიის წარუდგენლობა არ შეიძლება, დაკავებული თანხის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს, მით უფრო მაშინ, როდესაც შესრულების ხარისხი, ვადა და სხვა გარემოებები სადავო არ არის (იხ.: სუსგ №ას-453-2022, 27.12.2022წ.; №ას-968-2021წ, 17.12.2021წ.).
14. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიუთითებს, რომ გადასახდელად დარჩენილი თანხის 2.5%-ის ანაზღაურებაზე უარი უსაფუძვლოა როგორც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიზნიდან, ასევე - საბანკო გარანტიის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე (სსკ-ის 879 მუხლი), რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა და გადაიხდება, როგორც კომპენსაცია, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას. შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთ-ერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას ემსახურება, რაც შეიძლება კონტრაქტის არასათანადო შესრულებით წარმოიშვას, ასევე, შესრულებულ სამუშაოში დეფექტების აღმოჩენასთან დაკავშირებულ რისკს ფარავს (იხ.: სუსგ №ას-344-2019, 12.022021წ.). მოცემულ შემთხვევაში, რადგან უდავოა მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, რაც არ გამხდარა მოპასუხის მხრიდან სადავო, წარმოშობს ნარდობის ფასის სრულად გადახდის ვალდებულებას, შესაბამისად, მოპასუხე მხარემ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნოს ხარისხის უზრუნველსაყოფად დაკავებული 2,5% - 6 250 ლარი.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კეთილსინდისიერება, როგორც სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, გულისხმობს კეთილსინდისიერებას ობიექტური გაგებით. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერება გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი. უფლებათა შეძენის, განხორციელების, დაცვის, ვალდებულებათა შესრულებისას, სამართლის სუბიექტის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს. ყოველი პირი უფლების განხორციელებისა თუ ვალდებულების შესრულების დროს უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგები და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს (იხ.: სუსგ №ას-1252-2020, 29.09.2021წ.).
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
17. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
18. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
19. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
20. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ.: სუსგ №ას-344-2019, 12.02.2021წ.; №ას-362-344-2015, 31.07.2015წ.; №ას-453-2022, 27.12.2022წ.; №ას-968-2021წ, 17.12.2021წ.).
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
22. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა