საქმე №ას-1489-2024
19 თებერვალი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.შ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ქ–ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ.ქ–იამ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.შ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების 63 000 ლარის დაკისრების, ხოლო თ.ს–ვასა და თ.ხ–ის მიმართ მათ საკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.
2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის საოქმო განჩინებით თ.ხ–ისა და თ.ს–ვას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ე.შ–ი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელის დაზუსტებული მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 63 000 ლარის გადახდა. დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით, დადგინდა ე.შ–ის საკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, ........, ს/კ N..........) რეალიზაცია.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. 2018 წლის 3 აპრილს გამსესხებლებს მოსარჩელეს, მ.ჩ–ძეს და მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 63 000 ლარი, ხოლო მ.ჩ–ძემ 15 000 ლარი. ხელშეკრულებით დადგინდა ყოველთვიური სარგებელი 3%-ის ოდენობით. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 3 ოქტომბერი;
7.2. 2018 წლის 3 აპრილის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული თბილისში, ........ (ს/კ №........). იპოთეკის ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში;
7.3. 2019 წლის 1 თებერვლიდან იპოთეკის საგნის მესაკუთრეებს თ.ს–ვა და თ.ხ–ი წარმოადგენდნენ;
7.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის საოქმო განჩინებით აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეზე თ.ხ–ის და თ.ს–ვას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მოპასუხე, ვინაიდან იპოთეკის საგანი დაუბრუნდა თავდაპირველ მესაკუთრეს, მოსარჩელის პირად მოვალეს - მოპასუხეს.
8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმად საქმეზე წარდგენილი იყო მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი.
9. სააპელაციო პალატამ მიუთითა შეჯიბრებითობის პრინციპზე, შესაგებლის წარდგენის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის განმსაზღვრელ კონკრეტულ გარემოებებზე მოპასუხემ შესაგებელში ან მოსამზადებელ სტადიაზე უნდა მიუთითოს, რაც მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ თავისი საპროცესო უფლების რანგში, სათანადოდ არ გამოიყენა. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ 2021 წლის 16 დეკემბერს (სასამართლოში რეგისტრაციის თარიღი - 2021 წლის 20 დეკემბერი) სარჩელის წინააღმდეგ მარტივი (არაკვალიფიციური) შესაგებელი წარადგინა, სადაც ყოველგვარი ფაქტების მითითების გარეშე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლზე მითითებით, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია. მართალია, მოპასუხის მიზანი მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლის წარდგენა იყო, თუმცა მან აღნიშნული საპროცესო შესაძლებლობა სათანადოდ (კვალიფიციურად) არ განახორციელა.
10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 სექტემბრის მოსამზადებელი სხდომა მთავარ სხდომაში გადაიზარდა. მოპასუხეს არც ამ სხდომაზე წარუდგენია კვალიფიციური შედავება. მოპასუხე მხარეს არა თუ მოსამზადებელ ეტაპზე, არამედ მთავარ სხდომაზეც არ მიუთითებია ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ ფაქტებზე, მისი დაწყების და დასრულების კონკრეტული თარიღებისა და ვადების მითითებით.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, ხანდაზმულობის საკითხის შეფასებისთვის საკმარისად არ მიიჩნია მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის ნორმაზე დაყრდნობით მოპასუხის მითითება მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. პალატის მოსაზრებით, რამდენადაც ხანდაზმულობა, მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკით, ფაქტის საკითხს განეკუთვნება, მოპასუხემ, პირველ რიგში, უნდა მიუთითოს რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნევს მოთხოვნას ხანდაზმულად, რაც სასამართლოს მისცემს საპროცესო შესაძლებლობას, იმსჯელოს და შეფასება მისცეს მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხს.
12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევით, იმ პირობებში, როდესაც წარდგენილი არ იყო კვალიფიციური შედავება მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ. მოპასუხეების - თ.ს–ვას და თ.ხ–ის შესაგებელი ხანდაზმულობაზე მითითებას საერთოდ არ შეიცავდა, ხოლო მოპასუხე ე.შ–ის არაკვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო მოკლებული იყო საპროცესო შესაძლებლობას, ემსჯელა ხანდაზმულობის საკითხზე.
13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გარდა ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით მოპასუხის არაკვალიფიციური შედავებისა, აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის თაობაზე მოპასუხის პოზიციის გასაქარწყლებლად მოსარჩელე მხარე აპელირებს ორ გარემოებაზე, კერძოდ, მიუთითებდა, რომ (1) მოპასუხე ვალდებულებას ასრულებდა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ - 2018 წლის დეკემბერშიც, რა დროიდანაც ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა არ არის გასული და (2) ასევე, მიუთითებდა, რომ მხარეთა მიმოწერებში მოპასუხემ აღიარა ვალდებულების არსებობა, რაც ხანდაზმულობის ვადის დენის წყვეტას იწვევს. აღსანიშნავია, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი ასევე არ შეიცავს არანაირ მითითებას აღნიშნულ მიმოწერასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ - 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების თაობაზე, გარდა ფორმალური მითითებისა - „არ ვეთანხმები“. აღნიშნული არც მოსამზადებელ ეტაპზე გამხდარა სადავო. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოპასუხე მხარემ დაკარგა ფაქტებზე მითითების შესაძლებლობა.
14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არაკვალიფიციურ შედავებაზე მოსარჩელის წარმომადგენელი პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროსაც მიუთითებდა, თუმცა აღნიშნულს სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა და არასათანადო შედავების პირობებში მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია.
15. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ დასამტკიცებლად წარდგენილ მტკიცებულებებს მოპასუხემ ფორმალური შესაგებელი დაუპირისპირა და არათუ მოვლენების განვითარების მისეული ვერსია წარადგინა, არამედ საერთოდ არ შეედავა კონკრეტულ ფაქტებს, ამასთან, მას არც ფაქტების კონსტატაციის ოქმით წარდგენილი მიმოწერის ნამდვილობა გაუხდია სადავოდ, მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულების საწინააღმდეგო მსჯელობის არარსებობის პირობებში, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მოსარჩელის მიერ მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად სარჩელში მითითებულ გარემოებებს.
16. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხემ სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ შეძლო საკუთარი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება. გარდა იმისა, რომ მის მიერ წარდგენილი არ არის კვალიფიციური შედავება მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, ფაქტების კონსტატაციის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხე სისტემატურად პირდებოდა მოსარჩელეს დავალიანების ანაზღაურებას, რაც სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველს ქმნიდა (მითითებული ნორმის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას), რაც საფუძველს აცლიდა მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევას ამ საკითხზე სათანადო შედავების არსებობის პირობებშიც. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ საქმეში წარდგენილი მიმოწერა ასახავს მოვალესა და სხვა ფიზიკურ პირს შორის ვალის გასტუმრებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა საქმეში წარდგენილ ფაქტების კონსტატაციის მასალაზე, რომლითაც დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის მიმოწერა, რაც მოპასუხე მხარეს თავის დროზე სადავოდ არ გაუხდია.
17. სააპელაციო პალატის მითითებით, არაკვალიფიციური შედავების პირობებში, ასევე უდავოა, რომ მოპასუხეს სახელშეკრულებო ვალდებულება დარღვეული აქვს. პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელი ფორმალურად საფუძვლიანია, მასში გადმოცემულია სახელშეკრულებო ვალდებულების წარმოშობისათვის კანონით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, ამ სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებელი კი შემოიფარგლება მხოლოდ ფაქტების ზოგადი უარყოფით („არ ვეთანხმები“), რაც სამართლის დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაში მარტივ შესაგებლად მოიხსენიება და პროცესუალურად მის წარუდგენლობას უთანაბრდება. ასეთ ვითარებაში, სარჩელში გადმოცემული ფაქტები, შედავების არარსებობის გამო, დადგენილად მიიჩნევა და მოთხოვნაც სრულად დაკმაყოფილებას ექვემდებარება.
18. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნულ პუნქტებში მითითებული მსჯელობების გათვალისწინებით, აღნიშნა, რომ 2018 წლის 3 აპრილს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ე.შ–ს მ.ქ–იას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 63 000.00 ლარის გადახდა, რომელიც წარმოადგენს სესხის ძირ თანხას, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელეს არ მოუთხოვია.
19. პალატამ ასევე საფუძვლიანად მიიჩნია იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილიდან და 301-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარეობს. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, რამდენადაც მოპასუხემ არ შეასრულა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, შესაბამისად, კრედიტორს წარმოეშვა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის მოთხოვნის უფლება.
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
21. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:
21.1. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ძირითადად კასატორის მხრიდან პირველ ინსტანციაში არაკვალიფიციური შესაგებლის წარდგენაზეა მსჯელობა. სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში კასატორი არ ეთანხმება ფაქტობრივ გარემოებას და სამართლებრივ შეფასების ნაწილში მიუთითებს, რომ მოთხოვნა არის ხანდაზმული. პირველ ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბრის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე განიმარტა თუ რაზე დაყრდნობით მსჯელობდა სარჩელის ხანდაზმულობაზე. ამ ეტაპის შემდეგ სხდომა გადაიზარდა მთავარ სხდომაში;
21.2. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი, რომელიც, შესაძლებელია, კვალიფიციურად არ უარყოფს ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა მიუთითებს ხანდაზმულობაზე, რის გამოც საქმის არსებითად გამოკვლევის გარეშეც შესაძლებელი იყო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის დროს გამოიკვლია თუ რის საფუძველზე გამომდინარეობდა სარჩელის ხანდაზმულობა და გამოიტანა დასკვნა სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით;
21.3. საქმეზე წარდგენილია სოციალური ქსელიდან ამოღებული მიმოწერის ფაქტების კონსტატაციის აქტი, რაც არ ადასტურებს მხარეებს შორის მიმოწერის არსებობას. კერძოდ, ვინმე დ.ა.პ–ია ესაუბრება ვინმე ე.შ–ს. თუ რა სასესხო ურთიერთობაზეა საუბარი მიმოწერაში გაურკვეველია. ზემოაღნიშნული პირი საერთოდ არ წარმოადგენს მხარეს. გარდა ამისა, მიმოწერის არც ერთ ეპიზოდში მოიპოვება რაიმე სახის მიმანიშნებელი ხასიათის მსჯელობა. ამიტომ, მხოლოდ ზეპირი განმარტების საფუძველზე დადასტურება, რომ აღნიშნული მიმოწერა არის მხარეთა შორის არსებული, საქმეში არ მოიპოვება. ასევე გაურკვეველია მეორე ინსტანციის სასამართლო თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიუთითებს კასატორის მხრიდან 2018 წლის დეკემბრამდე საპროცენტო განაკვეთის გადახდის შესახებ. აღნიშნულის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება მხარეს არ წარუდგენია.
21.4. წინამდებარე დავის ფარგლებში, წარდგენილი შესაგებლით მოწინააღმდეგე მხარეს არ უარუყვია სესხის აღების ფაქტი, თუმცა მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი დავის ფარგლებში, სახეზეა ხანდაზმული სასარჩელო მოთხოვნა, მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი და რაც მთავარია მეორე ინსტანციის სასამართლოს მხრიდან სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების გარდა სხვა გარემოებებზე მითითება; მეორე ინსტანციის სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და გადაწყვეტილებაში მიუთითებს გარემოებებზე, რომელიც არ მითითებულა სააპელაციო საჩივარში და შესაბამისად ვერ იქნებოდა შედავებული კასატორის მიერ შესაგებლის წარდგენის ეტაპზე;
21.5. კასატორი ხანდაზმულობასთან დაკავშირებით მიუთითებს თეორიაში არსებულ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებზე (დეტ. იხ. საკასაციო საჩივარი).
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
23. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
26. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
27. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ფაქტს წარმოადგენს მოსარჩელის მითითება სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი მოპასუხის ვალდებულების არსებობის შესახებ.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიც არის შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში. მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი, ასევე, დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპის ერთგვარი გამოხატულებაა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში, მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე არის დამოკიდებული, რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-108-2021, 22 აპრილი, 2021 წელი; №ას-467-2020, 25 ივნისი, 2021 წელი).
30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. იმავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები შეზღუდული არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. ბუნებრივია, ამ საპროცესო სტანდარტის დადგენა გავლენას ახდენს სასამართლო კვლევის საგანზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე, როგორც ნეიტრალური არბიტრი, მტკიცებულებებს იკვლევს არა საკუთარი, არამედ მხარეთა მიერ განხორციელებული შედავების ფარგლებში და, ამ მხრივ, ადგენს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობა-არარსებობას (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-1100-1057-2016, 09 ივნისი, 2017 წელი; №ას-1340-1260-2017, 07 მარტი, 2018 წელი ).
31. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017 წელი, პარ. 201). შესაგებლის წარდგენის ვალდებულება მხარის მიერ დაძლეულად ვერ განიხილება, თუ იგი კვალიფიციურად, ამომწურავად და დასაბუთებულად არ ედავება მოსარჩელე მხარეს მის მიერ მოთხოვნის დასაფუძნებლად სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე. აბსტრაქტული და სასარჩელო მოთხოვნასთან კავშირში არმყოფი შესაგებლის პროცესუალური მნიშვნელობა, თუ მას არ შესწევს უნარი, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც აფუძნებს სარჩელს, უკიდურესად დაბალია და შემოიფარგლება უფლების დაცვის მხოლოდ იმ მასშტაბით, რომ აკავებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. არასათანადო შესაგებელი აფერხებს მოპასუხის უფლებას სასარჩელო ფაქტებზე მოგვიანებით შედავებისა და მტკიცებულებების მოგვიანებით წარდგენის შესაძლებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ საქმე №ას-351-2022, 29 სექტემბერი 2022 წელი).
32. შესაგებელი თავისი შინაარსით შეიძლება იყოს მოთხოვნის გამომრიცხველი, შემაფერხებელი ან შემწყვეტი. შესაგებელი, რომელშიც მითითებულია ხანდაზმულობაზე, სასარჩელო მოთხოვნის წარმატებით განხორციელების შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს. იგი გულისხმობს მითითებას იმგვარ ვითარებაზე, როცა გასულია რა მოთხოვნის განხორციელების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, კრედიტორს აღარ შეუძლია იძულებით, სასამართლოს მეშვეობით, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, თუკი მოვალე შესაგებელში სასარჩელო ხანდაზმულობაზე მიუთითებს და ამგვარად შეეცდება მოთხოვნის სასამართლო წესით რეალიზების შეფერხებას. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ მითითება ხანდაზმულობაზე, როგორც მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ გარემოებაზე, პროცესუალურად მთლიანად მოპასუხის კუთვნილ შესაგებელს წარმოადგენს. რაც შეეხება ხანდაზმულობის შეჩერებისა და შეწყვეტის წინაპირობებს, მისი შესწავლა, შესაბამისი შედავების არარსებობის პირობებშიც კი, სასამართლოს ვალდებულებაა (იხ. სუსგ №ას-1764-2018, 13 აპრილი 2020 წელი).
33. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეები საპროცესო სამართალურთიერთობაში მოქმედებენ რა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის ფუნდამენტური პრინციპების ფარგლებში, თავად განსაზღვრავენ, თუ რა სამართლებრივი ხერხითა და მეთოდით, რომელ სამართლებრივ ბერკეტებზე მითითებით დაუპირისპირდნენ სარჩელს და როგორ გააქარწყლონ ან შეარბილონ/შეამცირონ მათთვის დასაკისრებელი პასუხისმგებლობის ფარგლები. სასამართლო სამართალწარმოების განხორციელების პროცესში შეზღუდულია პროცესის მონაწილე სუბიექტთა ნების გამოვლენის ფარგლებით. სასამართლო სამართალწარმოებას ახორციელებს ერთი მხრივ, სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის, ხოლო, მეორე მხრივ, სარჩელის წინააღმდეგ წარმოდგენილი მოთხოვნის გამომრიცხველი, დამაბრკოლებელი თუ შემწყვეტი შესაგებლების ურთიერთშეპირისპირების ფარგლებში (იხ. სუსგ საქმეზე №ას-827-2021, 3 დეკემბერი 2021 წელი).
34. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
35. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.
36. წინამდებარე საქმის ფარგლებში დადგენილია, რომ მოპასუხემ მხოლოდ ფორმალურად წარადგინა არაკვალიფიციური შესაგებელი, რასაც მხარე არც საკასაციო საჩივრის ფარგლებში უარყოფს, რომელშიც შემოიფარგლა ზოგადი ხასიათის მითითებით, კერძოდ, შესაგებელში ერთი წინადადებით მითითებულია სსსკ-ის 129-ე მუხლზე (იხ. ტ.1, ს.გ. 80-88) და აღნიშნულია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
37. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა შედგა 2022 წლის 27 ივნისს, 22 ივლისსა და 23 სექტემბერს. ეს სწორედ ის საპროცესო ეტაპია, როდესაც მხარეებს საკუთარი საპროცესო უფლების განკარგვის მიზნით, შეუძლიათ ისარგებლონ დამატებითი გარემოებების მითითებისა და მტკიცებულებების წარდგენით, მათ შორის, მოთხოვნის დაზუსტების გზით თუ მისი გამაქარწყლებელი შეპასუხების დადასტურების გასამყარებლად გამოიყენონ საკუთარი უფლება. ამ პროცესში სასამართლოს ამოცანაა, რომ კანონის წინაშე თითოეული მხარის თანასწორობა უზრუნველყოს და მისცეს შესაძლებლობა, შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, წარმოაჩინოს პოზიცია. „მოსამზადებელ სხდომაზე მხარეების გამოკითხვისა და ახსნა-განმარტების მიღების დროს, სასამართლოს შეუძლია ჯერ-ერთი, განუმარტოს მათ, რომ სარჩელის საფუძველში თუ შესაგებელში მითითებულ ფაქტებს სინამდვილეში არ აქვთ სამართლებრივი მნიშვნელობა ამ სარჩელის და შესაგებლის დასაბუთება-გამართლებისათვის და რომ საჭირო იქნება სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების მითითება, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები არსებობენ და, მეორე, სასამართლოს შეუძლია დააზუსტოს და დააკონკრეტოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტები, განუმარტოს მხარეებს, რომ მათ შეუძლიათ საქმის მომზადების სტადიაზე შეავსონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნა-შესაგებლის დასაბუთება-გამართლების მიზნით. ამრიგად, სამოქალაქო საქმის წარმოების იმ ეტაპზე, როდესაც ხდება მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების დაზუსტება, დაკონკრეტება და შევსება, ამ ფაქტების სამართლებრივი მნიშვნელობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ და მტკიცების საგნის განსაზღვრა“ (იხ. ლილუაშვილი თ.; სამოქალაქო პროცესუალური სამართალი; II გამოცემა; 2005 წ; გვ.237). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არც ამ ეტაპზე განუხორციელებია კვალიფიციური შედავება ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, კერძოდ, ხანდაზმულობასთან დაკავშირებით კონკრეტული გარემოებების მითითებასა და სასამართლოსთვის ამ საკითხზე მოპასუხისეული ვერსიის შეთავაზებას ადგილი არც მოსამზადებელ სხდომაზე და არც შემდგომ მთავარი სხდომის ფარგლებში ჰქონია, მეტიც, ამგვარ მითითებას არც თავად საკასაციო საჩივარი შეიცავს. აქედან გამომდინარე, მართებულად დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებულობას კასატორის მიერ წარმოდგენილი არაკვალიფიციური საკასაციო საჩივარი ვერ აქარწყლებს.
38. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2022 წლის 23 სექტემბრის მთავარ სხდომაზე, კითხვა-პასუხის ეტაპზე, მოსარჩელის წარმომადგენლის შეკითხვაზე, თუ რატომ შეწყვიტა მხარემ თანხის გადახდა 2019 წლის იანვრიდან, მოპასუხის წარმომადგენელმა პასუხი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლას დაუკავშირა (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 სექტემბრის სხდომის ოქმი, 16:45:47-14:45:49), შესაბამისად, მოწინააღმდეგემ გარკვეულწილად ირიბად დაადასტურა, რომ ბოლო გადახდა სწორედ 2018 წლის დეკემბერში მოხდა. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. მოცემულო შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ სარჩელი საქალაქო სასამართლოში 2021 წლის 10 ნოემბერს ზემოაღნიშნული ხანდაზმულობის ვადის დაცვით დარეგისტრირდა (იხ. ტ.1, ს.ფ. 1-53). მოსარჩელისვე მითითებით, ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას საქმეში წარდგენილი მხარეთა მიმოწერაც ადასტურებს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის ფარგლებში, მოწინააღმდეგე მხარეს არც შესაგებლითა და არც შემდგომ მოსამზადებელი სხდომის ფარგლებში, მოსარჩელის მიერ წარდგენილი აღნიშნული მტკიცებულება სათანადო წესით სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად,მან დაკარგა საკასაციო საჩივრის ფარგლებში აღნიშნული საფუძვლით სარჩელზე შედავების უფლება.
39. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე სადავოდ არ ხდიდა ვალდებულების არსებობასა და არც იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მისი მხრიდან სასესხო ვალდებულება ჯეროვნად არ შესრულებულა, ამასთან, საკასაციო საჩივრით არც დავალიანების ოდენობაა შედავებული. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ვერ დადგნინდა სარჩელის ხანდაზმულობა არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
40. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილია სასესხო სამართალურთიერთობა. ამასთან, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება იპოთეკით იყო უზრუნველყოფილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება მოვალის მიერ კრედიტორისათვის თანხის გადახდის ფაქტი, შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დააკმაყოფილეს სარჩელი სრულად.
41. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები, რომლებიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
42. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
43. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3 150 ლარის 70% – 2 205 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე.შ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ე.შ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მ.გ–ის (პ/ნ ..........) მიერ 2024 წლის 20 დეკემბერს №25147194883 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3 150 ლარის 70% – 2 205 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე