საქმე №ას-192-2025
27 თებერვალი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ბ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ.ბ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს, საქმეში არსებულ მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამდენად, საკასაციო საჩივრის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლთან შესაბამისობა წყდება ერთპიროვნულად მომხსენებელი მოსამართლის მიერ.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
12. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების დანაწესით, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
14. განსახილველ შემთხვევაში საქმეში, არსებული მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინების გამოცხადება მხარეებისთვის ცნობილი იყო, რომელიც დასტურდება ხელწერილით. (იხ. ხელწერილი ს.ფ 235) .
15. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე რომელზედაც გამოცხადებულ იქნა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, აპელანტი ნ.ბ–ი არ გამოცხადებულა. ამდენად, საკასაციო საჩივრის ავტორის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნები;
16. შესაბამისად, მხარეს წარმოეშვა კანონისმიერი ვალდებულება 2025 წლის 1 იანვრიდან (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 20-ე დღე) არაუგვიანეს 13 იანვარამდე (ვინაიდან ბოლო დღე ემთხვეოდა შაბათ დღეს) (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღე) ამ დროის მონაკვეთში გამოცხადებულიყო სასამართლოში/მიემართა სასამართლოსათვის და მოეთხოვა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება; დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, მხარისათვის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის საწყისი თარიღია მისი გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღე 2025 წლის 14 იანვარი, ხოლო საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადის ამოწურვის თარიღია 2025 წლის 3 თებერვალი.
17. აპელანტის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს განჩინების მისაღებად მიმართა მისი გამოცხადების დღეს, 2024 წლის 12 დეკემბერს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მხარის მიმართვა არ ათავისუფლებს მას მე-20-30-ე დღეებში სასამართლოში გამოცხადებისა და გადაწყვეტილების მოთხოვნის ვალდებულებისაგან.
18. ასევე დადგენილია, რომ კასატორმა საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში წარმოადგინა 2025 წლის 6 თებერვალს. გასაჩივრების 21-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, რაც წარმოადგენს ნ.ბ–ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერ საფუძველს.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (სუსგ. №ას-1395-2020, 7.12.2020წ. №ას-963-2024 23 .07.2024 წელი, Nას-91419-2024 09.12.2024 წელი,).
21. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი ვალდებული იყო ზემოაღნიშნული დროის მონაკვეთში გამოცხადებულიყო სასამართლოში/მიემართა სასამართლოსათვის და მოეთხოვა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება; ვინაიდან აღნიშნული ვალდებულება მხარემ არ შეასრულა, აქედან გამომდინარე მის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 63-ე, 374-ე, 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ბ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე გიზო უბილავა