საქმე №ას-19-2025 28 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს „ს.კ.ა–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.ს–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინებით შპს „თ.ს–ისა“ (შემდეგში: გამსესხებელი ან ბენეფიციარი ან მოსარჩელე) და სს „ს.კ.ა–ის“ (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის პირველი ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 392,889.66 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა; სარჩელი დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1 29.09.2020წ. მოსარჩელეს და შპს ,,ს. ი. შ–ზე“-ს (შემდეგში: მსესხებელი ან პრინციპალი) შორის სესხის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვით გამსესხებელმა მსესხებელს სესხად 948 138.47 აშშ დოლარი გადასცა (შემდეგში - სესხის ხელშეკრულება).
3.2 05.11.2021წ. მხარეთა შორის „სესხის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე“ შეთანხმება გაფორმდა, რომლითაც სესხის დაბრუნების ვადა 30.06.2022წ. გაგრძელდა. ამასთან, მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნა მოპასუხის მიერ 05.11.2021წ. გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიით (#OCB/21-000296).
3.3 05.07.2022წ. მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ბენეფიციარმა მოპასუხეს მიმართა #OCB/21-000296 საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი თანხის მოთხოვნით.
3.4 მოპასუხისაგან საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი თანხის მოთხოვნის შემდეგ მსესხებელმა 04.08.2022წ. ჩარიცხა სესხის ნაწილი - 220 000 აშშ დოლარი და მხარეთა დამატებითი შეთანხმებით სესხის დაფარვის საბოლოო ვადად 05.12.2022წ. განისაზღვრა. ამასთან, ნარჩენ ძირ თანხაზე მსესხებელმა გამსესხებელს ახალი საბანკო გარანტია #OCB/21-000296-1 წარუდგინა, რომლითაც მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოპასუხემ იკისრა უპირობო და გამოუთხოვადი ვალდებულება ბენეფიციარს აუნაზღაუროს ნებისმიერი თანხა, არაუმეტეს საგარანტიო თანხისა, ბენეფიციარის საგარანტიო მოთხოვნის მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. საგარანტიო თანხის ზედა ზღვარი განისაზღვრა 728 138.47 აშშ დოლარით. საბანკო გარანტიის ვადა განისაზღვრა 15.03.2023წ.
3.5 მსესხებელმა გამსესხებელს სესხის დარჩენილი თანხა არ დაუბრუნა.
3.6 09.12.2022წ. ბენეფიციარმა მოპასუხისაგან #OCB/21-000296-1 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება - 692.886.66 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა. მოთხოვნის საპასუხოდ, მოპასუხემ, პრინციპალს და ბენეფიციარს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადარიცხვის საბანკო დოკუმენტები მოსთხოვა.
3.7 28.12.2022წ. მსესხებელმა დაფარა სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების ნაწილი - 300 000 აშშ დოლარი.
3.8 30.12.2022წ. ბენეფიციარმა მოპასუხეს აცნობა, რომ სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანება შემცირდა 300 000 აშშ დოლარით და ამჯერად, 392 889.66 აშშ დოლარის ანაზღაურება მოსთხოვა, რაზედაც მოპასუხემ უარი განაცხადა.
3.9 სააპელაციო სასამართლომ დავა მოაწესრიგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 879-ე, 885-ე, 886-ე და 887-ე მუხლების საფუძველზე, და მიიჩნია, რომ 05.08.2022წ. #OCB/21-000296-1 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით განისაზღვრა ის წინაპირობები რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ბენეფიციარის მიერ წარდგენილი მოთხოვნა, კერძოდ: ა) საგარანტიო მოთხოვნის პირობები და ლიმიტები არ უნდა აჭარბებდეს გარანტიის პირობებსა და საგარანტიო თანხას; ბ) გარანტია არ უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე აღებული პირგასამტეხლოებისა და საკომისიოების გადახდის ვალდებულებას, გაიცემა მხოლოდ საგარანტიო თანხის ფარგლებში და უზრუნველყოფს სესხის ძირი თანხის დაფარვას არაუგვიანეს 05.12.2022წ.; გ) საგარანტიო თანხა მცირდება პრინციპალის მიერ ბენეფიციარისთვის გადახდილი თახის ფარგლებში; დ) დაუშვებელია ძირითად ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა გარანტის თანხმობის გარეშე. საგარანტიო მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს ბენეფიციარის უფლებამოსილი პირის მიერ და აღწერილი უნდა იქნეს, რომ ბენეფიციარმა სრულად შეასრულა ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და პირობები, ხოლო პრინციპალმა სესხის თანხა შეთანხმებულ ვადაში არ დააბრუნა.
4. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გარანტისათვის წარდგენილი მოთხოვნა, სრულად შეესაბამებოდა საბანკო გარანტიის მოთხოვნებს, კერძოდ, ბენეფიციარმა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში პრინციპალის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევაზე მითითებით ზღვრული საგარანტიო თანხის ფარგლებში სესხის შემცირებულ ძირითადი თანხის ანაზღაურებაზე წერილობითი მოთხოვნა წარუდგინა გარანტს.
5. ამასთან, გარანტის მიერ გაცემული საბანკო გარანტია მიუთითებს მის უპირობო და გამოუთხოვად ბუნებაზე, რაც ხაზს უსვამს გარანტიის დამოუკიდებელ ბუნებას და წარმოშობს, მარტივად, გართულებული ფორმალური პროცედურების დაცვის გარეშე მყისიერად ანაზღაურების ვალდებულებას.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა (მოპასუხე) შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა.
6.1 კასატორი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ბენეფიციარის მიერ მოთხოვნის წარდგენის წესი, კერძოდ, ბენეფიციარს უნდა წარედგინა სესხის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი; იმის გათვალისწინებით, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებას განეკუთვნება სასესხო ურთიერთობის წარმოშობა მხოლოდ ხელშეკრულებით ვერ დადასტურდება; აუცილებელია თანხის გამსესხებლისთვის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა. ბენეფიციარს უნდა წარედგინა მსესხებლის მიერ სესხის, თუნდაც ნაწილობრივ, გადახდის (ასეთი გადახდის შემთხვევაში) დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ ორი დოკუმენტით მოპასუხეს უნდა შეემოწმებინა საბანკო გარანტიის ფარგლებში გამოთხოვილი თანხის სისწორე.
6.2 კასატორი აღნიშნავს, რომ საბანკო გარანტიის უპირობო და გამოუთხოვადი ბუნება არ ნიშნავს, რომ გარანტმა უნდა აანაზღაუროს ბენეფიციარის მოთხოვნა წინაპირობების დაუცველად. გარანტიის პირობების შესაბამისად: ა) საგარანტიო მოთხოვნის პირობები და ლიმიტები არ უნდა აჭარბებდეს გრანტიის პირობებსა და საგარანტიო თანხას; ბ) გარანტია არ უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე აღებული პირგასამტეხლოებისა და საკომისიოების გადახდის ვალდებულებას, გაიცემა მხოლოდ საგარანტიო თანხის ფარგლებში და უზრუნველყოფს სესხის ძირი თანხის დაფარვას არაუგვიანეს 05.12.2022წ.-სა; გ) საგარანტიო თანხა მცირდება პრინციპალის მიერ ბენეფიციარისთვის გადახდილი თახის ფარგლებში; დ) დაუშვებელია ძირითად ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა გარანტის თანხმობის გარეშე. საგარანტიო მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს ბენეფიციარის უფლებამოსილი პირის მიერ და აღწერილი უნდა იქნეს, რომ ბენეფიციარმა სრულად შეასრულა ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და პირობები, ხოლო პრინციპალმა სესხის თანხა შეთანხმებულ ვადაში არ დააბრუნა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
9. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. განსახილველი დავა მოპასუხისათვის საგარანტო თანხის - 392 889.66 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრების კანონიერებას მიემართება.
12. მოპასუხის/კასატორის შედავების გათვალისწინებით საკასაციო პალატა იმსჯელებს საკითხზე, წარმოშობილია თუ არა საბანკო გარანტიის თანხის გაცემის/მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი წინაპირობები.
13. ამ განჩინების პ.3-ში მითითებული და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, განაპირობებენ სადავო სამართალურთიერთობის მოწესრიგებას სსკ-ის 879-ე (საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე), 881-ე (საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე), 885.1 და 885.2 (საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა) და 886.2 (გარანტმა ბენეფიციარის მოთხოვნა თანდართული დოკუმენტებით უნდა განიხილოს გონივრულ ვადაში და გამოიჩინოს გონივრული მზრუნველობა იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა მოთხოვნა და თანდართული დოკუმენტები გარანტიის პირობებს) მუხლებით.
14. საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ურთიერთობის შეფასებისა და მასში მონაწილე სუბიექტთა უფლება-მოვალეობების სწორად განსაზღვრის მიზნებისთვის საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოში საბანკო გარანტიებთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს სსკ-ის 879-ე მუხლი, რომლის შინაარსი ცხადყოფს, რომ საბანკო გარანტია ფულადი ვალდებულებაა, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას ანიჭებს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს წერილობით, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. მას ამისათვის არ სჭირდება წინასწარ მიმართვა რომელიმე იურისდიქციის ორგანოსთვის, თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
15. სსკ-ი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით. საბანკო გარანტიის დამოუკიდებელი ბუნების პრაქტიკული ახსნა კი, მის ეკონომიკურ დანიშნულებაშია. სამოქალაქო ბრუნვის სისწრაფისა და სიმარტივის ხელშესაწყობად, კანონმდებელმა საბანკო გარანტიის სახით შექმნა მოთხოვნის უზრუნველყოფის იმგვარი მექანიზმი, რომელიც კრედიტორის რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს და დავის წარმოების გარეშე უზრუნველყოფს მის მყისიერ დაკმაყოფილებას მაღალი რეპუტაციის, გადამხდელუნარიანი მეწარმე სუბიექტის (ბანკის ან სადაზღვევო კომპანიის) უშუალო ჩართულობით. საბანკო გარანტიის სიმყარე და ეფექტურობა ხელს უწყობს მრავალი ისეთი გარიგების დადებას, რომელიც ვერ შედგებოდა, რომ არა გარანტის სახით ბანკის ურთიერთობაში მონაწილეობა, რაც მესამე პირის ვალდებულების ჯეროვან შესრულებაზე ვალდებულების აღებასა და მისი შესაგებლების გამოყენების გარეშე საბანკო გარანტიის მოსარგებლის ფინანსურ დაკმაყოფილებაში გამოიხატება.
16. საბანკო გარანტიის სამართლებრივი ბუნება ასახულია სსკ-ის 881-ე მუხლში, რომლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში განმარტებულია, რომ საბანკო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რაც მას გამოარჩევს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისაგან, არის საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისგან. საბანკო გარანტია ეფუძნება არა მხარეთა შეთანხმებას (ხელშეკრულებას), არამედ მისი გამცემი პირის (გარანტის) ცალმხრივ და უპირობო ვალდებულებას. სსკ-ის 881-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე (იხ., სუსგ-ები №ას-1184-2023,15.11.2024წ.; Nას-781-996-08, 17.03.2009წ.).
17. საბანკო გარანტია მოქმედებს, როგორც სახელშეკრულებო რისკის განაწილების მექანიზმი (რომელიც უზრუნველყოფს, რომ დავის შემთხვევაში ბენეფიციარს არ მოუწიოს სასამართლო გადაწყვეტილების ლოდინი თანხის მიღებამდე), თუ თვითონ ძირითად ხელშეკრულებაში არ არსებობს მკაფიო დათქმა მხარეთა შორის სახელშეკრულებო რისკების სხვაგვარად გადანაწილების შესახებ.
18. საბანკო გარანტიის, როგორც არააქცესორული ვალდებულების შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ გარანტს არ შეუძლია ბენეფიციარს წარუდგინოს შესაგებელი, რომელიც ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული გარანტიით უზრუნველყოფილი ურთიერთობიდან გამომდინარეობს (სუსგ Nას-40-2022, 28.09.2022წ., პ.18).
19. ამავდროულად, პალატა განმარტავს, რომ მიუხედავად საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობისა ძირითადი ვალდებულებისაგან, მისი გაცემის მართლზომიერად მიჩნევისათვის, აუცილებელია, რომ საბანკო გარანტია აკმაყოფილებდეს ორ მნიშვნელოვან წინაპირობას, კერძოდ, ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს გარანტიის პირობებს და გარანტს უნდა წარედგინოს გარანტიით განსაზღვრულ ვადაში (სსკ-ის 887.1 მუხ.). ამასთან, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია (სსკ-ის 885.1 მუხ.).
20. ბენეფიციარის მიერ მოთხოვნის წარდგენის წესის დარღვევასთან დაკავშირებულ საკასაციო პრეტენზიას რაც შეეხება, აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
21. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მეექვსე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება, უმეტესწილად, დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას.
22. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
23. ამასთან, მტკიცების ტვირთი საპროცესო სამართალწარმოებაში დამოკიდებულია არა მხარის როლზე, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა. სამოქალაქო სამართალში მოქმედებს „affirmanti, non negati, incumbit probatio“ (მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს) პრინციპი. აღნიშნული პრინციპი გვეხმარება სწორად განვსაზღვროთ თუ ვინ, რა უნდა ამტკიცოს.
24. მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი იმისა, რომ საბანკო გარანტია გაცემულია ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, ეკისრება მოსარჩელეს, რომელმაც სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენეტები შეესაბამებოდა საბანკო გარანტიის პირობებს.
25. საქმეში წარმოდგენილია უპირობო და გამოუთხოვადი უზრუნველყოფის საბანკო გარანტია #OCB/21-000296-1. საბანკო გარანტიის ამ ხელშეკრულებით განისაზღვრა ის წინაპირობები რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ბენეფიციარის მიერ წარდგენილი მოთხოვნა, კერძოდ: ა) საგარანტიო მოთხოვნის პირობები და ლიმიტები არ უნდა აჭარბებდეს გრანტიის პირობებსა და საგარანტიო თანხას; ბ) გარანტია არ უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე აღებული პირგასამტეხლოებისა და საკომისიოების გადახდის ვალდებულებას, გაიცემა მხოლოდ საგარანტიო თანხის ფარგლებში და უზრუნველყოფს სესხის ძირი თანხის დაფარვას არაუგვიანეს 05.12.2022წ.; გ) საგარანტიო თანხა მცირდება პრინციპალის მიერ ბენეფიციარისთვის გადახდილი თახის ფარგლებში; დ) დაუშვებელია ძირითად ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა გარანტის თანხმობის გარეშე. საგარანტიო მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს ბენეფიციარის უფლებამოსილი პირის მიერ და აღწერილი უნდა იქნეს, რომ ბენეფიციარმა სრულად შეასრულა ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და პირობები, ხოლო პრინციპალმა სესხის თანხა შეთანხმებულ ვადაში არ დააბრუნა.
26. სააპელაციო პალატამ, სააპელაციო საჩივრების ფარგლებში იმსჯელა და დაადგინა, რომ მოპასუხისთვის (კასატორი) წარდგენილი მოთხოვნა სრულად შეესაბამებოდა საბანკო გარანტიის მოთხოვნებს, კერძოდ, ბენეფიციარმა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში, პრინციპალის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევაზე მითითებით ზღვრული საგარანტიო თანხის ფარგლებში, სესხის შემცირებულ ძირითადი თანხის ანაზღაურებაზე წერილობითი მოთხოვნა წარუდგინა გარანტს. ბენეფიციარის მიერ ძირითადი ვალდებულების არარსებობაზე (სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოუშობლობაზე) ამ განჩინების პ.6-ში მითითებულ კასატორის პრეტენზიას რაც შეეხება, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ძირითადი ვალდებულების არარსებობა/წარმოუშობლობა, ცხადია თავისთავად, გამორიცხავს საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი უფლების რეალიზაციას და აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (იხ., სუსგ №ას-960-925-2016, 27.09.2017წ.). თუმცა, ასეთი გარემოების არსებობა განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდება, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ, საქმეზე დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც კასატორს დასაბუთებული (დასაშვები) საკასაციო პრეტენზიით არ გაუქარწყლებია, არ იძლევიან კასატორის ამ განჩინების პ.6-ში მითითებული პრეტენზიის გაზიარების საფუძველს.
27. სსსკ-ის 361.1-ე მუხლის თანახმად, „ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას“. მოხმობილი ნორმა შეიცავს ისეთ დებულებას, რომლის მიხედვითაც, შესრულება ვალდებულების არსებობის პრეზუმფციას ქმნის. თუ არ არსებობს ვალდებულება, არც შესრულება იქნება (ზოიძე ბ., სსკ-ის კომენტარი, წიგნი III, 2001, მუხლი 361, 267.).
28. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია პრინციპალის, პრინციპალის დამფუძნებლისა და ბენეფიციარის სამმხრივი შეთანხმება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების შესახებ, შედარების აქტი, საბანკო გარანტიის ტექსტში მითითებაა მასზედ, რომ საბანკო გარანტია უზრუნველყოფს გაცემული სესხიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას, არსებობს შეთანხმება სესხის ხელშეკრულების ვადის არაერთგზის გაგრძელების შესახებ, ყოველივე ჩამოთვლილი ადასტურებს, რომ მოსარჩელეს და შპს ,,სამშენებლო ინვესტიციები შარტავაზე“-ს ერთმანეთთან სასესხო ვალდებულება აკავშირებდათ (იხ., სააპელაციო სასამართლოს განჩინების პ.17. ტ.3. ს.ფ. 438).
29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. ამდენად საკასაციო პალატა კასატორთა არაძირითად არგუმენტებზე აღარ იმსჯელებს (იხ., „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ს.კ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. სს „ს.კ.ა–ს“ (ს.კ: .....) დაუბრუნდეს 23.12.2024წ.-ს №1734953072 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღებისანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე