Facebook Twitter

საქმე Nა-4622-შ-119-2024

26 თებერვალი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს.ა. კიზი ვ–ა

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ა. ოღლუ ვ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ სუმგაითის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება N2(060)-13/2023

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

პალატამ გამოარკვია:

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ სუმგაითის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით, საქმე N2(060)-13/2023, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ყოველთვიურად მოპასუხე ს.ა. ოღლუ ვ–სგან შეკავებული იქნა ალიმენტი 2018 წლის 07 იანვარს დაბადებული ფ.ს. კიზი ვ–ას სარჩენად, სრულწლოვანების მიღწევამდე და აღნიშნული ალიმენტი გადაეცა მოსარჩელე ს.ა. კიზი ვ–ას. ალიმენტის შეკავების დასაწყისად განისაზღვრა 05.04.2021 წელი. გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 34 მანათი შეკავებული იქნა მოპასუხე ს.ა. ოღლუ ვ–სგან და გადარიცხულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში. გადაწყვეტილება ალიმენტის ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით შემოვიდა ს.ა. კიზი ვ–ას შუამდგომლობა, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 სექტემბრის განჩინებით, ს.ა. კიზი ვ–ას შუამდგომლობა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ სუმგაითის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილების საქმე N2(060)-13/2023 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები, მოწინააღმდეგე მხარეს ს.ა. ოღლუ ვ–ს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე - ლაგოდეხი, სოფელი ..... და ჩაბარდა პირადად ს.ა. ოღლუ ვ–ს, 2024 წლის 16 დეკემბერს (იხ. შეტყობინების ბარათი გზავნილების ჩაბარების შესახებ ს.ფ. 39).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 სექტემბრის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. მოწინააღმდეგე მხარეს, განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ზემოაღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ სუმგაითის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილების საქმე N2(060)-13/2023 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დგინდება, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ სუმგაითის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით, საქმე N2(060)-13/2023, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ყოველთვიურად მოპასუხე ს.ა. ოღლუ ვ–სგან შეკავებული იქნა ალიმენტი 2018 წლის 07 იანვარს დაბადებული ფ.ს. კიზი ვ–ას სარჩენად, სრულწლოვანების მიღწევამდე და აღნიშნული ალიმენტი გადაეცა მოსარჩელე ს.ა. კიზი ვ–ას. ალიმენტის შეკავების დასაწყისად განისაზღვრა 05.04.2021 წელი. საქმეში წარმოდგენილი მასალებით ასევე დგინდება, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ სუმგაითის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება საქმე N2(060)-13/2023 კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 28 ივლისს. გადაწყვეტილება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, მოპასუხე, სასამართლოს სხდომის დროისა და ადგილის შესახებ ინფორმირებული იყო დადგენილი წესით და მოწინააღმდეგე მხარე საქართველოში მაცხოვრებელი პირია.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა - აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ (ძალაშია 1997 წლის 18 თებერვლიდან).

„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ. კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთან, არ არსებობს ამავე კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს). შუამდგომლობა აკმაყოფილებს საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებსაც და არც ამავე კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტით უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.(გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს) .

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ. სამეწარმეო და სხვა ეკონომიკური საქმიანობის საკითხებზე მართლმსაჯულებას რუსეთის ფედერაციაში ახორციელებენ საარბიტრაჟო სასამართლოები.

კანონის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს. შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.

revision au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილი პრინციპი კატეგორიულად უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს თუ არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (სუსგ №ა-952-შ-23-2016, 06.07.2015წ.). ცნობისა და აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს/არბიტრაჟის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (სუსგ №ა-2761-შ-69-2016, 07.07.2017წ.,პუნ.13). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს, კონვენციით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაცულია და არ არსებობს მის ცნობაზე და აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის რაიმე საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერობის შესახებ“ კონვენციის 51-ე, 53-ე, 55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.ა. კიზი ვ–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ სუმგაითის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება საქმე N2(060)-13/2023, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ყოველთვიურად მოპასუხე ს.ა. ოღლუ ვ–სგან შეკავებული იქნა ალიმენტი 2018 წლის 07 იანვარს დაბადებული ფ.ს. კიზი ვ–ას სარჩენად, სრულწლოვანების მიღწევამდე და აღნიშნული ალიმენტი გადაეცა მოსარჩელე ს.ა. კიზი ვ–ას. ალიმენტის შეკავების დასაწყისად განისაზღვრა 05.04.2021 წელი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე