საქმე№ას-279-2024 23 იანვარი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ვ.წ–ია (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - იჯარის საფასურის და პირგასამტეხლოს ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელით მიმართა სასამართლოს, მოითხოვა ვ.წ–იასთვის (შემდეგში: მოპასუხე) 2015 წლის 18 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე იჯარის საფასურის 58 ლარისა და პირგასამტეხლოს 4 512 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1. მოპასუხეს სასმართლოში შესაგებელი არ წარუდგენია. სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განაცხადა, რომ დაზარალებული თავადაა.
3. მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. ჩხოროწყუს მაგისტრატი სასამართლოს 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს 2015 წლის 18 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე იჯარის საფასური 58 ლარი და პირგასამტეხლო 451.2 ლარი დაეკისრა.
4. მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნა
4.1. მოსარჩელემ, მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო საჩივრის გათვალისწინებით სადავოა პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერების საკითხი.
5.3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ვ.წ–იას შორის 2015 წლის 18 თებერვალს დადებული იჯარის ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარეს სარგებლობაში გადაეცა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ........ მდებარე 3901 კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 5 წელი. უძრავი ქონებით სარგებლობისთვის გადასახდელი ყოველწლიური საიჯარო ქირა შეადგენდა თვეში 35 ლარს, რომელიც გადახდილი უნდა ყოფილიყო ყოველი წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 6.2. პუნქტი;
5.4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 სექტემბრის N1/4- 500 ბრძანებით შეწყდა მხარეთა შორის 2015 წლის 18 თებერვალს დადებული იჯარის ხელშეკრულება;
5.5. მოიჯარის მიერ, საიჯარო ქონებით სარგებლობის პერიოდი შეადგენდა 55 თვეს, 2015 წლის 18 თებერვლიდან - 2019 წლის სექტემბრამდე. მითითებულ პერიოდზე, 55 თვეზე, საიჯარო ქირის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენდა - 1 925 ლარს (35 ლარი X 55 თვეზე = 1925 ლარს). მოიჯარის მიერ საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება ნაწილობრივ არის შესრულებული. ამ ნაწილში მოპასუხემ (მოიჯარემ) სარჩელი ცნო;
5.6. საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო მოსარჩელე მხარის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 0.1%-ის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაანგარიშებულმა ოდენობამ შეადგინა 12 ლარი. დანარჩენი თანხა მოსარჩელის მიერ გამოთვლილია ხელშეკრულების 6.3 და 6.4 პუნქტების შესაბამისად გათვალისწინებული დარღვევისათვის (ინფორმაციის და დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულების დარღვევა), ჯამში 4 512 ლარი;
5.7. სადავო არაა, რომ იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირის გადახდის ვალდებულება შესრულებულია ნაწილობრივ.
5.8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოიჯარეს საიჯარო ქირის 1 925 ლარიდან მხოლოდ 58 ლარი ჰქონდა დარჩენილი, ამასთან, ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება ნაწილობრივ ჰქონდა შესრულებული, ამდენად, დაკისრებული პირგასამტეხლო - 451 ლარი სრულად უზრუნველყოფდა მეიჯარის ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას.
6. მეიჯარის საკასაციო საჩივარი
6.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით წარადგინა საკასაციო საჩივარი მეიჯარემ.
6.2. კასატორის, განმარტებით, არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლები. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არამართლზომიერად დატოვა მაგისტრატი სასამართლოს მიერ ათჯერ შემცირებული პირგასამტეხლო ძალაში, იმ მოტივით, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ოდენობა არაგონივრულად მაღალი იყო დადგენილ დარღვევასთან მიმართებით.
6.3. კასატორის განმარტებით, შეთანხმებული პირგასამტეხლო კანონისმიერი იყო, რაც სასამართლოს მიერ შემცირებას არ ექვემდებარება.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში საკასაციო საჩივარი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესახებ დასაბუთებულ შედავებას არ შეიცავს, საკასაციო პრეტენზია, მხოლოდ მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების მართებულობას ეხება. სარჩელის მოთხოვნა იყო მოპასუხისთვის მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე იჯარის საფასურის 58 ლარისა და პირგასამტეხლოს 4 512 ლარის დაკისრება. აღნიშნული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, პირგასამტეხლო შემცირებულია ათჯერ.
10. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რამაც არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.
11. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ვ.წ–იას შორის 2015 წლის 18 თებერვალს დადებული იჯარის ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარეს სარგებლობაში გადაეცა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ........ მდებარე 3901 კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 5 წელი. უძრავი ქონებით სარგებლობისთვის გადასახდელი ყოველწლიური საიჯარო ქირა შეადგენდა თვეში 35 ლარს, რომელიც გადახდილი უნდა ყოფილიყო ყოველი წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 6.2. პუნქტი;
12. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 სექტემბრის N1/4- 500 ბრძანებით შეწყდა მხარეთა შორის 2015 წლის 18 თებერვალს დადებული იჯარის ხელშეკრულება;
13. მოიჯარის მიერ, საიჯარო ქონებით სარგებლობის პერიოდი შეადგენდა 55 თვეს, 2015 წლის 18 თებერვლიდან - 2019 წლის სექტემბრამდე. მითითებულ პერიოდზე, 55 თვეზე, საიჯარო ქირის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენდა - 1 925 ლარს (35 ლარი X 55 თვეზე = 1925 ლარს). მოიჯარის მიერ საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება ნაწილობრივ არის შესრულებული. ამ ნაწილში მოპასუხემ (მოიჯარემ) სარჩელი ცნო;
14. საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო მოსარჩელე მხარის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 0.1%-ის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაანგარიშებულმა ოდენობამ შეადგინა 12 ლარი. დანარჩენი თანხა მოსარჩელის მიერ გამოთვლილია ხელშეკრულების 6.3 და 6.4 პუნქტების შესაბამისად გათვალისწინებული დარღვევისათვის (ინფორმაციის და დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულების დარღვევა), ჯამში 4 512 ლარი;
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელი თანდართულ მასალებთან ერთად ჩაბარდა მოპასუხეს, თუმცა ამ უკანასკნელს შესაგებელი არ წარუდგენია სასამართლოში, ამასთან, არც სასამართლო სხდომაზე გაუხდია სადავოდ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა და არც აღნიშნული პირგასამტეხლოს შემცირება მოუთხოვია.
16. საკასაციო პალატა, განმარტავს, რომ სარჩელის აღძვრა და ამ სარჩელისაგან თავდაცვა მიმდინარეობს კანონით განსაზღვრული წესითა და საშუალებების გამოყენებით. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ საშუალებას, როგორიცაა - შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში. სწორედ მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი დისპოზიციურობის პრინციპის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი) ერთგვარი გამოხატულებაცაა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც, გარკვეულწილად, დავაში ჩართვასა და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე. ამასთან, სწორედ შესაგებლის შინაარსიდან განისაზღვრება, რომელია უდავო და რომელია სადავო მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები. შესაგებლის ინსტიტუტი, სარჩელის ინსტიტუტთან ერთად, ერთგვარი გზამკვლევია მტკიცების სტადიისა, რომელიც ვერ გამოიყენება, ვიდრე არ ამოიწურება მხარეთა პოზიციების (სარჩელი, შესაგებელი, მოპასუხის მხრიდან არსებითი შედავების შემთხვევაში, მოსარჩელის პასუხი და ა.შ.) ურთიერთგაცვლა და უდავო გარემოებების იდენტიფიცირება (იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები, თბილისი 2020, იხ. 201-ე და 2321-ე მუხლების კომენტარები).
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოპასუხის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნეს, როგორც შესაგებელში, ასევე - პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში. (იხ. სუსგ. №ას-328-2023, 20.06.2023წ.; №ას-576-2022, 07.07.2022წ.) ცალკეულ შემთხვევებში ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა (პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება მოვალეს (იხ. სუსგ. №ას-888-2020, 10.12.2020წ.).
18. სასამართლოს პრაქტიკა, რომ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება წარმოიშობა მოვალის მიერ ამგვარი მოთხოვნის სასამართლოს წინაშე გაცხადებისას, აღიარებულია იურიდიულ ლიტერატურაშიც - „იმ შემთხვევაში, თუ მხარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას არ მოითხოვს ან მოითხოვს სამართალწარმოების იმ ეტაპზე, როდესაც ახალი მოთხოვნის წარდგენა დაუშვებელია, სასამართლო თავისი ინიციატივით, შესაბამისი პროცესუალურად ნამდვილი შეცილების უფლების გარეშე, პირგასამტეხლოს ვერ შეამცირებს, თუნდაც იგი შეუსაბამოდ მაღალი იყოს. უფრო მეტიც, მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი... შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ“ მიჩნევას, როგორც ზემოთ აღინიშნა, შეცილება და მტკიცება სჭირდება (იხ. პირგასამტეხლო, თეორიული ასპექტები, სასამართლო პრაქტიკა“, ჟურნალი „ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა“, III გამოცემა, 2014, გვ. 23).
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2007 წლის 28 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენას სავალდებულო ხასიათი აქვს (საქართველოს 28.12.2007 წლის კანონი №5669-სსმ), რაც იმით გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს, კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნევა შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად მიიჩნევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02.03.2017წ.).
20. განსახილველ შემთხვევაში სადავო არაა, რომ ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, კერძოდ, სრულად არაა საიჯარო ქირა გადახდილი, ამასთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებაც ნაწილობრივაა შესრულებული, რაც მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა.
21. საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებით განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობისა და პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნის არარსებობის პირობებში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ ჰქონდათ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება ვალდებულების დარღვევის დადგენისას.
22. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
23. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.
24. სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამრიგად, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, მხარეებს შეუძლიათ, გაითვალისწინონ პირგასამტეხლო და განსაზღვრონ მისი ოდენობა, თუმცა თუკი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს მინიჭებული აქვს მისი შემცირების უფლებამოსილება. „პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება.
25. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა, სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქოსამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა“ (იხ.სუსგ.საქმეNას-186-2021,25.03.2021წ.).
26. დამატებით გასათვალისწინებელია, რომ „სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირება და ამ მიზნით მხარეთა შორის თავისუფალი ნების გამოვლენის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებაში სასამართლოს ჩარევა, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება იმ სუსტი კონტრაჰენტის ინტერესების დაცვას, რომელიც, ერთი მხრივ, ვალდებულების შესრულების იმედით თანხმდება მისთვის თუნდაც მიუღებელ პირგასამტეხლოს განაკვეთს და, მეორე მხრივ, სრულფასოვნად ვერ აფასებს სახელშეკრულებო რისკებს და ვალდებულების დარღვევის თანამდევად დასაკისრებელი პირგასამტეხლოს მოსალოდნელ სამართლებრივ ან ეკონომიკურ ეფექტს.
27. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებაზე მსჯელობისას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ფასდება ვალდებულების დარღვევის ხარისხი, მათ შორის, მხარეთა სახელშეკრულებო ინტერესის განმარტების კონტექსტით. კვალიფიციური შედავების გარეშე კი, შეუძლებელია, დადგინდეს, რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსის, ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა, რაც ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის მაქსიმალურობას უწყობს ხელს (იხ. ნათია ჩიტაშვილი „ პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია“, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი, 2/2020).
28. საკასაციო სასამართლო მიუთებს საკასაციო პრეტენზიაზე, რომლის მიხედვითაც მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო კანონისმიერი პირგასამტეხლო იყო, რისი შემცირების უფლებაც სასამართლოს არ ჰქონდა და განმარტავს, რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს კანონისმიერი და სახელშეკრულებო პირგასამტეხლო. „კანონისმიერად ითვლება პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით). კანონისმიერი პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო პირგასამტეხლოსაგან განმასხვავებელ ერთ-ერთ ძირითად ნიშნად მისი კონკრეტული ხასიათი გვევლინება. ყოველი ასეთი კანონისმიერი პირგასამტეხლო გათვალისწინებულია იმ კონკრეტული შემთხვევისათვის, რომლისთვისაც არის იგი დადგენილი კანონმდებლის მიერ. მეორე განმასხვავებელ ნიშნად, მისი განსაზღვრულობა გვევლინება - კანონმდებელი ყოველთვის ადგენს მის კონკრეტულ ოდენობას, ან წესს, რომლის მიხედვითაც უნდა იქნას იგი განსაზღვრული... კანონისმიერი პირგასამტეხლო გათვალისწინებულია, მაგალითად, საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ 41-ე მუხლის მე-4 პუნქტით, რომელიც ითვალისწინებს დამსაქმებლის ვალდებულებას გადაუხადოს დასაქმებულს ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება გამოიყენება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით. სასამართლოს არ შეუძლია შეამციროს კანონით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა.
29. კანონისმიერ პირგასამტეხლოდ ჩაითვლება მხოლოდ იმგვარი სანქცია, რომლის ამოქმედების უფლებაც კრედიტორს მოპოვებული აქვს ნორმატიული აქტის პირდაპირი და უშუალო მოქმედების ძალით, მიუხედავად მოვალის ნებისა. აღნიშნულისგან განსხვავებით, პასუხისმგებლობის ზომა, რომლის დაწესების შესაძლებლობაც დამოკიდებულია მხარეთა ურთიერთმფარავი ნების გამოვლენაზე, მიეკუთვნება არა კანონისმიერი (ნორმატიული), არამედ სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს კატეგორიას, რომელზედაც შეუზღუდავად ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის ვალდებულებითი სამართლის კარში ასახული პირგასამტეხლოს ინსტიტუტის მომწესრიგებელი ნორმები, მათ შორის, პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობაც (სუსგ.: ას-842-2022, 15.02.2023წ.).
30. კასატორის პრეტენზია, რომ „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანების, შესაბამისად სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, შეემცირებინა პირგასამტეხლოს ოდენობა, დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651-ე მუხლის თანახმად, კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი, შესაბამისად იგი მის კონტრაჰენტთან, თუ მოდავე მხარესთან გათანაბრებულ სიბრტყეში აღიქმება. აღნიშნულიდან გამომდინარე სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთი მხარის მიერ დადგენილი პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი, თუნდაც მინისტრის ბრძანების სახით, სამოქალაქო სამართალწარმოებაში ვერ გახდება სასამართლოსთვის სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების და გარკვეულ შემთხვევაში, „ვალდებულებისაც“ კი, განხორციელების დამაბრკოლებელ გარემოებად. აპელანტის მიერ მითითებული მინისტრის ბრძანება წარმოადგენს ქვემდებარე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესასრულებელ აქტს, თუმცა იმ მომენტიდან, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა სფეროში აღმოჩნდება, აღნიშნული ბრძანება გავლენას ვერ იქონიებს სასამართლოს უფლებამოსილებაზე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა გაანალიზების საფუძველზე, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნიოს და შეამციროს იგი.
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მოთხოვნილი პირგასამტეხლო სრულად (4 512 ლარი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის 451,2 ლარის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს, ვ.წ–იას სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 4 512 ლარის გადახდა;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე